Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას ითხოვს

თურქეთის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას ითხოვს

972
თურქეთის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას ითხოვს. თურქეთის პროკურატურამ Cumhuriyet-ის 19 თანამშრომელთან დაკავშირებით საბრალდებო დასკვნა მოამზადა. 19 თანამშრომელს ბრალად თურქეთში აკრძალული „ქურთების მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

მთავარი ბრალდებული გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარია, რომლის დანიშვნის შემდეგაც, პროკურატურის ვერსიით, გაზეთი სიტყვის თავისუფლების საზღვრებს გასცდა და ტერორისტული ორგანიზაციების დამცველად იქცა.

პროკურატურა გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორისთვის ჯან დიუნდარისთვის და კიდევ ოთხი ჟურნალისტისთვის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

კიდევ სამ ჟურნალისტს, რომელსაც ბრალი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევაში დასდეს, პროკურატურა 11-დან 43 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, ხოლო კიდევ ხუთი ჟურნალისტისთვის 9-დან 29 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გასული წლის ნოემბერში ოპოზიციური გაზეთის ათი თანამშრომელი, მათ შორის მისი ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი ჟურნალისტები სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან და „ქურთების მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here