ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე. Bბევრი თვლის, რომ საქართველო ,,3+3” ფორმატში უნდა ჩაერთოს, ხელისუფლება კი მსგავს საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს.
საზოგადოებას ესმის, რომ ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ერთი ხელის მოსმით ვერ შეცვლის 35-წლიან პოლიტიკას. გარდა ამისა, დასავლეთის წნეხის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში შეეტანათ 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს გზა მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, ხელისუფლებას სხვა ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლის.
ბევრის აზრით, საქართველოს პრემიერმინისტრის წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი არის გამაფრთხილებელი _ თუკი ურთიერთობაში რაიმე არ შეიცვლება, საქართველოს შეეძლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს _ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლიც ამოიღოს და ,,მეგობრებიც~ შეიცვალოს. წერილში პრემიერი თავშეკავებით გამოხატავს გულისწყრომას ამერიკის პრეზიდენტის ,,მეგობარი აქტის” გამო.
,,რამდენიმე დღის წინათ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი _ „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად განმსჭვალული ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი _ მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართველი საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა”, _ აღნიშნავს წერილიში ირაკლი კობახიძე.
აშშ-ის პრეზიდენტისადმი საქართველოს პრემიერის მიერ გაგზავნილ წერილში დასმულ აქცენტებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:
_ ირაკლი კობახიძის წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი იმ პოლიტიკის დამადასტურებელია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ეს არის სუვერენინეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ნატოს მისიებში, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა.
,,მეგობარი აქტი”, რომელიც სინამდვილეში არ არის მეგობრული, სანქციებს უწესებს ჩვენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ.
პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს, სრულიად ,,ჯდება” ტრამპის ღირებულებებში. პრემიერს წერილის გაგზავნის დრო კარგად შეურჩევია, ,,მეგობარი აქტი” ჯერ აშშ-ის სენატმა უნდა განიხილოს, შემდეგ მას პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ ტრამპს სენატის ბევრი გადაწყვტილებისთვის არ მოუწერია ხელი.
ახლა მსოფლიოს გადანაწილება მიმდინარეობს და ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ტელევიზიების მსჯელობა კი სასაცილოა, ხელისუფლება ფსკერზეაო, რომ გაიძახიან. ამაზე საუბარი ნაადრევია…
_ რაზე მიანიშნებს საქართველოს მთავრობის მეთაურის წერილი, რომელიც ტრამპს გაუგზავნა?
_ წერილი, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაგზავნა ამერიკის პრეზიდენტთან, კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ცვლილებები. რუსთაველზე კი დგანან ადამიანები და ჰგონიათ, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლიათ დიდ პოლიტიკაში, ეს ილუზიაა. გლობალურ პროცესებში პატარა ქვეყანა ვერაფერს შეძლებს. ვისთან იმეგობროს საქართველომ _ ამ გადაწყვეტილების მიმღები არ და ვერ არის ჩვენი ქვეყანა…
_ ეს წერილი, ბევრის აზრით, ნიშნავს იმას, რომ, თუკი ამერიკისგან ვერ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი და დასაჯოს ყველა, ვინც ფინანსდება დასავლეთისა და ამერიკისგან საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის…
_ ვერ გეტყვით, ამოიღებენ თუ არა ევროპული გზისკენ სწრაფვის მუხლს, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძის მიმართვა ტრამპისადმი ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. პროცესები თავისთავად ვითარდება. რასაც ამერიკა ჩვენგან ითხოვდა, იყო პირდაპირი ჩართვა ომში, რომელიც ჩვენ გაგვანადგურებდა. არჩევანი საქართველოს არ ჰქონდა, საქართველო უნდა გადარჩენილიყო, მშვიდობა უნდა შეენარჩუნებინა.
_ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთში ჩადიან აფხაზები, ოსები და იქიდან დიდ გულზე მყოფები გვითვლიან რაღაცებს. წერილი, რომელიც კობახიძემ ამერიკის პრეზიდენს გაუგზავნა, იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენვე ვიზრუნებთ?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს. პროცესების არც დაჩქარება შეიძლება და არც დაგვიანება _ ეს ბიბლიური ჭეშმარიტებაა. ურთიერთობები რაღაცნაირად დალაგდება. დღევანდელი დღის წესრიგი ასეთია: პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნოკონფლიქტები უნდა მოგვარდეს. ჩვენ ეს დავინახეთ ყარაბაღის მაგალითზე. დღეს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია ამ კონფლიქტების მოგვარება. ჯერი დგას ქართული მხარის პოლიტიკურ ხელოვნებაზე _ უნდა შევიმუშაოთ მოდელი, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს. შეიძლება ისეთი მატრიცის შექმნა, რომ ტერიტორიებიც დავიბრუნოთ და ეკონომიკურადაც კარგად ვიყოთ. ამერიკა და რუსეთი ჩვენ გამო რომ ომს არ დაიწყებენ, ეს აქსიომაა.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ვითარების გამოსწორებას, მაგრამ მის წინააღმდეგ დიდი და მძლავრი ძალები მუშაობენ. ოპოზიცია, რომელიც სხვის დაკვეთას ასრულებს, ხელს უშლის ხელისუფლებას რუსეთთან დალაპარაკებაში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელია ორი მეთოდით _ ომით ან მოლაპარაკებით. ჩვენ ომი არ შეგვიძლია, დაგვრჩა მოლაპარაკება და ვიმედოვნებ, რომ მივალთ მოლაპარაკებამდე.
ირაკლი კობახიძის წერილი კარგი ნაბიჯია. მის წერილზე პასუხით მივხვდებით, მოხდა თუ არა გავლენის სფეროების გადანაწილება ორ უძლიერეს სახელმწიფოს _ რუსეთსა და ამერიკას _ შორის…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი