Home რუბრიკები საზოგადოება თუ ასე გაგრძელდება, კაბინეტებში მოგაკითხავენ და ქეჩოთი გამოგათრევენ გარეთ!

თუ ასე გაგრძელდება, კაბინეტებში მოგაკითხავენ და ქეჩოთი გამოგათრევენ გარეთ!

1332
თუ ასე გაგრძელდება, კაბინეტებში მოგაკითხავენ და ქეჩოთი გამოგათრევენ გარეთ!

ძალიან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყანაში რაიმეს წარმოება იკრძალებოდეს და მოხმარება არა? მაგალითად, ჩვენთან იკრძალება მარიხუანის წარმოება, მოხმარება _ არა, მაგრამ ახლა საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს.

1 აპრილიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის მიხედვით საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება, მაგრამ არ აიკრძალება მათი მოხმარება, ანუ: თუ გაქვთ სახლში პოლიეთილენის პარკი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ, მაგრამ ახალს ვეღარ შეიძენთ. რატომ? თურმე პოლიეთილენს მიწაში მოხვედრის შემდეგ გახრწნისთვის ასეულობით წელი სჭირდება, ამიტომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ რას მოგვიტანს აღნიშნული აკრძალვა?! პირველ რიგში, იმას, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები დარჩებიან უმუშევრები და 1 აპრილიდან დაახლოებით ათას კაცს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევს. ათასი კაცი ათასი ოჯახია და გამოდის, რომ 1 აპრილიდან ათას ოჯახს პურის ფულის პრობლემა შეექმნება და ეს არ იქნება საპირველაპრილო ხუმრობა.

მოდი, რიგითობით მივყვეთ, რას გვპირდებოდა ხელისუფლება და რა შეიცვალა რეალურად 2012 წლიდან დღემდე; რომელი პირობის შესრულების შესაძლებლობა და უნარი დარჩა მოქმედ მთავრობას. ერთ-ერთი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და, გვინდა თუ არა, უკვე შევეგუეთ, რომ სამართლიანობის აღდგენამ ჩაილურის წყალი დალია. გამორიცხულია დღევანდელ რეალობაში ამ დაპირების ასრულება და სამართლიანობა აღარ აღდგება, არც ის ადამიანები დაისჯებიან, ვისი დასჯის მოთხოვნაც საზოგადოების მთავარი დაკვეთა იყო.

დღესვე შეიძლება ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების განახევრება, ბენზინის ერთი ლარით შემცირება, წყალი კი საერთოდ უფასო უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში”, _ ეს დაპირება ყურს ძალიან საამოდ ხვდებოდა, მაგრამ პირობა, რომლის გამოც 2012 წელს ასიათასობით ადამიანმა არჩევანი გააკეთა, ერთი წინდადებით გაცამტვერდა.

ჩვენ სწორად არ დავიანგარიშეთ რაღაცები და მოლოდინი ტარიფების განახევრებაზე იყო გადაჭარბებული”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და კითხვა _ რატომ მოიმატა ტარიფებმა და ბენზინის ფასმა? _ აღარ დასმულა. პასუხი გაცემულია და წერტილი! სხვათა შორის, ბენზინის გაძვირებას საინტერესო ისტორია უძღოდა წინ. ფინანსთა იმჟამინდელმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, საწვავის შემომტანებს აქციზს ვუძვირებთ, ლიტრზე დაახლოებით 50 თეთრის ოდენობით, რაც ბიუჯეტში დამატებით 600 მილიონ ლარს შემოიტანს და, რაც მთავარია, ეს გაძვირება მოსახლეობაზე არ აისახება, რადგან ჩვენ ბიზნესს ვუძვირებთ გადასახადს და არა მოსახლეობასო. ცოცხალი ტყუილი მოსახლეობაზეც ცოცხლად აისახა, რადგან საწვავის იმპორტიორებმა ზუსტად იმდენი მოუმატეს თითოეულ ლიტრს, რამდენიც მთავრობამ მოუმატა აქციზს და დამატებითი 600 მილიონიც ბიუჯეტში ხალხის ჯიბიდან წავიდა.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეროვნული ვალუტა თურმე ხელოვნურად იყო გაზრდილ-გაბერილი. ლარი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გვითხრეს, თავისუფალ ცურვაშია, ცოცხალი ორგანიზმია და, აბა, როგორ გინდათო?! ბარემ არ გვინდოდა, მაგრამ “შოკებმა და შოკუნიებმა” თავისი ქნა და მივიღეთ ის, რომ, ლარის გაუფასურებასთან ერთად, პროდუქტები გაძვირდა.

