Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: მალე მივიღებთ ისეთ სურათს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაციონალების სულისკვეთების იქნება

თამარ კიკნაძე: მალე მივიღებთ ისეთ სურათს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაციონალების სულისკვეთების იქნება

“წლების განმავლობაში არსებულმა მახინჯმა იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა მოცემულობამ თაობები წაგვართვა. წარმოიდგინეთ, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები სავსეა ნაციონალებით. ისინი ახალგაზრდებს მახინჯი სულისკვეთებით ზრდიან”

14 ოქტომბერს ქვეყნის მთავარმა დესტრუქციულმა ძალამ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავისი ძალები სრულად წარმოაჩინა. “ნაცმოძრაობამსააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებს რეგიონებიდან უხმო, ელექტორატი დარაზმა და 30 ოქტომბრის შემდგომი პროცესებისთვის ძალები მოსინჯა.

ხალხი, რომელმაც გზა რეგიონებიდან თბილისისკენ ცოცხებისა და ყავარჯნების დერეფანში გაიარა, თავისუფლების მოედანზე თავდაჯერებული ჩანდა. პოლიტიკურად ანგაჟირებული მასა აქციას შეძახილებით შეუერთდა. შეკრებას რევოლუციური განწყობა შეჰმატა ყველასათვის მოულოდნელად დარიგებულმა ვარდებმაც. პოლიტიკური დეჟავიუ კიდევ უფრო გაამძაფრა ლიდერების გამოსვლებმა და მიმართვებმა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ახლოვდება.

უგულავამ, მელიამ, დეკანოიძემ და სააკაშვილის რეჟიმის სხვა ოდიოზურმა სახეებმა შეკრებილებს მოუწოდეს, 30-ში მზად იყვნენ ყველანაირი წინააღმდეგობისთვის. იყო პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებები იმაზეც, რომ შესაძლოა, “გამარჯვების დაცვა” ძალისმიერი მეთოდებით გახდეს აუცილებელი. რევოლუციის პრელუდია ციხიდან “ბელადის” გამოგზავნილმა წერილმაც დამუხტა. წერილში რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ბინადარი ხალხს მიმართავდა, რომ საჭიროა დიდი შერიგება, რადგან ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასოდეს დაუყენებია ქვეყანა პროგრესის გზაზე: “კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. განზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა…”

“შერიგებისა და შემწყნარებლობის” სურვილი “ნულოვანი ტოლერანტობის” შემოქმედს, როგორც ჩანს, მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ციხის ოთხ კედელს შორის მოქცეულს იმედები ყველა მხრიდან გაუცრუვდა; გაუცრუვდა მათ შორის მისი ხელდამსხმელი დასავლეთის იმედიც, საიდანაც დაკავების შემთხვევაში უპრეცენდენტო მასშტაბის მხარდაჭერას, ანუ ხელისუფლებაზე სერიოზულ წნეხს ელოდა…

რა დაგვანახვა 14 ოქტომბრის აქციამ და როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში მოვლენები, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

_ ქალბატონო თამარ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა ერთადერთი მოთხოვნით _ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ბევრისთვის ეს, ალბათ, მოულოდნელიც იყო, რადგან ამდენ ხალხს არ ელოდახელისუფლების პოზიცია ასეთია; არაფერი განსაკუთრებული და მით უფრო საშიში არ ხდებარა რეალობა შეიძლება მივიღოთ 30 ოქტომბრის შემდეგ? შეიძლება თუ არა ეს ხალხი ისევ ვიხილოთ ქუჩაში, ოღონდ ამჯერად სულ სხვა ფორმებით გამოხატული პროტესტით და წინააღმდეგობით?

_ დავიწყოთ იმით, რომ აქცია ნამდვილად იყო ხალხმრავალი. შეიძლება, იმდენი არ იდგა, რამდენიც ვთქვათ, 7 ნოემბერს ან 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ცოტა ხალხი არ გამოსულა… ჩემთვის გულდასაწყვეტია ის, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა და დადგა უსამართლობის დასაცავად, დადგა ბოროტებისა და წლების განმავლობაში უმძიმესი დანაშაულების ჩამდენი ხალხის მხარეს, რაც, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მიუთითებს…

_ რას გულისხმობთ?

_ საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული იდეოლოგიური და ღირებულებითი პრობლემებია. ამას, ალბათ, გარკვეულწილად სამოქალაქო თვითშეგნების პრობლემაც შეიძლება დავარქვათ. ის, რომ ამ ადამიანმა ტერიტორიები დაკარგა, სამარცხვინოდ წააგო მის მიერვე ატეხილი ომი, დაარბია მშვიდობიანი მიტინგები, აწამა და დახოცა სრულიად უდანაშაულო ხალხი, ვიღაცას პრობლემად არ მიაჩნია. მეტიც, ამას, საერთოდ, არც განიხილავენ და იმეორებენ რაღაც ფრაზებს, რომ თურმე სააკაშვილმა მოსპო კორუფცია, მოსპო კრიმინალი, ხალხს მისცა ხელფასები, პენსიები და ა.შ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ემპათიისა და ელემენტარული სოლიდარობის არარსებობა საზოგადოებაში, როცა ვიღაც აწამეს, მოკლეს, ვიღაცას ქონება წაართვეს, დააშინეს და .. _ ეს არის იდეალური გარემო ნებისმიერი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ძალისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასეთ საზოგადოებაში კარგად მუშაობს ნებისმიერი დეზინფორმაცია და, რაც მთავარია, ასეთ საზოგადოებაში ძალადობაზე ორიენტირებულმა სუბიექტმა იცის, რომ ერთიანობა არ არსებობს და ყველაფერი გაუვა. რაც შეეხება სააკაშვილსა და მის განცხადებებს ციხიდან, რომ თურმე იგი პოლიტიკური პატიმარია, ქვეყანა გადასარჩენია და ამისთვის გაიმეტა თავი, როცა ჩამოსვლა გადაწყვიტა, მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: საქართველოში სააკაშვილი გარკვეული გარანტიებითა და ვითარების ასარევად ჩამოვიდა და, რომ არა ეს გარანტიები, აქეთ არც გამოიხედავდა. მოგეხსენებათ, ის განსაკუთრებული სიმამაცით არ გამოირჩევა და ამაში მისმა საქციელმა სხვადასხვა კრიტიკულ მომენტში, 2008 წელსაც, არაერთხელ დაგვარწმუნა. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს კომფორტი, რაც საზღვარგარეთ ყოფნისას ნამდვილად არ აკლდა და, რა თქმა უნდა, გარანტიების გარეშე ამ ყველაფერს და პლუს უსაფრთხოებას სასწორზე არ დადებდა.

_ რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი? რა მიიღო?

_ მიზანი, ცხადია, იყო მობილიზება მხარდამჭერების, პოლიტიკური მუხტის აწევა და დაძაბულობა, რაც ძალიან მალე უნდა გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში. სხვათა შორის, ის ციხიდან გავრცელებულ წერილებშიც ხაზს უსვამს, რომ ახლა მომწიფებულია ვითარება, მზადდება გადამწყვეტი ბრძოლა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის რევოლუციური რიტორიკა, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მუშაობს ადამიანებზე და ემოციური ფონის შექმნის თვალსაზრისით ასრულებს ერთგვარი წინასამზადისის ფუქციას. რაც შეეხება მომავალს, ყველაზე ხშირად დღეს ისმის შეკითხვა _ როგორ განვითარდება მოვლენები? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ ვითარების გამწვავებას და დაძაბვას, იმიტომ, რომ, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს ამისთვის…

_ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ისინი თითქოს თავს იმშვიდებენ

_ არ ვიცი, ხელისუფლება რას აკეთებს ან რას აპირებს, მაგრამ ფაქტია: ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა არეულობა. მაშინ ეს არ გამოვიდა, რადგან პროცესებში ევროპელები ჩაერივნენ და გეგმა ჩავარდა, მაგრამ პროცესები გრძელდება. ვფიქრობ, რომ ის რაოდენობა ხალხისა, რომელიც 14-ში გამოვიდა, სრულიად საკმარისია დივერსიული მოქმედებებისთვის. ეს ერთი და მეორე _ დაპირისპირების რისკებსა და საფრთხეებს ზრდის ის გარემოებაც, რომ საზოგადოების მეორე ნაწილს ძალიან აღიზიანებსნაციონალური მოძრაობათავისი ელექტორატით.

_ არეულობა და დესტაბილიზაცია რომ ნაციონალებს სჭირდებათ, არახალია, ხალხიც ჰყავთ, მაგრამ მიაღწევენ მიზანს?

_ აქ, ალბათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე. თუ კონკრეტული მცდელობები დროულად, მაღალპროფესიონალურ დონეზე იქნება აღკვეთილი, არაფერი არ მოხდება, თუ არა, გასაგებია… სხვათა შორის, სააკაშვილის დაკავება და მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკმაოდ მაღალ დონეზე განხორციელდა.

