Home რუბრიკები პოლიტიკა თვალისმომჭრელი საარჩევნო დაპირებებიდან მძიმე სოციალურ რეალობამდე

თვალისმომჭრელი საარჩევნო დაპირებებიდან მძიმე სოციალურ რეალობამდე

3369
ბიძინა ივანიშვილი

როცა 2012 წლის არჩევნებზე ხმის მისაცემად მივედი, მივხვდი, რომნაციონალური მოძრაობადამარცხდებოდა. ხალხი კრიჭაშეკრული იდგა, ჩუმად შედიოდა საარჩევნო ჯიხურში, ჩუმად გამოდიოდა და კრიჭაშეკრული აგდებდა ბიულეტენს ურნაში. ეს ყველაფერი აჯანყებას ჰგავდა, უხმო აჯანყებას და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომქართული ოცნებაგაიმარჯვებდა”, _ მითხრა ერთმა მეგობარმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მეგობარმა, რომელიც მანამდე არ იყო არჩევნებზე ნამყოფი და მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ნაციონალებმა ერს გენოციდი მოუწყვეს, მანამდე უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ბიძინა ივანიშვილმა კი ისეთი დაპირებები გასცა, ძნელი იყო, უარი გეთქვა მხარდაჭერაზე.

საინტერესო დაპირებები იყო უფასო ფული, ანუ უპროცენტო კრედიტი და 2013 წლის ბოლომდე 60 ქარხნის აშენება. ეგ კი არა, არჩევნების მოგების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, 60-ის ნაცვლად 100 ქარხანა უნდა ავაშენოთო. და მანვე დაანონსა საოცარი მეოთხე წელი, ანუ ქვეყნის განვითარების ნელ-ნელა დაწყება, პენსიის მომატება და…

პირველი იმედგაცრუება ბანკებისგან წამოვიდა, როცა საფინანსო ორგანიზაციებმა საპროცენტო განაკვეთი, დაწევის ნაცვლად, აწიეს და ამით არასტაბილურ გარემოში თავი დაიზღვიეს. ხელისუფლებამაც სხვანაირად დაიწყო საუბარი: კერძო სექტორია, ვერ შევეხებითო, თუმცა პენსიას 25 ლარით მოუმატეს და… და დოლარის კურსიც დაიძრა და თანაც ისე დაიძრა, ეს მომატებული 25 ლარი მალე გაუფასურდა და ახლა, როცა პენსია 180 ლარია, რეალურად, იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს იყო.

60 ქარხნის აშენების დაპირება ზუსტად ისე ჩაირეცხა წყალში, როგორც მანამდე რეცხავდნენ ნაციონალები ყველას და ყველაფერს, მაგრამ პასუხი არც ამის გამო აგო ვინმემ და გასანახევრებლად დაანონსებული გადასახადებიც ნელ-ნელა ზევით წავიდა. გადასახადმა მოიმატა დენზე, წყალზე, ბუნებრივ აირზე და ეს მაშინ, როცა წინასაარჩევნოდ 7-თეთრიან ელექტროენერგიასა და 30-თეთრიან ბუნებრივ აირს გვპირდებოდნენ, წყალი კი თითქმის უფასო უნდა ყოფილიყო და… წაგვიღო წყალმა დაპირებებიანად.

გულახდილად გეტყვით და, თუ არ გჯერათ, “წყაროზე” გადაამოწმეთ _ ამ ყველაფერს კიდევ აიტანდა ხალხი სამართლიანობის აღდგენის დაპირება რომ შესრულებულიყო, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს ჩაგრავდნენ, ღირსებას ფეხქვეშ თელავდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, პასუხი უნდა ეგოთ, მაგრამ ამის ნაცვლად, დღეს ამ ადამიანთა უმრავლესობა კვლავ ხელისუფლებაშია, პარლამენტშია, თანამდებობაზეა და იმ ადამიანებს ერჩიან, რომლებსაც 2012 წლამდე ერჩოდნენ.

შესაბამისად, თვალისმომჭრელი დაპირებებიდან მივედით უმძიმეს სოციალურ მდგომარეობამდე, იქამდეც კი, რომ ხალხს პურის ფული სანატრელი აქვს. მომატებული გადასახადების ფონზე, მენიუდან ისედაც გამქრალი ხორცი დავიწყებას მიეცა და მას თევზეული, რძის პროდუქტები და ბურღულეულიც მიჰყვა. დარჩა პური და ნახევრადდამპალი კარტოფილი, იმიტომ, რომ კარგი კარტოფილი ძვირია. ჰოდა, ასე, კარტოფილსა და პურზე ცდილობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წუთისოფლის გაძლებას.

