Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ფიფია: “მითების დეტექტორი” არის დღევანდელი “დემოკრატიის”, ანუ ბანკირთა დიქტატურის ბუნებრივი ატრიბუტი,...

თემურ ფიფია: “მითების დეტექტორი” არის დღევანდელი “დემოკრატიის”, ანუ ბანკირთა დიქტატურის ბუნებრივი ატრიბუტი, საყოველთაო ცენზურის გამოვლინება

თემურ ფიფია

ვებპლატფორმამითების დეტექტორიდაფინანსებულია აშშის საერთაშორისო განვითარების ფონდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს თამარ კინწურაშვილი _ .. ლიბერალური ბომონდის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა. თამარ კინწურაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყოთავისუფლების ინსტიტუტისკომუნიკაციებისა და მედიაპროგრამების დირექტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობებისა და ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად ხელმძღვანელობს მედიის განვითარების ფონდს. ზემოხსენებული ვებპლატფორმა კომუნისტური პარტიის ლიდერ თემურ ფიფიას, რომელთანაც ინტერვიუ ონლაინგამოცემასაქართველო და მსოფლიომ” 1 დეკემბერს გამოაქვეყნა, ედავება შემდეგ მტკიცებებში: 1. საბჭოთა კავშირი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული; 2. სსრკის დაშლის შემდეგ საქართველომ განვითარების პერსპექტივა დაკარგა; 3. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მათ სოციალიზმის დაბრუნება სურთ. იყო თუ არა საბჭოთა კავშირი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია გვესაუბრება:

_ საბჭოთა კავშირი კაცობრიობის ისტორიაში პირველი სოციალურად ორიენტირებული ქვეყანა იყო, რომელმაც დედამიწის მეექვსედზე განახორციელა რადიკალური ცვლილებები მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. სსრკ იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც თავისი სიმდიდრეები დაუქვემდებარა საზოგადოების ინტერესებს. სწორედ სსრკ-ში მოხდა ქარხნებისა და ფაბრიკების, მიწისა და საბინაო ფონდის ნაციონალიზაცია და ამ სიმდიდრის სამართლიანი მართვა და გადანაწილება.

სოციალიზმის მონაპოვართა მართლაც შთამბეჭდავი სიიდან ბევრი პოზიციაა ისეთი, რომლებსაც დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა ბოლო ათწლეულებში მიაღწიეს, ხოლო საბჭოთა ქვეყანამ _ გასული საუკუნის 30-იან წლებში: 8-საათიანი სამუშაო დღე; ყოველწლიური 24-დღიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით; მშრომელთა ხელშეუხებლობა, როცა ადმინისტრაციას არ შეეძლო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება პარტიული კომიტეტის, პროფკომიტეტისა და, საერთოდ, კოლექტივის გარეშე; გარანტირებული ხელფასი, რომელიც აღემატებოდა საარსებო მინიმუმს; მძიმე და მაღალკვალიფიციური შრომის შესაბამისად მაღალი ანაზღაურება ათასგვარი დამატებითი შეღავათების გათვალისწინებით; უფასო, საყოველთაო საშუალო თუ უმაღლესი განათლება; ჯანდაცვის საუკეთესო საყოველთაო უფასო სისტემა; უფასო საცხოვრებელი ფართობი მუშაობის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით; პრაქტიკულად უფასო კომუნალური მომსახურება: ბუნებრივი აირი, ელექტროობა და წყალი (იაფ კომუნალურ სისტემას ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მხოლოდ ახლა მიაღწია); უფასო ბიბლიოთეკები ყველასთვის; უფასო საყოველთაო ფიზიკური კულტურა; სასამართლო, ყოველგვარი ბაჟისა და საფასურის გარეშე; ათასგვარი უფასო სამეცნიერო, კულტურულსაგანმანათლებლო თუ მხატვრული წრეები; ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ათასგვარი სამეცნიეროპოპულარული, ლიტერატურული და კულტურულსახელოვნებო გამოცემა; ამას დავუმატოთ უპრეცედენტო, მიზანმიმართული პოლიტიკა ქალთა ემანსიპაციის, ახალგაზრდა ოჯახების, საერთოდ, ახალგაზრდობის ხელისშეწყობის მიზნით.

