დადგა ახალი წელი, მაგრამ… ერთხელ კიდევ ველოდებით მის დადგომას. ახლა შუაში ვართ. სამოქალაქო კალენდრით ერთი კვირაა, რაც ვიზეიმეთ 2025-ის დადგომა, საეკლესიო კალენდრით კი ჯერ კიდევ ველოდებით მას. საბჭოთა პერიოდში საზოგადოების წინაშე არ იდგა შეკითხვა: რატომ აღნიშნავენ ახალ წელს და ქრისტეშობას ორჯერ? ახლა ბევრს აწუხებს ეს შეკითხვა. იმხანად ესმოდათ, რა არის სხვადასხვა კალენდარი და სად იღებს სათავეს ეს გაორება. ახლა არ ესმით. განათლების დონე ისე დაეცა, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა არათუ არ იცის ორი კალენდრის ისტორია და ფილოსოფია, ახსნის შემდეგაც ვერ იგებს, თუ რამ გამოიწვია თარიღთა ეს გაორება. მძიმე ვითარებაა, მაგრამ დავანებოთ თავი კალენდარს.
ორკვირიანი აღნიშვნა-ქეიფები და გაუთავებელი მილოცვა-მოლოცვებიც კარგია, მაგრამ არც შობის დღესასწაული და არც ახალი წელი, ორჯერ კი არა, ოცჯერაც რომ აღვნიშნოთ, არაფრის მომტანი არ არის. ახალი წელი მაშინ არის კარგი, თუ იგი სულიერი და ეკონომიკური გაჯანსაღების, ტერიტორიული და ცნობიერი გამთლიანების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების ათვლის წერტილია. რელიგიური დღესასაწაული კი, რა ზომის სანთლებიც უნდა დავანთოთ და რამდენიც ვიწეროთ პირჯვარი, ჭეშმარიტი მონანიებისა და თავდადრეკის გარეშე არაფერს მოგვცემს, გარდა ფარისევლობის ცოდვისა.
წარსულს ვსწავლობთ? დასკვნებს ვაკეთებთ? ერთი კი არა, ოცდათხუთმეტი წელიწადი გვაქვს გასაანალიზებელი. შეკითხვებს თავი მოუყრია და პასუხებს ითხოვს: რა ვირწმუნეთ? რა ვარსკვლავს შევხარით? ვის დავუჯერეთ? ვის ვეთაყვანეთ? ვინ მოგვატყუა? სად შევცდით? რა გვაქვს შესაცვლელი? ორი საუკუნის წინათ დასმული დიაგნოზი – ”მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი” (ილია), კვლავაც დიაგნოზად რჩება?
შეკითხვა ბევრია, პასუხი – არც ერთი. უფრო ზუსტად პასუხსაც ბევრს მოისმენთ, მაგრამ სწორი პასუხი არ ისმის არსაიდან. სწორი პასუხი რომ ისმოდეს კიდეც, ვინ არის მომსმენი ან ვინ არის გამგები? ეს დაშლილი, ”გათითოკაცებული” (ჭაბუა) ერი, რომელიც, ოცდათხუთმეტი წელიწადია, უკუღმა აზროვნებს, წაღმა ნათქვამის გამგებია?
შიგნით როდესაც ერთმანეთის არ გვესმის, იმის გამგები ვინ უნდა იყოს, გარეთ რა ხდება, რა პროცესები ვითარდება და ხვალ რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით?! რომ აგვიჩემებია ნატო და ევროკავშირი, ისიც ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ერთიც და მეორეც ერთპოლუსიანი მსოფლიოს რუდიმენტებია, რომლებსაც ყავლი გაუვიდა და, ხვალ იქნება თუ ზეგ, ისტორიის კუთვნილებად იქცევა?! უკრაინაში მიმდინარე ომიც იმ ერთპოლუსიანი მსოფლიოს კუდის მოქნევაა, რომელშიც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო აშშ-ის ჰეგემონია. ამერიკული სპეცსამსახურების ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მაგრამ ამით გაბოროტებულებმა რუსეთს, მისი დაჩოქების მიზნით, უკრაინასთან ომი მოახვიეს თავს, რომელიც საბოლოოდ მსოფლიოში არსებული სამხედრო ბალანსის რღვევისა და აშშ-ის ერთპიროვნული გაბატონებისკენ იყო მიმართული. რა გამოვიდა ამით? მსოფლიოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდა ბირთვული კატასტროფის საფრთხე, უკრაინა კი შეეწირა ნატოსკენ უპასუხისმგებლო სწრაფვას (უპასუხისმგებლობაა, როდესაც მიზანს ისე ისახავ, რომ შედეგზე არ ფიქრობ). ჩვენ, ქართველებმა, რა ვისწავლეთ ამ საშინელი მაგალითისგან? ჯერჯერობით არაფერი! სხვისი მაგალითისგან რა უნდა გვესწავლა, როდესაც საკუთარმა ვერ გვასწავლა რამე (2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ვგულისხმობ)?!
