Home ახალი ამბები საქართველო თვითონ შაჰინი თუ დაფიქრებულა, რატომ არ სურს ივანიშვილს მასთან შეხვედრა და საუბარი?

თვითონ შაჰინი თუ დაფიქრებულა, რატომ არ სურს ივანიშვილს მასთან შეხვედრა და საუბარი?

იქნებ მიზეზი ის არის, რომ ბატონ ბიძინას აღარ სურს იმის მოსმენა, რის სანაცვლოდ უნდა ჩაებას ქვეყანა ომში, რის სანაცვლოდ უნდა დათმოს ხელისუფლება საკუთარი ნებითა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ

როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნოდ საქართველოს ამერიკელი კონგრესმენი და სენატორი ეწვივნენ. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ქართული პოლიტიკისთვის უცხოები არ არიან. ისინი მუდმივად ჩნდებიან მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში რამე უნდა გადაწყდეს და თუ ეს „რამე“ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა,  ისინი მუდმივად ცდილობენ,  ამ „სასიკეთოს“ როგორმე ხელი შეუშალონ. ახლაც ასეა – წინასაარჩევნოდ მათი გამოჩენა კარგს არაფერს გვიქადის და ეს ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს. რაც მთავარია, ყოველი ჩამოსვლისას  ისინი კატეგორიულად მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას.  ასე იყო ამჯერადაც, მაგრამ ბატონი ბიძინა მათ არ შეხვდა.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა მან უარი თქვა, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე“, – აღნიშნა შაჰინმა.

ისე, საინტერესოა:  თვითონ შაჰინი თუ დაფიქრებულა, რატომ არ სურს ივანიშვილს მასთან შეხვედრა და საუბარი? იქნებ მიზეზი ის არის, რომ ბატონ ბიძინას აღარ სურს იმის მოსმენა, რის სანაცვლოდ უნდა ჩაებას ქვეყანა ომში, რის სანაცვლოდ უნდა დათმოს ხელისუფლება საკუთარი ნებითა და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. დიახ, რეალურად სწორედ ამისთვის ჩამოვიდნენ  ამერიკელები, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, გავიხსენოთ, ნაციონალების ბატონობის პერიოდი და ვივარაუდოთ, სააკაშვილის ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი გაუბედავდა სენატორსა და კონგრესმენს შეხვედრაზე უარის თქმას. ვერც ერთი! გაუბედავდა კი არა, ხელის ერთ აქნევაზე კინტაურს ცეკვავდნენ ხოლმე; შეხვედრის დროს კი, თუ დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ, ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი და ხელისმომწერნი. ახლა კი ამერიკელები ხვდებიან, რომ ხელისუფლების უმაღლეს პირებს დიდად არ ეპიტნავებათ  მათთან დიალოგი და არც ფინია ძაღლებივით ელაქუცებიან.

„იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრსა  და მის ადმინისტრაციას არ სურს, ამერიკასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რაიმე  შემოთავაზება   გააკეთოს. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე, რომელიც ჩვენ გვაქვს თუნდაც იმ განცხადებაზე, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა“, – ესეც შაჰინის სიტყვებია და იცით, რა გვაინტერესებს? თუ ამერიკა გადატრიალებას არ გეგმავდა და არ გეგმავს, რატომ აცხადებენ ამერიკის უმაღლესი ხელისუფლების გავლენიანი პირები, რომ თურმე ამ არჩევნებზე საქართველოში მმართველი ძალა უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთს არჩევნების შედეგების აღიარება გაუჭირდება? ანუ, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ, თუ არჩევნებს „ოცნება“ არ წააგებს, ყველა სხვა შედეგი აღიქმება, როგორც მიუღებელი, და მერე კიდევ უკვირს შაჰინს, კობახიძე ჩვენთან მეგობრობის გზებს რატომ არ ეძებსო.

საინტერესოა ის, რომ კონგრესმენი და სენატორი ჯერ პრეზიდენტს შეხვდნენ, მერე ოპოზიციისთვის გამონახეს დრო და, როგორც ქალბატონი სალომე, ისე ოპოზიციური სპექტრი მათთან საუბრით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მეტიც, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ისეთი მხარდაჭერა მივიღეთ, როგორიც აქამდე არ გვქონიაო, და თურმე ისინი არჩევნებში ბოლომდე მხარში დგომას და გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. ოპოზიციას რომ ჰპირდები, გამარჯვებაში მოგეხმარებიო, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევი და საერთოდ არ გაინტერესებს, რა რეიტინგი აქვს ამ დროს ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, თინა ბოკუჩავას, გუბაზ სანიკიძეს?.. ჰო, სწორედ ამ ადამიანებს დაჰპირდნენ გამარჯვებაში დახმარებას და მერე რა, რომ ამ ადამიანების სახელის გაგონება მოსახლეობის  დიდ  უმრავლესობას არ სურს. მთავარია, ამერიკასა და ევროპას აძლევთ ხელს, რომ სწორედ ისინი, მორჩილი პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლების სათავეებთან და უსიტყვოდ შეასრულონ დასავლეთის მითითებები. მერე ისე კი აღარ იქნება, რომ მმართველი ძალის ლიდერს შეხვედრაზე ეხვეწონ,  პირიქით, სადაც დაიბარებენ, იქ მივა და იქ გალოკავს გასალოკს.