რაც მთავარია, საბჭოთა სოციალისტური სისტემის პირობებში გვქონდა ყველაზე ძვირფასი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდი: ხვალინდელი დღისა და ერთმანეთის იმედი; ადამიანთა შორის ადამიანური, თბილი დამოკიდებულება. უკეთესი მომავლის მშენებლობის საერთო ფერხულში მონაწილეობდა მაღალი რანგის ინჟინერი თუ სახელმწიფო მოხელე, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ _ დარაჯი და დამლაგებელი. ორივე კატეგორიის ადამიანები თანასწორნი იყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვან ასპექტში და დაფასებული ერთნაირად. შეადარეთ იმჟამინდელი და დღევანდელი ბავშვების ოცნებები. საბჭოთა კავშირში ბავშვი ოცნებობდა ექიმობაზე, რათა სხვისთვის ემკურნალა, ინჟინრობაზე, რათა აეშენებინა, კოსმონავტობაზე _ კოსმოსში რომ გაჭრილიყოახლანდელმა ბავშვებმა რაზე უნდა იოცნებონ? ვინ ჰყავთ თვალწინ, მაგალითი რომ აიღონ და მის გზას დაადგნენ? დაუფასებელი ღარიბი მეცნიერები? ხუთ ადგილას მომუშავე ქანცგამოცლილი ექიმები თუ კოსმონავტები ჰყავთ თვალწინ? ან იქნებ დღევანდელი მოხტუნავე მომღერლები, შოუმენები, გაუმაძღარი ბიზნესმენები და ბანკირები, მატყუარა მინისტრები, პოლიტიკოსები დასლენგებითმოსაუბრე თავხედი ჟურნალისტები არიან მათთვის მაგალითი, რომელთა “ნაბუძუხუსაც” კი, _ გემრიელი მეგრული სიტყვაა, არ შემიცვალოთ, _ ვერ ნახავდით იმ სისტემის პირობებში?

_ კინწურაშვილისმითების დეტექტორიაღშფოთებულია თქვენი მოსაზრებით, რომ სსრკის დაშლასთან ერთად საქართველომ განვითარების პერსპექტივა დაკარგა. იქნებ მცდარია თქვენი ასეთი კატეგორიულობა?

_ 30 წელიწადი გავიდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ და კინწურაშვილმა მოიყვანოს ერთი მაგალითი მაინც, რა მიმართულებით გაასწრო ამჟამინდელმა საქართველომ საბჭოთა პერიოდის სოციალისტურ წინამორბედს. ჩვენ ყველა მიმართულებით უკუსვლა გვაქვს.

საბჭოთა კავშირის დანგრევასა და საქართველოს მისგან გამოყოფას მოჰყვა ორი ძირითადი უარყოფითი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის: პირველი _ საქართველოს ეკონომიკა გამოეყო დიდ სამეურნეო-ეკონომიკურ სისტემას, რომლის ორგანული ნაწილიც ის იყო. შესაბამისად, დაირღვა ეკონომიკური კავშირები, დაიკარგა ერთიანი ბაზარი და ასე შემდეგ.

მეორე _ მასობრივი პრივატიზების შედეგად დამკვიდრდა კერძო საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკის გეგმური განვითარება შეცვალა საბაზრო სტიქიამ. ამან დაარღვია დარგთაშორისი კავშირები, ტექნოლოგიური კავშირები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგები განზრახ გააჩერა კონკურენტმა უცხო კაპიტალმა. მაგალითად, ჩაის ქართული წარმოება გააჩერა ფირმამარტინ ბაუერმა”, რომელიც შემოვიდა ჩვენს ბაზარზე, ჩალის ფასად შეისყიდა ჩაის ფაბრიკები და 1-2 წელიწადში გააჩერა ისინი. ქართული მეღვინეობა, ბოლო წლებია, იბრუნებს პოზიციებს, სხვათა შორის, ყოფილ საბჭოთა ბაზარზე ხელახლა დამკვიდრების წყალობით და ესეც საბჭოთა პერიოდის დამსახურებაა, ისევე, როგორც “ბორჯომის” მიერ პოზიციების ხელახალი დაბრუნება და სხვა ცალკეული “გამონათებები”. ჩვენი ეკონომიკა შიდა ბაზარს ვერ ფლობს წესიერად, არათუ საგარეო ბაზარზე მოიკიდა ფეხი. არადა, “დემოკრატიული აღმშენებლობის” მთელი ეპოქა გავიდა _ 30 წელიწადი!

თავისუფალი ბაზარირეგვენთათვის მოგონილი ბლეფია. 2-3 კერძო მონოპოლიური დაჯგუფება ფლობს ეკონომიკის, საბანკოსაფინანსო და სოციალური მომსახურების ყველა სფეროს და ამ მონოპოლიური ჯგუფების (და არა მოსახლეობის) მოგების ინტერესების შესაბამისად გეგმავს ეკონომიკურ პროცესებს. შეხედეთ სახელმწიფო ბიუჯეტს ან აჭარის, თბილისის თუ ქუთაისის ბიუჯეტს, ყველა ეს ბიუჯეტი იგეგმება მონოპოლისტებისა და მათი მომსახურე შედარებით წვრილი ბიზნესების ინტერსების შესაბამისად…

მინისტრებისა და დეპუტატების კუთვნილი მსხვილი ბიზნესები მისხდომიან ბიუჯეტს და თქვლეფენ ღორებივით: ისინი იღებენ შეკვეთებს, ისინი ასრულებენ სამუშაოებს, თანაც უხარისხოდ, ისინი მდიდრდებიან ჩვენი ბიუჯეტით.

