Home რუბრიკები პოლიტიკა თორდია, ფარცხალაძე და დაუსჯელობის სინდრომი

თორდია, ფარცხალაძე და დაუსჯელობის სინდრომი

3725
ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე

თორდიაფარცხალაძის კონფლიქტინაკლებად ინტენსიურ ფაზაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არც ერთი მხარე არ ესიმპათიურება, ამ საქმისთვის ყურადღების მიქცევა მაინც ღირს, რადგან ის სახელმწიფოსა და საზოგადოების მდგომარეობის საინტერესო ინდიკატორია.

ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის პოსტზე ყოფნის ვადა ივლისში ეწურება. ის ძველი რეჟიმის მიერ დანიშნული ერთ-ერთი “უკანასკნელი მოჰიკანია”. თუ ჩვენ გავიხსენებთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის _ გიორგი ქადაგიძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის _ გიორგი პაპუაშვილის პოსტზე ყოფნის ბოლო თვეებს, ვნახავთ, რომ ორივე აქტიურობდა, რასაც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებდა: ისინი, ერთი მხრივ, ამზადებდნენ სასტარტო პოზიციებს მოღვაწეობისთვის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხოლო მათი მოკავშირეები “ნაცმოძრაობიდან” ცდილობდნენ, მაქსიმალურად ესარგებლათ დარჩენილი დროით, რათა ხელისუფლებისთვის საიმიჯო ზიანი მიეყენებინათ. დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ეპიზოდები თითქმის დავიწყებულია, თუმცა პაპუაშვილის მიერ აგორებული სკანდალი საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა, თუ თავმჯდომარის განცხადებებს მოსამართლეებიც გაამყარებდნენ.

ლაშა თორდია არ ჰგავს ჯეიმს ბონდს, რომელიც იუველირული სიზუსტით დაგეგმავდა შეხვედრას და ჩხუბს ოთარ ფარცხალაძესთან; გამორიცხული არაა, რომ ინციდენტი სრულიად შემთხვევითი იყო, მაგრამ აშკარაა, გადაწყვეტილება _ მის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა, თორდიამ არა ცხელ გულზე, არამედ მომხდარის გაანალიზებისა და, შესაძლოა, თანამოაზრეებთან მოთათბირების შემდეგ მიიღო. სიტუაცია საკმაოდ მოსახერხებელი იყო იმისთვის, რომ მათ ორივე ზემოთ ნახსენები მიზნისთვის მიეღწიათ.

საერთოდ, ინციდენტის განხილვაქართული ოცნებისადანაცმოძრაობისდაპირისპირების ჭრილში, როგორც ამას ზოგიერთი კომენტატორი აკეთებს, არასწორია. ორივე ფიგურანტის სერიოზული კარიერული აღმასვლა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო, 2008-2012 წლებში, როდესაც ყველა მეტნაკლებად პატიოსანი და გონიერი ადამიანი ხელისუფლებაში საბოლოოდ დარწმუნდა, რას წარმოადგენდა სააკაშვილი და მისგან დისტანცირება დაიწყო. იმ პერიოდში რეჟიმი ეძებდა ერთგულ შემსრულებლებს, რომლებიც ხელს ყველაფერზე მოაწერდნენ. დეტალებში უცნობია, რას აკეთებდა ფარცხალაძე შსს-ში (2008 წლამდე) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, არსებობს მხოლოდ დაუზუსტებელი, მეტწილად ნეგატიური ინფორმაცია და ზოგადი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ორივე უწყება სააკაშვილის მმართველობის წლებში ანგელოზების თავშესაფარს ნამდვილად არ წარმოადგენდა. იმავე პერიოდში ლაშა თორდია იყო პარლამენტის დეპუტატი “ნაცმოძრაობიდან”. ასე თუ ისე, ორივე შეიძლება ძველი რეჟიმის პირმშოდ ჩაითვალოს _ შესაბამისი ეთიკითა და უნარ-ჩვევებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძემ სწრაფად იპოვა საერთო ენა ახალ ხელისუფლებასთან და მთავარ პროკურორადაც კი დანიშნეს, იმის თქმა, რომ ინციდენტში ის “ქართულ ოცნებას”, ხოლო თორდია “ნაცმოძრობას” წარმოადგენდა, მაინც არ შეიძლება, რადგან გენერალური აუდიტორი ბოლო პერიოდში არ მოქმედებდა, როგორც შეურიგებელი ოპოზიციონერი _ იყო ურთიერთგაგებაც, შეხების წერტილებიც და ა.შ. საერთოდ, ნაცმოძრაობათუევროპული საქართველოდღეს აღარ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოლუსს, ისინი ახალი სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ხოლო ძველი და ახალი მმართველი პარტიების კოაბიტაცია უცნაურ სიმბიოზში გადაიზარდა. ქართულ პოლიტიკაში წინა პლანზე ყოველთვის იდგა ინტერესები და არა იდეები. ასე რომ, შიდასახელისუფლო კონფლიქტების 99%-ს ძალიან კონკრეტული მერკანტილური გათვლები განაპირობებს. თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის დროს საზოგადოებამ შეიტყო მიწის ნაკვეთების შესახებ, რომელთა ისტორიაში, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული პირების ინტერესები იკვეთება. რომ არა ჩხუბი, საზოგადოება ამის თაობაზე ვერაფერს გაიგებდა, არადა, არსებობს ათიათასობით სხვა საეჭვო შემთხვევა, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ორივე ფიგურანტი წარმოადგენდა ერთ და არა ორ სხვადასხვა სისტემას.

