Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში შეიძლება მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვოს

თურქეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში შეიძლება მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვოს

694
თურქეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში შეიძლება მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვოს

თურქეთისთვის მთავარი საფრთხე არის ის, რომ შეიძლება მის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს საომარი მოქმედებების თეატრმა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქურთები, ისე ჯიჰადისტები

მას შემდეგ, რაც თურქეთის არმიამ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაციამშვიდობის წყარო”, ბევრს ეგონა, რომ იმის გათვალისწინებით, რა დიდი იყო თურქების სამხედრო უპირატესობა ქურთების წინააღმდეგ, ეს ოპერაცია ანკარისთვის განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაივლიდა. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა რეპორტაჟებს ფრონტის ხაზიდან და ჟურნალისტები ყვებოდნენ, რა ფართოდ იყენებდა თურქეთის არმია ჯავშანტექნიკას, რა აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობდა არტილერია და ავიაცია, ბევრს ისიც ეჩვენებოდა, რომ თურქმა დიპლომატებმა შეძლეს ამ ოპერაციისთვის პოლიტიკური საფარველის უზრუნველყოფა.

მიუთითებდნენ, რომ ეს ოპერაცია შემთხვევით არ დაწყებულა ანკარაში სამი ქვეყნის _ რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, რომელზეც შეთანხმდნენ მოქმედებების გაძლიერებასა და კოორდინაციაზე სირიის პროვინცია იდლიბში. ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ურთიერთობის ულტიმატურ სტილზე გადავიდა აშშ-თან, რომელმაც ორი დღით ადრე განაცხადა, რომ გაჰყავდა თავისი სამხედრო ნაწილები სირიის იმ რაიონებიდან, რომლებიც თურქეთს ესაზღვრება.

ანკარაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერდოღანმა თავისი ინტერესებისთვის “ოსტატურად” გამოიყენა ორი პრეზიდენტი _ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი და ამერიკის მიმართულებითაც მოიპოვა გამარჯვება. ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო ანკარას არ აქვს პრობლემები მოსკოვთან ურთიერთობაში. მისი თქმით, “ჩვენ კავშირზე ვართ პრეზიდენტ პუტინთან და, თუ წამოიჭრება რაღაც საკითხები, ერთი დღე-ღამის განმავლობაში განიხილება რუსეთის პრეზიდენტის მიერ და იდგმება ერთობლივი ნაბიჯები”. ამასთანავე, ანკარა კავშირზე არ ყოფილა ვაშინგტონთან, რაც საკმაოდ თავისებური ამბავია. ერდოღანი პრეზიდენტ ტრამპთან თავის განსაკუთრებულ ურთიერთობას ხაზს უსვამდა ხოლმე.

არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა ოპერაციამშვიდობის წყაროსმიმართ ერდოღანს სირიის მიმართულებით კონკრეტული მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა.

თუმცა სირიაში ომის დაწყებამდე ერდოღანმა თავის გეგმებზე ტელეფონით ისაუბრა პუტინთან. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთის ლიდერმა “მოუწოდა თურქ პარტნიორებს, გულდასმით აეწონ-დაეწონათ ვითარება, რათა არ დაეზარალებინათ სირიის კრიზისის მოგვარების პროცესი”.

მაგრამ ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა, ამ პარტიაში ისე არ წავიდა, როგორც ერდოღანი თავდაპირველად ვარაუდობდა, ვაშინგტონი ანკარის მიმართ სისტემური წნეხის პოლიტიკაზე გადავიდა. “ყველაფერი დაიწყო იმით, _ წერს გერმანული გამოცემა Spiegel Online, _ რომ პენტაგონმა უარი განაცხადა თურქებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე იმ კოალიციის ოპერაციების შესახებ, რომლებსაც აშშ მეთაურობს, რადგან შიშობდა, რომ ამ ინფორმაციას თურქეთი თავისი ოპერაციებისთვის გამოიყენებდა ქურთების წინააღმდეგ, რომლებმაც “უზარმაზარი წვლილი შეიტანეს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში”.

