დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად
გაძვირდეს:
* ალკოჰოლური სასმელი 50 თეთრით,
ლუდი 10 თეთრით;
* 1 კოლოფი სიგარეტი 30 თეთრით;
* 1 ლ საწვავი 2-3 თეთრით;
* 1 ლ უალკოჰოლო სასმელი და მტკნარი წყალი 10 თეთრით;
* ყველას დაექვითოს ხელფასიდან საშუალოდ 2 ლარი;
* დაწესდეს უშვილობის გადასახადი ხელფასის 1%-ის ოდენობით;
შემოსული თანხები მოხმარდეს დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას ქვეყანაში.
ბატონებო! გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიმდინარე წლის მე-5 და მე-6 ნომრებში დაიბეჭდა თქვენდამი ჩემი მიმართვა ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაზე და შემოგთავაზეთ მისი გადაწყვეტის ღონისძიებები “საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამის” სახით. რა თქმა უნდა, პროგრამას არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია და მასში დასამატებელი და გამოსაკლები წინადადებებიც მოიძებნება, ღონისძიებების სხვაგვარი ინტერპრეტაციაც იქნება საჭირო, მაგრამ მთლიანობაში იგი, ვფიქრობ, უპასუხებს დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მოთხოვნებს.
პროგრამის პირველ ნაწილში გაშუქებულია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების საკითხები, კერძოდ, თაობათა განახლების პროცესი, რომელიც შობადობისა და მოკვდაობის ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი გვაქვს _ მომდევნო თაობის რაოდენობა ნაკლებია წინა თაობის რაოდენობაზე, რაც იწვევს მოსახლეობის კლებას. ამ მხრივ მდგომარეობა ქართველებით დასახლებულ რეგიონებში კატასტროფულია.
ქვეყანას, მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილ რეჟიმთან ერთად, დიდ საფრთხეს უქმნის ინტენსიური გარე მიგრაციის პროცესი. ასეთ პირობებში, რაც შეიძლება მალე, სანამ ქვეყანა არ დაცლილა ქართველი მოსახლეობისგან, აუცილებელია, გავატაროთ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა, რომლის განხორციელებასაც ასეულ მილიონობით ლარი სჭირდება. საქართველოს ასეთი სახსრების გაღება არ შეუძლია. ამას ზოგიერთი მდიდარი სახელმწიფოც ვერ ახერხებს სრულად. დღეს ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ თავისი ბიუჯეტის სახსრებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევაში ერმა თავად უნდა იზრუნოს ერის გადასარჩენად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერის დაბერების პირობებში საგრძნობლად იზრდება პენსიონერთა და სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. 2017 წელს საპენსიო პაკეტისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 898 ათასი იყო და ეს რაოდენობა 3,7-მილიონიან საქართველოში ყოველწლიურად თითქმის ათიათასობით იმატებს.
ამჟამად სახელმწიფო დემოგრაფიული საჭიროებისთვის ათეულ მილიონობით ლარს ხარჯავს, მაშინ, როდესაც წინა პერიოდში ამ მიზნით ბიუჯეტიდან ერთი ლარიც არ გამოყოფილა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მძიმე დემოგრაფიული ვითარების შემოსაბრუნებლად. საჭიროა გაცილებით მეტი დახმარების გაწევა შობადობის ასამაღლებლად და სხვა დემოგრაფიული ღონისძიებების გასატარებლად. ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიმაჩნია ზოგიერთი პროდუქციის აქციზზე გადასახადის უმნიშვნელოდ მომატება, ხელფასიდან საშუალოდ 2 ლარის დაქვითვა, უშვილობის გადასახადის შემოღება და სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დემოგრაფიული საჭიროებისთვის ყოველწლიურად მოვიზიდოთ დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ეს თანხა, ძირითადად, მოხმარდება შობადობის წახალისებას დემოგრაფიულად მძიმე რეგიონებში _ მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში ოჯახს მიეცემა 300 ლარი ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში; ხოლო მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და და ა.შ. ბავშვზე კიდევ ორას-ორასი ლარი; ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება მძიმედ დაავადებული ბავშვებისა და უშვილობის მკურნალობა, ასევე უფასოდ მიეცემათ მრავალშვილიან უსახლკარო ოჯახებს ბინები და სხვ. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომელთა შესახებ წინა წერილებში ვისაუბრე.