ძველი რეჟიმის თავკაცებმა ბევრი იზრუნეს იმაზე, რომ ფარცხალაძეს თავის დროზე მთავარი პროკურორის პოსტი დაეტოვებინა. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ფარცხალაძის დიპლომთან და გერმანიაში მის გასამართლებასთან დაკავშირებული სკანდალები. თუმცა ამის შემდეგ, ფარცხალაძე, “ნაციონალებს” თუ დავუჯერებთ, “ჩრდილოვანი გენპროკურორი” გახდა, თანაც გამდიდრდა. ის, რომ ფარცხალაძე ძალოვან უწყებებში საკმაო გავლენით სარგებელობს, ირიბად დაადასტურა შსს-ს მაღალჩინოსნების სტუმრობამ მის ბინაში თორდიასთან ინციდენტის შემდეგ; აგრეთვე, სამართალდამცველების მოქმედებამ იმ ეპიზოდში, რომელიც თოდრიას პათოლოგიური ქცევის ამსახველ ჩანაწერს უკავშირდება.

იმ ფირის ნახვის შემდეგ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ დასდევს მთვრალი გენერალური აუდიტორი ბარის თანამშრომლებს პისტოლეტით ხელში, საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ მისი ადგილი ან ციხეში, ან ფსიქიატრიულშია. თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: გაირკვა, რომ დეკემბერში მომხდარ ინიციდენტის თაობაზე არც თორდია, არც მასთან ერთად მყოფი პავლე კუბლაშვილი არ დაუკითხავთ და ამას, შესაძლოა, ორი მიზეზი განაპირობებდა: ა) ხელისუფლებამ ხელი დააფარა თორდიას; ბ) ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კომპრომატი შეენახა და საჭირო მომენტში გამოეყენებინა. ერთი მეორეს, პრინციპში, არ გამორიცხავს.

შესაძლოა, “ნაციონალებმა” სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ფარცხალაძეს დანიშვნისთანავე შეუტიეს და არა მოგვიანებით _ წინასაარჩევნოდ ან სხვა კრიტიკულ მომენტში. თანამდებობაზე მყოფი პირი გაცილებით შეზღუდულია თავის მოქმედებაში, ვიდრე “ჩრდილოვანი გენპროკურორი”, რომელზეც “ნაციონალები” დღეს მოგვითხრობენ. ინციდენტი მას და თორდიას შორის არ არის საკმარისი თამაშიდან მის გასაყვანად და მხოლოდ საიმიჯო ზიანს თუ მიაყენებს. თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფარცხალაძე საინფორმაციო თვალსაზრისით “ჩრდილში” მოღვაწეობს. თორდიას პათოლოგიურ ქცევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებას, რომელიც ისედაც ეჭვის თვალით უყურებდა გენერალურ აუდიტორს ძველ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო, ძალიან გაუჭირდება, ის უმანკო მსხვერლად აღიქვას.

