Home რუბრიკები ისტორია იაკობ გოგებაშვილი: აფხაზეთი მხოლოდ იმ საუკუნეებში სტკბებოდა კეთილდღეობით და კაი სახელით, როცა...

იაკობ გოგებაშვილი: აფხაზეთი მხოლოდ იმ საუკუნეებში სტკბებოდა კეთილდღეობით და კაი სახელით, როცა შეკავშირებული იყო საქართველოსთან პოლიტიკურად, სარწმუნოებით და ღვთისმსახურებით

3488
იაკობ გოგებაშვილი

XIX საუკუნის 80-იან წლებში განსაკუთრებით დიდი რეზონანსი მოჰყვა გაზეთტბილისსკი ვესტნიკისფურცლებზე იაკობ გოგებაშვილის სტატიების სერიას, რომლებიც აფხაზეთის მიწაწყლიდან აფხაზების თურქეთში მასობრივად გადასახლებას ეძღვნებოდა.

და საერთოდ, იაკობ გოგებაშვილი მთელ რიგ სტატიებში საგანგებოდ ეხება აფხაზებისა და ქართველების ურთიერთდამოკიდებულების კულტურულ და ტრადიციულ საფუძვლებს, აფხაზი ხალხის ცხოვრებას, მის მიწაწყალს, ენას, კულტურას, სახალხო განათლებას, ისტორიას; ის ყოველთვის თანაგრძნობით ეპყრობოდა აფხაზი კაცის გასაჭირსა და სიხარულს. როდესაც რუსეთთურქეთის ომის შედეგად XIX საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს აფხაზ ხალხს დიდი ეროვნული უბედურება დაატყდა თავს მუჰაჯირობის სახით, . გოგებაშვილი გულისტკივილით წერდა: “ახლანდელმა ომმა, სხვა მრავალ შედეგებთან ერთად, გამოიწვია ის შედეგიც, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კუთხე მოულოდნელად გაუდაბურდა, ვინაიდან ის მიატოვა თითქმის ყველა მისმა მკვიდრმა მცხოვრებმა. ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზეთისა და მისი მცხოვრებლების შესახებ, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სამშობლო და გადასახლდნენ თურქეთში”.

ამ ვრცელ სტატიაში ავტორი აფხაზეთის თავისუფალ მიწებზე მხოლოდ უცხო ტომების ჩასახლების სასტიკი წინააღმდეგი გამოდიოდა. მოითხოვდა, რომ კავკასია ყოფილიყო კავკასიელი ხალხებისათვის და არავითარ შემთხვევაში ძალმომრეობა მათ მიმართ არ გამოეყენებინათ. მართალია, როგორც მიუთითებს ი. გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის სარედაქციო კოლეგია, “გოგებაშვილი ამ სტატიაში გადაჭარბებულად აფასებს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების ფაქტორის მნიშვნელობას”, მაგრამ მისი საქციელი გულწრფელი და უანგარო იყო. იაკობ გოგებაშვილი ყველა ერისა და ეროვნების უფლებების დაცვის მომხრე გახლდათ; ეროვნულ ქედმაღლობასა და ვიწრო ნაჭუჭში მოქცეულ პატრიოტობას “ლობიოს პატრიოტობას” უწოდებდა და მსგავს გამოვლინებებს სასტიკად ებრძოდა, ერთა უფლებების გარკვევა კი ყოველი პატიოსანი ადამიანის წმიდათაწმიდა მოვალეობად მიაჩნდა.

მან სასტიკად ამხილა ზოგიერთი ქართველი და აფხაზი “უგუნური კაცუნა”, რომლებიც ნაციონალიზმის ბანგით იყვნენ გაბრუებულნი და ისტორიულ ძმებს, აფხაზებსა და ქართველებს, შორის, მეგობრობის განმტკიცების ქადაგების ნაცვლად, უნდობლობასა და შურს თესავდნენ. ეს გარემოება მას მეტად საზიანოდ მიაჩნდა ორივე ერისთვის. სტოლიპინის რეაქციის მძიმე წლებში გოგებაშვილი სახალხოდ ამბობდა:

