Home რუბრიკები საზოგადოება თუ მოსყიდულები არ ხართ, მაშინაც ამოგეღოთ ხმა, როდესაც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა

თუ მოსყიდულები არ ხართ, მაშინაც ამოგეღოთ ხმა, როდესაც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა

ნატა ფერაძე

უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა: თუ პოლიციელი ვინმეს აკავებს, მასთან, შეიძლება ითქვას, ყველა გამვლელი ჩერდება, დაკავებას ტელეფონით იღებს და მერე სოციალურ ქსელში აღშფოთებული სტატუსით ტვირთავს: “დღეს პოლიციელმა დააკავა მამაკაცი, რომელსაც ხელი გადაუგრიხა. შევეცადე, დავხმარებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. უსამართლობაა, ხალხო…” ამგვარი ფაქტები ისე გახშირდა, რომ ადამიანებმა ლამის დევნა დაუწყონ პოლიციელებს მხოლოდ იმიტომ, რომ სადმე ვინმეს თუ დააკვებენ, მაშინვე ტელეფონით გადაუღონ და მერე სოციალურ ქსელში ატვირთონ.

ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ იწყება. გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვითომ ექსპერტები, ვითომ პროფესორები და სერიოზული სახით ამბობენ, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა. პოლიციამ ძალას გადაამეტა მაშინ, როცა პოეტი ზვიად რატიანი დააკავა; მაშინ, როცა გიორგი გიორგანაშვილს რვაას აბზე მეტი “ჩაუდო”; მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენში დააკავა კაცი, რომელიც თურმე იგინებოდა; მაშინ, როდესაც პარლამენტარის შვილი პატრულისგან გაქცევას ცდილობდა და მას ტრაილერით გზა გადაუკეტეს… არადა, გასულ კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ოჯახის ექვსი წევრი გარდაიცვალა და, ვინმეს ანალოგიური ავარია რომ გაეკეთებინა, ხომ იტყოდნენ არასამთავრობოები: პოლიცია ვალდებული იყო, შეეჩერებინა, თუნდაც ამისთვის იარაღის გამოყენება დასჭირვებოდა, ასე ხომ ექვსი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდაო.

“სამართლის დოქს” არასამთავრობო სექტორი ყურს, საიდანაც უნდა, იქიდან გაუკეთებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისე, რომ პოლიცია “მონსტრი” გამოჩნდეს და არა უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი. არადა, რაღაც არ მახსენდება, ეს არასამთავრობოები წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ასე ხმალ თუ მობილურამოღებულები რომ მდგარიყვნენ ადამიანების უსაფრთხოების სადარაჯოზე და პოლიციელები გაეკრიტიკებიათ. არც ის მახსოვს, როცა პოლიცია ქუჩაში ხვრეტდა ხალხს, ასე მასობრივად აეტეხათ განგაში არასამთავრობოებს და ვითომ ექსპერტებს, ხედავთ, ხალხო, რას აკეთებენო. მაშ, რა მოხდა ახლა, რატომ არის პოლიციის წინააღმდეგი ყველა?! რატომ არის, რომ ყველა ნარკომანი თუ ნარკოტიკის გამყიდველი, რომელსაც აკავებენ, მაშინვე განგაშს ტეხს, _ წამალი ჩამიდესო?!

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც 2012 წელს საარჩევნო ყუთთან იმ იმედით მივიდა, რომ ახალი ხელისუფლება წინას პასუხს მოსთხოვდა და მათ მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს არ აპატიებდა, იმედგაცრუებული დარჩა. უფრო კონკრეტულად კი, პირში ბიულეტენგამოვლებული. კიდევ იმიტომ, რომ ამ არასამთავრობოებსა და ჯიბის ექსპერტებს იმჟამინდელი ხელისუფლება კვებავდა და ახლა ეს გზა გადაეკეტათ; კიდევ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ თავისი ნამოქმედარი (რომელზეც, კიდევ ვიმეორებთ, პასუხი მოსათხოვი იყო და არ მოსთხოვეს) “გააპრავოს” და ხალხს ათქმევინოს, ყველაფერი მოგონილი და შეთითხნილი იყო, მცირე გადაცდომების გარდა, და მიშა რომ ამბობდა, ყველა ციხეშიო, ე.ი. მართალი იყო, ასეთი ხელი გვჭირდება, ცოცხი გვჭირდება, “დუბინკა” გვჭირდება, “ორი გვამი” გვჭირდებაო. ამისკენ მიჰყავთ ყველაფერი და მიჰყავთ დიდი ნაბიჯებით…