ოჯახში ბავშვთა რაოდენობისა და დემოგრაფიული საჭიროებისთვის ზოგიერთ პროდუქციაზე ფასების უმნიშვნელოდ მომატების შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ჩავატარე სოციოლოგიურ–დემოგრაფიული კვლევა თბილისსა და ქვეყნის ოთხ რეგიონში _ კახეთში, მცხეთა–მთიანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში. ამ მიზნით შედგენილი ანკეტით სულ გამოიკითხა 500 რესპონდენტი _ 402 ქალი (35 წელზე ნაკლები წლოვანების 293 ქალი და 35 და მეტი წლოვანების 109 ქალი) და 98 მამაკაცი (35 წელზე ნაკლები 53 მამაკაცი და 35 წლისა და უფროსი 45 მამაკაცი). კვლევა, ძირითადად, ჩატარდა ოჯახებში, აგრეთვე, ბანკებში, მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში, პატარძეულის მეფრინველეობის ფაბრიკაში, ღვინის ქარხანაში, საგარეჯოსა და ზესტაფონის სამკურნალო დაწესებულებებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, კასპის აგურისა და სპირტის ქარხნებში, თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში და სხვ.
კვლევამ, რომელიც ჩავატარეთ თებერვალსა და მარტის დასაწყისში, გვიჩვენა, რომ ახალგაზრდების დემოგრაფიული განწყობა და ქცევა ბავშვების გაჩენაზე, წინა წლებში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებთან შედარებით, გაუარესებულია. 35 წლამდე 293 ქალის გამოკითხვის მიხედვით ასეთი შედეგი მივიღეთ:
* ოჯახში უნდა იყოს, საშუალოდ, 3 ბავშვი _ ეს არის ქალების აზრი ოჯახში ბავშვების საუკეთესო რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში ქალი არ ითვალისწინებს პირად უპირატესობასა და ცხოვრების კონკრეტულ პირობებს. დემოგრაფები ასეთ მონაცემს ოჯახში ბავშვების იდეალურ რაოდენობას უწოდებენ. მაშასადამე, ჩვენი ქალების გამოკითხვის შედეგად, ოჯახში ბავშვების იდეალური რაოდენობაა 3 ბავშვი;
* დაუქორწინებელი ქალებისთვის ბავშვების სასურველი რაოდენობა, საშუალოდ, 1,6 ბავშვია. ამდენი შვილის ყოლას ამჯობინებს გაუთხოვარი ქალი პირადი მისწრაფებიდან გამომდინარე;
* გათხოვილ ქალს, ფაქტობრივად, ჰყავს საშუალოდ 1,8 ბავშვი;
* გათხოვილი ქალები კიდევ აპირებენ იყოლიონ, საშუალოდ, 0,3 ბავშვი.
როგორც წესი, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობის, ასე ვთქვათ, მთლიანი რეალიზაცია ვერ ხდება, რაც ჩვენს შემთხვევაში თაობათა განახლებას ერთი და იმავე რაოდენობით ვერ უზრუნველყოფს. საერთოდ, ბოლო ხანს მრავალშვილიანი და საშუალოშვილიანი ოჯახის ფასეულობა იკლებს, რაც, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან ერთად, კიდევ უფრო ამცირებს შობადობას.
