ეს ტრაგიკული შემთხვევა აშშ–ის კოლორადოს შტატში მოხდა: 12 წლის ჯოშუა ჰეილიესუსი მისმა ძმამ მკვდარი იპოვა სააბაზანოში. როგორც ჩანს, ბიჭი ცდილობდა, გადაეღო ვიდეო “ტიკტოკისთვის” და მიერთებოდა პოპულარულ, მაგრამ ძალიან საშიშ ჩელენჯს (მოწოდებას) სახელწოდებით “ბლეკაუტი”. ამ მოწოდების განხორციელებისას ბევრი მონაწილე გონებას კარგავს, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვება.
შეშინებულ მშობლებს საავადმყოფოში აცნობეს, რომ ბიჭს გაეთიშა ტვინი და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. “ექიმებმა გვითხრეს, რომ ჯოშუას გადარჩენა შეუძლებელი იყო, _ ყვება გაუბედურებული მამა, _ მე ვემუდარებოდი მათ, ვეხვეწებოდი, არ შეეწყვიტათ მცდელობა; ვერ დავნებდებოდი, რადგან ეს ჩემი ბიჭის გაწირვა იქნებოდა… მაგრამ სასწაული არ მოხდა”.
მშობლები იხსენებდნენ, რომ მათი ვაჟიშვილი ყოველთვის აქტიური იყო და სოცქსელებში დროს უქმოდ არ კარგავდა _ ეძებდა ახალ ინფორმაციას და ახალ მეგობრებს, რომლებთანაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონოდა. ბოლო დროს მას განსაკუთრებით იტაცებდა კულინარია, გიტარაზე დაკვრა და მსახიობის ხელოვნება. მამა ზერიიჰუნმა არ იცის და ვერაფრით აუხსნია, რატომ გადაწყვიტა მისმა შვილმა, მიეღო მონაწილეობა ასეთ სულელურ და საშიშ ჩელენჯში. მან მოუწოდა მშობლებს, გაძლიერებული ყურადღება მიაქციონ შვილების გატაცებას სოციალური ქსელების პოპულარული თამაშებით.
ჩელენჯი “ბლეკაუტი”, დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელებში არის დამკვიდრებული, მაგრამ სხვადასხვა სახელწოდებას იყო ამოფარებული. არაერთი ბავშვიც შეეწირა. მათ შორის _ ცხრა წლის ემანუელ პოტეონი მალონიიდან (ტრინიდადი და ტობაგო), ათი წლის გოგონა პალერმოდან (იტალია) და სხვები.