Home რუბრიკები პოლიტიკა თვითლუსტრაცია და ვირეშმაკობა “ქართულ ოცნებაში”

თვითლუსტრაცია და ვირეშმაკობა “ქართულ ოცნებაში”

ზაქარია ქუცნაშვილი

გასულ კვირას თიანეთის რაიონი უცნაურად დაემსგავსა აშშის ფლორიდის შტატს, რომელშიც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დიდი აურზაური სუფევდა და ხმების გადათვლა მიმდინარეობდა. მართალია, მაშინ ალბერტ გორს, თამაზ მეჭიაურის მსგავსად, “კაპოტზეარ დაულევია, ხოლო უმცროს ბუშს, მისი კოგნიტური თავისებურებების მიუხედავად, საჯარო თვითლუსტრაცია არ ჩაუტარებია, ისე, როგორც ეს ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში აჟიტოტაჟი ფრიად თავბრუდამხვევი იყო.

საერთოდ, ქართველებს ფსიქოლოგიის (და მითუმეტეს ფსიქიატრიის) მიმართ უცნაური დამოკიდებულება გვაქვს _ დროულად ექიმს თითქმის არავინ მიმართავს, საუბარი შესაბამის პრობლემებზე სამარცხვინოდ ითვლება და იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი დამალვა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ფრაზა “ბავშვი ნერვიულობს” ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ 40 წელს გადაცილებული სუბიექტი ქვებს ისვრის და სოციალურად საშიში გახდა. ამ დისკურსის ფარგლებში ზაქარია ქუცნაშვილის მდგომარეობა, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად აღიწეროს: “ბავშვი ძალიან ნერვიულობს”.

ასეა თუ ისე, 24 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ქუცნაშვილმა საზოგადეობას, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა. მან თამაზ მეჭიაურთან კამათის დროს შემდეგი რამ თქვა: “2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში, ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრიც იყო. ათეულობით ადამიანი დაადასტურებს, თუ რამდენჯერ მთხოვა მან, მიმეყვანა “ქართულ ოცნებაში”. გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, მიგვეღო და პროცესებში ჩაგვერთო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს, მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო.

ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რომ გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა, ძალიან უყვარს ქეიფი, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთში. მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში. მრავალპარტიაგამოცვლილთან ერთად, მრავალ თანამდებობაგამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის ცეკავშირის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. ძალიან კორუმპირებული იმიჯი ჰქონდა. “ქართულ ოცნებაში” მიყვანის და რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ თურმე მისი ამბიცია, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, მინდოდა, შანსი მიმეცა. მე ვალდებული ვარ, ჩემს ახლობელზე ვიზრუნო” (ინტერპრესნიუსი).

ნეპოტისტური აზროვნების, გნებავთ, მსოფლმხედველობის, ეს ნიმუში იმდენად თვალსაჩინოა, რომ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი: ქუცნაშვილი ამბობს, რომ ხელი შეუწყო პარლამენტში (მისივე თქმით) კორუმპირებული ლოთის მოხვედრას და აშკარა ნეპოტიზმს მთიელების ტრადიციებიდან გამომდინარე ვალდებულებებით ამართლებს, თითქოს ცდილობს, ამოეფაროს მათ. ეს, ალბათ, გაცილებით დიდი სირცხვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მის ლიდერებს, სავარაუდოდ, ეგონათ, რომ დაბნეული მოწინააღმდეგეების ფონზე “ქართული ოცნება” საზოგადოების წინაშე წარსდგებოდა, როგორც ძლევამოსილი, თავდაჯერებული პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ ქუცნაშვილისა და მეჭიაურის დებატებმა ის ნეპოტისტი კარიერისტების ასპარეზად, სრულ ბალაგანად წარმოაჩინა _ პარტიას, სადაც ასეთი რამ ხდება ძლიერად და სტაბილურად არავინ ჩათვლის.

მომხდარი ძალზე სასაცილო (კი, ბატონო _ სატირალი) იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიულეტენების ჩაყრა და სხვა მსგავსი მაქინაციები, რომლებზეც თიანეთთან დაკავშირებით ამდენს საუბრობენ, საციხო საქმეა და მომხდარს გამოძიება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რით დასრულდება თიანეთის ეპოპეა (ბიძინა ივანიშვილისთვის, სავარაუდოდ, მისაღებია ორივე ვარიანტი, უბრალოდ, არ სურს, რომ სკანდალმა მის პარტიას დამატებითი საიმიჯო ზიანი მიაყენოს) უნდა დადგინდეს, რა მოხდა 21-22 ოქტომერს ადგილობრივ საარჩვენო ადმინისტრაციაში.

თამაზ მეჭიაური ყველას როდი მოსწონს; ,რესპუბლიკელებთან მისი დაპირისპირების გამო, ის ქართველი ლიბერალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა, მაგრამ ბოლო დღეებში საზოგადოების დამოკიდებულებაში მის მიმართ გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელსაც ზაქარია ქუცნაშვილი განასახიერებს, მას (შესაძლოა) უსამართლოდ მოეპყრო. მთავარი, ალბათ, ისაა, რომ მეჭიაური იბრძვის, მაშინ, როდესაც სხვები სახელისუფლო პარტიის ტოტალურ უპირატესობას აღიარებენ და ნებდებიან. მაგალითად, “ნაცმოძრაობამ”, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა. ეს მითითება ნაციონალებმა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს (2016 იგივე პოზიცია ჰქონდა), რომელიც გასულ კვირას კიევის ცენტრში მომიტინგეების ერთ-ერთ კარავში დაბინავდა. ალბათ, არის ამქვეყნად რაღაც, რასაც შეიძლებაბედის ბუმერანგივუწოდოთ. სააკაშვილმა ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილს _ პოროშენკომ ჩამოართვა მოქალაქეობა სააკაშვილს. სააკაშვილი დასცინოდა ადამიანებს, რომლებმაც თბილისში ოპოზიციის აქციების დროს კარვები გაშალეს _ ახლა თვითონ ზის კარავში, თანაც პასპორტის გარეშე, როგორც დამსახურებული ბომჟი და მას ქართველებიც და უკრაინელებიც დასცინიან. ლოგიკურად თუ მივუდგებით, შემდეგ ეტაპზე უნდა ვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი და შინაარსიანი ოდისეა საპატიმრო დაწესებულებებში, თუმცა ნემეზიდას რას გაუგებ.

