Home ახალი ამბები საქართველო თაობა გვეღუპება _ ეს ნათლად წარმოაჩინა მიმდინარე აქციებმა  

თაობა გვეღუპება _ ეს ნათლად წარმოაჩინა მიმდინარე აქციებმა  

არაერთხელ დავწერეთ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო, არასრულწლოვანთა  შესახებ  კანონი გაემკაცრებინა და მიდგომა შეეცვალა. მეტიც, პარლამენტი ვალდებულია, მოქალაქეები სწორედ არასრულწლოვანთა თარეშისგან დაიცვას, რადგან დანაშაულთა უდიდესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.

„არასრულწლოვანმა იცის, რომ ციხეში ვერ ჩავსვამთ, ამიტომ თავისუფლად მოქმედებს და დაკავების შემდეგ სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდება, მათ ხელწერილის საფუძველზე ვუშვებთ და არიან არასრულწლოვანები, რომლებსაც ათეულობით ასეთი ხელწერილი აქვთ დაწერილი“, – შემოგვჩივლა ერთხელ პოლიციის თანამშრომელმა. მართლაც, არასრულწლოვანები ამტვრევენ ვიტრინებს, იპარავენ ტექნიკას ან პროდუქტს, სიგარეტს, მერე ამ ყველაფერს იაფად  ყიდიან და მეორე ღამეს ისევ „საშოვარზე“ გადიან. რატომღაც გვგონია, რომ არასრულწლოვანთა რეალური პრობლემა ხელისუფლებამ სწორედ ამ აქციების მიმდინარეობისას დაინახა, როცა ოპოზიციამ იმდენი მოახერხა, რომ წინა პლანზე სწორედ ისინი გამოიყვანა და არწმუნებდა, რომ მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ და, რაც არ უნდა ჩაედინათ, ძალოვნები „ფეხებსაც ვერ მოსჭამდნენ“.

ჰოდა, როგორც იქნა, პარლამენტმა კანონი გაამკაცრა, მაგრამ არა ისე, როგორც ვისურვებდით…  ახალი კანონის მიხედვით, არასრულწლოვნის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მშობელი ან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილებებიც შევიდა. ყველაზე მნიშვნელოვანს აქვე მოგახსენებთ:

* ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა  50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა;

 * შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში – 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე;

 * პასუხისმგებლობა გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეფერხებაზე. აქამდე მხოლოდ 1000-ლარიანი ჯარიმა იყო, ახლა კი, ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობის ერთი წლით ჩამორთმევაც შევიდა ძალაში;

* სხვადასხვა წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი ქმედება ჯარიმას 3000 ლარამდე გაზრდის…

ჩვენი აზრით, არასრულწლოვნის დაუმორჩილებლობისთვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმება ცოტაა და ახლავე აგიხსნით, რატომ: ჯერ ერთი, არასრულწლოვანი ღამის 2 – 3 საათზე აქციაზე რომ დგას, უკვე დანაშაულია და ამისთვის მშობელმა პასუხი უნდა აგოს; მეორე – როცა იგივე არასრულწლოვანი სამართალდამცველებს  „მოლოტივოს კოქტეილს“, ქვას, ბოთლს, პიროტექნიკას ესვრის, 300-ლარიანი ჯარიმა სასაცილოა. გვერწმუნეთ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ 300 ლარს იქვე, აქციაზევე მისცემს არასრულწლოვანს და წააქეზებს: შენ ოღონდ ეგ გააკეთე და აგერ ჯარიმის ფულიო. აუცილებელია, რომ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი დაისაჯოს არასრულწლოვნის აქციაზე წაყვანისთვის. აქციაში საპროტესტო გამოსვლას ვგულისხმობთ, სადაც არსებობს საშიშროება, რომ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდეს, სადაც იმის შანსია, რომ ბავშვი დაზიანდეს, ხოლო მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მაინც არასრულწლოვანთან ერთად მიდის, რისკავს და რისკავს არა საკუთარს, არამედ მის სიცოცხლეს.

რაც შეეხება თანხების სიმცირეს…

ახლახან შევიტყვეთ, რომ „მთავარ არხზე“ მუშაობის პერიოდში ნიკა გვარამიას ყოველთვიური ჯამაგირი 88 500 ლარი ყოფილა (როგორც გვითხრეს, ახლა ამ ჯამაგირს არხზე გვარამიას ოფიციალური წარმომადგენელი, ანუ მისი მეუღლე იღებს). ჰოდა, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გააპროტესტა: ამხელა თანხას რომ იღებს გვარამია, ჩვენ კი, 800 და 1000-ლარიანი ხელფასების მქონე ახალგაზრდებს, გვაქეზებს, აჯანყდით, გაიფიცეთო, არ არის მართებულიო. ამის გამო ის ახალგაზრდა კინაღამ ჩაქოლეს: როგორ გაბედე და „წმინდა ნიკაზე“ რაიმე ცუდი თქვი და პრეტენზია გაგიჩნდაო. ცალკე თემა იყო „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მეწილის განცხადება, არ შეიძლება ახალგაზრდებს მომავალი მოუკლაო და ამ დროს მთელი საქართველოს მასშტაბით „ორ ნაბიჯს“ თანამშრომლების პრობლემა აქვს, რადგან თანამშრომლებს მათხოვრულ ხელფასს უხდიან და, რაც მთავარია, მოლარედ მისულ ახლაგაზრდას დახლების დალაგება, პროდუქციის მიღება, დასუფთავება და მტვირთავობა ევალება, დამატებით კი  არავინ არაფერს უნაზღაურებს. ჰოდა, ეს კაცი რომ ჭკუას გვარიგებს, ცოტა უხერხულიც კი არის, მაგრამ რა დროს უხერხულობაა, როცა გვარამიას პრემიერობის ბედი წყდება. ჰო, ბატონი ნიკა ბრიყვი არ გეგონოთ. ბევრმა თქვა, „ახალს“ იმიტომ მივეცი ხმა, რომ გვარამია არ ჰყავდათ სიაშიო.  რეალურად, ის იმიტომ არ იყო სიაში, რომ დღემდე პრემიერობაზე აქვს პრეტენზია და, რამე რომ შეიცვალოს,  ამ პოსტს არავის დაუთმობს, რადგან… მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი უკვე თავადაა და არა გვარამიას გამზრდელი (აქ სხვანაირადაც შეიძლებოდა გაგრძელება) მიხეილ სააკაშვილი.

სხვათა შორის, არასრულწლოვნების მიმართ ასეთი სირბილე დასავლეთის მოთხოვნა იყო და, როცა აღნიშნულ კანონს ამტკიცებდნენ, მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რა ბომბს გვიმზადებდნენ ჩვენი „სტრატეგიული მეგობრები“. ზუსტად ასეთივეა  კანონი ნარკოლიბერალიზაციის შესახებ და, თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ დასავლეთს კანონების ასეთი სირბილე არ მოუთხოვია მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან იმხანად ნებისმიერი, ვინც პროტესტს გამოხატავდა, გისოსებს მიღმა უნდა მოხვედრილიყო. დღემდე რომელიმე ევროპელ ლიდერს  გახსენებია ან გაუპროტესტებია ის, რომ ნაციონალების ზეობის პერიოდში ციხეებში 23 ათასზე მეტი პატიმარი იჯდა და 300 ათასზე მეტ ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდა? ვინმეს გაუპროტესტებია ის, რომ სააკაშვილმა მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, ქართველი ერი მენტალობით კრიმინალიაო? არა, რადგან მიშა მათი ყურმოჭრილი ყმა იყო და ამ ყმობისთვის ყველაფრის უფლება ჰქონდა. მას უფლება ჰქონდა, ადამიანები, რომლებიც არ მოსწონდა, უბრალოდ, დაეხოცა და ამას წარმატებით აკეთებდა კიდეც…

ისევ კანონის გამკაცრებას მივუბრუნდეთ. აქციებზე ათეულობით ელექტროსკუტერი დაწვეს და მათ მფლობელ კომპანიებს კომპენსაციას არავინ გადაუხდის. ვთქვათ, დააკავეს რომელიმე არასრულწლოვანი და ამის გამო პასუხი მოსთხოვეს, მშობელს ან მეურვეს 300 ლარი (კანონით გათვალისწინებული მაქსიმუმი) დააკისრეს, კომპანიას რა ხეირი? თითო ელექტროსკუტერის ღირებულება 1800 ლარიდან იწყება. ის მაგიდა და სკამები, ღია კაფეებს რომ აწაპნეს და დაწვეს, ათასობით ლარი ღირს; ნაგვის ურნები, რომლებიც ჩვენი გადასახადებში გადახდილი ფულით არის ნაყიდი, 3500 ლარი ღირს და ისევ ჩვენი ფულით უნდა იყიდონ. ჰოდა, არც ოპოზიციის ლიდერები არიან იდიოტები, ამ ყველაფერს სწორედ არასრულწლოვან მომიტინგეებს გააკეთებინებენ და 300 ლარს იქვე ჩაუთვლიან.

ისე, ოპოზიციაში თანხების მობილიზაცია დაწყებულია, აქციებზე დაკავებულ ხალხს  ჯარიმები რომ გადაუხადონ, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, ისინი დიდი-დიდი 10%-ს მოაგროვებენ, დანარჩენს კი გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევს, რაც მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს და… და ერთეულები დაინახავენ ოპოზიციის ვერაგობასა და გაიძვერობას, მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ ხმამაღლა იტყვიან, სხვები, ვინც ჯერ შუბლით არ დაჯახებიან ამ ყველაფერს, მოღალატედ შერაცხავენ, რუსეთუმეობას დააბრალებენ…

თაობა გვეღუპება და ეს მიმდინარე აქციებმა  ნათლად წარმოაჩინა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაამკაცროს კანონი ორი მიმართულებით: პირველი – ნარკოლიბერალიზაციას ბოლო უნდა მოეღოს; და მეორე – არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უმკაცრესად უნდა აგოს ან მშობელმა (მეურვემ), ან იმ არასრულწლოვანმა უნდა იცოდეს, რომ კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში  ერთწლიან სასჯელს მოიხდის. სხვაგვარად არაფერი გამოვა. მომავალი თაობა ნარკოტიკებსაც ეტანება (სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკის მომხმარებელი გოგონების რაოდენობამ  ბიჭებისას გადააჭარბა) და დანაშაულსაც სჩადის. დაუსჯელობის სინდრომი, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.  ეს იქნება მტკივნეული გადაწყვეტილება, ამას არ მოიწონებენ ევროპა და ამერიკა, მაგრამ გვერწმუნეთ, ტაშს დაუკრავს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, იმ მოსახლეობის, რომელმაც 26 ოქტომბერს თეთრი და შავი კიდევ ერთხელ გაარჩია და ხელისუფლებაში მკვლელები, ერისთვის გენოციდის მომწყობნი არ დააბრუნა.

და ერთიც – ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა „გადასცა“ მიხეილ ყაველაშვილს, ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხიო. ცნობისთვის: კოლსს უკრაინის პრეზიდენტი, მასხარა ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიო მასშტაბის გმირად ჰყავს შერაცხილი…  დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here