არის ასეთი საერთაშორისო კვლევის პორტალი Numbeo, რომლის კვლევებიც ყველა ქვეყნისთვის მისაღებია. საუბარია ქალაქების უსაფრთხოების ინდექსზე, მოძრავი თუ უძრავი ქონების ფასებზე, პროდუქტების ფასებზე და, სიმართლე რომ ვთქვათ, Numbeo-ს კვლევები რეალობასთან ყველაზე ახლოსაა ხოლმე. ახლაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ საქართველოს დედაქალაქში (რომელიც ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირად ითვლება) ერთ ადამიანს კვებისთვის დღიურად საშუალოდ 18,49 ლარი სჭირდება, რაც 31-დღიან თვეში 573.25 ლარს შეადგენს. გაგიკვირდებათ და ეს დღიური რაციონი 2400 კალორიას შეიცავს.
აი, რა შეიძლება იყიდოს ადამიანმა თბილისში დღეში 18,49 ლარად: რძე (0, 25 ლიტრი) – 1.34 ლარი, ახალი თეთრი პური (125 გრამი) – 0,49 ლარი, ბრინჯი (100 გრამი) – 0,53 ლარი, კვერცხი (2,4 ერთეული) –1.37 ლარი, ადგილობრივი ყველი (100 გრამი) – 2,09 ლარი, ქათმის ფილე (150 გრამი) – 2,61 ლარი, ძროხის ხორცი (150 გრამი) – 3,97 ლარი, ვაშლი (300 გრამი) – 1,07 ლარი, ბანანი (250 გრამი) – 1,12 ლარი, ფორთოხალი (300 გრამი) – 1,48 ლარი, პომიდორი (200 გრამი) – 1,19 ლარი, კარტოფილი (200 გრამი) – 0,39 ლარი, ხახვი (100 გრამი) – 0,19 ლარი, სალათის ფურცელი (0,2 თავი ) – 0,66 ლარი.
Numbeo-ს წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, არავინ უთხრა, რომ საქართველოში პენსიონერთა 77%-ზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს და ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად სრულფასოვნად იკვებოს. უცხოელებს არც ის უთხრეს, რომ ამ გათვლებით ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ საკვებისთვის თვეში 2293 ლარი სჭირდება, ასეთი შემოსავალი კი ოჯახების ნახევარზე მეტს არ აქვს. ეს – დედაქალაქში, თორემ რეგიონებში უფრო ცუდად არის საქმე. იქ 4-სულიან ოჯახს 2300 ლარამდე შემოსავალი სიზმარშიც არ უნახავს. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რით ცხოვრობენ ადამიანები და როგორ ირჩენენ თავს თვიდან თვემდე? პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან მარტივია: უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ იკვებება სრულფასოვნად და, რაც მთავარია, არც ჩანს უკეთესი პერსპექტივა. კი ვამტკიცებთ, რომ თურმე საქართველოში საშუალო ხელფასი 2 ათას ლარს გასცდა, მაგრამ ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ: საშუალო ხელფასის გამოთვლისას არ უნდა გაითვალისწინონ ის ადამიანები, რომელთა ჯამაგირი თვეში 5 ათას ლარს აღემატება. მაშინ ვნახავთ, რომ 2 ათას ლარზე მეტი არ არის საშუალო ხელფასი, საუკეთესო შემთხვევაში ის 700-800 ლარის ფარგლებში იტრიალებს.
საინტერესოა ისიც, რომ შარშან საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის დონემ დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული თურმე უმდაბლეს ნიშნულს მიაღწია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ… თუ ყველაფერი ასე კარგად მიდის, რატომ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ, სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას და განცხადებას განცხადებაზე წერენ? სად არის აქ ლოგიკა და, საერთოდ, სად არის სამართალი? რატომ უნდა გააიგივონ თვეში 8 ათასლარიანი ხელფასის მიმღები პარლამენტარი რეგიონის მუზეუმში მომუშავე სპეციალისტთან, რომელიც თვეში 400 ლარს ელოდება? რეალურად, ეს ყველაფერი ხომ ძალიან კარგად იციან იქ, ზემოთ, და რომ იციან, რატომ ცდილობენ, წარმოაჩინონ ისე, თითქოს მართლა წინ მივდივართ? აგერ საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგითვალათ თეთრებში ყველაფერი და სარკეშიც ჩაგახედათ – პენსიონერს, ნორმალურად რომ იკვებოს, თვეში იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე პენსია აქვს. ამას დაამატეთ ტრანსპორტი, ტანსაცმელი, კომუნალურები და, რაც მთავარია, მედიკამენტები, რომელთა ფასები ისევ გაიქცა, ისევ არარეალური გახდა და, პენსიონერს მედიკამენტები რომ სჭირდება, ახალი ამბავი არ უნდა იყოს.
ამ პერიოდში, როგორც წესი, კვების საკითხი ნაკლებად დგას. საბედნიეროდ, სეზონური ხილი და ბოსტნეული (ბევრი შემოტანილი და ცოტა ადგილობრივი წარმოების), ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია და საჭირო ვიტამინებსაც იღებენ ადამიანები, მაგრამ შემდეგ მოდის შემოდგომა, მერე – ზამთარი და ყველაფერს ისევ ისეთი ფასი ედება, სრულყოფილ კვებაზე საუბარიც ზედმეტია. კარგია ევროპული მომავალი თუ პერსპექტივა; კარგია, დასავლეთს რომ ვეტოლებით, მაგრამ, როცა ადამიანთა უმრავლესობას კვების პრობლემა უდგას, უდიდესი ნაწილი ხორცსა და თევზეულს თვეების განმავლობაში ვერ იღებს, რომელ ევროპაზეა საუბარი?! თქვენი აზრით, რა ურჩევნია პენსიონერს – ნოყიერი სადილი თუ მაკრონისა და ევროპარლამენტარების შექება? ან თუნდაც ტრამპის წერილი და ამერიკის საელჩოს პოზიცია? მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია და ეს ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეიგნო, ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ უზრუნველყო ადამიანებისთვის ღირსეული სამსახური და შესაბამისად – ღირსეული შემოსავალი. არა, დეპუტატებს ძალიან კარგი შემოსავალი აქვთ, მაგრამ მათი რაოდენობა 150-ია და ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.