გაზეთების ზოგი კორესპონდენტი მტრულად ეპყრობა აფხაზურ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების თარგმნას და ამ ენაზე ღვთისმსახურების შესრულებას. ეს მეტისმეტად მაოცებს. მართალია, აფხაზეთი მრავალი საუკუნის მანძილზე შეადგენდა საქართველოს პოლიტიკური სხეულის ნაწილს, იქ ღვთისმსახურება სრულდებოდა ქართულ ენაზე და დამწერლობაც ქართული იყო თვით აფხაზთა სურვილისამებრ, მაგრამ ხომ უეჭველი ფაქტია, რომ აფხაზური ენა ქართული ენის კილო კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ენაა, თუმცა ქართული ენის მონათესავე. როგორც დამოუკიდებელ ენას, მას უდავოდ აქვს უფლება თავის ღვთისმსახურებაზე, თავის დამწერლობაზე, თავის ხალხურ ლიტერატურაზე

უსამღვდელოესი კირიონი დიდად თანაუგრძნობდა აფხაზური დამწერლობისა და ლიტერატურის შექმნას. მან მოითხოვა კიდეც, მონაწილეობა მიეღო აფხაზური ენის ნაციონალური სახელმძღვანელოს შედგენაში. ამ მიმართულებით უნდა იმოქმედონ სოხუმელმა ქართველებმა და ყოველნაირად დაეხმარონ აფხაზებს ამ კულტურულ წამოწყებაში”.

ეს სტატია გამოქვეყნდა 1907 წელს გაზეთ “ზაკავკაზიეში”.

სწორედ სტოლიპინის რეაქციის მძიმე წლებში ი. გოგებაშვილმა ხმა აღიმაღლა დაჩაგრული ერების, კერძოდ, აფხაზების უფლებების დასაცავად; მოუწოდა უგუნურ ადამიანებს, გონს მოსულიყვნენ და საღად შეეფასებინათ არსებული სიტუაცია. დიდ ქართველ პედაგოგს მშვენივრად ესმოდა აფხაზი ხალხის გულისტკივილი და საფუძვლები იმ აღშფოთებისა, რომელსაც ზოგიერთი ინტელიგენტი გამოხატავდა. საკითხი შეეხებოდა აფხაზურ ენას, მის დევნასა და ამ ენაზე დამწერლობის დაარსებას. აფხაზთათვის ეს იყო სისხლხორცეული ეროვნული საკითხი, რომლის დადებითად გადაწყვეტა მაცოცხლებელ წყაროდ მოევლინებოდა განაწამებ ერს.

ი. გოგებაშვილმა აქაც გადამწყვეტი სიტყვა თქვა. მან მოუწოდა ქართველ მოღვაწეებს, ქართველ ინტელიგენციას, დახმარებოდნენ მოძმე აფხაზებს ეროვნული კულტურის აღორძინებასა და განვითარებაში, რაც უპირველესად უნდა გამოხატულიყო ეროვნული აფხაზური დამწერლობის შექმნაში, ხელი შეეწყოთ აფხაზური სახელმძღვანელოების შედგენაში. ეს იყო არა მხოლოდ რჩევადარიგება, არამედ ძმური დახმარება, ეს იყო აზრი, რეალობად ქცეული.

სხვათა შორის, როგორც იაკობ გოგებაშვილი, ისე ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები, ამ საქმეში ადანაშაულებდნენ არა მარტო ქართველებს, რომლებმაც ჯეროვანი დახმარება ვერ აღმოუჩინეს თანამოძმეებს, არამედ თვით აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც, იმ აფხაზ ახალგაზრდობას, რომელსაც მიღებული ჰქონდა აკადემიური განათლება, მაგრამ ერთგვარ ინდიფერენტიზმს იჩენდა ამ საკითხისადმი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ი. გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრებისა და ეროვნული კონცეფციის საფუძველი, ამოსავალი არის დედაენა, რომელიც მას, ისე როგორც ყველა პროგრესულ მოღვაწეს, მიაჩნდა ეროვნების ბურჯად. დედაენას მოწყვეტილი პიროვნება და საზოგადოება განწირულია დასაღუპავად.

დედაენა არის ძვირფასი სალარო, _ მიუთითებდა იგი, _ რომელშიც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა, ნაფიქრისა, ნაგრძნობისა და ნამოქმედარისა და რომლის შესწავლა ბავშვს აკავშირებს მთელის ერის სულთან და გულთან, მის ხანგრძლივ ისტორიულს ცხოვრებასთან და ავსებს მას სულიერის ღონით და მხნეობით”.