თითქოს აშშ-ის მფარველობადაკარგულმა სირიელმა ქურთებმა, რომლებიც დამასკოსთან შეთანხმებით მოქმედებენ, საერთო ინტერესების შესახებ განაცხადეს “თურქეთის ოკუპაციის” წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ მნიშვნელოვნად გაუსწრეს ერდოღანს. არადა, მას არაერთხელ ურჩიეს მოსკოვმა და თეირანმა, რომ დაეწყო 1998 წლის ე.წ. ადანის ხელშეკრულების შესრულება ტერორიზმთან საერთო ბრძოლის შესახებ. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთიც, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან საკითხის მოგვარების მომხრე და დამასკოს უახლოესი მოკავშირეა, ლაპარაკი არ არის ასტანის პროცესის სხვა მონაწილე ირანზე, რომელიც ერდოღანის მოქმედებას შეცდომად მიიჩნევს, თუმცა ქურთების მიმართ ორივე ქვეყნის პოზიცია, პრაქტიკულად, ემთხვევა. ამჟამად ამერიკელების სვლის ჯერია. აშშმა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს სირიაში შექმნილი ვითარების გამო. ეს ერდოღანისთვის წელს ქვემოთ დარტყმის ტოლფასია ტრამპის მხრიდან, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ არ შეეწინააღმდეგებოდა თურქეთის ოპერაციას და ამერიკელი სამხედროები არ დაეხმარებოდნენ ქურთებს სირიაში. მაგრამ შემდეგ მანმოულოდნელადდაიმუქრა, რომ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებდა. აქედან გამომდინარეობს ის, რომ თურქეთმა ცალმხრივად დაარღვია ვაშინგტონთან შეთანხმებული საკითხები და ის, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში გაცილებით სერიოზული რამ არის, ვიდრე უსაფრთხოების ზონების შექმნა თურქეთ-სირიის საზღვარზე და ე.წ. შემობრუნების მომენტი.

ერდოღანმა უარყო ამერიკელების მოთხოვნა, შეეჩერებინა სამხედრო ოპერაცია და განაცხადა, რომ თურქეთი “არასდროს განაცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან”. ვინ ჰყავდა მას მხედველობაში, როცა “ტერორისტებზე” ლაპარაკობდა _ ქურთები, დამასკო თუ “ისლამური სახელმწიფო”? თურქეთის პრეზიდენტს რაღაც წამოსცდა. ტრამპთან მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ “ანკარა არასოდეს გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და არ გამართავს მოლაპარაკებებს ქურთებთან, რომლებთანაც ის იბრძვის ამ რეგიონში”.

მაგრამ დაიწყებენ თუ არა თვითონ სირიელი ქურთები ახლა მოლაპარაკებებს ანკარასთან და რა სტატუსი ექნებათ მათ მოლაპარაკებების დროს? ბაქოდან გამოფრენისას ერდოღანმა თვითმფრინავში ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ “ადრე მან მოუწოდა ამერიკის ლიდერს, ანკარაში გამოეგზავნათ დელეგაცია, რათა განეხილათ აშშ-ის მოთხოვნები და მიეღწიათ შეთანხმებისთვის”. ვისთან? _ პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთში გზავნის დელეგაციას ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ხელმძღვანელობით. ამ დელეგაციაში, აგრეთვე, შევიდნენ: სახელმწიფო მდივანი _ მაიკ პომპეო, მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში _ რობერტ ო’ბრაიენი და სირიასა და “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის ურთიერთქმედების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი _ ჯეიმს ჯეფრი. პენსმა დაადასტურა ვაშინგტონის ვალდებულება, “მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და კონფლიქტის მოსაგვარებლად პირობების შექმნას მოლაპარაკებების გზით”. იმიტომ, რომ “ეს ემუქრება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას”. მაგრამ შეძლებენ კი ამერიკელები თურქული სცენარის შეცვლას, რომლის მიხედვითაცისლამური სახელმწიფოარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ანკარისთვის?