საკითხი უფრო ნათელი რომ იყოს, იმის შესახებაც უნდა ითქვას, რამდენი ბავშვი უნდა გააჩინოს ქალმა, მოსახლეობა რომ არ შემცირდეს, და რამდენი ბავშვია საჭირო საშუალოდ ოჯახში მოსახლეობის გასამრავლებლად. საერთოდ, ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში ყოველ 100 გოგონაზე დაახლოებით 103-105 ვაჟი იბადება და ეს კანონზომიერება მე-14 საუკუნეში აღმოაჩინეს იტალიაში. ვაჟები ერთ წლამდე და ახალგაზრდობის წლებში, გოგონებთან შედარებით, მეტი იღუპება. როდესაც ისინი მიაღწევენ ნაყოფიერების ასაკს _ 20-25 წელს, მათი თანაფარდობა ტოლი ხდება _ 100 გოგონაზე 100 ვაჟი მოდის. ერთი შეხედვით ჩანს, რომ, თუ ყველა ქალი გააჩენს ორ–ორ ბავშვს, ეს აანაზღაურებს მშობელთა თაობას და ხდება თაობათა ერთი და იმავე რაოდენობით გამრავლება, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ყოველი ქალი გააჩენს ორ ბავშვს, ასეთი ერი გარკვეული ხნის შემდეგ ამოწყდება. მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი გარემოებები: ცოცხლად დაბადებული ყველა გოგონა ვერ მიაღწევს ნაყოფიერების ასაკს; არსებობს უნაყოფო ქორწინებები, მათ შორის, ნებაყოფლობითი უნაყოფობა, როდესაც ქალებს არ სურთ ბავშვის ყოლა; ქალების გარკვეული რაოდენობა საერთოდ არ ქორწინდება; ამასთანავე, დედების მიერ ბავშვთა გაჩენის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ქორწინების შეწყვეტა _ დაქვრივება ან განქორწინება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის გასამრავლებლად საჭიროა, ყოველმა დაქორწინებულმა წყვილმა გააჩინოს 2,6 ბავშვი, ხოლო ყოველმა ქალმა _ 2,1 ან 2,2 ბავშვი. წინა წლებში ქვეყანაში ყოველი ქალი საშუალოდ აჩენდა 1,5-1,7 ბავშვს და მშობლების თაობის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ 71-81 პროცენტით. ყოველი ქალის მიერ 3 და, მით უმეტეს, 4 ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გაფართოებული გამრავლება, რაც ესოდენ საჭიროა ქვეყნისთვის.
ამიტომ მთავარია, სახელმწიფომ და სრულიად ერმა იზრუნოს იმისთვის, რომ ყოველმა ქალმა გააჩინოს მესამე ბავშვი. სამშვილიანი ოჯახი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ნორმა.
აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც უნდა ითქვას. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მრავალშვილიანობის მასობრივად გავრცელება შეუძლებელია. შობადობის მომატებაზე მრავალშვილიანობა არსებით გავლენას ვერ ახდენს, რაც ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება. კერძოდ, 2016 წელს მეხუთე და, დაბადების რიგითობის მიხედვით, შემდეგი (მეექვსე, მეშვიდე და ა.შ.) დაიბადა 704 ბავშვი, ხოლო ამავე წელს 21 563 მეორე ბავშვი მოევლინა ქვეყანას. თუ მრავალშვილიანები თითო–თითო ბავშვს გააჩენენ, დაბადებულთა რაოდენობა 704-ით, ხოლო, ვისაც ორი შვილი ჰყავს და მესამე შვილს გააჩენს, დაბადებულთა რაოდენობა უკვე 21 563 ბავშვით გაიზრდება. ამიტომ არის, რომ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობადობის წახალისებას უმეტესად მესამე შვილის გაჩენიდან იწყებდნენ.
ჩვენი გამოკვლევის შედეგების მიხედვით, დასახული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა აუცილებლად გააჩენს მესამე შვილს. საკმაო ნაწილი მეოთხე შვილის გაჩენასაც აპირებს. ეს განსაკუთრებით ეხება სტუდენტობას. გამოკითხული 115 სტუდენტიდან მესამე შვილს აუცილებლად გააჩენს 106 (92,2 პროცენტი), ხოლო არ გააჩენს 9 (7,8 პროცენტი). სტუდენტთა ნაწილი (40 სტუდენტი) მეოთხე შვილის გაჩენასაც აპირებს, 9 სტუდენტი _ მეხუთე შვილის, ხოლო 5 _ მეექვსე შვილისაც. სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც ანალოგიური ვითარებაა. 35 წლამდე ახალგაზრდების (სტუდენტების გარდა) 67 პროცენტი აუცილებლად გააჩენს მესამე შვილს, ხოლო 18 პროცენტი _ მეოთხე შვილსაც. მათგან, ვისაც ჰყავს 3 შვილი, მეოთხე შვილის გაჩენას აპირებს კიდევ 13 პროცენტი.
