Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ქვეყანამ უნდა შეცვალოს განათლების სისტემა, რადგან აგრესიის გამოწვევის მთავარი მიზეზი...

თამარ კიკნაძე: ქვეყანამ უნდა შეცვალოს განათლების სისტემა, რადგან აგრესიის გამოწვევის მთავარი მიზეზი უმეცრებაა

203

“ყველა კანონი, რომლებიც დღეს მოქმედებს, ბავშვის გაუნათლებლობისკენ არის მიმართული _ იზრუნონ ეროვნულ საფუძველზე დაყრდნობილი განათლების სისტემის შექმნაზე, რომელიც უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი არ იქნება”

“საზარელი ფაქტი” _ ასე შეიძლება შეფასდეს ის, რაც ამა წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. სტუდენტებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაზე ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარებას მოითხოვდნენ, გაბედეს და პროფესორ-მასწავლებლები, პირდაპირი მნიშვნელობით, ათრიეს და მათ თავებზე გადაიარეს…

ამ ყოვლად ამაზრზენ ფაქტზე განათლების სამინისტომ განაცხადა: “სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია”.

რას მოიმოქმედებს განათლების სამინისტრო თავხედი სტუდენტების წინააღმდეგ, ცნობილი არ არის, მაგრამ გასარკვევია, რამ გააბედვინათ ახალგაზრდებს ამ საქციელის ჩადენა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ განათლების სისტემა კრიტიკას ვეღარ უძლებს ვერც ჩვენთან და ვერც ბევრ სხვა ქვეყანაში. ძალიან დაეცა განათლების ხარისხი… ჩვენი ახალგაზრდები ულტრალიბერალიზმის მსხვერპლნი არიან, გაეგოისტებულნი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რაც ქართველებისთვის არ იყო დამახასიათებელი.

ულტრალიბერალური ღირებულებების ასე ხელაღებით თავსმოხვევა არ შეიძლება. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, უნდა გამოიკვლიო ერის მენტალიტეტი და წარსული. ქართველები ინდივიდუალისტები არიან, ლიბერალიზმი კი ცუდად მოქმედებს ინდივიდუალიზმზე.

ქართველ ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ უფროსი თაობა არაფრისმცოდნეა, დღევანდელი ახალგაზრდები კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნით განსაზღვრავენ ყველაფერს, მაგრამ, სამწუხაროდ, ინგლისური სათანადოდ არ იციან. მხოლოდ კომპიუტერის ცოდნა არაფერს ნიშნავს, მათ არ აქვთ სიღრმისეული ცოდნა. ახალგაზრდებს იოლად უნდათ პრობლემის გადაწყვეტა. ეს თანამედროვე, ლიბერალური ტრენდია. დღეს არად დაგიდევენ ფუნდამენტურ ცოდნას. კარგია უწყვეტი განათლება, კარგია, როდესაც შეგიძლია, ნებისმიერ ასაკში პროფესია შეიცვალო, მაგრამ პროფესიის შეცვლა ე.წ. ტრეინინგებით წარმოუდგენელია. რამდენიმე ხნის წინათ ერთ-ერთ ტრეინინგს, სწავლებას, დავესწარი; მაინტერესებდა, რას ასწავლიდნენ. სიმართლე გითხრათ, ტრენერის უმეცრებამ გამაოცა, უმეცრება სუფევდა სრულიად სწავლების პროცესში.

ლიბერალური საზოგადოების ძირითადი ტრენდი არის ის, რომ რაღაც ღირებულებებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე განათლებას და ეს ე.წ. ღირებულებები არ არის მისაღები ფართო მასებისთვის, ამ ე.წ. ღირებულებებს საზოგადოება კეთილდღეობისკენ არ მიყავს.

ქართველები მართლმადიდებელი ქრისტიანები  ვართ. ჩვენს გენეტიკაში დევს სხვაზე ზრუნვა, კეთილშობილება, ლიბერალური იდეოლოგია კი ამისგან დაცლილია. იმას, რაც იმ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, ზღვარგადასული ქმედება ჰქვია. ახალგაზრდები, რომლებიც თავს დაესხნენ პროფესორ-მასწავლებლებს, შემწყნარებლები და კეთილშობილი ადამიანები არ არიან. სამწუხაროდ, ჩვენთან მკვიდრდება ასეთი რამ _ რაც უფრო აგრესიულად იქცევი, მით მეტად წარმატებული ხარ, კარგი ხარ.

მე მორიდებულ, ზრდილობიან სტუდენტებს მეტად ვწყალობ, მეტად მესმის მათი და ყველაფერს ვუგებ, კარგი განწყობა მაქვს მათ მიმართ. აგრესიული სტუდენტების მიმართ, რომლებიც სულ რაღაცას მოითხოვენ, სულ პრეტენზია აქვთ, მეც ანალოგიურად ვარ განწყობილი. საბედნიეროდ, ასეთი სტუდენტები თითქმის არ მყავს.

