Home რუბრიკები საზოგადოება “ივანიშვილისა და მისი მთავრობის დანახვა აღარ მინდა, მაგრამ ვინ მოახერხებს მათ მოშორებას?”

“ივანიშვილისა და მისი მთავრობის დანახვა აღარ მინდა, მაგრამ ვინ მოახერხებს მათ მოშორებას?”

“მოსპეს თაობები, დაღუპეს ოჯახები, გაანდგურეს, თუკი რამ წმინდა გაგვაჩნდა, სამშობლო წაგვართვეს და თვითონ თქვლეფენ ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილს”

მარი დავითაშვილი

ჩვენს ქვეყანაში ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ადამიანი იშვიათობა არ არის და ვერც ვერავის გააკვირვებ იმით, რომ ერთ დროს შენი ყოფილი ლექტორი წვრილმანებით ვაჭრობსმშრალ ხიდზეან, სულაც, “დეზერტირების ბაზარშიდახლთან პურს ყიდის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტის კართან ქალბატონი მარი დავინახე.

მარი დავითაშვილი ერთ დროს დიდებული ოჯახის პატრონი, საკმაოდ წარმატებული ქალი, დღეს თავისი უბნის სუპერმარკეტის კართან მოწყალებას ითხოვს და არც არავინ ამადლის რამდენიმე თეთრს. კვირაში რამდენიმე დღე გამოდის, ალბათ, მხოლოდ პურის ფულს შოულობს და, სადამდეც იკმარებს, შინ ზისვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მარი დავითაშვილია დღეს საქართველოში, რომელთა ყოველდღიური ყოფა ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. მათი ხმა ხალხის ხმაა, მათი ტკივილი _ ხალხის ტკივილი

_ ჩემი ბედნიერი ცხოვრება საბჭოთა ეპოქაში დასრულდა, _ გულისტკივილით იგონებს ქალბატონი მარი. _ როგორც კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, უმუშევარი დავრჩი. ნელ-ნელა ოჯახიდან ყველაფრის გაყიდვა დავიწყე, თავი რაღაცით ხომ უნდა მერჩინა? ვაჭრობა არ მეხერხებოდა, რაც შევძელი, იყო ის, რომ ძველი და ძვირფასი ნივთები გავიტანე სახლიდან, გადამყიდველებს მიჰქონდათ და მე, ასე ვთქვათ, ნიორიდან ქერქი მხვდებოდა. შვილები მეზრდებოდა, მათ უამრავი რამ სჭირდებოდათ. როდესაც კარგ ცხოვრებას ხარ შეჩვეული, გიჭირს, რეალობას თვალი გაუსწორო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება სულ უკან-უკან წავიდა.

საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა და ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა, ძალიან მიხაროდა. მჯეროდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა და იმ ნანატრ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომელზეც, ალბათ, ყველა ქართველი ოცნებობდა. არ დააცადეს იმ კეთილშობილ ადამიანს, ბოლომდე მიეყვანა თავისი საქმე და სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო იმ ხროვამ, რომელმაც საქართველო თავდაყირა დააყენა. ინგრეოდა ქვეყანა და ინგრეოდა ჩემი ცხოვრებაც.

შევარდნაძე არ მიყვარდა, არ ვენდობოდი, ვიცოდი, არ გაამართლებდა ხალხის მოლოდინს, ასეც მოხდა. არც სააკაშვილი მომწონდა, გული მიგრძნობდა, რომ შევარდნაძის უბეში გამოზრდილი პატარა ბიჭი დაგვღუპავდა…

_ ეს მთავრობა თუ მოგწონთ? იმედი თუ გაქვთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეიცვლება

_ რომ გითხრათ, მომწონს-მეთქი, ალბათ, გიჟად ჩამთვლით, ქუჩაში მოწყალებას ვითხოვ და შეიძლება ეს მთავრობა მომწონდეს?

არადა, ივანიშვილი მომწონდა, ვფიქრობდი: მდიდარია, არ გაღორდება, ხალხისთვის მეტს გამოიმეტებს, იზრუნებს-მეთქი, მაგრამ პირიქით მოხდა ყველაფერი. აქ რომ ვზივარ, ხშირად მეკითხებიან: არ გცივა? სახლში რატომ არ მიდიხარ? მე კი ვეუბნები, _ ჯერ ივანიშვილისთვის “ვენოკის” ფული არ შემიგროვებია-მეთქი… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, სიკვდილს არავის ვუსურვებ, მაგრამ ამით ჩემს პროტესტს გამოვხატავ, მეტი რა დამრჩენია, მე მაგას ან ვინმეს, საერთოდ, როგორ მოვერევი?!

_ თქვენი შვილები სად არიან?

_ ორი შვილი მყავს. ჩემმა ერთმა შვილმა საქმე წამოიწყო, სახლი ბანკში ჩავდეთ და ფული გამოიტანა. საქმე კარგად არ წაუვიდა, ბანკის ვალის გადახდა ვერ შევძელით და ჩვენი ბინა აუქციონზე გაიყიდა. მას შემდეგ გადაიკარგა ჩემი შვილი, არ ვიცი, სად არის. მე კი ერთ პატარა ქალაქურ ეზოში ვცხოვრობ, სარდაფში. იმიტომ ვარ ივანიშვილზე გაბრაზებული, ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, დაგვპირდა, ბანკის პროცენტებს დავაკლებ, თავს არიან გასულებიო, მაგრამ არაფერი გააკეთა.