“ბედის ბუმერანგის” თეორია (საუბარი მასზე ედუარდ შევარდნაძეს უყვარდა ორშაბათის რადიოინტერვიუებში) შემდგომ გარღმავებას საჭიროებს, მაგრამ აშკარაა, რომ გასულ კვირას ის თავში ზ. ქუცნაშვილს მოხვდა. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რა მიმართულებით ისროლა მან ეს ბუმერანგი ახლო წარსულში. ილუსტრაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაბამისი სცენა კინოფილმიდან “სინიორ რობინზონი”.

ალბათ, მიზანშეწონილია, დავუბრუნდეთ მთავარ იდეას _ საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ტოტალურ დომინირებას მიაღწია. აქ იგულისხებიან არა ნაციონალები, არამედ ის მოქალაქეები, რომლებმაც 2012-ში ხმა ივანიშვილის ბლოკს მისცეს, თუმცა შემდგომ მისი გაკრიტიკება დაიწყეს. მათ სურდათ, რომ ხელისუფლებისთვის “ყვითელი ბარათი” ეჩვენებინათ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. პირველ შემთხვევაში ნაციონალების რევანშის (მეტწილად წარმოსახვითი) საფრთხის გამო, მეორეში კი _ რეალური ალტერნატივის არარსებობის გამო და იმის გამოც, რომ მმართველმა პარტიამ აითვისა ის მეთოდები, რომლებსაც ადრე (თუნდაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში) “ნაცმოძრაობა” იყენებდა. მისი “ციცო დეიდები” და, ასე ვთქვათ, “ადგილობრივი ავტორიტეტები” ახლა “ქართული ოცნებაზე” მუშაობენ. საზოგადოების ზემოთ ნახსენები ნაწილი კი გაღიზიანებულია და, მარტივად რომ ვთქვათ, არ იცის, რა ქნას.

სწორედ მისგან მიიღებს ნებისმიერი ადამიანი თუ ჯგუფი (“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების გარდა) მხარდაჭერას და სიმპათიას, თუ ხელისუფლებას პრინციპულად დაუპირისპირდება _ არჩევნების საეჭვო შედეგებს გაასაჩივრებს ან, მაგალითად, პოლიციელების მოქმედების გამოძიებას მოითხოვს, როგორც ეს გასულ კვირას ნუცუბიძეზე გარდაცვილი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. აქციაზე არც ისე ბევრი აქტივისტი მივიდა (სიმართლე რომ ვთქვათ – ძალიან ცოტა), მაგრამ მათ მიიღეს მოულოდნელად დიდი მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში და ასე, სავარაუდოდ, მომავალშიც მოხდება.

ვითარების აღსაწერად შეიძლება სამხედრო მეტაფორის გამოყენება დაგვჭირდეს. ქართულ პოლიტიკაში რეგულარული არმიების, ანუ პარტიების ომი დასრულდა. ივანიშვილის პარტიამ გაიმარჯვა, მოახდინა პოლიტიკური სივრცის ოკუპაცია, უზრუნველყო ოპოზიციური სპექტრის ვასალიზაცია და ეს ყველას როდი მოსწონს. საშველი არსაიდან ჩანს. იმისთვის, რომ ვითარების დრამატულობა უკეთ გავაცნობიეროთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ოლქის გაულაიტერად ზაქარია ქუცნაშვილი დაინიშნა. ასეთ დროს საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა პოლიტიკურ პარტიზანებზე (ნატა ფერაძის მოძრაობა აქ არაფერ შუაშია), რომლებიც ხელისუფლებასთან ასიმეტრიულ ბრძოლას აწარმოებენ და, როგორც მოსკიტები, კბენენ მას. სხვათა შორის, სწორედ ამ “მოსკიტებმა” მიიყვანეს გაგიჟებამდე სააკაშვილის რეჟიმი და არა სუსტმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ამით დიდი წვლილი შეიტანეს ივანიშვილის 2012 წლის გამარჯვებაში. ფორმალურად რეჟიმი თითქოს ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ რეალურად საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე მოგაგონებდათ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ იუგოსლავიას, სადაც ტრასიდან ორას მეტრში გერმანელები თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ.

ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს უდიდესი პრობლემები აქვთ, არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა უიმედოა. ოპოზიცია, რომელიც ახალ ტერმინალურ სტადიაშია, დიდი ხანია, ტოტალურ განახლებას საჭიროებდა, და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კოშმარული დასასრული დაუსრულებელ კოშმარს სჯობს. ძველი პოლიტიკური პარტიების ეპოქა დასრულდა და, სანამ ახალი დაიწყება, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ცალკეული აქტივისტებისა და მცირე ჯგუფების მოქმედებას, რომლის დროს ავანსცენაზე შეიძლება ახალი ლიდერები და პროტოპარტიები გამოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ უიმედო ნამდვილად არ არის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here