ახლა კი ნიუანსებზე. პირველი: რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო უწყებები აწარმოებენ დიალოგს, რომლის შედეგადაც სირიის სამთავრობო ჯარები მოსკოვის მხარდაჭერით გადაადგილდებიან ტერიტორიის სიღრმეში, თურქეთის საზღვრიდან სამხრეთისკენ, ისინი მიდიან იმ ტერიტორიის გავლით, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ სირიელი ქურთები.

მეორე: სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალმუალემმა მოითხოვა, მისი ქვეყნის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გავიდნენ ამერიკული და თურქული სამხედრო შენაერთები, და ყველა გააფრთხილა, რომ სირიელ სამხედროებს უფლება აქვთ, მიმართონ “საპასუხო ზომებს”. ამერიკელები მიდიან. თურქები? მოულოდნელად მკვეთრი განცხადებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სირიაში _ ალექსანდრე ლავრენტიევი. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ “რუსეთი არ ეთანხმება თურქულ მხარეს ყველა საკითხში, რომლებიც ეხება სირიაში მის ყოფნას, და არ იწონებს თურქეთის მოქმედებებს”. ლავრენტიევმა გაიხსენა, რომ 1998 წელს სირიასა და თურქეთს შორის გაფორმებული .. ადანის პაქტის თანახმად, თურქ სამხედროებს აქვთ უფლება, დროებით შევიდნენ სირიის ტერიტორიაზე არა უმეტეს 10 კმის სიღრმეში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ ეს შეთანხმება თურქ სამხედროებს არ აძლევს უფლებას, ხანგრძლივად იმყოფებოდნენ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიმართ გასაოცრად დაემთხვა. ტრამპის განცხადებით, ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ სირიამ დახმარება მიიღოს რუსეთისგან, და ეს ნორმალურია”. ასე რომ, თუ თურქეთის დიპლომატიას გათვლილი ჰქონდა, ვაშინგტონი და მოსკოვი გაეცურებინა, ახლა თვითონ ჩაფლავდა.

ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ ვაისი მიიჩნევს, რომ ერდოღანი “კუთხეშია მიმწყვდეული” და იმუქრება, რომ საზღვრებს გახსნის და “ევროპაში შევა 3 მლნ-ზე მეტი ლტოლვილი”. ამით ერდოღანი ევროპასაც თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს. ჟურნალისტის აზრით, თურქეთის მთავარი საფრთხე არის ის, რომ მის ტერიტორიაზე შეიძლება გადაინაცვლოს საომარი მოქმედებების თეატრმა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქურთები, ისე ჯიჰადისტებიც. ამასთანავე, თურქეთი ურთიერთობს რუსეთთან პირველი პირების დონეზე, ტრამპი კი, ერდოღანის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, თურქეთში არ ჩადის.

ამ ვითარებაში თურქეთის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორის. რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა თავისი კოლეგა სამუშაო ვიზიტით მიიწვია. ერდოღანი დათანხმდა და ვიზიტი, სავარაუდოდ, გაიმართება ანკარასა და ვაშინგტონის კონსულტაციების შემდეგ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. 17 ოქტომბერს თურქეთში ჩასული ამერიკის დელეგაციის 4-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ აშშის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 120 საათით _ 5 დღით. ამ ხნის განმავლობაში ქურთების შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თურქეთის საზღვრის გასწვრივ 32-კილომეტრიანი ზოლი უნდა დატოვონ.

P.P.S. 22 ოქტომბერს გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს _ ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული და მხარეებმა განიხილეს ეკონომიკის, ვაჭრობისა და, რა თქმა უნდა, სირიის საკითხები. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის, თურქეთისა და ირანის მუშაობას, როგორც ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნების, ნაყოფი მოაქვს და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ ახლა გაჩნდა რეგიონში მშვიდობის დამყარების საფუძველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here