ციფრებს დავესესხები სპეციალისტებს, “დეტექტორმა” მითად რომ არ ჩამითვალოს ნათქვამი. აი, რას ამბობს მეცნიერ-ეკონომისტი გიორგი ხარშილაძე თავის სადისერტაციო ნაშრომში “საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები გარდამავალ პერიოდში”.

1990-იან წლებში “ინგრეოდა შემოსავლების სისტემა, კატასტროფულად იზრდებოდა დავალიანებები, რომელსაც დაერთო ჯერ სწრაფი, ხოლო შემდეგ ჰიპერინფლაცია, რომელმაც სახელმწიფო სექტორის მუშაკთა ხელფასები სიმბოლურად აქცია და მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარს დაბლა დასცა. 1990-1993 წლებში მშპ საშუალოდ წლიური 28%-ით მცირდებოდა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით მოსახლეობის ერთ სულზე იგი 4433 დოლარიდან 1437 დოლარამდე შემცირდა. 1995 წელს წარმოება 1990 წლის დონესთან შედარებით 78%-ით შემცირდა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა “დიდი დეპრესიის” პერიოდში აშშ-ში წარმოების “დაცემის დონეს”. სხვათა შორის, საქართველოში ეკონომიკის შემცირება ყველაზე მასშტაბური იყო მთელ პოსტსოციალისტურ სივრცეში.

2000-იან წლებში გვქონდა ერთგვარი ეკონომიკური “გამოცოცხლება”. ახალგაზრდა და ენერგიული სააკაშვილის “დამსახურება” არის ის, რომ მან “დამკვრელურად” შექმნა და გამართა ოლიგარქიულ-მონოპოლისტური სისტემა და სწრაფად მიიყვანა პროცესები ლოგიკურ დასასრულამდე. შემოიღეს ახალი საგადასახადო სისტემა, შეცვალეს ბიუჯეტის შევსების სისტემა, მკვეთრად გაიაფდა ადგილობრივი სამუშაო ძალა. სააკაშვილმა დაასრულა საქართველოში არსებული ყველა სახის სიმდიდრის ცენტრალიზაციისა და მონოპოლიზაციის პროცესი.

_ იქნებ ამიტომაც აცხადებს მითადმითების დეტექტორიამჟამინდელი საქართველოს უპერსპექტივობას?

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ კაპიტალისტური ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომელსაც წინსვლის რესურსი არ აქვს. ამ სისტემამ ამოწურა თავისი თავი დასავლეთის განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი. სააკაშვილის ხელისუფლების კრიზისის ძირითადი მიზეზიც ეს იყო. წინსვლა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ეს სისტემები, რომლებსაც მართავს რამდენიმე მცირე ჯგუფი თავისი ჯგუფური ინტერესების შესაბამისად, გადავა საზოგადოების განკარგულებაში და საზოგადოება დაიწყებს მის მართვას ყველა ადამიანის ინტერესების შესაბამისად.

ვაფრთხილებ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მხარს უჭერს “ვარდებიან” რევანშს: ქვეყნის მმართველობის სათავეში ამჟამად მყოფი ბანდის სააკაშვილის ბანდით ჩანაცვლებით არაფერი შეიცვლება. მიშა ვერ გვიშველის, სიდუხჭირე და კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

2003-2010 წლებში 4280 ობიექტის პრივატიზაცია მოხდა, მიღებულმა შემოსავალმა 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ობიექტების პრივატიზება მოხდა შემცირებული ფასებით, ასე რომ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთგვარი ეკონომიკური აღმავლობა მოხდა არა მხოლოდ კაპიტალიზმის “მოწესრიგების”, არამედ ხალხის სიმდიდრის გაყიდვის ხარჯზეც.

2006 წელს მიიღეს შრომის ახალი კოდექსი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე უუფლებო მშრომელებად გვაქცია. საქართველოს შრომის კოდექსი ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებს, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპის სოციალურ ქარტიას. სწორედ ამიტომ ჩავარდა გაუსაძლის მდგომარეობაში საქართველოს მშრომელთა უდიდესი ნაწილი. არა მგონია, “დეტექტორმა” მითად გამოაცხადოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამომთვლელი საერთაშორისო სტრუქტურის ეს დასკვნა. “მითების დეტექტორი”, რომელიც ემსახურება სოციალიზმისა და საბჭოთა ეპოქის ნამდვილი სახის დამახინჯებას, არის დღევანდელი “დემოკრატიის”, ანუ ბანკირთა დიქტატურის ბუნებრივი ატრიბუტი, საყოველთაო ცენზურის გამოვლინება. ის არის ოლიგარქიულ-საბანკო ხელისუფლებისა და მისი მოკავშირე ბიზნესმენების ხელში არსებული კლასობრივი იარაღი, მიმართული თავისუფალი აზრის წინააღმდეგ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here