არაერთხელ დაგვიწერია, რომ რუსეთის ფედერაციაში ლუკმაპურის საშოვნელად საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქეა წასული. ათეული წლებია, ისინი იქ ცხოვრობენ და, საკუთარი თავის გარდა, საქართველოში ნათესავებსაც არჩენენ. აბა, რა გასაკვირია, რომ ამ წლების განმავლობაში მათ რუსეთში მეგობრებიც შეიძინეს და ნათესავებიც, რადგან მართლმადიდებელ ერებს ერთმანეთთან ნათელ–მირონი აკავშირებთ.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები ბინებს ეძებენ დასაქირავებლად. ისინი ცდილობენ, ბინები თავიანთი რუსი მეგობრებისთვის იქირაონ, რადგან საქართველოში ჩამოსვლის სურვილი როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან, რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს. რატომ საქართველო და, რაც მთავარია, რატომ მოდიან რუსეთიდან მოქალაქეები? მოდიან იმიტომ, რომ საყოველთაო სანქციების ფონზე რუსული რუბლი რეკორდულ ინფლაციას განიცდის, ქვეყანა ომშია ჩართული და ადამიანებს ეშინიათ საკუთარი ოჯახების გამო, საკუთარი შვილების გამო. საქართველო კი მათთვის ახლო ქვეყანაც არის და აქ ჩამოსვლის არ ეშინიათ, რადგან, თუ ისინი ათეული წლების განმავლობაში ინახავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ მათ საქართველოში რამდენიმე კვირით უმასპინძლებენ?! ისინი არ აპირებენ აქ დასახლებას, აქ მუშაობას, მათ სურთ, რთული პერიოდი სწორედ საქართველოში გადაატარონ და მშვიდად იყვნენ, არ ეშინოდეთ, რომ დასავლეთი ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს და რუსეთზე იერიშს მიიტანს. ამის გარანტორი არავინ არ არის და ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ ადამიანები საკუთარი ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს ეძებენ.
“ამჟამად უკვე აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისთვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება”, _ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იძულებული შეიქნა ეს განცხადება მას შემდეგ გაეკეთებინა, რაც საქართველოში რუსოფობიურმა განცხადებებმა იმატა.
ლიბერალური ფრთა კატეგორიულად მოითხოვს, მოხდეს საქართველოში ჩამოსვლის მოსურნე ადამიანების გაფილტვრა და ჩვენს ქვეყანაში გარკვეული კატეგორია არ შემოუშვან. უფრო მეტიც, სწორედ ლიბერალური ფრთა მოითხოვს, რომ საზღვრის კვეთისას რუსეთის მოქალაქეებმა მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელშიც ეწერება, რომ რუსეთი ოკუპანტია. გამოდის, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს აიძულებ, საკუთარი ქვეყნის ღალატზე ოფიციალურ დოკუმენტს მოაწეროს ხელი. ბოლო ხმაზე გაჰკივის ოპოზიცია, რომ საქართველომ არ უნდა უმასპინძლოს რუსეთის მოქალაქეებს, რადგან შემდეგ რამე რომ მოხდეს (და რა უნდა მოხდეს?!), რუსეთი იტყვის, _ საკუთარ მოქალაქეებს ვიცავო, და დაგვბომბავს.
არადა, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები არ შეჭამენ ქართულ პურს (ფქვილი ასი პროცენტით რუსეთიდან შემოგვაქვს), არ გათბებიან ქართული ბუნებრივი აირით (რუსულია), არ ჩართავენ ტელევიზორს ქართულ დენზე (რუსულია), ქართულ “ბორჯომსაც” კი არ დალევენ (ეგეც რუსი ბიზნესმენების საკუთრებაა). ანუ, რუსული ყველაფერი გვინდა და ბედნიერი სახეებითაც მოვიხმართ, მაგრამ, როცა რუსეთის მოქალაქე თავის შესაფარებლად ჩამოდის, რთული პერიოდი აქ რომ გაატაროს, არ გვინდა. სამაგიეროდ, გახარებულები ვხვდებით ზაფხულში, როცა რუსები ტურისტებად ჩამოდიან, და ტურიზმიდან თავის დროზე შემოსული 2 მილიარდი დოლარიდან 70% სწორედ რუს ტურისტებზე რომ მოდიოდა, ეს კარგია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს ალა პუგაჩოვაც ტოვებს და არსებობს ვარაუდი, რომ მომღერალმა დროებით საცხოვრებლად საქართველოს დედაქალაქი აირჩიოს. ამასაც პროტესტი მოჰყვა და, რა საოცარიც უნდა იყოს, პროტესტი მოჰყვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც პუგაჩოვას “არლეკინოსა” და “მილიონ ალიხ როზ”-ზე არიან გაზრდილები და ამ სიმღერების ფონზე არაერთხელ უბუქნავიათ.
ჩაიკოვსკისა და პუშკინის რუსეთი გვიყვარსო, რომ გაჰკივით, პუგაჩოვა ესტრადის ხელოვნების ლეგენდაა და გვერწმუნეთ, რუსეთის კულტურის ისტორიაში დიდხანს დარჩება. სასაცილო კიდევ, იცით, რა არის? პუგაჩოვას გვერდით ბუბა კიკაბიძეს არაერთი კონცერტი აქვს გამართული, სცენაზე ერთადაც ხშირად მდგარან და კიკაბიძე დღევანდელ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა. უბრალოდ კი არ მოხვდა, ამ სიაში პირველ ნომრად, ანუ ლოკომოტივად ეწერა და მაშინ არავის უთქვამს, _ ბუბა არ გვინდა, პუტინს უმღეროდაო.
“როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ “ბორჯომის”, როგორც რუსული პროდუქტისა და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის, გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან “ბორჯომი” არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ “ბორჯომის” ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი “ალფა-ჯგუფისგან”. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი აქვს ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით”, _ განაცხადა “ექსპერტმა” გია ხუხაშვილმა.
სიტყვა “ექსპერტი” ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩაგვისვამს, რადგან ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, უბრალოდ, მავნებელია. დავიწყოთ იმით, რომ ჯერჯერობით “ბორჯომი” დახლიდან მხოლოდ ესტონეთმა აიღო და რამდენ ბოთლსაც ეს ქვეყანა წლის განმავლობაში ყიდდა, იმდენი ბოთლი ერთ თვეში იყიდება მოსკოვის რომელიმე სუპერმარკეტში. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ რუს ბიზნესმენებს “ბორჯომი” უნდა წავართვათ, კერძო საკუთრება აკრძალული საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო და ხუხაშვილისთვის საბჭოეთი აღდგა თუ კერძო საკუთრების ცნება საქართველოში აღარ არსებობს?! ეგ კი არა, დიდი ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იარაღსაც გზავნის და უმკაცრეს სანქციებსაც აწესებს, კერძო საკუთრებას არ ეხება და სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები, რომ ბრიტანეთში მოღვაწე რუს ოლიგარქებს თურმე ყველაფერი წაართვეს, უბრალოდ, ტყუილია. მარტივ მაგალითზე გეტყვით: დაიწერა, რომ რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბი ლონდონის “ჩელსი” ჩამოართვეს. არადა, სინამდვილეში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბს გაყიდის, ოღონდ 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ შეელევა. სანამ მყიდველი გამოჩნდება, მანამ პრემიერლიგის კლუბების, პრაქტიკულად, ყველა მფლობელმა აღიარა, რომ აბრამოვიჩის წასვლა ინგლისური ფეხბურთისთვის კარგი არ არის და მან ძალიან ბევრი გააკეთა. ჰო, ბრიტანელები კი არ ართმევენ ქონებას, არამედ რუს ბიზნესმენს შესაძლებლობა აქვს, ის 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს და ჩვენ თურმე რუსები ჯოხით უნდა გავყაროთ. იქნებ მამუკა ხაზარაძეს ჰკითხოთ, რამდენით იხეირა, როცა “ბორჯომი” გაყიდა და რამდენად ჩაიგდო თავის დროზე ხელში ეს კომპანია?!
დიახ, საქართველოში რუსებიც უნდა ჩამოვიდნენ და უკრაინელებიც. მოქალაქეები, რომლებსაც მშვიდობა სურთ, თავშესაფარი სურთ, უნდა მივიღოთ, თორემ ისიც გვახსოვს, თავის დროზე სირიელი დევნილებისთვის ლამის ქალაქის აშენებას რომ ითხოვდა ოპოზიცია და იმხანად საუბარი 50 ათას სირიელზე იყო. მართლმადიდებელი ერები დღეს ერთმანეთზე იარაღით იწევენ და ამ დროს საქართველო, ასევე მართლმადიდებლური ქვეყანა, ამ ომში კი არ უნდა ჩაერიოს, პირიქით, მომრიგებლის როლი უნდა შეასრულოს და ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ჯეროვნად უმასპინძლოს _ სახლიც მისცეს, კარიც და საკვებიც.
დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება და შემდეგ იმავე რუსეთმა საქართველოს მილიონი მოქალაქე რომ მოგვაყენოს საზღვარზე, რას ვიტყვით _ ცუდად იქცევა, ადამიანებს ქვეყნიდან აძევებსო?! არადა, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ომს გამოქცეული ადამიანები არ შევიფაროთ და არ მივცეთ გადარჩენის შესაძლებლობა. და იმავე ქმედებას სხვა ქვეყნებს არათუ არ მოვუწონებთ, მკვლელის იარლიყს მარტივად მივაკრავთ და სოციალურ ქსელებში ისე ვათრევთ, წარბი არ აგვიტოკდება. ეგებ, ის გვერჩივნოს, ათასი ჯურის ადამიანის ნაცვლად, საქართველოში სწორედ მართლმადიდებელი ერების წარმომადგენლები ჩამოსახლდნენ, ტრადიციები თუ არა, რწმენა მაინც გვაქვს ერთი და “მამაო ჩვენოს” ფრაზები ერთნაირია ქართულად, უკრაინულად და რუსულადაც: “…მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა…”
ბესო ბარბაქაძე