ქვეყანამ უნდა შეცვალოს განათლების სისტემა, რადგან აგრესიის გამოწვევის უპირველესი მიზეზი უმეცრებაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ღირებულებები დავამკვიდროთ, უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას უფროსისა და ერთმანეთის პატივისცემა. ჩემი მეგობრის შვილმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, რადგან უდიდეს სულიერ ტრავმას იღებდა, ეს საშინელებაა…

კონკურენცია, რომელიც კაპიტალიზმისთვის არის დამახასიათებელი, სტუდენტებს ერთმანეთის გატანას კი არ ასწავლის, პირიქით, დაჯაბნას. ამ აგრესიას ხელს უწყობს სატელევიზიო გადაცემები, აგრესიული, სასტიკი ფილმები, უარყოფითი განწყობები…

პატარა, მაგრამ დიდი წარსულის მქონე ქვეყანა ვართ და ჩვენი განათლების სისტემა უნდა ავაწყოთ ეროვნულ ღირებულებებზე, ცოდნასა და ურთიერთპატივისცემაზე. ახლა დადგა დრო, როდესაც განათლება ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ის ადამიანებს უყალიბებს ღირებულებებს.

 ჩემი სტუდენტობის პერიოდში ასეთი რამ არ ხდებოდა. არ მოგვწონდა ზოგიერთი ლექტორი, მაგრამ ვინ გაბედავდა სიტყვის შებრუნებასაც კი, არათუ იმას, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინათ ვნახეთ.

_ როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ჩემს კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებმაც იცოდნენ, რომ უმაღლესში სწავლას ვერ განაგრძობდნენ, რადგან შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდათ… დღეს კი ყველა აბარებს უმაღლესში…

_ როდესაც განათლება კომერციალიზებულია, ამას გვერდს ვერ აუვლი, ვისაც ფული აქვს, ყველა აბარებს უმაღლესში, ცოდნას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. დღეს აპელირება ხდება იმაზე, რომ დაცული იყოს ახალგაზრდების უფლებები, მაგრამ მე ასეთი, ვითომ დაცული ახალგაზრდები უფრო მეცოდებიან, მეცოდება ახალგაზრდა, რომელიც პროფესორებს თავს დაესხა.

_ ვუყურებდი სტუდენტების უმსგავსო საქციელს და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი ვიღაცისგან იყვნენ მართულნი, მათ ზურგს უკან ვიღაც იდგა და აქეზებდა…

_ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც დგას მათ ზურგს უკან ვიღაც, ვინც აქეზებს ამ საშინელი საქციელისკენ. ვფიქრობ, უნივერსიტეტში მომხდარი არის იმის მიზეზი, რომ მეტად დავფიქრდეთ ბავშვებში დაბუდებულ აგრესიაზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ განათლების სიტემაში. ეს ცვლილება მიმართული უნდა იყოს სრულყოფილი განათლების მიღებისკენ, მაგრამ რა გინდა თქვა, როდესაც გვყავდა განათლების მინისტრი, რომელიც ამბობდა, _ წიგნები არ არის საჭირო, “გუგლში” ყველაფერი იძებნებაო… როდესაც განათლების მინისტრი თვლის, რომ წიგნი არ არის საჭირო, იმ ქვეყნის ახალგაზრდებზე რაღა უნდა ილაპარაკო?! არადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წიგნი, მხატვრული ლიტერატურის კითხვა, გაანალიზება…

პედაგოგმა და მშობელმა ერთობლივად უნდა იზრუნონ ბავშვის განათლებაზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, განათლების გარდა ყველაფერზე საუბრობენ, განსაკუთრებით ე.წ. გენდერულ პრობლემებზე. პანდემიამ ძალიან დაარტყა ჩვენს ისედაც არასრულყოფილ განათლების სისტემას. სტუდენტები ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ, რაც ძალიან ცუდია. პანდემია მთავრდება, სერიოზული ცვლილებებია მსოფლიოში და ახლა დროა, ხელისუფლებამ განათლების სისტემის ცვლილებაზეც იზრუნოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზარელი რამ მოხდა და, ვისაც ხელეწიფება მსგავსი უსაქციელობის აღმოფხვრა, ყველაფერი უნდა გააკეთოს ვითარების გამოსასწორებლად, ვიფიქროთ ცვლილებებზე. ეს სავალალო ვითარებაა. აუცილებელია, შევიმუშავოთ სტუდენტების ქცევის ნორმები. ამას ვამბობ და თან ვიცით ყველამ, რომ არათუ პედაგოგს, მშობელსაც კი ჩამორთმეული აქვს ბავშვის დასჯის უფლება. ამას ქადაგებს იუვენალური იუსტიცია. ყველა კანონი, რომლებიც დღეს მოქმედებს, ბავშვის გაუნათლებლობისკენ არის მიმართული.

ქვეყანაში  სამშობლოს ცნება აღარ არსებობს. ბავშვებს ასწავლიან, რომ კარგია ევროპა და ამიტომ გარბიან იქ. არავინ ფიქრობს, შვილებს ასწავლოს, რომ ეს არის მათი სამშობლო, მათი მომავალი ამ ქვეყანაშია და არა სხვაგან. თუ ასე გაგრძელდება, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება…

_ სიმართლე გითხართ, იმის მკადრებელი თაობა, რაც უნივერსიტეტში ჩაიდინეს, ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება…

_ როდესაც ქვეყნებს იპყრობდნენ, პირველი, რასაც აკეთებდნენ, იყო განათლების სისტემის დანგრევა, ამიტომ, ვისაც ეს ეხება, ყველამ დასკვნა უნდა გამოიტანოს და იზრუნოს, ეროვნულ საფუძველზე დაყრდნობილი განათლების სისტემის შექმნაზე, რომელიც უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი არ იქნება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

(იხილეთ ვიდეო)

https://palitravideo.ge/video/145206-pizikuri-zaladoba-propesorze-tsu-shi-ukmaqopilo-studentebi-lektors-daupirispirdnen/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here