შობადობის წასახალისებლად და, საერთოდ, დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად დასახულ ღონისძიებათა სისტემა მეტად მნიშვნელოვანია ადგილზე მოსახლეობის დამაგრების თვალსაზრისით. გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარი, რომელიც ამჟამად სოფელში ცხოვრობს და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით გადაწყვეტილი აქვს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში დარჩება სოფლად, ხოლო მეორე ნახევარი ამ საკითხზე დაფიქრდება ან არ გადათქვამს თავის სურვილს.
მთავარია, ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად მოინახოს ფინანსური რესურსები. ამ მიზნის მიღწევის მთავარ გზად გვესახება ის, რომ ერმა სხვადასხვა პროდუქციაზე ფასნამატის სახით, აგრეთვე, ზოგიერთი გადასახადის დაწესებით გაიღოს მცირე თანხები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ აფასებს ამ ღონისძიებას საზოგადოება _ მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა მის მიერვე გაღებული სახსრებით ყველაზე დიდი ეროვნული სატკივრის მკურნალობა. ამასთანავე, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, მზად არის თუ არა საზოგადოება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ძირითადად, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა სოციოლოგიურ-დემოგრაფიული კვლევის ჩატარება.
(იხ. ცხრილი)
ცხრილიდან ჩანს, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მზად არის ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებებისთვის; იმისთვის, რომ ერი არ გადაშენდეს, გაიღოს საჭირო თანხა. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ეს აზრი ანკეტაში წერილობითაც გამოხატა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები თამთა დავითური წერს: “ასეთი ღონისძიების გატარება დაგვიანებულიც კი არის. ვერ წარმომიდგენია ისეთი ქართველი, თუნდაც გაჭირვებული, რომელიც ამ ეროვნული საქმისთვის მცირე თანხას არ გაიღებს. მივესალმები”. დაბა ადიგენში მცხოვრები ნინო ლობჯანიძის აზრით, “სირცხვილია, ვინმემ უარი თქვას ამ მიზერული თანხის გადახდაზე”; სტუდენტი ქალი ა. გაგნიძე წერს: “ერი გადაშენების პირასაა, ქვეყანაში ამაზე დიდი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ყველა ხარჯი უნდა გავიღოთ ერისა და ქვეყნის გადასარჩენად”. სხვა სტუდენტი _ ა. გერგედავა ანალოგიურ აზრს გამოხატავს: “ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ზოგიერთ პროდუქციაზე ფასის მომატება დადებითად აისახება ერის გამრავლებაზე”. თითქმის იმავეს იმეორებს სტუდენტი თამარ ბლიაძეც: “მივესალმები აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების მომატებას ერის გასამრავლებლად”. სტუდენტ მონიკა არქანიას აზრით, “აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას. თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასის მომატება საჭიროა”. რესპონდენტების ერთსულოვანი აზრით, დახმარება გაზრდის შობადობას, სწორედ ამ გზით გადაიჭრება დემოგრაფიული პრობლემები, შემცირდება აბორტების რაოდენობა, გაახალგაზრდავდება ერი, ხოლო “რაც შეეხება პროდუქციაზე ფასების უმნიშვნელო მატებას, ეს ძალიან კარგი ვარიანტია”.
რესპონდენტთა ნაწილი, რომელსაც შვილის გაჩენა ასაკის გამო არ შეუძლია, მიუთითებს: ადრე ასეთი დახმარება რომ ყოფილიყო, ბევრ შვილს გავაჩენდიო. თბილისელი ქალბატონი ცირა ოქროპირიძე სწორედ ასეთ აზრს ავითარებს: “ეს პროექტი ჩემს ახალგაზრდობაში რომ ყოფილიყო, 3 ან 4 შვილი მაინც მეყოლებოდაო”.
