Home რუბრიკები პოლიტიკა იაკობ კედმი: უკრაინასა და თურქეთს კარიკატურული პიროვნებები მართავენ

იაკობ კედმი: უკრაინასა და თურქეთს კარიკატურული პიროვნებები მართავენ

იაკობ კედმი: უკრაინასა და თურქეთს კარიკატურული პიროვნებები მართავენ

მოსაწყენ აქსიომად დამკვიდრდა ჩვენს დღევანდელობაში დებულება, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის კვალზე შევიცვლებით ყველანი და მსოფლიო.

ჯერჯერობით მხოლოდ თავდაჯერებულთა ვარაუდია. დაბნეული ექსპერტების.

აი, იაკობ კედმი, ისრაელის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და აღიარებული ანალიტიკოსი, არ მალავს და პირდაპირ გვეუბნება, რომ იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება მსოფლიო XXI საუკუნეში, ყოვლად შეუძლებელია.

მე ვერ ვიკისრებო.

_ ერთადერთი, რის თქმასაც გავბედავ, არის ის, რომ უახლოეს წლებში სერიოზულად შეიცვლება მსოფლიო რუკა: ზოგიერთი სახელმწიფო დარჩება, ზოგი _ დაიშლება, ზოგიც განვითარდება და წინ წაიწევს. გამეორდება იმგვარად, როგორც ერთი საუკუნის წინათ მოხდა (1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ). სამომავლო გზას გაიკვალავენ ქვეყნები უნარიანი ხელისუფლებით სათავეში, რომლებიც შეძლებენ, უზრუნველყონ სახელმწიფოს მდგრადობა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. სუსტი, დანაწევრებული სახელმწიფოები გაიზიარებენ ასი წლის წინანდელი იმპერიების ბედს.

ამ თემატიკაზე საუბარი წარიმართა ერთგვარი კოლექტიური ინტერვიუს ფორმატში, რომელიც კედმისა და ცნობილ ექსპერტებს შორის მოაწყო რუსეთის ტელეარხმა ТВЦ პროგრამაშიპრავო ზნატ” (“ცოდნის უფლება”).

ხელისუფლება და ხალხი

კედმის აზრით, ახალ ვითარებაში წარმატების მიღწევის გარანტია ექნება იმ სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეები არა მხოლოდ ენდობიან თავიანთ ხელისუფლებას, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ იგი (ხელისუფლება), უწინარესად გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება აუცილებელია ხალხისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, რომ ხელისუფლება ყოველთვის იქნება სამართლიანი.

_ როცა ხალხი დარწმუნებულია ხელისუფლების სამართლიანობაში და ენდობა მას, მათი სიმბიოზიც იდეალური იქნება, _ ასკვნის ანალიტიკოსი.

ეს ყველაფერი _ ზოგად თეორიულ ჭრილში, ლოგიკური განვითარებიდან გამომდინარე. მაგრამ, როცა რეალური საერთაშორისო ვითარება კალეიდოსკოპურად არის აჭრილი, როცა აშშდან მოდის ხმები რუსეთის საზღვრებისკენ დივიზიის დაძვრის შესახებ, როცა უკრაინის პრეზიდენტის, ბატონი ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც იგიმი-6”-საც ეწევა, ნეზალეჟნაიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, როცა ვერ ახერხებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ყარაბაღში, როცა აქეთ ბელარუსში აამღვრიეს წყალი, იქით (ტრადიციულად) _ ყირგიზეთში და .., სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?

ამ თემატიკაზე საუბარს იაკობ კედმი მოულოდნელი პასაჟით იწყებს:

_ ზელენსკის მოხსენიება ბატონობით დიდი პატივია მისთვის. პან ზელენსკისაც ვერ ვუწოდებთ, რადგან იგი ელემენტარული კარიკატურაა პოლონელი პანის. მისი განცხადებების სერიოზულად აღქმა დროის უქმად ხარჯვაა. ელემენტარული სიბილწეა და უკრაინისთვის, ებრაელი ხალხისთვის, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისთვის თავლაფის დასხმაა…

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიმართ რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, როცა იგი პოლონეთში ამერიკული დივიზიის განლაგების შესახებ ლაპარაკობს?! იგი ხომ თანმიმდევრულად განახორციელებს შეერთებული შტატების პოლიტიკას. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთის და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც არა გუშინ და გუშინწინ, არამედ თავიანთი არსებობის უმეტესი დროის განმავლობაში, მიზნად დაისახეს რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, განადგურება. ისინი მოქმედებენ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და აკეთებენ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ _ თავიანთ მიზნებს განახორციელებენ.