როდესაც ბავშვს ამ უფლებას ართმევენ, მის სულს ამახინჯებენ.

ასეთი იყო დიდი პედაგოგის დასკვნა.

ი. გოგებაშვილმა სტატიაში სათაურით “პოლიტიკანობა აფხაზეთში”, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ “წყაროში” 1907 წელს, იმასაც მიაცქია ყურადღება, რომ ამ ორი ერის შვილების ზოგიერთი წარმომადგენელი ზოგჯერ სწორად ვერ აფასებდა ხალხთა ურთიერთობის რთულ საკითხებს და ცდილობდა, სუბიექტურად გადაეჭრა დიდი ეროვნული პრობლემები, რომლებსაც, რასაკვირველია, სარგებლობის მოტანა არ შეეძლო. სტატიაში ვკითხულობთ:

ამჟამად აფხაზებს ორი მოტრფიალე ჰყავს: ერთნი ცდილობენ, სრულიად დააშორონ იგინი საქართველოს, გაიმარტოვონ და გადიბირონ თავისკენ. მეორენი მონატრულნი არიან, დაიცვან ისტორიული კავშირი აფხაზებისა ქართველებთან”. ავტორი ამის შემდეგ აფხაზურქართული ურთიერთობის ერთგვარ ისტორიულ ექსკურსს მიმართავს და აცხადებს:

თუ შეგნებული აფხაზები დაახლოებით გაიცნობენ თავისი სამშობლოს წარსულს, ცხადად დარწმუნდებიან, რომ აფხაზეთი მხოლოდ იმ საუკუნეებში სტკბებოდა კეთილდღეობით და კაი სახელით, როცა შეკავშირებული იყო საქართველოსთან პოლიტიკურად, სარწმუნოებით და ღვთისმსახურებით, მეტსაც შეიტყობენ. მაშინ აფხაზეთი სათავეში ედგა მთელ დასავლეთ საქართველოსა, რომელსაც აფხაზების სახელმწიფო ერქვა. მაგრამ, როცა ისტორიის უკუღმართმა ტრიალმა იგი მოსწყვიტა საქართველოს და გაამარტოვა, აფხაზები უკანუკან წავიდნენ, დაეცნენ, რიცხვით მეტად შემცირდნენმტკიცე კავშირი კი მეგრელებთან და სხვა ქართველებთან წელში გამართავს აფხაზებს, ზურგს გაუმაგრებს, ძალას და ღონეს მისცემს და კარგის მომავლის იმედით აღავსებს.

პირადად ჩვენ მზად ვართ, ყოველი დახმარება აღმოვუჩინოთ შეძლებისდაგვარად ტრადიციულის ძმობის და ერთობის მოციქულებს მეტადრე ახალის მწიგნობრობის შექმნასა და გამოცემაში”.

ასე აღელვებით წერდა ქართველი და აფხაზი ხალხების მეგობრობაზე ქართული აზროვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი.

. გოგებაშვილს მტკიცედ სჯეროდა და ეს იყო პროგრესული ინტელიგენციის აზრიც, რომ მხოლოდ ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, ძმობა და მეგობრობა, თანასწორუფლებიანობა იყო ის ძალა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, აფხაზებსა და ქართველებს შეადუღაბებდაუწინდელი შინაგანი სოლიდარობით და ინტენსიური ძმობით”.

ი. გოგებაშვილი სასტიკად ილაშქრებდა ყოველგვარი ნაციონალისტური და შოვინისტური გამოხდომის, ერთი ერის მიერ მეორე ერის ღირსების დამცირების წინააღმდეგ. აქაც იგი თავისი ხალხის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ჩვენ, ქართველებს, _ წერდა იგი, _ მხურვალედ გვსურს როგორც ჩვენი საღვთისმსახურო ენის, ისე ჩვენი მშობლიური ლიტერატურის განვითარება და გამდიდრება, მოვალენი ვართ, იგივე ვისურვოთ სხვა ეროვნებებისათვისაც, მათ შორის აფხაზებისთვისაც”.

ეს იყო აზრი, მრწამსი არა მარტო ი. გოგებაშვილისა, არამედ XIX საუკუნის მთელი მოწინავე ქართველი ინტელიგენციისა, ქართველი ხალხის.

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here