პროდუქტების გაძვირება ცალკე საუბრის თემაა. წიგნის დაწერაც კი შეიძლება და უმაღლეს სასწავლებლებში შეტანა, როგორ უნდა მოახერხო, რომ პროდუქტებს დაახლოებით 50% მოემატოს, ადამიანებს შემოსავალი იგივე დარჩეთ და ამ პირობებში გადარჩნენ.

საოცრება მოხდა, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ _ ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებს თვალი აეხილათ, ვარდისფერი სათვალე მოიხსნეს და თქვეს ის, რასაც ამდენი ხანია ვამტკიცებთ: რომ მოსახლეობას პურის ფული უჭირს და შიმშილობს. როცა ხელისუფლების გუნდში იყვნენ და მთავრობის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, მაშინ ვერ მიხვდნენ ამ ყველაფერს და ახლა უცებ აღმოაჩინეს, რომ მოსახლეობას უჭირს და სამუშაო ადგილები არ არის.

წეღან წიგნი ვახსენეთ და მეორე წიგნად დაიწერება დაპირებული ასი ახალი ქარხანა, სადაც ლამის სრულიად საქართველოს მოსახლეობას უნდა ემუშავა, მაგრამ ასს ვინ ჩივის, რაც გახსნილი იყო, ისინიც დაიხურა და დაიხურა იმის გამო, რომ თავიანთ პროდუქციას ვერ ასაღებდნენ. გასაღებაზე ისიც ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლეხებს ყველანაირი სუბსიდია მოუხსნა. აქაოდა, რატომ უნდა გარჩინოთ, ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერსო და დაარეგულირა კიდეც _ ზაფხულში მდინარეში ატამსა და ვაშლს ვყრით, ზამთარში _ ციტრუსს. შედეგად, ხელისუფლებას შაგრენის ტყავივით შეუმცირდა მხარდამჭერები და პარტიაში გასაწევრებლად კასტინგი გამოაცხადა. ახლა, ვისაც იმის სჯერა, რომ 2020 წელს უკეთესად ვიცხოვრებთ და დაპირებული ასი ქარხანა სწორედ 2020 წლიდან აშენდება, რეზიუმეს ავსებს, პარტიის ოფისში მიაქვს და, სულო ცოდვილო, ელოდება, როდის წარადგენენ სამომავლოდ საპარლამენტო სიაში. წარდგენა კი მართლაც გრანდიოზული იქნება, რადგან გვიყვარს ბუზის გადაქცევა სპილოდ და ამ კასტინგსაც აუცილებლად ექნება გრანდიოზული ფინალი.

მთავარი არ დაგვავიწყდეს _ როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს კუთხეში მიაყენებენ, სიმართლესთან პირისპირ შეაჯახებენ, აღიარებინებენ, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, რომ ერი შიმშილისა და გადაშენების პირასაა, რომ საქართველოდან ქართველები ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გარბიან, იქიდან კი უცხოელები შემოდიან, აქ სახლდებიან და პლანტატორებად ყალიბდებიან (მონებად ჩვენ ვყავართ), მაშინვე გვახსენებენ სისხლიან რეჟიმს და გვეუბნებიან, რომ თურმე რეჟიმი მოგვაცილეს. კი, ბატონო, არავინ დავობს, რომ ის ხელისუფლება უნდა წასულიყო, რომ სისხლიანი იყო, რომ ძალადობდა საკუთარ ერზე და გენოციდს უწყობდა მოსახლეობას, მაგრამ დღეს რეჟიმში არ ვცხოვრობთ? დღეს პატიმრებს აღარ კლავენ, ადამიანებს ტყუილუბრალოდ არ იჭერენ (მასობრივად, თორემ ისე იცოცხლე), არ გვისმენენ (ესეც მასობრივად, თორემ, როცა სჭირდებათ, მშვენივრად ახერხებენ)… განსხვავება რა არის? მაშინ კლანური მმართველობა იყო და ახლაც არის; მაშინაც შიოდა ხალხს და ახლა უფრო შია… და თუ იმას გვამადლით, რომ ციხეში ან ქუჩაში ცემით სიკვდილს შიმშილით სიკვდილი სჯობს, ბარაქალა თქვენ.

ეს ყველაფერი პოლიეთილენის პარკებს მოვაყოლეთ. ძალიან კარგია, როცა გარემოზე ზრუნავს ხელისუფლება, მაგრამ, როგორც წესი, იმ გარემოში ადამიანებმა უნდა იცხოვრონ. უნდა იცხოვრონ, ბატონებო, კი არ უნდა იარსებონ! თქვენ კი საარსებო მინიმუმსაც კლავთ, ანადგურებთ და ახლა, 1 აპრილიდან კიდევ ათასი ოჯახი რომ დარჩება ხელგაწვდილი და პურის ფულის გარეშე, იმათ რას ეტყვით: რეჟიმი ხომ მოგაცილეთო?!