როგორ უპასუხებს მათ რუსეთი, ეს თქვენი (კედმი რუს ექსპერტებს მიმართავს) პრობლემაა.

პოლონეთში აშშის დივიზია თუ შევა, რუსეთის ბრალი იქნება. თქვენ აძლევთ ამის შესაძლებლობას. თურქეთის სულთანმა რომ აიწყვიტა და აკეთებს იმას, რაც სურს, ბედავს იმიტომ, რომ რუსეთი ნებას რთავს. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ მოსაზღვრე სახელმწიფოზე, ანუ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებზე

მაგრამ, თუ თქვენ ამის ნებას რთავთ, მზად ხართ, შეურიგდეთ და დაკმაყოფილდეთ ისეთ ფორუმებზე განხილვით, როგორიც არის “ვალდაი”, ან სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებებით, განაგრძეთ, კეთილი და პატიოსანი!..

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ნათქვამის გამო კი არ უნდა ანერვიულდეთ, არამედ იმან უნდა შეგაშფოთოთ, რომ B-52-მა (აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა) ხარკოვს თავზე გადაუფრინა. ხვალ იგივე შეიძლება მოხდეს თქვენს მოსაზღვრე ნებისმიერ ქვეყანაში.

კედმის ოპონენტები ამბობენ, რომ, როცა უკრაინა ასეთ დარღვევაზე ხმის ამოუღებლობის პოლიტიკას ირჩევს, იგი ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხში.

_ არ ვიცი, რა გსურთ თქვენ, მე კი მივიჩნევ, რომ, უწინარეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მიზანი. პოლონელი პანის ეს კარიკატურა და თურქეთის სულთნის ეს კარიკატურა ერთი პრინციპით მოქმედებენ: გიცქერიან თვალებში და ამბობენ, რომ ვერაფერს გაგვიბედავთო, თქვენ კი მათ შეგონებას ცდილობთ. აი, განაჩენი რომ გქონდეთ გამოტანილი და მათ იცოდნენ, რომ იგი (ეს განაჩენი) რეალურია, არც ის (უკრაინის პრეზიდენტს გულისხმობს ანალიტიკოსი), არც მისი პატრონები ასე არ მოიქცეოდნენ. თქვენ კი მხოლოდ მსჯელობთ, არავითარი განაჩენი ჯერ არ გამოგიტანიათ. მეასედ დავიმოწმებ ჩვენი რეგიონის მაგალითს: შეძლებს კი ვინმე, წარმოიდგინოს, რომ ირანის სატანკო დივიზია გამოჩნდება სირიასთან ან იორდანიასთან ჩვენი საზღვრების სიახლოვეს?! ტანკების ბატალიონიც ვერ გამოჩნდება!.. ეს საშინელ სიზმარშიც არ მოელანდებათ!

როცა მუზები დუმან
როცა მუზები დუმან

უადგილო პარალელები

_ ისრაელსა და რუსეთს შორის პარალელების გავლება წარმოუდგენელია, რადგან ფრიად განსხვავებული სახელმწიფოებია, ვითარებაც და ფუნქციებიც პრინციპულად სხვადასხვაა.

კედმი ამ შენიშვნას აზუსტებს:

_ მაგალითად, სომხეთი ვერ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუსეთთან კავშირისა და რუსეთის დახმარების გარეშე. აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებებს ძალაუფლების იმ სისტემით, რომელიც დღეს აქვს, რუსეთის დახმარების გარეშე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს შესანიშნავად იცის, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს იგივე გათვითცნობიერებული სომხეთის დღევანდელ პრემიერმინისტრს, რომლის რევერანსები ვერავის არწმუნებს, ყოველ შემთხვევაში, მე _ არა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რასაც იგი ბოლო ორწელიწადნახევარში სჩადიოდა, ვინ მოიყვანა იგი ხელისუფლების სათავეში, რატომ და რა მიზნით.

რუსეთის ყველა მტერი ხედავს, რაც ხდება (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) და ფრჩხილებს იკვნეტენ, რადგან რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს ორივე დაპირისპირებულ მხარეს. სხვები არ ერევიან და _ მადლობა ღმერთს! ან ეშინიათ, ან ძალა არ ჰყოფნით, ან დაინტერესებულები არ არიან.