_ გარანტიები ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როცანაციონალურმა მოძრაობამათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა შეძლო და, როგორც ჩანს, კიდევ აპირებენ გამოყვანას, ხომ არ არის წნეხი მოსალოდნელი დასავლეთიდანაც ხელისუფლებაზე?

_ დარწმუნებული ვარ, იქნება წნეხი და ამას არჩევნების შემდეგ უფრო დავინახავთ. ვფიქრობ, რომ სერიოზული წნეხი იქნება ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან, სენატორებისგან და ა.შ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ცხადია, ყველას უჩნდება შეკითხვა: გაუძლებს თუ არა მმართველი გუნდი ამ წნეხს? უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება არც ისე მარტივ მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობიდან ერთმნიშვნელოვანი გამოსავალი არ არსებობს. ვგულისხმობ იმას, რომ, ერთი მხრივ, მასზე წნეხია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისგან, რომელიც უკმაყოფილოა სააკაშვილის რეჟიმის მომძლავრებით და, მეორე მხრივ, არის მზარდი დესტრუქციული ძალა. სხვათა შორის, საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი თავის დროზე უზარმაზარი იყო სააკაშვილის მიერ 9 წლის განმავლობაში გატარებულ და გაპიარებულ რეფორმებში.

ახლა გამოსავალზეც ვიტყვი: ყველა ამბობს, რომ პრობლემებია, კრიზისია და ა.შ., მაგრამ გამოსავალი რა შეიძლება იყოს, ნაკლებად ვსაუბრობთ… მე ასე ვფიქრობ: თუ მოხერხდება და ქვეყანაში ჩამოყალიბდება მართლა სახელმწიფოებრივი, ეროვნული იდეოლოგია, ეს ყველაფერი თითოეულ მოქალაქემდე უნდა იქნეს მიტანილი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის აქვს, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არსებულმა მახინჯმა იდეოლოგიურპოლიტიკურმა მოცემულობამ თაობები წაგვართვა. წარმოიდგინეთ, განათლების სისტემა, უმაღლესი სასწავლებლები სავსეა ნაციონალებით, ისინი ახალგაზრდებს მახინჯი სულისკვეთებით ზრდიან. მალე ჩვენ მივიღებთ ისეთ სურათს, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა მათი ღირებულებების მატარებელი იქნება

_ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში თუ წარმოგიდგენიათ ისეთი ცვლილებები, რომლებიც ამ პროცესს შემოაბრუნებს?

_ ვფიქრობ, სააკაშვილის გასამართლება გარკვეული პროცესების დასაწყისი აღმოჩნდება. სხვათა შორის, მისი იურიდიული გასამართლება ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენენონ პოლიტიკურ გასამართლებადაც. უნდა განხორციელდეს პოლიტიკური აქტი და პროცესები, იურიდიულთან ერთად, პოლიტიკურადაც შეფასდეს. ძალიან კარგი იქნება, სასამართლო პროცესები გადმოსცენ ღია ეთერში. მას კვალიფიციურად წაუყენონ ბრალი იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინა. რაც შეეხება ცვლილებებს, აქაც, ისევ და ისევ, სამართლიანობამდე მივდივართ. სანამ “ნაციონალური მოძრაობა” ერთხელ და სამუდამოდ არ გავა პოლიტიკური სცენიდან და არ გაქრება, როგორც დანაშაულებრივი პარტია, ქვეყანას მშვიდობა არ ეღირსება. აი, ეს არის რეალობა, რომელიც, მოგვწონს თუ არა, და გვინდა თუ არა, გვაქვს. ყველაფერი ნათელია: იქნებიან პოლიტიკურ სპექტრში საშიში, დესტრუქციური ძალები _ იარსებებს რევოლუციის, გადატრიალების საფრთხეც და სიმშვიდეს ვერ ვეღირსებით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ქალბატონი თამარ კიკნაძე მართალს ბრძანებს, – ქვეყანა პატრიოტული იდეოლოგიის გარეშე ვერ აშენდება, ხოლო ის ლგბტ იდეოლოგია რაც ნაც სექტადან გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ, იგი საქართველოს წაშლის მსოფლიო რუკიდან, ვფიქრობ არჩევნების შემდეგ ბატონი ერეკლე ღარიბაშვილი ამ მამულიშვილურ საქმეს თავს დაადგამს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here