Home რუბრიკები საზოგადოება “თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი”

“თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი”

“საყოველთაო სატკივარი დღევანდელის დღისა”

“თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი”

სათაურად ილიას ამ სიტყვების გამოტანა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ მაფიქრებინა. მართლაც რომ გენიოსია წმინდა ილია მართალი _ როდესაც საზოგადოების, ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობს, კაცთა შორის უფლებამოვალეობების განსაზღვრაზე ამახვილებს ყურადღებას; მიაჩნია, რომბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ” (ცხოვრება და კანონი, წერილი პირველი, 1877-1881 წელი).

ილია ჭავჭავაძე

დღეს წინასაარჩევნო ორომტრიალში არავინ ფიქრობს, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა რომ არის სწორედ უპირველესი საზრუნავი და არა შთამბეჭდავი დაპირებების გაცემა, რომელთაც შესრულება არ უწერია. საკვირველიც სწორედ ის არის, რომ ეს სიცრუის გზა უკვე არაერთხელ გავლილი აქვთ ამომრჩეველსაც და ასარჩევებსაც, მაგრამ ეს უკანასკნელნი მაინც ამ გზის იმედად არიან. მრავალჯერ მოტყუებული ქართველი კაცი კი, “თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო”, გულდამძიმებული და გულდაწყვეტილია. ილიას სიტყვებით თუ ვიტყვით, “გვიჭყეტია თვალები და თავგაბრუებულები შევყურებთ ხვალინდელს დღესა. რა იმედით? რა ნუგეშით? არვინ იცის. ეს კი ვიცით ყველამ, რომ გუშინდელი ყველას მოსწყინდა, დღევანდელი ყველას შესძაგდა, და, თუ დაგვრჩა რამე ნიშნად სიცოცხლისა, სულდგმულობისა, _ ეგ ხვალინდელის ლოდინია”.

მაგრამ როგორი იქნება ეს ხვალინდელი დღე?

“ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ, მაგრამ, გვგონია, ადამიანს ბევრჯელ არ ენახოს ამისთანა გამოურკვეველი ყოფა… ერთობ გულდაწყვეტილია ყველა, ძალღონემიხდილია, მოდუნებული. ჰაერი გარშემო დახშულია, ადამიანს სული უგუბდება, სული გვამში ვეღარ მოუტრიალებია, სულით და გულით დახუთულია, გონებით დალაბრებული, გრძნობით მიცვეთილი. თითქო მთელს აგებულებაში ტყვია ჩაუსხამთო, ისე დამძიმებული, გულდაწყვეტილია დღეს ადამიანი. ადამიანს რაღაცა ჰწყურიან, რაღაცა ჰშიან, რაღაცას ეტანება მთელის თავის არსებითა, მაგრამ… მისაწვდომს ვერ მისწვდომია. გვიჭყეტია თვალები და თავგაბრუებულები შევყურებთ ხვალინდელს დღესა. რა იმედით? რა ნუგეშით? არვინ იცის. ეს კი ვიცით ყველამ, რომ გუშინდელი ყველას მოსწყინდა, დღევანდელი ყველას შესძაგდა, და თუ დაგვრჩა რამე ნიშნად სიცოცხლისა, სულდგმულობისა, _ ეგ ხვალინდელის ლოდინია. გული ნდომით დამძიმებულია და სული მაგ ლოდინითა.

სულ ველით, რაღაცას ველით გამსუნაგებით, მაგრამ ლოდინი ლოდინად გვრჩება. ეგ ლოდინია საყოველთაო სატკივარი დღევანდელის დღისა, ეგ ლოდინია ის ახალი სენი, რომელიც დიდსა თუ პატარას დღეს აგებულებაში ჩასდგომია და რომელიც ყოველს საქმეში, ყოველ შემთხვევაში გვათქმევინებს ხოლმე: ვინ იცის, ხვალ რა იქნებაო. ეგ ლოდინი ისე არავის სულს არ უხუთავს, როგორც იმას, ვისაც გული სხვისთვისაც ისე უცემს, როგორც თავისთვის, ვისაც სხვისი ბედი თავის ბედთან შეუერთებია, ვისაცმე და ჩვენგანუყოფელად მიაჩნია, ერთარსებად ურწმენია, ერთის სიტყვით _ ვინც მამულისშვილობის სახელის ღირსი შექმნილა