რუსეთს შეუძლია ჩააცხროს ეს კონფლიქტი, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაგრამ პრობლემა მძიმეა, უყურადღებობით ძალიან შორს წასული ავადმყოფობაა. ადრევე უნდა მიეხედათ და ემკურნალათ.

_ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროსო! _ ეთანხმებიან დისპუტის მონაწილენი და აქვე დასძენენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გაღრმავება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის პრესტიჟზე, რასაც იგი, რუსეთის ფედერაცია, არ დაუშვებს.

_ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენ (ებრაელები) ყველაზე ჭკვიანი და ბრძენი ერი ვართ და ყოველთვის სწორ პოლიტიკას განვახორციელებთ, ცდება. მხოლოდ დღეს, როგორც იქნა, მიხვდნენ, რას წარმოადგენს თურქეთი. ამაოდ არ გარჯილა ისრაელის სადაზვერვო სამმართველო, როცა ბოლო ანგარიშში მიგვითითა, რომ თურქეთი ისრაელისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ირანი. თურქეთის სულთანს შეწყალების არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუ ღმერთი გაუწყრება და ჩვენ წინააღმდეგ რაიმე საშიშ თამაშს წამოიწყებს, იგი დაკარგავს თავის არმიასაც და თავის ფლოტსაც. წუთითაც არავინ დაფიქრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იერუსალიმი თურქეთის ქალაქად გამოაცხადეს. შეცდომა დაუშვეს. შეცდომის დაშვება შესაძლებელია. პრობლემა ის კი არ არის, რომ შეცდნენ, არამედ ის, რომ შეცდომებს არ ითვალისწინებენ, არ სწავლობენ.

ჩრდილოეთი სირია ოკუპირებული იყო თურქეთის ჯარების მიერ მაშინ, როცა იქ რუსეთის არმიის ნაწილები იდგნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ეს დასაშვებად მიიჩნია, ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთს თურქეთთან ურთიერთობაში გააჩნდა უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებმაც ეს სამხედრო ოპერაცია გადაფარა.

კეთილი და პატიოსანი: თქვენ თამაშობთ საჭადრაკო პარტიას მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჭადრაკი ჩაისახა _ აღმოსავლეთში. მაშ, დაამტკიცეთ, რომ რუსეთი დღესაც ყველაზე უკეთ თამაშობს ჭადრაკს, ისე, როგორც ერთ დროს.

ეგვიპტის არმია აღჭურვილი იყო საბჭოთა შეიარაღებით, მაშინ, როცა სადათმა საბჭოთა ჯარის განდევნა მოისურვა და ამერიკელების მხარეს გადაინაცვლა.

ასეთია აღმოსავლეთი, ახლო აღმოსავლეთი! მადლიერების განცდა არ არსებობს. არავინ გაიხსენებს, რა გაუკეთა რუსეთმა სირიას. იმაზე იფიქრებენ, დღეს რუსეთთან თანამშრომლობა არის თუ არა ეფექტიანი? ეგებ, ამერიკელები უკეთ დაეხმარებიან მისი ტერიტორიიდან თურქების გასტუმრების პრობლემის გადაწყვეტაში? იფიქრებენ და ამერიკელების მხარეს გადავლენ.

ეს აღმოსავლეთია!

მათ, ვინც რუსეთში აღმოსავლეთის საკითხებით არის დაკავებული, არ უნდა დაივიწყონ, როგორ გამოყარა სადათმა თავისი ქვეყნიდან ყველა საბჭოთა სპეციალისტი.

ეს ყველაფერი, როგორც “ვალდაის ფორუმზე” განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, მსოფლიოში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უზარმაზარი ტექტონიკური ძვრების შედეგია. ის პირობები, რომლებიც იყო, აღარ გამეორდება: “ახალი ბიზნესი შეცვლის ძველ ბიზნესს”. აღარ იქნება აშშის ზემოქმედება. გაურკვეველია, როგორი ფორმით იმუშავებს იქ რუსეთი. ევროპა, პრაქტიკულად, გაქრა ახლო აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით _ საფრანგეთი.

დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ეძებენ ვინმეს, ვინც უზრუნველყოფს მათ მომავალს, იქნება ეს დამოკიდებული ქვეყნების სახელმწიფო განვითარების სრულიად ახალ მიმართულებებზე, მათ კავშირებზე და კიდევ ერთ ელემენტზე, რომელზეც არაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ, რომელიც არსებობს და იარსებებს _ ბირთვული იარაღით აღჭურვაზე. ამისკენ მიისწრაფის თურქეთიც, ირანიც, ეგვიპტეც, ალჟირიც, ემირატებიც და პაკისტანიც. მაშინ ვითარება და საერთაშორისო ურთიერთობა ჩვენს რაიონში სულ სხვა ფორმას მიიღებს…

დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ეფუძნება მათ მტკიცე რწმენას, რომ რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, დაიმსხვრევა მის წინააღმდეგ წარმოებული ზემოქმედების შედეგად ყველა ფრონტზე იდეოლოგიური, ეკონომიკური, ქვეყნის შიგა თუ მის გარშემო განხორციელებული შეტევის მიზეზით.

ძალას მხოლოდ აღმოსავლეთში არ აფასებენ. მისი ფასი დასავლეთშიც კარგად იციან. როცა რუსეთი შესთავაზებს რომელიმე საკითხზე მოლაპარაკებას, შეერთებული შტატები ამას სრულიად განსხვავებულად იგებს. რუსეთი ცდილობს, რაღაცის დათმობის ფასად იყიდოს დამატებითი დრო. ისინი (აშშ) ყველა ამ დათმობას რუსეთის სისუსტედ აღიქვამენ და არა როგორც პრობლემის გადასაწყვეტად შეთავაზებულ წინადადებას.

ისინი თავიანთ თამაშს თამაშობენ, თქვენ _ თქვენსას და ცდილობთ, იფიქროთ იმ პარამეტრებით, რომლებიც მათთვის უცხოა და მიუღებელი.

ეს გამოცდილება კედმიმ შეიძინა იმ მაგალითების წყალობით, რომელთა მოწმეც თვითონ იყო ისრაელში, როცა ამერიკელები ისრაელის მხრიდან შეთავაზებულ დათმობებს აღიქვამდნენ, როგორც იუდეველთა სისუსტის გამოვლენას.

იგივე ხდება რუსეთის მიმართ _ ამერიკელები ყველაფერს მხოლოდ ძალთა შეფარდებით აფასებენ, მაგრამ ძალთა შეფასებას მხოლოდ ამა თუ იმ შეიარაღების მოცულობითი შეფარდება არ განსაზღვრავს.

ომში ყველაფერს წყვეტს სულისკვეთება, მზაობა შეტევის განსახორციელებლად. ისრაელის არმიაში უპირველესი, რაც ოფიცერსა და ჯარისკაც მოეთხოვება, მტერზე შეტევაა.

კედმი რუსებს დაბეჯითებით მიუთითებს, რომ მათ წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, რომელიც ომის კანონებით უნდა წარმართონ და არა საერთაშორისო კონფერენციების გადაწყვეტილებებით.

და კვლავ მთიანი ყარაბაღი

რადგან სიტყვა იარაღზე ჩამოვარდა, ისრაელის იარაღით აზერბაიჯანის მომარაგების პრობლემაც გამწვავდა კედმისთან რუსი ექსპერტების საუბარში.

_ ირანმა ბოლო წლებში აზერბაიჯანს მილლიარდ-ნახევარი დოლარის შეიარაღება მიაწოდა, _ ადასტურებს იაკობ კედმი, _ არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანს ხუთი მილიარდი დოლარის შეიარაღება მიჰყიდა.

ამ ქვეყანას ჰქვია რუსეთის ფედერაცია.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოიძებნოს განტევების ვაცი და კონფლიქტში სომეხი ხალხის წარუმატებლობის მიზეზი დაბრალდეს ისრაელს და დაიმსახურონ ირანის სიმპათია, რომელსაც მხარს უჭერს ერევანი.

თურქეთთან ურთიერთობის პრაქტიკაში რუსეთი გარკვეულ რისკზე მიდის იმისთვის, რომ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება.

ასეთივე პრინციპით ხორციელდება ჩვენი (ისრაელის) ურთიერთობა აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი ჩვენთვის პირველი და ძირითადია იმიტომ, რომ არის ირანთან ჩვენი საზღვარი. ირანის პრობლემა კი, როგორც ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა, ჩვენთვის ფრიად სერიოზულია.

ის, რომ სომხეთს აქვს ფული ჩვენი იარაღის შესაძენად, ისრაელის ბრალი არ არის. ის, რომ გაყარეს ყველა ყარაბაღიდან მოსული და უზრუნველყვეს თავის დროზე სომხური იარაღის გამარჯვება, ისრაელის ბრალი არ არის.

