Home რუბრიკები სპორტი თეოფილო სტივენსონი _ კრივის რაინდი და კუბის გმირი

თეოფილო სტივენსონი _ კრივის რაინდი და კუბის გმირი

თეოფილო სტივენსონ ლოურენსი

სახელგანთქმული კუბელი მოკრივე, ოლიმპიურ თამაშებში 3-გზის გამარჯვებული, 3-გზის მსოფლიო და 2-გზის პანამერიკული თამაშების ჩემპიონი, ველ ბარკერის სახელობის ყველაზე ტექნიკური მოკრივის ტიტულისა (1972 .) და ოლიმპიური ორდენის მფლობელი თეოფილო სტივენსონი (სრული სახელი და გვარი _ თეოფილო სტივენსონ ლოურენსი) 1952 წლის 29 მარტს დაიბადა კუბის პატარა ქალაქ პუერტოპადრეში, რომელიც განთქმულია ლერწმის შაქრის წარმოებით. თეოფილო სტივენსონ ლოურენსის მამა თეოფილო სტივენსონ პეტერსონი კარიბის ზღვის აუზის კუნძულ სენტვინსენტიდან გადასახლდა კუბაზე 1923 წელს. თეოფილოუფროსი, რომელიც ღარიბი მეთევზის ოჯახში დაიბადა, მიზანდასახული და მოხერხებული კაცი იყო. მან შეძლო უცხო ქვეყანაში გამდიდრება, შემდეგ კი ცოლად შეირთო ულამაზესი ქალი _ მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის დედა დოლორეს ლოურენსი.

“მამაჩემი ძლიერი პიროვნება იყო. მუშაობდა ღარიბ ქვეყანაში, მაგრამ მისი წყალობით უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ჩვენს სუფრაზე ყოველთვის იყო ახიაკო (ხორციანი წვნიანი-პიურე _ ტრადიციული კუბური კერძი _ ნ.კ)”, _ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში თეოფილო-უმცროსმა, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით ერგო ათლეტური აღნაგობა და კრივის სიყვარული (თეოფილო სტივენსონ პეტერსონი სამოყვარულო კრივით იყო გატაცებული). თეოფილო სტივენსონ-უმცროსი მაღალი და საკმაოდ მსუქანი ბავშვი იყო, როცა 9 წელი შეუსრულდა, მამამ ის მწვრთნელ ჯონ ერერასთან მიიყვანა და სთხოვა, ბიჭისთვის კრივის საფუძვლები ესწავლებინა. ვარჯიშები ღია ცის ქვეშ ტარდებოდა.

თეოფილო სტივენსონი-უმცროსი, რომელსაც რინგის რაინდი შეარქვეს, რკინისებრი ნებისყოფით, სიმაღლითა (201 სმ) და ფართო მხრებით გამოირჩეოდა, ბავშვობიდანვე ფლობდა ორ ენას _ ესპანურსა და ინგლისურს.

კუბის ხელისუფლების სათავეში ფიდელ კასტროს მოსვლის შემდეგ პროფესიონალური კრივი აიკრძალა, როგორც ბურჟუაზიის გადმონაშთი, თუმცა ყველგან იხსნებოდა სპორტული სკოლები, ამასთანავე, ქვეყანაში მიიწვიეს გამოჩენილი სპორტსმენები და მწვრთნელები საბჭოთა კავშირიდან. მათ შორის კრივის ოსტატები _ ანდრეი ჩერვონენკო, ევგენი ოგურენკოვი და ევგენი რომანოვი.

თეოფილო სტივენსონს წვრთნას ზედამხედველობდნენ ალსიდეს საგარა, რომელიც შემდეგ კუბის მთავარი მწვრთნელი იყო კრივში, და საბჭოელი ანდრეი ჩერვონენკო. საგარამ მოგვიანებით განაცხადა: კუბელები დიდ პატივს სცემენ ანდრეი ჩერვონენკოს, ის ხომ ერთერთი იყო იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც ჩვენი კრივი ააღორძინეს 1960-1970-იან წლებში. სწორედ მან აღმოაჩინა თეოფილო სტივენსონის ნიჭი, რომელმაც 3-ჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში. თავისი მივლინების ბოლოს ის ჩემთან მოვიდა და კეთილისმსურველის სიცილით მითხრა: მთავარია, არ გააფუჭო…”