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ამ გამოწვევას უნდა გაუძლოს; ვალდებულია, გაუძლოს, თორემ, დაანონსებული პრემიერობა კი არა, საპატიო ყარაულშიც აღარავინ დააყენებს მომავალში. ის ვალდებულია, რომ პოლიციის მუნდირს ღირსება შეუნარჩუნოს და ძალაუფლება ხელში არ ჩაუგდოს ნარკომანებს, მოძველბიჭო ელემენტებს და ქვეყანაში არ დააბრუნოს 1990-იანი წლები, ის პერიოდი, როცა სიმართლე იმის მხარეს იყო, ვისაც უფრო მეტი ტყვია ჰქონდა მჭიდში. არადა, აქეთ მივდივართ, მივდივართ იმისკენ, რომ ნარკომანობა ისევკაი ტიპობაგახდეს, წამალი ისევ ქუჩაში გაიყიდოს და ამისთვის არავინ დაისაჯოს.

პოლიცია იმისთვის არის ქვეყანაში, რომ წესრიგი დაიცვას და, თუ ვინმე ამ წესრიგის აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ხან ხელი გადაუგრიხოს და ხან _ ფეხი. ევროპასა და ამერიკაზე რომ გვაქვს სწორება, გაიხსენეთ, რამდენჯერ მოხდა ბოლო პერიოდში, როცა ევროპელმა პოლიციელმა მხოლოდ იმისთვის გაისროლა, რომ ეჭვმიტანილმა დანა არ დააგდო და სამართალდამცავის მოწოდებას არ დაემორჩილა! ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვით, რომ, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციელისთვის ხელის შეხება არ შეიძლება, კანონი კრძალავს; შეხების შემთხვევაში კი პოლიციელს სროლის უფლება აქვს. ანუ, ის, რაც თუნდაც გასულ კვირას თბილისის მეტროპოლიტენში მოხდა, ამერიკაში რომ მომხდარიყო, პოლიციელს სროლის უფლება ჰქონდა და ამის გამო არავინ გააკრიტიკებდა, არავინ მოუწყობდა ობსტრუქციას

ჰოდა, თუ მოსყიდულები არა ხართ, ბატონებო, მაშინაც გეყვირათ, როცა საყვირალი იყო; მაშინაც ამოგეღოთ ხმა, როცა შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, სასჯელაღსრულების მინისტრი კი ცოცხების ტარის სისქეს ზომავდა. თუ მაშინ თქვენც ნატა ფერაძესავით არ გეცალათ და სექსით (ფერაძისგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ) იყავით დაკავებული?! ფერაძე ტყუილად არ მიხსენებია, ამ ქალბატონმა, რომელიც, შევიტყვეთ, რატომ არ აქტიურობდა მიშას პერიოდში, ნარკომანების, ბარიგებისა და ნარკოტიკების ლეგალიზების მხარდამჭერ აქციაზე საკუთარი შვილი, საკუთარი ბიჭი, მიიყვანა და მანაც ხმამაღლა იღრიალა: შუა თითი ვაჩვენოთ სამართალდამცველებსო. შვილის ამ მოწოდებას დედაც აჰყვა და შუა თითი სიამაყით შემართა…

ისე არ ქნათ, ბოლოს მხოლოდ ეგ შეგრჩეთ _ ფერაძე და ზემოთ აღმართული შუა თითი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here