რაღაც დალპა და არა იმდენად დანიის სამეფოში, რამდენადაც საქართველოში, სადაც ერთმა გაწევ-გამოწევამ ნათლად დაგვანახვა, რამდენად ცუდ სისტემაში ვცხოვრობთ. ამას, სავარაუდოდ, ვერ უშველის ვერც ლუსტრაცია, ვერც დენაციფიკაცია, სანამ საზოგადოებაში სახელმწიფო მოხელის არათუ დანაშაულის, არამედ მცირე გადაცდომის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება არ დამკვიდრდება. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოჩნდა მთვრალი გენერალური აუდიტორი პისტოლეტით ხელში, არავის არ დაუსვამს კითხვა მორალური პასუხისმგებლობის ან თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს.

სიტყვამ მოიტანა და, გერმანიის დენაციფიკაციისას გატარებული ზოგიერთი ზომა დღევანდელი საქართველოსთვის შეიძლება ფრიად სასარგებლო გამოდგეს. 1946 წლის 5 მარტს ამერიკულ ზონაში მიღებულ იქნა კანონი #104, რომელიც შემდეგ სხვა საოკუპაციო ზონებშიც გავრცელდა. დენაციფიკაციის პროცესი გერმანელების ხელში გადავიდა; მიდგომა მის მიმართ დაეფუძნა ყველა ზრდასრული გერმანელის დამნაშავეობის (და არა უდანაშაულობის) პრეზუმფციას. შეიქმნა სპეციალური სასამართლო პალატები, რომელთაც უნდა დაედგინათ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება: ა) მთავარ დამნაშავეს; ბ) დამნაშავეს; გ) ნაკლებად დამნაშავეს; დ) “თანამგზავრს”; ე) უდანაშაულოს.

ყველაფერი დეტალურად იყო გაწერილი, მაგალითად, დამნაშავეები სამ ქვეჯგუფად იყოფოდნენ _ აქტივისტები, მილიტარისტები და სარგებლის მაძიებელნი. ამ უკანასკნელთა იდენტიფიცირება ექვსი ნიშნის მიხედვით ხდებოდა. მათთვის დადგენილი სასჯელი იყო შრომითი ბანაკი 5 წლამდე ვადით და ქონების სრული ან ნაწილობრივი კონფისკაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებოდა საარჩევნო უფლების ჩამორთმევა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა მინიმუმ 5 წლით. შედარებით მსუბუქი სანქციები გათვალისწინებული იყო “ნაკლებად დამნაშავეებისთვის” და “თანამგზავრებისთვის”. გერმანიის ყველა მოქალაქეს უნდა მიეღო მოწმობა დენაციფიკაციის გავლის შესახებ; პროცესი ასზე მეტი კითხვისგან შემდგარი ანკეტის შევსებით იწყებოდა.

თითქმის არავინ კამათობს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა _ ის ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს, იტაცებდა ქონებას და ამ დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამიტომ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, იმ პერიოდის ყველა სახელმწიფო მოხელისთვის (და არა ყველა მოქალაქისთვის, როგორც ეს გერმანიაში მოხდა) დამნაშავეობის პრეზუმფციის გადასახედიდან შეგვეხედა და გაგვეცხრილა ისინი, ზუსტად ისე, როგორც ეს გერმანელებმა გააკეთეს. სავარაუდოდ, მათ შორის მოიძებნება ბევრი დამნაშავეც და თანამზრახველიც, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, საზოგადოებას კი არ ეყოფა ნებისყოფა და თანმიმდევრულობა იმისთვის, რომ ბიუროკრატიის რიგებში ტოტალური წმენდის განხორციელება მოითხოვოს და ამას კოაბიტაციის მხარდამჭერი უცხოელი პარტნიორებიც შეეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მოხელეები მუდამ მოიქცევიან დაახლოებით ისე, როგორც ფარცხალაძე და თორდია, ხოლო დაუსჯელობის სინდრომი კიდევ საკმაო ხანს დარჩება ბორკილად, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here