დასავლეთი ვერ ეგუება და არც აპირებს, შეეგუოს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება და ცდილობენ, ქვეყანას ნამდვილი დამოუკიდებლობა მოუპოვონ. დასავლელებს აღიზიანებთ, რომ დახურულ კარს მიღმა ნათქვამი ფრაზები, რომლებიც რეალურად საქართველოს ინტერესებს აზიანებს, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გამოვიდა გარეთ და ამაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეს „ოცნების“ ლიდერებმა. მათ დაუფარავად თქვეს, რომ დასავლეთი ჩვენი ქვეყნისგან ომში ჩართვას ითხოვს; ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ მოკვლით დაემუქრნენ და პრინციპში, დასავლეთი უკან რომ არაფერზე დაიხევს, დონალდ ტრამპისთვის ნასროლმა ტყვიამაც გამოაჩინა. ისე, თუ დააკვირდებით, ტრამპის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხომ ადგილზე ჩაცხრილეს (სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბევრი არ ელაპარაკა და შეუსრულებელი მისიის გამო დასაჯეს), აღარაფერს ამბობენ მიზეზსა და მოტივზე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, როგორც ცოტა ხნის წინათ  ევროპარლამენტში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულთა საქმე, თითქოს არც ეს მომხდარა, ისე გააჩუმეს ირგვლივ ყველა და ყველაფერი. ჰოდა, როდესაც რომელიმე ევროპარლამენტარი გამოხტებოდა ხოლმე და გაჰკიოდა, საქართველოში კორუფცია ყვავისო, ევროპარლამენტის კაბინეტებში ისეთი აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული, უდიდეს სავაჭრო ცენტრებსაც რომ შეშურდებოდათ.

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად  დაიძაბება პოლიტიკური ვითარება. აგერ, მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოდანაც კი გამოაჩინა  ბრჭყალები და ყველა მიახვედრა, რომ ოპოზიციის ლიდერის როლის დათმობას არ აპირებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიშას შეწყალებაზე ხომ არ ფიქრობო.  მადამ პრეზიდენტმა კი განაცხადა: ამ კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვსო, ანუ „არა და არასდროს“-ო. პრეზიდენტმა ისიც დასძინა:  მიკვირს, მიშას სასამართლო სხდომებზე პოლიტიკური გზავნილებისთვის შეუზღუდავი დრო რომ ეთმობაო (ისე, ეგ ჩვენც ძალიან გვიკვირს).

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. პიჯაკების საქმეზე,  2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გაჩუმებას, ანუ ჩემ გაჩუმებას და ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?!“- განაცხადა სააკაშვილმა და მისი პარტიის წევრებმაც პრეზიდენტს წაკბინეს,  ბოლო ხანს ცოტა შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად „თამაშობსო“. ანუ, ხვდებით სად ვართ? ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ:  ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენთან შეუთანხმებლად „თამაშობსო“.

ის, რომ ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად იქცეს, ადვილი მისახვედრია, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მას ლიდერად არც ნაციონალები აღიარებენ და ვერც მამუკა ხაზარაძე აიტანს, მის გარდა ლიდერი სხვა ვინმე იყოს, ამიტომ ქალბატონი სალომეს ამბიციები ნელ-ნელა ჩაილურის წყალს ეწაფება და ბოლოს ისე გამოვა, რომ ზურაბიშვილს მშველელად ელენე ხოშტარიაც კი არ შერჩება და დასავლეთი მადამ სალომეს გამოყენების შემდეგ ისევე გაუშვებს დამსახურებულ პენსიაზე, როგორც ეს ჯო ბაიდენის შემთხვევაში გააკეთა.

ისევ შაჰინსა და კარტერზე ვთქვათ. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, რომ საქართველომ არჩევნებზე ყველა იმ უცხოური ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რომლებიც აქ დამკვირვებლის სტატუსით ინებებენ ჩამოსვლას. დაკვირვებასა და გამჭვირვალობას, აბა, რა სჯობს, მაგრამ რატომ გვგონია, რომ, რაც  უფრო მეტი დასავლელი დამკვირვებელი ჩამოვა მით მეტ საჩივარს დაწერენ და მით მეტად შეიქმნება შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა. ჰო, დასავლეთისა და ოპოზიციის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის – დამარცხების შემდეგ (ჰო, შემდეგ და არა შემთხვევაში) არჩევნების ლეგიტიმაცია არ მოხდეს და აქ მყოფმა დამკვირვებლებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა. მერე რა, რომ  საქართველოს მასშტაბით არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, რაც გაყალბების დონეს  ანულებს. მთავარი ხომ ის  არის, რა სურს დასავლეთს,  დასავლეთს  კი ხელისუფლების ცვლილება უნდა.

გვერწმუნეთ, არჩევნებამდე კიდევ არაერთხელ ჩამოვლენ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსები და ყველანაირად მოამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ დანარჩენი მსოფლიო „ოცნების“ მარცხს წინასწარ შეაგუონ, რისი გაკეთებაც უშუალოდ საქართველოში რთული იქნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ ნამდვილი დამოუკიდებლობის გემო იგრძნო და საეჭვოა, ამის დაკარგვა უნდოდეს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here