როგორც გვეუბნებიან, პენსიის ოდენობა გაისადაც მოიმატებს, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ვერ და არ გაიზრდება ისე, რომ თუნდაც წლევანდელ დათვლილ ყოველდღიურ ხარჯს ეყოს. გაისად ეს ხარჯიც რომ მოიმატებს, ახლავე შეიძლება თქმა, რადგან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროდუქტების ფასი ყოველწლიურად მატულობს და, ექსპერტთა ვარაუდით, ეს პროცესი კიდევ ათწლეულის განმავლობაში არ და ვერ გაჩერდება. დედამიწას აღარ აქვს იმდენი რესურსი, სრულფასოვნად კვებოს მსოფლიო, ამიტომაცაა, ყოველწლიურად რომ იმატებს საკვები დანამატები და ქიმიური მინარევები საჭმელში. ისე, ჩვენთან ამაშიც არ გვეყო ნიჭი და ქიმიურის ნაცვლად ძროხის რაციონში ქათმის სკორე ავურიეთ. სამაგიეროდ ვაჭრობაში გამოვდექით უნარიანები და ყოველწლიურად ვცდილობთ, საქართველო უცხოური პროდუქციის დიდმასშტაბიან ბაზრად ვაქციოთ. აღარ გვინდა შრომა, უფრო მარტივია შემოტანილის ყიდვა და მერე გაყიდვა, რასაც წარმატებით კი ვახორციელებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ქართული ეკონომიკის გარდა ჩვენს ჯიბესაც რომ ურტყამს, ვერ თუ არ აღვიქვამთ. აგერ, სავსეა საქართველო ირანული საზამთროთი, სანამ კახური მოვა, პირის ჩატკბარუნება თუ ვინმეს სურს, სწორედ ირანული პროდუქცია უნდა შეიძინოს და მერე რა, რომ 25 მარტს მარტყოფის დიდებული გამარჯვებიდან 400 წელი გავიდა, იმ ბრძოლიდან, რომელშიც სწორედ ირანელებს ვაჯობეთ, ახლა კი უბრძოლველად, ხმლის მოუქნევლად გვიპყრობენ. ჰო, დაპყრობა ჰქვია ამას და იცით, რატომ? ძალიანაც რომ მოინდომოთ, ბაზარზე ქართულ საზამთროს ვერ იყიდით, არ მოუყვანია არავის და იმიტომ. ირანელებს კი უზარმაზარი სათბურები აქვთ და გვთავაზობენ კიდეც, 1 კვადრატულ მეტრს 45 დოლარად აგიშენებთო; ქართული კომპანია კი გვთავაზობს, 1 კვადრატულ მეტრს 300 ლარად გაგიკეთებთ, არ ინანებთ, ირანიდან შემოვიტანთ მასალას, წინ წავიდნენ ეგენიო… აქვე გეტყვით, რომ ამავე რაციონზე ერთი ადამიანი ჩვენს მეზობელ ერევანში დღეში 20,35 ლარს დახარჯავს, ბაქოში – 15, 47 ლარს, ანკარაში – 21,42 ლარს, ხოლო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში – 22,71 ლარს. გამოდის, ჩვენზე იაფი პროდუქტი სამეზობლოში მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს, მაგრამ ის რას მივაწეროთ, რომ ზაფხულის პერიოდში საქართველოში არაერთი სომეხი და რუსი ტურისტი ჩამოდის. ისე ჩანს, ჩვენზე უკეთესად მაინც ცხოვრობენ, ანუ არამხოლოდ მსყიდველუნარიანები არიან, არამედ დოვლათსაც ქმნიან და თავს დასვენების უფლებასაც აძლევენ; თანაც ისვენებენ უძვირეს ქართულ კურორტებზე. უძვირესს რომ ვამბობთ, არ ვაჭარბებთ – საქართველოს საკურორტო ზონები ფასებით მხოლოდ რეგიონში კი არ უსწრებს ყველას, შვეიცარიის ალპებსაც უკან იტოვებს, ანუ იმ ადგილს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულად და უძვირესად ითვლება. ცალკე თემაა მომსახურება, რომელიც საქართველოში უბრალოდ არ არის და კარგახანს ვერ ვისწავლით იმას, რომ ადამიანს, რომელიც ფულს იხდის სერვისში, არ უნდა მოექცე ისე, როგორც მოსისხლე მტერს.
ისე, ცოტა არ იყოს, პარადოქსია, მაგრამ მწარე რეალობაა – საქართველოში დღიური მუშის ნახვა 80 ლარად უკვე წარმოუდგენელია და ისინი, ვისაც ფიზიკური მუშაობა შეუძლია, ბედის საძებნელად საქართველოდან მიდიან. აქ კი… უცხოელების თავშესაფრად იქცა ქვეყანა, ადგილობრივი მოსახლეობა კი სამუშაო ბაზრიდან იდევნება.
ბესო ბარბაქაძე