ის, რაც ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში დამართეს სომხეთს და დაასუსტეს იგი, როგორც ეკონომიკურად, ასევე _ პოლიტიკურად, არც ესაა ჩვენი ბრალი. იარაღი, რომელიც აზერბაიჯანს მივყიდეთ, ძირითადად, ელექტრონიკა იყო. სომხეთს საქმე გაუადვილდებოდა, ეს ელექტრონიკა ჩინეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ ეყიდა?! არა!

აზერბაიჯანს უამრავი ფული აქვს და შეუძლია შეიძინოს ყველაფერი, რაც სურს და ვისგანაც უნდა.

აზერბაიჯანელები აძლიერებდნენ თავიანთ არმიას, სომხები კი მიზანმიმართულად შლიდნენ და ასუსტებდნენ. ასე რომ, ისრაელის ბრალი არ არის, თუ დღეს სომხეთის არმია ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

ტრამპი და არატრამპი

დასასრულ, გამორიცხულია, არ შეხებოდნენ აშშის პრეზიდენტის არჩევნებს, რომელიც ამერიკის გამოკვეთილ კრიზისად და ტექტონიკური ძვრის მსგავს კატაკლიზმად ჩამოყალიბდა.

იაკობ კედმი ორ ძირითად მომენტს გამოყოფს: აშშის საინფორმაციო საშუალებების აკვიატებულ პოზიციას და მოვლენების არაობიექტურად ასახვის ხარისხს, რომელმაც ყველა უარყოფითი რეკორდი მოხსნა.

_ ბოლო განცხადება, თითქოს ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება წინასაარჩევნო პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის, მოწმობს, რომ გრძელდება ამერიკის სადაზვერვო გაერთიანების დეგრადაცია. თუ მათ ამისი სჯერათ, მე მეცოდება ის ქვეყანა, რომელიც დაზვერვის ასეთი სამსახურების იმედად არის დარჩენილი.

არის ერთი ფაქტორი, რომელსაც არჩევნებთან დაკავშირებულ პროპაგანდისტულ ზღვაში ყოველთვის ივიწყებენ. ეს არის აშშის მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით იქაური მოსახლეობის 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპის მმართველობის 4 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მხოლოდ 34 პროცენტი აცხადებს, რომ გაუარესდა. მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, რომელიც ზუსტად გადმოგვცემს შეერთებული შტატების მოსახლეობის განწყობილებას.

მაგრამ შეერთებული შტატების თითქოსდა თავისუფალი და ლიბერალური, დემოკრატიული პრესის 99 პროცენტს პრიმიტიული ნეგატივიზმის გადახრა დაემართა.

შეუწყობს თუ არა ხელს რეალობის ასე დამახინჯებულად წარმოდგენა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხვალ-ზეგ შევიტყობთ.

არჩევნების შედეგების მიუხედავადაც, ვერც ერთი და ვერც მეორე კაპიტანი ვერ შეძლებენ შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ძირითადი პრობლემის გამოსწორებას. პოლიტიკურ ელიტას ძალა არ შესწევს, მოერიოს შეერთებული შტატების ვერც შიდა, ვერც საგარეო პოლიტიკის, ვერც ეკონომიკურ, ვერც სამხედრო პრობლემებს.

ანალიტიკოსი გვერდს ვერ აუვლიდა თურქეთის აბსოლუტურ რეკორდს: თურქეთს არც ნორმალური ურთიერთობა, არც პრობლემა არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან ჩინეთიდან მოყოლებული მაღრიბამდე.

ერდოღანის კედმისეული დახასიათება მომაკვდინებელია:

_ თურქეთი უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაშია. მიმაჩნია, რომ სულთანი ძალიან ბევრ ავანტიურაში გაიხლართა და, მეეჭვება, რომ თურქეთი, როგორც სახელმწიფო, გამოძვრება ამ რთული ვითარებიდან. როგორი რეაგირება ექნება სხვა ქვეყნებს, არ ვიცი, მაგრამ მისი შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ამას გადაწყვეტენ მხოლოდ კრემლში.

არაბული სამყარო მის წინააღმდეგ არის დარაზმული. ისრაელსა და არაბეთის ქვეყნების ბოლოდროინდელი დაახლოება იმის შედეგია, რომ ისინი საშიშროებად აღიქვამენ, როგორც ირანს, ასევე _ თურქეთს.

ტერორისტები თურქეთში ვეძებოთ?!

თურქეთს კიდევ ერთი პრობლემა აქვს: ქვეყნის სათავეში დგას “ძმები მუსლიმების” პარტია, ექსტრემისტული, ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის სამხედრო გამოსახვა არის “ჰამასი”, რაც ისლამის საშინაო პრობლემაა. არაბული ქვეყნები თურქეთს აღიქვამენ ისლამური ექსტრემიზმის წამახალისებელ სახელმწიფოდ, რომელიც მათ სტაბილურობას ემუქრება.

ერდოღანი კი თურქეთის “ძმები მუსლიმების” პარტიის ხელმძღვანელია. ეს კი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის დადასტურებაა.

ერთერთი ექსპერტი კედმის შეეკითხება, პუტინის ან ფაშინიანის ადგილზე რომ იყოთ, დღევანდელ სიტუაციაში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით, როგორც არმიის ხელმძღვანელი და რით და როგორ უპასუხებდით თურქეთს?

_ რუსეთის პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, გავარკვევდი, როგორია ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და როგორ აისახება ისინი რუსეთთურქეთის ურთიერთობაზე. არ შემიძლია გავარკვიო, რა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტი ან სომხეთის მთავრობის მეთაური. სომხეთს დღემდე არ უღიარებია მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილად. რუსეთს არ შეუძლია სომხეთის ნაცვლად გაარკვიოს სომხეთის ეროვნული ინტერესები.

როცა ისრაელში მეკითხებოდნენ, როგორ უნდა დადგინდეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები, ვუპასუხებდი, რომ საზღვრები უნდა იყოს ისეთი, რომელთა დასაცავად თანახმა ვიქნები, ჩემმა შვილებმა თავი გასწირონ. ხარკოვის თავზე ზეცა არის რუსეთის ინტერესების სივრცე თუ არა? პოლონეთში ამერიკის დივიზიის განლაგება ემუქრება თუ არა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს?

სანამ არ გაარკვევენ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ვერ განსაზღვრავენ პოლიტიკას.

_ სამართლიანია თუ არა აშშის სანქციების დაწესების პოლიტიკა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ?

_ ირანი დღეს ბირთვული იარაღის შექმნასთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე სანქციების დაწესებამდე იყო. ეს ერთი. მეორე, საერთაშორისო პოლიტიკაში სანქციების გამოყენებას არა მხოლოდ არამართალზომიერად მივიჩნევ, არამედ ვთვლი, რომ დანაშაულია.

სანქციები არ უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

_ პუტინსა და ერდოღანს შორის კარგი პიროვნული ურთიერთობა ხისტი სახელმწიფო დამოკიდებულების სალბუნად აღიქმებოდა ყოველთვის, მაგრამ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ ხშირად კითხულობენ, ამ კარგ პირად ურთიერთობას ვინმე შეგნებულად ხომ არ იყენებს თავისი, ზოგჯერ ავანტიურისტული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად?

_ ვფიქრობ, თქვენმა პრეზიდენტმა უპასუხა ამ შეკითხვას, როცა “ვალდაის” კონფერენციაზე განმარტა საკუთარი ქმედება, როგორც სავსებით ობიექტური იარაღი, რომელიც ეფუძნება სიტუაციის მხოლოდ პროფესიულ, ცივ განსაზღვრას რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენს პრეზიდენტს, რომელსაც დიდად ვაფასებ და ვიცნობ პირადად, აქვს გრძნობები, რომლებსაც არ მალავს, მაგრამ არასოდეს გამოუმჟღავნებია სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტისას, ყოველ შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საშინაო პოლიტიკის პრობლემების გადაწყვეტისას რა ხდება, დარწმუნებით ვერ გეტყვით. თანაც იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ადგილი ობიექტურად ციხეშია.

..

გადმოქართულებულია უმნიშვნელო შემცირებით

1 COMMENT

  1. საინტერესო სტატიაა. მადლობა ავტორსაც და მთარგმნელსაც. ერთი შენიშვნა მექნება მხოლოდ. ‘მი -6’-ის ნაცვლად თარგმნილ ტექსტში უნდა იყოს შენარჩუნებული MI6 — ინგლისურად, როგორც დაწესებულების დასახელება. (= Military Intelligence, section 6). MI6-ს იქვე უნდა მიეწეროს ფრჩხილებში ახსნა-განმარტებითი თარგმანი (დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური). კულტურული რეალიების თარგმნა არ არის ადვილი. დიდი მადლობა. პატივისცემით,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here