“საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის”, _ ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ ფრაზას ყველა საინფორმაციო საშუალება იმეორებს.
სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა, ქვეყანა, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრს სკამსაც არ სთავაზობენ დასაჯდომად. საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ხშირად იწონებს თავს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებით… რა წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და სწორ ნაბიჯებს დგამენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.
_ ხელისუფლება თავს იწონებს საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებებით. როგორ ფიქრობთ, მართლა წარმატებულ პოლიტიკას აწარმოებს?
_ მსოფლიოში საკმაოდ რთული სიტუაციაა და უახლოეს მომავალში, ალბათ, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომ პატარა საქართველოს ძალიან ფრთხილი და დაფიქრებული მოქმედება მართებს. ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი რეგულარულად იმეორებს, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოსა დ ევროკავშირში გაერთიანება და რომ ამ გზას არ გადაუხვევს. ეს სიტუაცია კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რუსეთთან ურთიერთობების მხრივ რაღაც წარმატებაზე ვილაპარაკოთ. დღეს ნათლად ჩანს, რომ, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთსა და საქართველოში საკმაოდ ძლიერი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც რუსეთ–საქართველოს შორის დიალოგი ხელს არ აძლევთ.
რაც შეეხება ევროპაში მიმდინარე პროცესებს, უდავოა, რომ ევროკავშირის ერთიანობას საფრთხე ემუქრება. ბრექსიტის მწარე გაკვეთილის შემდეგ ევროკავშირის მომხრე პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ აღარ გამეორებულიყო ჰოლანდიასა და საფრანგეთში, მაგრამ საყურადღებოა ევროსკეპტოკოსთა და ნაციონალისტთა მკვეთრი ზრდა, რაც ახლო მომავალში ცენტრიდანულ განწყობებსა და მოძრაობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა და ეს აღიქმება გლობალისტებისა და ევროპული სისტემის გამარჯვებად, ზოგიერთი ექსპერტი ლაპარაკობს, რომ საკითხი ასე ერთმნიშვნელოვნად არ დგას, რომ იგი არის საფინანსო კაპიტალისა და როტშილდების ფრანგულ კლანთან დაახლოებული პირი და პიარტექნოლოგიების პროდუქტი, რომელსაც საკუთარი პარტიაც კი არ ჰყავს, მაგრამ იგი შეიძლება უფრო საშიში აღმოჩნდეს ერთიანი ევროპისთვის, ვიდრე ულტრანაციონალისტი მარინ ლე პენი და ნაპოლეონ III-ს მსგავსად ფრანგულ-გერმანული ალიანსის დასაშლელად იმუშაოს. ეს აზრი შეიძლება უტოპიური არ იყოს, მით უმეტეს, რომ ევროკავშირსა და ინგლისს შორის ურთიერთობა უპრობლემო არ არის. თუ ამას დავუმატებთ ტრამპის იზოლაციონისტურ განცხადებებს (თუმცა მას აშშ-ში საკმაოდ მძლავრი ოპოზიცია ჰყავს ფინანსური კლასტერების სახით), შეიძლება ვთქვათ, ამ თვალსაზრისში არის ჭეშმარიტების მარცვალი. საინტერესოა, აშშ-რუსეთის ურთიერთობაც. დღეს რუსეთის ფაქტორი გამოიყენება აშშ-ის საშინაო პოლიტიკაშიც. რამდენიმე დღის წინათ ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რუსეთის ჩარევა რომ არა, აშშ-ის პრეზიდენტი გავხდებოდიო. რუსულ კვალზე იყო ლაპარაკი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას. ეს კი პუტინის პიარს ემსახურება. დღეს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაციაა.
ისევ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ. ამ კონფრონტაციულ რეჟიმში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი სიფრთხილეა საჭირო. დღევანდელი კონფლიქტების უმეტესობა, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტებიც, დიდი ქვეყნების ერთმანეთზე ზემოქმედების მექანიზმია.
_ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, შეურაცხმყოფელი იყო ამერიკის პრეზიდენტის საინფორმაციო გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ფეხზე მდგომი ქართველი პრემიერი და მაგიდასთან მჯდომი დონალდ ტრამპი…
_ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტრამპის შეხვედრისას გადაღებული ფოტო ანალოგიურია ტრამპისა და კვირიკაშვილის შეხვედრისა _ ტრამპი ზის, პავლე კლიმკინი კი დგას, სამაგიეროდ, ძალიან შთამბეჭდავი იყო სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფოტოები.
ჩვენი პრემიერი ჯერ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა, შემდეგ _ ტრამპს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეხვედრა გაიმართა. ეს ცუდი არ არის, მაგრამ კადრებში ვნახეთ, რომ ამ შეხვედრაზე იყო მაკეინიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-თან ჩვენი ძირითადი მედიატორი კვლავ მაკეინია, მისი განწყობები კი ჩვენ კარგად მოგვეხსენება.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
კარგი წერილია, ყოჩაღ თამარ!
ერთი აღარც გავარდა სული მაგ ოხერ და საქართველოს მტერ მაკკეინს!!!ეტყობა ჭორია მაგის ავადმყოფობა!