ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”, რომელიც კულტურულ–სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, ხელს უწყობს თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის მიღწევების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოში და კულტურათა დაახლოებას.
ამ დღეებში საქართველოს კულტურის ფონდთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმთან ერთად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება ორი მეგობარი ქვეყნის _ საქართველოსა და აზერბაიჯანის _ სახალხო მხატვრების: მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ქანდაკებების ფოტოგამოფენა.
მერაბ მერაბიშვილი დაიბადა თბილისში, 1931 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. აქტიურად დაიწყო მუშაობა 1959 წლიდან, სამხატვრო აკადემიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ. 1961 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალი. ამავე წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად, 1978 წლიდან _ პროფესორად; 1991-2004 წლებში იყო ხატვის კათედრის გამგე. მონაწილეობდა და გაიმარჯვა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში. 1970-იან წლებში გაიმარჯვა მოსკოვში, ზელენოგრადის რაიონში, ლენინის ძეგლის დასადგმელად გამოცხადებულ საკავშირო (საბჭოთა კავშირი) კონკურსში. 1974 წელს კი მერაბ მერაბიშვილი ბულგარეთში დაჯილდოვდა გ. დიმიტროვის ოქროს მედლით. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
მერაბ მერაბიშვილი 1988 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრია, 1996 წლიდან კი _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2001 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით. 2002 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა. მოქანდაკის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნამუშევართა რიგს განეკუთვნება: ალექსანდრე გრიბოედოვი (თბილისი, 1961), ერეკლე II (თელავი, 1971), პეტრე ბაგრატიონი (თბილისი, 1984; მოსკოვი, 1999), შოთა რუსთაველი (კოტე მერაბიშვილთან ერთად, ბუდაპეშტი, 2011).
ომარ ელდაროვი დაიბადა დერბენტში, 1927 წელს. 1951 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი. 1946 წლიდან მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. 1962 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით, 1982 წელს კი _ აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით ბაქოში პროკოფი ჯაფარიძის მონუმენტის დადგმისთვის; ამავე წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება. 1995-2000 წლებში იგი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი იყო. მოქანდაკე რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრია 1988 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან _ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ამავე წლიდან ომარ ელდაროვი აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორია. ომარ ელდაროვი დაჯილდოებულია ჰეიდარ ალიევის პრიზით, აზერბაიჯანის დიდების ორდენითა და სხვა ჯილდოებით. მისი განსაკუთრებით ცნობილი ნამუშევრებია: ნათავანი, ფიზული, ნიაზი, მაჰათმა განდი, ჰუსეინ ჯავიდი.
მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ქანდაკებების ფოტოვერსიების ერთ საგამოფენო სივრცეში ექსპონირება მრავალი პარამეტრით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. გამოფენის მიზანია ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა შემოქმედების პროპაგანდა, ქართველ მხატვართა ნამუშევრების აზერბაიჯანში წარდგენის ხელშეწყობა, საზოგადოების მეტად ჩართვა აღნიშნულ პროცესებში, რაც, თავის მხრივ, ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი გამოფენები ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო კონტაქტების განმტკიცებას, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე მიღწევების პროპაგანდას, სხვა ხალხთა კულტურებთან დაახლოებას და მათი მიღწევების ჩვენებას საქართველოში, შემოქმედებითი ინოვაციების, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მხარდაჭერას…
ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნება 16 ივნისს, 17 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ექსპოზიცია ერთ კვირას გაგრძელდება.
ზურაბ ოიკაშვილი