საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომ საქართველო 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა იავარქმნეს დედაქალაქის ცენტრალური უბანი _ დააზიანეს პარლამენტის შენობა, ინფრასტრუქტურა, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, გადაწვეს რუსთაველის გამზირი, ქვებით, პიროტექნიკითა და ,,მოლოტოვის კოქტეილებით” დააზიანეს სამართალდამცველები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. ახლახან საქართველოს მოქალაქეები აღმაშფოთებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით: აქციების ორგანიზატორებმა და პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს, რათა მათ ზურგს ამოფარებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში.
3 დეკემბერს პრემიერმა კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც ფაშისტები უწოდა, ე.წ. მაიდნის მეოთხე მცდელობა ჩაუვარდათ.
ჩავარდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და დასრულდება თუ არა მშვიდობიანად ქუჩის აქციები, გვესაუბრება ეკონომიკის მეციერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი პარლამენტარი თემურ მაისურაძე:
_ ქართველი საზოგადოება მოწმეა ძალადობისა, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. აღმაშფოთებელია ის, რომ სკოლის მოსწავლეებზე ძალადობდნენ და აქციებზე გაჰყავდათ. ეს პროცესი კვლავ გრძელდება, ყველაფრის მიუხედავად, მინიმალური ძალა იყო გამოყენებული პროტესტანტების წინააღმდეგ, რაც კარგია, რადგან გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა მიეცათ. საბოლოოდ კი ენერგია მალე გამოელევათ.
სახელმწიფო ძლიერია, ის შეტევებს გაუძლებს და ყველას დაანახვებს, რომ წკიპურტები ვერაფერს დააკლებს, შესაბამისად, ჰუმანურის სახელსაც მოიხვეჭს.
სახელმწიფოს ხელშია ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს მომიტინგეთა ძალადობის მცდელობებს. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი ჩანაწერები, რომლებშიც, პიროტექნიკის ნაცვლად, ,,ლიმონკას” ითხოვენ ვითარების გასამწვავებლად. ეს ჩანაწერები აქვს ხელისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვითარებას აკონტროლებს და ძლიერია. შესაძლოა, მოძალადე ადამიანები უკვე დაპატიმრებულნი არიან ან დაკითხულები, შემდეგ დამუშავებულები და გამოშვებულნი…
მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ყველა მტკიცებულებას მოვიპოვებდი, დასაჭერს დავიჭერდი და ამას კანონის ფარგლებში გავაკეთებდი, მაგრამ ყველა მმართველს თავისი მეთოდი აქვს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ახლანდელ ხელისუფლებას თავისი მეთოდი აქვს. ვითარება ასეთია: საერთაშორისო დონეზე წარადგენენ ფაქტებს, ნაჩვენები იქნება, როგორ იქცეოდნენ მომიტინგეები და როგორი ჰუმანური იყო სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურა დასავლელი ძალოვანებისგან განსხვავებით
_ პრემიერმა განაცხადა, რომ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც ფაშისტებიც კი უწოდა, მეოთხედ ჩაუვარდათ მაიდნის მცდელობა, მაგრამ ჩავარდანას რას უწოდებს, ძნელი გასაგებია, რადგან ქუჩის აქციები გრძელდება და არა მხოლოდ თბილისში, არამედ თითქმის ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში. მომიტინგეები ბავშვების ზურგს არიან ამოფარებულები, რაც ვითარებას უფრო ამძიმებს…
_ კობახიძის ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება მომგებიან მდგომარეობაშია, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ნერვიულობენ და დასრულებულად თვლიან ოპოზიციის მცდელობებს, გაართულონ ვითარება, მაგრამ არის მოგება, როდესაც ზარალს ნახულობ და არის მოგება, როდესაც მშრალად გამოდიხარ. მე მშრალად, ნაკლები ზარალით გამოსვლას ვამჯობინებდი არსებული ვითარებიდან.