გულში ჩამწვდომია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს მკვიდრის _ გოდერძი ჟღენტის თვალსაზრისი: “დღეს არავის ულხინს, მაგრამ ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რომელიც ერის გადასარჩენად რამდენიმე ლარს არ გაიღებს. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, კაცი საწვალებლად არის გაჩენილიო, მაგრამ ამ წვალებასაც აქვს თავისი ხიბლი. უმიწაწყლო გლეხი დღეს საქართველოში არ არსებობს, ყველას აქვს თოხი და ბარი. დიდი სამამულო ომის პერიოდში მეტი ტექნიკა არ ჰქონიათ, მაგრამ შიმშილით არავინ მომკვდარა. ახლაც ომია, ომი ერის ფიზიკური არსებობისა და სულიერი ფასეულობების გადასარჩენად. მაშასადამე, მეტი შრომაა საჭირო. სხვაგან რას ვეძებთ მარგალიტებს, როდესაც მარგალიტი ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მიწა და ბუნება, ჩვენი ცხოვრების წესი. ორი შვილი მყავს, სკოლის მოსწავლეები. მეტი აღარ გამიჩნდა. მათ აქედანვე ვაჩვევ მშობლიური მიწის, შრომის, სიკეთის კეთების სიყვარულს. სწორედ სიყვარულით უნდა ვაშენოთ ხვალინდელი დღე და არა ერთმანეთის ლანძღვითა და გაუტანლობით. მაშინ ავმაღლდებით, ეკონომიკურადაც მოვღონიერდებით და გავმრავლდებით”. ძნელია, კაცმა უკეთესად თქვას.
რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, როგორც ცხრილიდანაც ჩანს (განსაკუთრებით 35 წლამდე ახალგაზრდები), დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად საჭიროდ მიიჩნევენ ერთი ლიტრი ალკოჰოლური სასმელის 50 თეთრით, ლუდის _ 10 თეთრით (91,6 პროცენტი) და ერთი კოლოფი თამბაქოს, საშუალოდ, 30 თეთრით გაძვირებას (91,2 პროცენტი), ხელფასიდან საშუალოდ 2 ლარის დაქვითვას (82,4 პროცენტი). დანარჩენი ღონისძიებების მხარდამჭერთა მაჩვენებელი 76 პროცენტზე დაბალი არ არის, ე.ი. უარყოფით პასუხი რესპონდენტთა ერთ მეოთხედსაც არ აქვს.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი უკვე ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ან გადავრჩებით, ან გადავშენდებით _ თუ განსაკუთრებული ზომები არ გავატარეთ, რამდენიმე ათეულ წელიწადში ქართველთა ცხოვრების ბოლო გვერდიც გადაიფურცლება და ისტორიის კუთვნილება გავხდებით.
ანზორ თოთაძე,
დემოგრაფი, პროფესორი
კარგი იქნება თუკი ამაზე იზრუნებს მთავრობა 10წელია შვილის ნანატრი მშობლები ვართ გაჭირვების გამო და უსახკაროდ მყოფი შვილს როგორ გავაჩენ როცა საკუთარი თავი რომ გავიტანოთ სხვები გვეხმარებიან ქირით ვცხოვრობთ წლებია გაჭირვებაში დაცარიელებული ცხოვრებით როცა ადამიანი ოჯახს ქმნის იმას შვილებით უხარია ცხოვრების გაგრძელება მაგრამ ჩვენთვის სასიხარულო არაფერია ტკივილის მეტი ომის ვეტერანი მეუღლე მყავს შეწირა მისი ჯამრთელობა სამშობლოს და თავის საქართველოს მაგრამ ვინ დაუფასა ან ვის აინტერესებს თავისი გაუსაზრისი ცხოვრება ერთი ფართიც არ ემეტებათ მისთვის ამ მთავრობას რომ შევძლოთ ადამიანური ცხოვრება საკუთარ ჭერის ქვეშ და იმის შიშით არ გვითენდებოდეს ყოველი დხე რომ ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ ქირა დაგვიგროვდა ვერ ვიხდით რადგან არაგვაქვს შემოსავალი და არვიცით როდის აღმოვჩნდებით ქუჩაში უამრავი განცხადებებით მივმართეთ მთავრობას მაგრამ არავის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა სამწუხაროდ ასეა უკვე არაფრის და არავის მჯერავს