სული დრტვინავს, გული ჰკვნესის ამაო ლოდინის გამო. შესვა, შეჰლია მაგ ლოდინმა მთელი ჩვენი მხნეობა, ქანცი გაგვიწყდა, და _ აჰა! თუ ამ დაუსრულებელს სიბნელეში ერთი მცირედი რამ შუქი აღმოჩნდეს ადამიანის ნუგეშად!… საშინელი ყოფაა ეს ყოფა ადამიანისათვის. ეგ საშინელება თითქო დაუსრულებელიაო…” (1881 წელი, სექტემბერი. X შინაური მიმოხილვა).

1897 წელს ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე ილიამ საგაზეთო შენიშვნები გააკეთა და “ივერიაში” ეს წინასაარჩევნო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელზეც ჩვენ ადრეც გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ურიგო არ იქნება, წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ერის მამას და მისი რჩევები გავითვალისწინოთ. იქნებ სწორედ ამ პუბლიკაციებშია ის მცირედი შუქი, რომელიც ამ დაუსრულებელ სიბნელეს გაარღვევს და სწორ გზას დაგვანახვებს; იმ მთავარ კითხვაზე პასუხს გვაპოვნინებს, მივიდეთ არჩევნებზე თუ არა, რადგან დღეს ბევრისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში _ ხალხს “მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ძაღლი”. ილიას წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ოპტიმიზმითაა განმსჭვალული:

“ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ, ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ახლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია, იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლშვილი თავსა და პირს იხოკდეს, ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვამადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ, ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლშვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.

ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავის თავს, თავის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ” (ივერია # 94, გვ. 1-2. 16 მაისი, 1897 წ.).

ილიას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ის, რომ ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატი და მისი მომხრეები მიზნის მისაღწევად უკადრისად იქცევიან. “ჩვენ გვინდა, _ წერდა იგი, _ ორიოდე სიტყვა ვთქვათ მხოლოდ ამ საშუალებებზე და ღონისძიებაზე, რომელითაც ერთი ამ კანდიდატის მომხრეთაგანი ცდილობენ თავის მიზნის შესრულებას, თავის კანდიდატის გაყვანას.

ყველაზედ პირველად იმათი მოქმედება უკანასკნელს, პირველ ხარისხის ხმოსანთა ხელმეორედ არჩევანის დროს აღმოჩნდა. ამ არჩევანის დროს იმათ დაივიწყეს უპირველესი საფუძველი ყოველ ამგვარ არჩევანისა: გამოსადეგნი, სასარგებლო იქნებოდნენ ქალაქისათვის ის პირნი, რომელთაც ისინი ხმოსნებად არჩევდნენ, თუ არა. ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ იმით ხელმძღვანელობდნენ: მომხრე იქნებოდა ხმოსნად ამოსარჩევი პირი იმათის კანდიდატისა _ თუ არა. თუ მომხრე იყო, თეთრს უგდებდნენ, თუ მოწინააღმდეგე _ აშავებდნენ. ვის ჰქონდა მხედველობაში ქალაქის ინტერესი, პატიოსნად და ღირსეულად აღსრულების შეძლება კანდიდატისაგან თავის მძიმე მოვალეობისა?

აქედამ წარმოსდგა ის, რომ ზოგიერთი ისეთი პირები იყვნენ ამორჩეულნი ამ კენჭისყრის დროს, რომელთაც საქალაქო კანონები თავის დღეში თვალითაც არ უნახავთ, რომელთაც ქალაქის ინტერესი და სარგებლობა ფეხზედ ჰკიდიათ”.