თეოფილო სტივენსონ ლოურენსი თეოფილო სტივენსონ ლოურენსი

თეოფილო სტივენსონმა შეძლო ყველა ტიტულის მოპოვება, რომლებიც არის მოყვარულთა კრივის საერთაშორისო ასოციაციის არსენალში (AIBA). აღსანიშნავია, რომ კრივის ისტორიაში მხოლოდ სამმა მოკრივემ შეძლო ოლიმპიურ თამაშებში სამჯერ გამარჯვება. ესენია: უნგრელი ლასლო პაპი, კუბელები _ თეოფილო სტივენსონი და ფელიქს სავონი.

სტივენსონმა თავის 20-წლიან კარიერაში 332 ორთაბრძოლა გამართა და მათგან 310-ში გაიმარჯვა. მისი დამარცხება 2-ჯერ შეძლო მხოლოდ რუსმა მოკრივე იგორ ვისოცკიმ.

თეოფილო სტივენსონს შეეძლო, მეოთხედაც მოეპოვებინა ოლიმპიური ოქროს მედალი, მაგრამ საბჭოთა კავშირმა და მის კვალდაკვალ კუბამ უარი განაცხადეს 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ სტივენსონმა 1984 წლის დასწყისში გაანადგურა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის მომავალი ჩემპიონი ტაირელ ბიგსი, შემდეგ კი, 1986 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

1972 წელს მიუნხენში გამართულ ოლიმპიადაზე თეოფილო სტივენსონმა ოქროს მედალთან ერთად ველ ბარკერის სახელობის თასიც მოიპოვა. ეს თასი გადაეცემა ყველაზე ტექნიკურ მოკრივეს. ამბობენ, რომ მეორე ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ სტივენსონს ამერიკის შეერთებული შტატებიდან შესთავაზეს, ორთაბრძოლა გაემართა მძიმეწონოსანთა კატეგორიაში იმჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონთან (ლაპარაკია მოჰამედ ალიზე).

სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ოდენობის ჰონორარს მიუთითებს. ერთი წერს, რომ ჰონორარი შეადგენდა 1 მლნ დოლარს, მეორე _ 2 მლნ-ს, მესამე _ 5 მლნ-ს. ასე იყო თუ ისე, ჰონორარის მინიმალური ვარიანტიც კი იმხანად დიდძალი თანხა იყო. გამარჯვების შემთხვევაში თეოფილო სტივენსონი პროფესიონალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ხდებოდა. მედლის ერთ მხარეს იყო ფული და დიდება, მეორეზე _ კუბაზე დაბრუნება და თანამემამულეების პატივისცემა. ამ ყველაფრის შეთავსება შეუძლებელი იყო, რადგან ფიდელ კასტრომ პროფესიონალური კრივი აკრძალა. თანაც გამოჩენილი სპორტსმენები კუბაზე ხელგაშვერილნი არ იყვნენ, მათზე ზრუნავდა სახელმწიფო _ აძლევდა ბინებს, მანქანებს, კარგ ხელფასს.

თეოფილო სტივენსონმა ამერიკელთა შეთავაზებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ მილიონი დოლარი ვერ შეცვლიდა მილიონობით კუბელის სიყვარულს.

სტივენსონი 36 წლის იყო, როცა კარიერა დაასრულა. შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა კუბის კრივის ფედერაციას. ლეგენდარული ჩემპიონი მასტერკლასებს უტარებდა ახალგაზრდა მოკრივეებს, ეწეოდა კრივის პოპულარიზაციას, იყო კუბის დედაქალაქის საქალაქო საკრებულოს დეპუტატი.

თეოფილო სტივენსონი 2012 წელს 60 წლისა გარდაიცვალა, გულის შეტევით.

“მე მახსოვს ჩემი ყველა გამარჯვება. ყოველ ჯერზე ჩემი სულის ნაწილს ვტოვებდი რინგზე”, _ განაცხადა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლეგენდარულმა მოკრივემ.

თეოფილო სტივენსონის მიღწევები:

* ოლიმპიური თამაშების საგზის ჩემპიონი _ 1972, 1976, 1980;

* სამგზის მსოფლიო ჩემპიონი _ 1974, 1978, 1986;

* პანამერიკული თამაშების 2-გზის ჩემპიონი _ 1975, 1979.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here