ამომრჩეველი, რომელიც შიმშილის ზღვარზეა, და მაღალჩინოსნები, რომელთა პრემიადანამატები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

დაპირებების შეუსრულებლობის პარალელურად, თანამდებობაზე მყოფმა პირებმა ხელფასების მომატება დაიწყეს, თანაც ისე, რომ ციფრები გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. პირველი მატება 2014 წელს მოხდა, შემდეგი _ 2016 წელს, ჯერჯერობით ბოლო მატება კი მიმდინარე წელზე მოდის. ჰოდა, შედარებისთვის გეტყვით, რომ, თუ 2013 წელს გამგებლების (ახლანდელი მერების) ხელფასი 1800 ლარი იყო, 2014 წელს 2500 ლარი გახდა, 2016 წელს 3200 ლარამდე ავიდა, 2018 წელს კი 4500 ლარი გახდა. ქვედა რგოლის ხელფასმა კი ამ პერიოდში 180 ლარით მოიმატა, ანუ გამგებლებმა თუ მერებმა ხელფასი 2000 ლარით გაიზარდეს, ხოლო ქვედა რგოლისთვის 180 ლარი გაიმეტეს. და ეს ყველაფერი _ იმის ფონზე, რომ დაპირებული 100 საწარმო არ გახსნილა. უფრო სწორად, ხელისუფლება ამბობს, რომ გაიხსნა, მაგრამ, ალბათ, სხვა ქვეყანაში ან სხვა პლანეტაზე, რადგან საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა. დაპირებების გამცემმა ივანიშვილმა კი თანამდებობა დატოვა და არაფორმალურ მმართველობაზე გადავიდა. შედეგად, პასუხისმგებლობა მოიხსნა და დაპირებებიც იმ გუნდს შეატოვა, რომელსაც ოპოზიციამ ზედგამოჭრილი სახელი შეარქვა _ უუნარო! დღეს ხელისუფლებიდან არავინ საუბრობს ტარიფების დაწევაზე, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მომატება და ეს იმის ფონზე, რომ საარსებო მინიმუმი, ამავე ხელისუფლების დაანგარიშებით, 220 ლარს გასცდა. რა გამოდის? იმას, რასაც წინა ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, ახლა თვითონ აკეთებენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კოაბიტაციის შედეგად ხელისუფლებაში ისევ ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლამდე იყვნენ, და ისინი ასე იყვნენ მუშაობას მიჩვეული _ არ აინტერესებდათ ქვედა რგოლი.

ხე

გლეხების მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ სოფლის მეურნეობაში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება ბრძანა, მაგრამ, მილიარდს ვინ ჩივის, გლეხებს ის სუბსიდიაც მოუხსნეს, რომელიც მათგან ყურძნის, ვაშლისა და ატმის ჭარბი მოსავლის ჩაბარებას ითვალისწინებდა. შედეგად, გასულ წელს ატამი წყალში გადაიყარა, ყურძენი ჩალის ფასად ჩაიბარეს ქარხნებმა, ვაშლი კი ხეებზე დალპა. ეს _ აღმოსავლეთ საქართველოში, თორემ დასავლეთში ჩასაბარებელიც არაფერი დარჩა _ ფაროსანამ ყველაფერი გაანადგურა და მოსახლეობა მშიერი დატოვა. სხვათა შორის, ფაროსანა ახლა აღმოსავლეთ საქართველოს უტევს და ხელისუფლება იმაზე მსჯელობს, ფაროსანას ბიოლოგიური მტერი, იაპონური კრაზანა, შემოიყვანოს თუ არა. ამასობაში კი ფაროსანა უკვე იღვიძებს და, თუ ჯერ მხოლოდ სახლებში ჩნდება, მალე შეესევა აყვავებულ ბაღვენახებს და, დასავლეთის დარად, აღმოსავლეთსაც უმოსავლოდ დარჩენის პერსპექტივა აქვს.

ეგ კიდევ არაფერი, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვრწმუნდებით, რომ ამ ხელისუფლების ყველა დაპირება, უბრალოდ, საჰაერო ბუშტია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ჰაერში უშვებენ და უკვალოდ აქრობენ. ასე იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც, როცა კახა კალაძემ ხმამაღლა განაცხადა: პირველი, რასაც გავაკეთებ, უმისამართო მშენებლობებს გავაჩერებ და საქართველოდანსითი პარკსგავაძევებო. შედეგად მივიღეთ ის, რომსითი პარკიადგილზეა, ხოლო მშენებლობებს ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან თურმე ექვს მილიონი კვადრატის ფართობზეა თბილისში მშენებლობის უფლება გაცემული და ამ უფლებას ვერავინ შეეხება. პარადოქსი არის ის, რომ ეს უფლება “ქართული ოცნების” სახემ, დავით ნარმანიამ, გასცა, ანუ ამას ნაციონალებს ვეღარ დააბრალებენ.