მსგავსი ვითარება არა ერთხელ ვიხილეთ ადრეც და ამ ბოლო პარლამენტშიაც _ შესაძლოა, ამ დეპუტატებს ქვეყნის ბედი ფეხებზე არ ეკიდა, მაგრამ არც ცოდნა და არც უნარი საშუალებას არ აძლევდათ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად.

“ამას გარდა, რა არის ეს ჩუმ-ჩუმად დაძრომა მაღაზიებში და სახლებში, და რაღაც ქაღალდზე ხელისმოწერის მოგროვება? განა ქვეყანამ არ იცის _ როგორ აწერინებენ ხოლმე ხელს უმეცარ ხალხს მაგგვარ ქაღალდებზე? რომ, თუნდაც ოცი-ათას კაცს მოაწერინოთ ხელი, ეგ საზოგადო აზრს არ შეადგენს და ქალაქის ხალხის სურვილს ვერ გამოხატავს?

რა მნიშვნელობა აქვს ამ სხვადასხვა დეპუტაციებს, რომელთაც დაათრევთ აქეთ-იქით, ხან ერთს მიუგზავნით და ხან მეორეს?

ის ფუჭი დაპირება რაღაა, რომელსაც ასე გულუხვად არიგებთ?”

მსგავსი ქმედება და მათგან გამომდინარე ეს კითხვები დღევანდელობაზე ისეა მორგებული, რომ, შეიძლება კაცს ეჭვიც კი შეეპაროს, ისინი საუკუნეზე მეტი ხნის წინათ რომ წამოიჭრა.

“ამ გვარის საშუალებით გინდათ, ქალაქის რჩევის ხმოსანთა ძალა დაატანოთ და უეჭველად გინდათ ზნეობითი ზედმოქმედება იქონიოთ ზოგიერთ სუსტ და გზაგაუკვლეველ ხმოსნებზედ და იმათი ხმა თქვენის კანდიდატისათვის შეიძინოთ?”

ილია დარწმუნებულია, რომ “ეს შემცდარი ანგარიშია”; რომ ამომრჩეველი “მაგით არ შეშინდება, მაგას არ მოერიდება და თავისუფლად გამოსთქვამს თავის აზრს”…

ილიას აზრით, საზოგადო საქმის სასიკეთოდ გარჯისთვის მზად მყოფი კანდიდატი თავისი კეთილშობილური მიზნის მისაღწევად კეთილშობილურ გზას აირჩევს და ფუჭი იმედებით თვალში ნაცარს არ შეაყრის მშობელ ხალხს:

თუ ესენი კარგის განზრახვით მოქმედებენ, თუ მხოლოდ საზოგადო სარგებლობა აქვთ მხედველობაში, რატომ, თავის კეთილშობილურ აზრის განსახორციელებლად, კეთილშობილურ საშუალებასაც არ ხმარობენ? რატომ პირდაპირ, აშკარად, საქვეყნოდ არ გამოდიან და არ აღიარებენ _ ჩვენ ეს გვსურს და გვსურს იმიტომ, რომ ამა და ამ მხრით, ამა და ამ საბუთით ეს ემჯობინებაო? ქვეშქვეშ, მალულად, თეატრალურ დეპუტაციებით და ფუჭ იმედების ჩაჩურჩულებით რად მოქმედებენ?”

თუ ისევ ილიას დავესესხებით, “ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივდაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენაგრძნობანი ზენაგრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა _ თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებმიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.

ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ არევდარევაში, ამ გაურჩევლობაში ვპოულობდეთ მაგარ ტვინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენის ბედნიერების ციხესიმაგრე. თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ, და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შეძლეს.

ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმომწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში. ეს ადვილი მისახვედრიც არის:

სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით-კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად.

ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მომკვდარაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა მხოლოდ ყური მოჰკრან ჰოსა თუ არას, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა” (უარმყოფელობა ჩვენში, 1888 წელი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here