თამარ კიკნაძე: ზურაბიშვილი ვერაფერს იზამს, კრიტიკული მასის შეკრება 29 დეკემბერს იგეგმება, მაგრამ ვფიქრობ, მიზანს ვერ მიაღწევენ

    ,,3+3” ფორმატში საქართველოს გაერთიანება იძულებით არ მოხდება. მსოფლიო წესრიგი ისე იცვლება, რომ რეგიონულ მოთამაშეებთან ურთიერთობა ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ,,3+3” ფორმატი კი რეგიონული ფორმატია და ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ფორმატში ”

    პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილისგან ბოლო დღეებში ხშირად ისმის სიტყვები: ,,ალტერნატიული მთავრობა”,  ,,ალტერნატიული იურისტთა ჯგუფი”, ,,მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან და ა.შ. მოკლედ, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლის დატოვებას არ აპირებს და 28-29 დეკემბერს მხარდამჭერებს უხმობს დასაცავად.

    რა მოხდება? როგორ განვითარდება მოვლენები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

    _ ვფიქრობ, ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს. გარდა ამისა, თვითონ მომიტინგეები კრიტიკულ მასას ვერ კრებენ, ამისთვის უფრო მეტია საჭირო. როგორც ვნახეთ, მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნაში წერია, რომ საკრალური მსხვერპლია საჭირო… ისინი კლასიკური სცენარით მიდიან და ეს სცენარი ცნობილია ყველასთვის…

    _ ეს კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი მიღებული გვაქვს, მსგავსი ინსტიტუტები ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში

    _ დიახ, კანონი, რომელიც მიღებულია, დაფინანსებას ეხება, გაუქმებაზე არ არის საუბარი. მთავარია ფინანსების გამჭვირვალობა.

    _ 28-29 დეკემბერს რა მოხდება? პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი ალტერნატიულ მთავრობას ქმნის და სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს

    _ ზურაბიშვილი ვერაფერს იზამს, კრიტიკული მასის შეკრება 29 დეკემბერს იგეგმება, მაგრამ ვფიქრობ, მიზანს ვერ მიაღწევენ. მათი ,,პიკი ” 29-შივე დასრულდება.

    _ აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველო იძულებული იქნება, ,,3+3” ფორმატს შეუერთდეს. რა აიძულებს საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმას?

    _ ,,3+3” ფორმატში საქართველოს გაერთიანება იძულებით არ მოხდება. მსოფლიო წესრიგი ისე იცვლება, რომ რეგიონულ მოთამაშეებთან ურთიერთობა ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ,,3+3” ფორმატი კი რეგიონული ფორმატია და ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ფორმატში. ეს არის კარგი პლატფორმა, ჩვენ უნდა განვიხილოთ რეგიონის პრობლემები, გამოვხატოთ ჩვენი ინტერესები. სამომავლოდაც კარგია ეს ფორმატი, რადგან ბევრი საინტერესო ეკონომიკური პროექტი დაიგეგმება.

    _ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში, თუკი ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ვსაუბრობთ?

    _ ყველა ელოდება 20 იანვარს _ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. ტრამპი საქართველოზე რომ იზრუნებს, ამის თქმა არ მინდა, უბრალოდ, ტრამპი რასაც სთავაზობს მსოფლიოს, მისაღებია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება. საქართველოს ექნება შესაძლებლობა, იზრუნოს ეროვნულ ინტერესებზე. ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდება. მან კი თქვა, რომ იქნება საპროტესტო აქციები, თანაც მრავალდღიანი და უნდა მოვითმინოთ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე  და მერე ყველაფერი მეტ-ნაკლებად დალაგდება…

    ის დღის წესრიგი, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია გვთავაზობს, ქართველების უმეტესობას არ სურს.

    _ გაქრება თუ არა ნეოლიბერალური ფრთა საქართველოში და შევძლებთ თუ არა სუვერენულ ქვეყნად ჩამოყალიბებას?

    _ დღის წესრიგი, რომელსაც ,,ოცნება ” გვთავაზობს, შესაძლოა, იწვევდეს გაღიზიანებას ბევრ ადამიანში, აჩენდეს პრეტენზიებს ხელისუფლებასთან, რაც ნორმალურია, მაგრამ მთავარია, რომ ,,ოცნება ” ახერხებს სიმშვიდის  შენარჩუნებასა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას. ეს მძიმე პროცესია, მაგრამ მიღწევა შეიძლება.

    საქართველო როგორმე უნდა ავარიდოთ იმ მძიმე პროცესს, რომელიც დამახასიათებელია ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის. ახალი წესრიგის ჩამოყალიბება არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ხარჯზე, მაგალითად, ისე, როგორც ეს ხდება უკრაინის ხარჯზე.

    რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაა, ჩვენი საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი წინააღმდეგია იმ პროცესის, რომელიც ქუჩაში ხდება და ამიტომ გაღიზიანებული ხალხი ფიქრობს პროტესტანტების წინააღმდეგ გამოსვლას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 28-29  დეკემბერს ვითარება დაიძაბება. მინდა, თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ ხელისუფლების იმედი ვიქონიოთ, ის ვითარებას აკონტროლებს.

    ყველაფერი როცა დასრულდება და ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს განათლების სისტემის ცვლილებაზე, რადგან ქუჩაში ვუყურებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებზეც განათლების სისტემაში არსებულმა პრობლემებმა უარყოფითად იმოქმედა. ეს აღარ უნდა დავუშვათ, ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და უმთავრესია მათი სწორად აღზრდა. რასაც დღეს ქუჩაში ვუყურებთ, საშინელებაა, თაობების დაღუპვა არ უნდა დავუშვათ. იმედი მაქვს, ეს მოგვარდება, ეს უმთავრესი პრობლემაა და ყველანაირი ცვლილება განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here