ახლა ისიც ვნახოთ, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ მიტინგებზე გატარებულმა ოცდათხუტმეტმა წელიწადმა რა გვასწავლა? პასუხი აქაც იგივეა – არაფერი! ისევ ხმაური, ისევ ყაყანი, ისევ შემართული მუშტები და ”ჯოს” ძახილი. ადრე წესრიგს მაინც ვიცავდით, არაფერს ვამტვრევდით, არაფერს ვაფუჭებდით; ახლა ვანგრევთ, ვწვავთ, ვანადგურებთ, სახე წაგვეშალა, შინაარსი დავკარგეთ, ღმერთს ზურგი ვაქციეთ და სატანას დავემსგავსეთ; ყველა არა, ცხადია, ნაწილი მხოლოდ, მაგრამ ჩვენია ეს ნაწილიც. ამ ნაწილის გადაგვარება რაკი შეძლეს, დანარჩენსაც გადააგვარებენ, დროზე თუ არ ვუშველეთ თავს და არ ვუმკურნალეთ სენს, რომელიც მომძლავრდა, მოღონიერდა და ფესვები გაიდგა.
ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომელიც სასაყვედურო ინტონაციებმა არ უნდა დაგვავიწყოს. ეს მეორე მხარე დადებითია. ჯერჯერობით მყარად ვდგავართ და ვუძლებთ შემოტევებს:
* ომისკენ გვექაჩებიან, მაგრამ მშვიდობას ვინარჩუნებთ;
* სუვერენიტეტს გვართმევენ, მაგრამ ვუძალიანდებით;
* ქვეყნის შიგნით შავი ფულით აფინანსებენ ”მეხუთე კოლონას”, მაგრამ, მიუხედავად უმძიმესი წნეხისა, მის შემზღუდველ კანონებს ვიღებთ;
* გარყვნილებას გვიქადაგებენ, მაგრამ მოზარდების ფსიქიკას შესაბამისი კანონებით ვიცავთ;
* სახელმწიფო გადატრიალებას გვიმზადებენ, მაგრამ არ ვნებდებით.
ხელისუფლება და მმართველი პარტია აკეთებს ამას, თუმცა, ხალხი რომ არ უმაგრებდეს ზურგს, მთავრობა ამდენს ვერ გაუძლებდა. ეს კარგია, მისასალმებელია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე სოციალური ფონისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით ფენათა მკვეთრი დიფერენცირების ვითარებაში მდიდართა პარლამენტი ღარიბთა სულისკვეთების გამომხატველი ვერ იქნება და ხალხის მხარდაჭერის შენარჩუნება გართულდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა დასავლეთის აგენტურის მიმართ გამოხატული უნდობლობა უფროა, ვიდრე ნამდვილი მსოფლმხედველობრივი ერთობა. კარგია და საიმედოა, რომ თუნდაც ამ თვალსაზრისით ერთობის გარკვეული პლატფორმა არსებობს, მაგრამ საზოგადოებრივი ცნობიერების ჭეშმარიტ გამთლიანებაზე ფიქრი ნაადრევია. ეს მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობის შესახებ ყავლგასული ლოზუნგები (სხვათა შორის, კონსტიტუციაში აბსურდული ჩანაწერით განმტკიცებული) ოფიციალურად იქნება უარყოფილი და საქართველოს ადგილი ახალი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში მეცნიერულად იქნება გააზრებული. ხალხი, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, პოლიტიკური ილუზიებიდან შედარებით მალე გამოდის და გაცნობიერებულ რეალობაში დაბრუნების სურვილი უჩნდება.
ქრისტეშობისა და ახალი წლის დღეები მოლოცვისა და დალოცვის დროა, მაგრამ მოძველდა ჯანმრთელობის, წარმატების, სიმდიდრისა და სიუხვის ყალბი სურვილებით ერთმანეთის წინაშე ადამიანური ვალის მოხდის ჩვევა თუ ტრადიცია. თავისით არაფერი მოვა (არც ახალი წელი, რომლის დადგომასაც ასეთი ზარ-ზეიმით ვეგებებით, და არც ქრისტე, რომლის შობის დღესასაწაული ასე გვახარებს, გამოგვიგზავნის რამეს), ყველაფერს მოპოვება უნდა, შრომა უნდა, შექმნა უნდა, შემოქმედება უნდა, რაც მთავარია, გონება და აზროვნება უნდა.
ქრისტეშობისა და ახალი წლის ლამაზ დღესასწაულებს გილოცავთ!
ეროვნული გონების განათებასა და ქართული აზროვნების გაჯანსაღებას გისურვებთ!
ვალერი კვარაცხელია