იმას მაინც თუ ატყობთ, რომ ბოლო პერიოდში წვრილმანი დანაშაული გახშირდა და ხალხი საკვების მოპარვაზე გადავიდა?! იმასაც თუ ატყობთ, რომ უკვე მაღალჩინოსნების სახლები იქურდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ რიგით ადამიანებს მოსაპარავი აღარაფერი აქვთ, მათ ბინებში შესვლას აზრი არ აქვს და ამიტომ თქვენ მოგადგნენ. ეს ერთეულები, თორემ, თუ ასე გაგრძელდება, დაგვიჯერეთ, რომ კაბინეტებში მოგაკითხავენ და ქეჩოთი გამოგათრევენ გარეთ; იმიტომ, რომ ბევრ რამეს აიტანს ადამიანი, მაგრამ შიმშილს ვერა. მშიერი კუჭი იმაზე მეტს გააკეთებინებს ადამიანს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ თქვენ წარმოდგენა გიჭირთ, რადგან არ მოგშიებიათ, შინ მისულს არ დაგინახავთ თქვენი შვილების მშიერი თვალები და, თუ თქვენი შვილები ახალ პლანშეტსა და მობილურის ბოლო მოდელს ითხოვენ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შვილები საკვებს სთხოვენ, საკვებს, რომელიც ხელფასით უნდა იყიდოს მშობელმა, სამსახური კი არ აქვს.

თქვენ ხომ ჩვენზე უკეთ იცით: ბოლო ორი არჩევნები მხოლოდ იმიტომ მოიგეთ, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნების შიში იგრძნო ამომრჩეველმა. მაგრამ ახლა ამისიც აღარ ეშინია და უფრო მეტიც, ეგებ დიდ ნაწილს სურს კიდეც წინა ხელისუფლების დაბრუნება ერთადერთი მიზეზით _ თქვენზე იძიოს შური. შურისძიება კი წინა ხელისუფლებას როგორი შეუძლია, კარგად იცით. ამიტომ, სანამ კანონებს მიიღებთ, სანამ თამბაქოს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით გააძვირებთ, სანამ ათას სამუშაო ადგილს გარემოზე ზრუნვის სახელით გააუქმებთ, დაფიქრდით, ბატონებო, თორემ სახლებში ხომ შემოგივარდა ხალხი და მალე კაბინეტებში მოგადგება და ნუ გგონიათ, რომ ძალოვანები დაგიცავენ. ძალოვან სტრუქტურებზე აგებული ქვეყანა მყარი არასდროს არის, მუდმივად ინგრევა და თქვენც ჩამოგენგრევათ. ხალხზე იზრუნეთ, ხალხზე და ეგებ იმაზეც დახუჭონ თვალი, რესტორნებში წლიურად 50 მილიონზე მეტს რომ ხარჯავთ და სოციალური პროგრამების წასამატებლად 20-30 მილიონის მოძიება გიჭირთ, ბიუჯეტში არ არისო.

ბესო ბარბაქაძე

P.S. პოლიეთილენის პარკის ალტერნატივა, როგორც გამოგვიცხადეს, ქაღალდის პარკია. ქაღალდის საწარმოებლად ხეა საჭირო, ხე კი ტყეში უნდა მოჭრა. ეჭვი გვაქვს, პოლიეთილენის აკრძალვის შემდეგ ზარზეიმით გვამცნობენ, რომ საქართველოში გაიხსნება (თუ გაიხსნა) ქაღალდის პარკების მწარმოებელი ფაბრიკა. ამ ფაბრიკას კი, როგორც გითხარით, ხე სჭირდება. ჰოდა, მიადგებიან ეს ჩვენი ვითომპატრიოტიბიზნესმენები (სინამდვილეში კი ხელისუფლების კლანის რომელიმე განშტოება) ჩვენს ტყეებს დაეკოლოგიურადგაჩეხავენ. ახლა მითხარით: პოლიეთილენის პარკი მავნეა ბუნებისთვის და ტყეების გაჩეხვა _ სასარგებლო? მით უმეტეს, რომ დიდი ხანია, არსებობს პოლიეთილენის სხვა ალტერნატივა _ ბიოდეგრადირებადი მასალა, რომელიც მალე იხრწნება და ბუნებას, გარემოს არ აზიანებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here