პენსია არაფერში მყოფნის, რადგან ქირაც უნდა ვიხადო, წამალიც ვიყიდო და საჭმელიც, ამიტომ გამოვედი ქუჩაში. ყოველთვის სხვას ვერ სთხოვ საჭმელს, სხვისი შემოგზავნილი სადილის იმედად ვერ დარჩები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარშემო ყველას უჭირს, იმ განსხვავებით, რომ ისინი ქუჩაში არ დგანან და არ მათხოვრობენ.

აღარაფერი მახარებს, დღესასწაულები აღარ მიყვარს, ახალ წელს ყველა ემზადება, მე კი, მესამე წელიწადია, ვწვები და ვიძინებვიცი, ახალს არაფერს მომიტანს. ახლა დღეებს ვითვლი, მინდა ჩემი ტანჯვაწამება დასრულდეს.

სიკვდილს ველოდები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუ დღეს ვინმე გამოჩნდება ისეთი, რომ ამ ქვეყნის გადარჩენას შეძლებს, მის გვერდით დავდგები…

_ გეგულებათ ისეთი ადამიანი, რომლის გვერდითაც დადგებით?

_ ამჟამინდელ პოლიტიკოსებს არ ვენდობი, არც არავინ მეგულება ისეთი, ვინც მოვა და ამ ჯოჯოხეთიდან გვიხსნის.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ვერიდებოდი ამაზე ლაპარაკს, მაგრამ ახლა ყველაფერი სულერთია ჩემთვის და ამიტომაც გეტყვით: ძალიან მომწონდა იგორ გიორგაძე. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი ქუჩაში გამოსვლები იყო, მიშას “ჭინჭრების რევოლუციას” მოვუწყობთო, რომ ამბობდნენ, ის მიტინგები იგორ გიორგაძის ინიციატივით იმართებოდა. მინდოდა, ვინმეს შევარდნაძის გამოზრდილი სააკაშვილი გაეგდო, მაგრამ ვერ მოხერხდა. ახლა ივანიშვილისა და მისი მთავრობის დანახვა აღარ მინდა, მაგრამ ვინ მოახერხებს მათ მოშორებას?!

ზოგიერთი პოლიტიკოსი ხალხს აბრალებს იმას, რაც გვჭირს, მაგრამ ხალხმა რა ჰქნას, ყველას თავისი გასჭირვებია?! ქუჩაში ვზივარ და უდიდეს სოლიდარობას ვგრძნობ, ვიცი, თვითონ კაპიკებს ითვლიან, მაგრამ ჩემთვის მაინც იმეტებენ ხურდას.

ყველას უჭირს, შვილო, არსებობისთვის იბრძვიან. ჩემს სამეზობლოში ყველა ოჯახის ცხოვრებას ვაკვირდები, შვილებისთვის კომფორტის შექმნა უჭირთ, კერძს ძლივს ამზადებენ, არის ერთი ოჯახი, ხორციანი საჭმელი ენატრებათ. შრომობენ, განა არ შრომობენ, მაგრამ საკმარისი არ არის.

შვილების დარდითაც აღარ ვარ ქალი, შვილიშვილი არ მინახავს, რამდენი ხანია. არა, ამას ყოფა არ ჰქვია. ხანდახან ვიტყვი _ მაინც არაფრად მიღირს ჩემი ცხოვრება და მოდი, რამე სასწაულს ჩავიდენ, ყველას ვამხელ, ვინც ეს ხალხი ჯოჯოხეთისთვის გაწირა და თავს სახალხოდ დავიწვავ-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავ… სიცოცხლე მაინც ტკბილია, თუნდაც ისეთი, როგორიც მაქვს…

_ თქვენი აზრით, ვინ უქცია ჯოჯოხეთად ცხოვრება ხალხს?

_ მკვდრებზე აღარ ვილაპარაკებ, ცოცხლებს დავასახელებ: ძმები ბერძენიშვილები, “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრი, მათი სახელი ლეგიონია, მხედრიონელი გია ვოლსკი და მთავრობის თითქმის ყველა წევრი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოსპეს თაობები, დაღუპეს ოჯახები, გაანდგურეს, თუკი რამ წმინდა გაგვაჩნდა, სამშობლო წაგვართვეს და თვითონ თქვლეფენ ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილს.

აი, ეს მქონდა შვილო, სათქმელი. თუ დაწერთ ჩემს სატკივარს, ღმერთი გაგახარებთ, თუ არა, არც ეგ მეწყინება. დარდი მკლავს ახალგაზრდების, ჩემი შვილებისა და შვილიშვილის, თორემ ჩემი საქმე რომ წასულია და ჩემნაირების ადგილი ამ ქვეყანაზე აღარ არის, დიდი ხანია, ვიცი…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here