კულუარებში გასულმა ივანიშვილმა კი თავისი ხვაშიადისგასწორებადაიწყო და ხეების მოთხრით დაკავდა, სწორედ მოთხრით, რადგან იმ ადგილებზე, რომლებიდანაც ხეები წაიღეს, უზარმაზარი ორმოები დარჩა და მათ ამოვსებას არავინ აპირებს. სამაგიეროდ, ივანიშვილის სურვილების ასასრულებლად ტყეებში გაიჭრა ახალი გზები, შეიცვალა ზღვის სანაპირო, დაზიანდა მოსახლეობის მიწები და, ასე განსაჯეთ, რკინიგზის ხაზიც კი გადააადგილეს. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს “აპრავებს” და ამბობს, რომ ასეა საჭირო, მაგრამ, ნაციონალები თუ ამოიღებენ ხმას, იმ 9 წელს ახსენებენ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში… მაგრამ ამ 9 წლის გამო არავინ დაუსჯიათ. დიდად არ ვარ აღფრთოვანებული გიორგი კანდელაკის იდეებით, მაგრამ მან საინტერესო რამ თქვა: ან დასაჯეთ ვინმე, ვინც თურმე იმ 9 წელში ქვეყანას აქცევდა, ან გაჩუმდით და აღარ ახსენოთ!” ამაზე ზუსტი ფორმულირების მოფიქრება ძნელია, მაგრამ ხელისუფლება არც ვინმეს დასჯას აპირებს და არც დაჭერას. პირიქით, აგერ გიგი უგულავას 48 მილიონის მითვისების გამო 18-თვიანი ციხე გამოუწერეს და ისიც მოხდილად ჩაუთვალეს, ანუ გამოვიდა, რომ ერთი თვე 2.5 მილიონი დაჯდა და გვერწმუნეთ, ამ ფასად (თვეში 2.5 მილიონად) სრულიად საქართველო ჩაჯდება ციხეში 4-6 თვით, მაგრამ არა, ჩვეულებრივ მოკვდავებს ამ თანხას არავინ მოაპარინებს და, თუ ვინმე გაბედავს, სულ ცოტა, 10 წელს ისე გამოუწერენ და მოახდევინებენ, როგორც დაგიბარებიათ.

დაბარებულზე გამახსენდა და, როცა ივანიშვილი მიდიოდა, დაგვიბარა, ისეთ გუნდს გიტოვებთ, უკეთესი არ შეიძლება, და ამ სიკეთეს მალე ყველა ნახავთო. სიკეთის რა მოგახსენოთ, მაგრამ ის კი ვნახე, რომ ხელისუფლება არც ხალხზე ზრუნავს, არც დაპირებების შესრულებას აპირებს და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით არის დაკავებული. ერთი ეგაა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათ ფულის მოპარვაც არ გამოსდით და ვერაპრავებენ”. სწორედ ამიტომ გაჩნდა მათ ქონებრივ დეკლარაციებში ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც მაღალჩინოსნებს ასიათასობით დოლარს პენსიონერი მშობლები ჩუქნიან. ჰო, პენსიონერი მშობლები! ჩვენი პენსიონერი მშობლები კი ცდილობენ, ნაკლები ელექტროენერგია დახარჯონ, ნაკლები ბუნებრივი აირი და წყალი მოიხმარონ, რათა 180 ლარი საკვებსა და წამლებში როგორმე ეყოთ, მაგრამ არ გამოსდით.

ჩვენი და მათი საქართველო

ამას წინათ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერს მოქალაქე გადაუდგა წინ და უთხრა: პურის ფული არ მაქვს და დამეხმარეო. მერს გაეცინა: პურის ყიდვა ათ ლარადაც შეიძლებაო, და ათლარიანი გაუწოდა. მოქალაქემ გამოართვა, ჯიბეში ჩაიდო და მერე ჰკითხა: “კი მაგრამ, ასეთ რა პურს ჭამ, ათი ლარი რომ ღირს?! ეს ათი ლარი პურის ფულად მე ათ დღეს მეყოფაო…”

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი და მათი საქართველო განსხვავებულია. ჩვენს საქართველოში ათი ლარი ათი დღის პურის ფულია, იმათ საქართველოში კი ერთი პური ათი ლარი ღირს. გულზე ხელი დაიდეთ, პარლამენტარებო, მერებო, საკრებულოს თავმჯდომარეებო, და ალალად თქვით: ათ ლარს ფულს ეძახით? ჰოდა, ის, რასაც თქვენ ფულს არ ეძახით, მოსახლეობის უმრავლესობას პურის ფულად ერთ კვირას ჰყოფნის…

ეს ჩვენს საქართველოში, თორემ თქვენთან თითო ხის გადატანა მილიონზე მეტი ჯდება და, თუ აქამდე ორასზე მეტი ხე გადაიტანეს, კიდევ ორასი მონიშნულია და საბოლოოდ, გიგანტური ხეების გადატანა ივანიშვილს ნახევარი მილიარდი დაუჯდება. ეს, ალბათ, იმ 60 ქარხნის ასაშენებელი თანხის ფულია, 2012 წელს რომ საკენკად დაგვიყარეს და ავკენკეთ.

ასეთები აგვიკენკავს?!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. batono beso–vwerot, da shemdeg vikitxod ase usasrulod. ra magrebi vart mainc es kartvelebi?? 🙂 tpui shemircxvenia aseti eri romelic ucxosac da sakutarsac monad ekceva da xmis amogebas ver bedavs. tpui sakartvelo da kartvelebo vinc ase “cere da ikitxes” poziciaze apirebt gacherebas ..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here