სახელმწიფომ, ჩემი აზრით, აქციების ორგანიზატორებს უნდა დააკისროს ზარალის ანაზღაურება, თავის მხრივ, ორგანიზატორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ყველა პარტია, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ, სახელმწიფოსგან ფინანსდება, სახელმწიფომ მათ უნდა დაუქვითოს თანხა და ზარალი აანაზღაურებინოს, თუკი წინააღმდეგი წავლენ, ორმაგი ჯარიმა უნდა დაეკისროთ: ერთი _ ზარალის გამოწვევისთვის, მეორე _ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისთვის. ეს გასაკეთებელია, რადგან სახელმწიფო ქონებას ანადგურებენ. ასეთი გადაწყვეტილება ბევრ პოლიტიკოსს დააფიქრებდა…
სახელმწიფო რთული მანქანაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდე, როგორ მუშაობს ეს მანქანა, რა შესაძლებლობები აქვს და შენ რისი გამოყენება შეგიძლია. ეს არის მმართველის სიძლიერე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მმართველებმა ის მეთოდი აირჩიეს, რომელსაც ვუყურებთ _ ლოიალობისა და ჰუმანურობის…
_ აქციებზე ისეთი ადამიანები გამოვიდნენ, რომელთა იქ დგომას ვერც კი წარმოვიდგენდი, და ეს იძლევა შიშის საფუძველს, რომ შესაძლოა, დაგეგმილი მაიდანი მართლაც განხორციელდეს…
_ არა, არაფერი მოხდება, ღმერთმა დაგვიფაროს და, არც მსხვერპლი არ იქნება, რადგან იმ დესტრუქციულმა ძალებმაც იციან, რომ მათთვის უარყოფითად შემობრუნდება ყველაფერი. ისე, დადებითი მხარეც აქვს ამ მიტინგებს. თქვენ თქვით, ის ადამიანები დგანან, რომელთა იქ დგომას ვერც კი წარმოვიდგენდიო. სწორედ ეს არის კარგი, რადგან ამ ადამიანებს ვერასოდეს გავაშიშვლებდით; ვერ გავიგებდით, საქართველოს რამდენი მოძულე ჰყავდა საჯარო სექტორში, გესმით, თქვენ, საჯარო სექტორში! იქ, სადაც სახელმწიფოსთვის უნდა იღვწოდნენ, მტრები გვყავდა. იყვნენ ნაციონალების ნარჩენები, მაგრამ იყვნენ ,,ქართული ოცნების” წევრები, ნაგავი სულის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. სახელმწიფო სამსახურში პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ, ისინი არც ერთ პარტიაში არ უნდა იყვნენ, სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ, სამწუხაროდ, ასე არ იყო და იმედია, ეს ლუსტრაცია წაადგება მმართველებს და ამ ფაქტს მომავალში გაითვალისწინებენ.
_ შესაძლოა, მიტინგების ტალღა ჩაცხრეს, მაგრამ 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას და, ალბათ, კიდევ მოგვიწევს ალიაქოთის გადატანა…
_ ამ პრეზიდენტად წოდებული დედაკაცის ავტორიტეტი ნულის ტოლია. ის ვაჭრობს არჩევნებითა და ევროპით; მოსახლეობას მოუწოდებს, თუ მხარს დამიჭერთ, მე გადავარჩენ ევროპულ კურსსო. ეს სიბინძურეა. ის ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, მხარდაჭერა არ ექნება, მას საიქიოდან ჯანრი კაშიაც კი არ მისცემს ხმას.
ზურაბიშვილს თანამდებობა ვერ გადაარჩენს, ფეხები თუ გაფშიკა და შენობიდან არ გამოვა, სამარცხვინოდ გამოიყვანენ სასახლიდან. როდესაც ვამბობდი, ზურაბიშვილი ფეხებს გაფშეკს და არ გამოვა სასახლიდან-მეთქი, არავინ მიჯერებდა. ისე, სიმართლე გითხრათ, მეც შევცდი, არ მეგონა, თუ დასაბმელ გიჟად გადაიქცეოდა ფრანგი დედაკაცი.
არ ვნერვიულობ მიმდინარე პროცესებზე, რადგან ძალთა ბალანსში დიდი სხვაობაა, ქუჩაში მილევადი ენერგიაა. შეიძლება ამ ყველაფერმა სახელმწიფოს იმიჯი გარკვეულწილად დააზიანოს, მაგრამ არა უშავს… ახალი წელი ვიზეიმოთ. ახალი წლის შემდეგ არაფერი მოხდება, რადგან ყველა დაელოდება ამერიკაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. მსოფლიოს გადატვირთვა 20 იანვრიდან დაიწყება და მთავარი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები იქნება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი