Home რუბრიკები საზოგადოება თამარ კიკნაძე: ჯერ ნაციონალები უნდა მოვიშოროთ და გავთავისუფლდეთ ფსევდოოპოზიციისგან, შემდეგ კი უნდა...

თამარ კიკნაძე: ჯერ ნაციონალები უნდა მოვიშოროთ და გავთავისუფლდეთ ფსევდოოპოზიციისგან, შემდეგ კი უნდა შეიქმნას რეალური ოპოზიციური ძალა, რომელიც ხალხის აზრის გამომხატველი იქნება

1891
თამარ კიკნაძე

სანამ ჩვენი ქვეყანა საარჩევნო ბატალიებშია ჩართული, ევროკავშირში, საითაც საქართველო მიისწრაფვის, სერიოზული პრობლემებია. ევროკავშირის მოთხოვნებს იტალიამ უარი უთხრა და უცვლელად დატოვებს 2019 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს. ევროკავშირის ისტორიას არ ახსოვს რომისა და ბრიუსელის ახლანდელი დაპირისპირების მსგავსი რამ. უნგრეთის წარმომადგენელმა შუა თითი უჩვენა ევროპარლამენტს; პოლონეთი აცხადებს, რომ შესაძლოა, დატოვოს ევროკავშირი; ფაქტობრივად, ომის ზღვარზეა რუსეთი და უკრაინაჩვენ საით მივდივართ? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ მსოფლიოში რთული ვითარებაა, განსაკუთრებით ევროკავშირში. მსოფლიო მასშტაბით ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება ხდება. დღეს სრულიად განსხვავებულია ამერიკისა და ევროპის ურთიერთობები. შემთხვევითი არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას ევროპის შეიარაღებული ძალები. ტრამპი ისეთ განცხადებებს აკეთებს, წარმოუდგენელია… მას დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვიტოს ნატოდან გამოსვლა, თუმცა კონგრესი ამ საკითხს განიხილავს და ნატოსთვის ეს საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, ტრამპს თავისი პოლიტიკით ამერიკა იზოლაციონალიზმისკენ მიჰყავს. ის ბევრი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამოდის, რითაც იხსნის იმ ვალდებულებებს, რომლებიც მანამდე ჰქონდა აღებული. ამერიკა გამოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის კომისიიდან, პარიზის ხელშეკრულებიდან, საფოსტო კავშირიდან…

რთული ვითარებაა ევროპაში. მაგალითად, ბრექსიტი პრობლემაა. ინგლისმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებაზე, მაგრამ ინგლისელი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს წამგებიანია მათთვის და ამის გამო ინგლისში რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ინგლისი რამდენიმე წლის განმავლობაში დამოკიდებული იქნება ევროკავშირზე ბრექსიტის გამო, რადგან გადასახადები უნდა გადაიხადოს. ევროკავშირი ძალიან დიდი ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინგლისს პრობლემები შეუქმნას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნებში ნაციონალისტური განწყობები მძლავრობს. მაგალითად, უნგრეთში, რომელსაც ხმის უფლება ჩამოართვეს; პოლონეთში, სადაც ნაციონალისტური განწყობების აშკარა გამოხატვაა; იტალიაში, რომელსაც აქვს პრობლემა ბიუჯეტის დაგეგმვაზე… უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

_ ასეთ რთულ ვითარებაში სწორია საქართველოს მხრიდან ევროპისკენ სწრაფვა და ამის აშკარა დეკლარირება? თანაც იმდენად, რომ ევროპის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართველი ხალხის სურვილი?

_ ჩვენ დეკლარირებული გვაქვს პროდასავლური კურსი ნატოსა და ვეროკავშირისკენ, ამიტომ დღეს მკვეთრი მოძრაობები, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია აღარ გვინდა, ალბათ, არასწორი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი ამ გზაზე საეჭვოა.

_ მაგრამ კურსი, რომელზეც ვდგავართ, წარუმატებელია

_ რა თქმა უნდა, რადგან შეცდომები თავიდანვე იყო დაშვებული.

ევროპაში დეზინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო დახმარებებს მაინც იღებს, პროექტებში ვართ ჩართული, ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ამჟამად ხელს არ აძლევს მკვეთრი განცხადებების გაკეთება. საქართველოს ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს. უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები ევროპასა და ამერიკაში.

_ ჩვენები პროცესების განვითარებას ელოდებიან და ამიტომ არ აღიარებენ ევროკავშირის კრახს?

_ არ ვარ ინფორმირებული, რა ხდება შიგნით, მაგრამ ვხედავ გარედან, რომ დინებას მიჰყვებიან და ფრთხილობენ. პროცესები ისედაც მიდის და ჩვენ დავინახავთ, როგორ პოლიტიკას აირჩევს ჩვენი ხელისუფლება.

ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ვიკისრეთ 350 კანონის მისადაგება ევროპულისთვის. აი, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან რაც ევროპაში მისაღებია, ქართველებისთვის არის მიუღებელი და აქ ნამდვიდად გვმართებს ლავირება.

_ რუსეთთან ხომ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა? როდის უნდა დავიწყოთ ეს?

_ რუსებთან გვმართებს ურთიერთობის მოგვარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ამით დაინტერესებულნი და თვლიან, რომ დაელაპარაკებიან ქართველებს მაშინ, როდესაც მათთვის მომგებიანი სიტუაცია შეიქმნება. წაგებული ყველა შემთხვევაში ჩვენ ვართ. უნდა შევძლოთ, ვაწარმოოთ მოლაპარაკება პრაგმატულად. საქართველო და რუსეთი სხვადასხვა სახელმწიფოებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

_ სანამ საქართველოში საარჩევნო გაწამაწიაა, რუსეთუკრაინას შორის კინაღამ სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. უკრაინის ელჩი ითხოვს ჩვენგან მხარდაჭერას, მაშინ, როდესაც თვითონ საერთოდ არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა სააკაშვილსა და ნაციონალებზე _ მათ ყველა ქართველი დამნაშავე შეიფარეს

_ საქართველო ვალდებულია, ჭკვიანური პოლიტიკა გაატაროს, რადგან რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირება გეოპოლიტიკური პრობლემიდან გამომდინარეობს. ეს კონფლიქტი დაკავშირებულია “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ისა და თურქული ნაკადის პროექტებთან. უკრაინის მთავრობა არ არის თავისუფალი, ისევე, როგორც ჩვენი ხელისუფლება, ამიტომ მათ ეხებათ ყველაფერი, თუკი რამ ძვრებია რუსეთის წინააღმდეგ. თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მწვავე ფაზაში შევა, რუსეთს მთელი რიგი პრობლემები შეექმნება და შესაძლოა, ამით სარგებლობს უკრაინა.

არა ნაცებს

_ ეს ვითარება, შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომს შევადაროთ?

_ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იყო დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, ოღონდ ჩვენს ტერიტორიაზე და უკრანასა და რუსეთს შორის რაც ხდება, ისიც ჰგავს იმ ყველაფერს. რუსეთუკრაინის დაპირისპირებაც არის დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება, მაგრამ მოვლენები მაშინ სხვანაირი იყო და ახლა სხვანაირია.

_ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთუკრაინის დაპირისპირების ესკალაციაზე არაფერს ამბობს, არც ნატო იყო რადიკალური და ამ დროს საქართველო გამოდის აშკარა უარყოფითი პოზიციით

_ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭოც და არც მათ ჰქონდათ მკვეთრი რეაქცია. ვფიქრობ, ამ ვითარებაში საქართველომ თავი უნდა შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან, რათა საფრთხეს ავარიდოთ თავი. შეიძლება დასავლეთი ითხოვს საქართველოსგან მკვეთრი განცხადებების გაკეთებას, მაგრამ მაინც უნდა შევიკავოთ თავი, ჩვენი ქვეყნის ინეტერსები დავიცვათ და ზომიერები ვიყოთ განცხადების გაკეთების დროს. არავინ იცის, ხვალ მოვლენები როგორ განვითარდება, ჩვენ თვითონ არ აღმოვჩნდეთ კონფლიქტში. არჩევნები გვაქვს, ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ, შესაძლოა, არჩევნებს გართულებები მოჰყვეს… ნაციონალები ქართული ძალა არ არიან, სააკაშვილი დაუფარავად საუბრობს ესკალაციაზე, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

_ რიგით ამომრჩეველს არ მოსწონს ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპას მოსწონს ეს არჩევნები. ქართველებს სურთ, ქვეყნის პირველი პირებისგან მოისმინონ ის, რაც ერს სურს და ეს არის _ არა ლიბერალიზმს

_ ჩვენ არ ვართ იზოლირებულნი, რაც საქართველოში ხდება განპირობებულია გლობალური პოლიტიკით, უცხო ქვეყნების სურვილით, ამიტომ არ შეუძლია ხელისუფლებას, ისე მოიქცეს, რომ თითქოს არ აინტერესებს, როგორ შეხედავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ევროპა.

ძალიან კარგი ფაქტი იყო ის, რომ დედაქალაქის ცენტრში ასი ათასი ადამიანი შეიკრიბა. ეს ფაქტი დადასტურებაა იმისა, რა სურს ქართველ ხალხს, რასაც დასავლეთიც აუცილებლად გაითვალისწინებს. 2012 წელსაც იგივე მოხდა, ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობამ დაგეგმილი სცენარი სრულიად შეცვალა, სცენარის შეცვლამ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. ხალხის აქტიურობა ყოველთვის ცვლის პროცესებს. ვინც ჩვენს ქვეყანაში გეგმებს აწყობს, ხალხის ხმას ყოველთვის მოისმენს, თუკი ვიაქტიურებთ.

ღმერთმა არ ქნას, ნაციონალებმა გაიმარჯვონ! ხელისუფლება გრძნობს თავის შეცდომებს, მათ შორის, საგარეო და საშინაო პოლიტიკაშიც. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, ისინი მზად არიან ვითარების შესაცვლელად. მთავრობა ვალდებულია, რადიკალური ცვლილებები განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება.

_ მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი აქტიური მოქმედებებით ხელისუფლებას და არა მხოლოდ მათ, დაანახვა, რომ ლიბერალიზმს უთხრა უარი, უარი უთხრა დასავლურ კურსს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატები ლიბერალურ ფრთას წარმოადგენდნენ

_ ჯერ ნაციონალები უნდა მოვიშოროთ, უნდა გავთავისუფლდეთ ფსევდოოპოზიციისგან, შემდეგ კი შეიქმნას რეალური ოპოზიციური ძალა, რომელიც იქნება ხალხის აზრის გამომხატველი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ხალხის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომელიც, მჯერა, ამ არჩევნების შემდეგ გამოჩნდება და მერე ყველაფერი რიგზე იქნება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ჩვეულებრივი კოლონია ვართ, რუსეთზე მისაქსევი და მყეფარე ძაღლის ფუნქციებით. მთავრობა წმინდა კოლონიალურია.

  2. რეალური ოპოზიციური ძალა არის პატრიოტთა ალიანსი რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძირს არ უთხრის ქვეყანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here