Home რუბრიკები საზოგადოება “თბილისის უბნებში გიურზები გამოჩნდნენ”

“თბილისის უბნებში გიურზები გამოჩნდნენ”

რატომ გავრცელდა დედაქალაქში დეზინფორმაცია?

2109
გიურზა

ცოტა ხნის წინათ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე უბანში სხვა ქვეწარმავლებთან ერთად გიურზებიც გამოჩნდნენ, რაც მოსახლეობის პანიკის საფუძველი გახდა. “საქართველო და მსოფლიომამ მოარული ხმების თაობაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს თბილისში საკმაოდ გახშირდა. მომრავლდა თუ არა თბილისში ქვეწარმავლები, რამდენად სახიფათონი არიან ისინი ადამიანის სიცოცხლისთვის და რა უნდა ვიცოდეთ თუ გველმა გვიკბინა, “საქართველო და მსოფლიოსცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰეპერტოლოგი შოთა ზანდუკელი ესაუბრება.

_ სრული სიცრუეა ის, რომ თითქოს მედიასაშუალებებს მე მივაწოდე ინფორმაცია, თბილისის ზოგიერთ უბანში გიურზები გამოჩდნენო. მსგავსი რამ არც ერთ ჟურნალისტთან არ მითქვამს. რაც შეეხება რეალობას, დედაქალაქში ყოველწლიურად იწყებენ საუბარს, რომ მომრავლდნენ ქვეწარმავლები, რომ ქალაქშისასწაული ხდება”, მაგრამ ის, რომ ქვეწარმავლები აქაიქ გამოჩნდებიან, ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, ბუნებრივია, პანიკას იწვევს. შარშანდელთან შედარებით გამოძახებები თითქმის იმდენივეა, მაგრამ ოპერატიული შეტყობინების წყალობით წელს მაისში შარშანდელზე 40 გველით მეტი დავიჭირეთ.

_ თბილისის უბნებში დაჭერილი გველები სახიფათონი არიან ადამიანის სიცოცხლისთვის?

_ თბილისის ტერიტორიაზე 15 სახეობის გველს შეიძლება შევხვდეთ, მე-16 არის გველხოკერა. ამ სახეობებიდან შხამიანი მხოლოდ გიურზაა, დანარჩენები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და დაკბენის შემთხვევაშიც პაციენტს არ სჭირდება სამედიცინო პროცედურების ჩატარება.

_ რა უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ გველები საცხოვრებელ კორპუსებთან ან სახლის ეზოში არ მოხვდნენ?

_ ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ. ეზო უნდა იყოს მოთიბული, დასუფთავებული, არ უნდა იყოს ახლოს სამშენებლო მასალის ნარჩენები დაყრილი და ეს მარტივი პრევენციული ღონისძიებები მეტ დაცულობას მოგვანიჭებს.

_ თუ გადავეყარეთ გველს, როგორ დავიცვათ თავი?

_ აუცილებლად უნდა დაიხიოთ უკან და არავითარ შემთხვევაში არ გადაადგილდეთ მისი მიმართულებით. ის თვითნებურად არ დაესხმება თავს ადამიანს და არც არაფერს დაუშავებს. შემდეგ აუცილებლად დარეკეთ 112-ში.

_ გველის მიერ დაკბენის შემთხვევაში, როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ადამიანს ან საკუთარ თავს?

_ ეცადეთ, დამშვიდდეთ და არ ჩავარდეთ პანიკაში, რათა სისხლმა აჩქარებით არ დაიწყოს მოძრაობა. არც ერთ შემთხვევაში არ დაიდოთ ლახტი; ეცადეთ, რომ დაწვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაელოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ამის შემდეგ მედიკოსები დაადგენენ, რომელი სახეობის გველის ნაკბენია და საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. თვითნებური მკურნალობა ყოვლად დაუშვებელია. დაკბენილმა ადამიანმა უნდა დალიოს ბევრი წყალი და არავითარ შემთხვევაში გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელი.

ესაუბრა სოფო კაკაჩია

P.S. შარშან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა 438 გველი დაიჭირეს. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მათ ბუნებრივ არეალში აბრუნებს _ ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე, იქ, სადაც შესაბამისი სახეობის გველები ბინადრობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here