დიახ, ჭეშმარიტი გმირობაა ის მეტად ნაყოფიერი და ქვეყნისათვის დიდად სასარგებლო შრომა, რომელიც ბატონმა ვასილმა საქართველოს გეოგრაფიულ–ისტორიული დოკუმენტური ფილმის, “ჩვენი საქართველოს” ათ სერიად მომზადებას მიუძღვნა.
ცხადია, სამშობლოზე მოფიქრალ კაცს, გაუჩნდა დიდებული იდეა, საქართველოს მთა და ბარის მშვენიერება, თავზე გადამხდარ ისტორიულ მოვლენათა გახსენებით, სრულიად საქართველოსთვის დოკუმენტური ფილმის სახით მიეწოდებია. რადგან ამისთვის დრო და აზროვნებითი ენერგიის მობილიზება სჭირდებოდა _ დატოვა ტელევიზიის თავკაცის პოსტი და მთელი არსებით იღვაწა დასახული მიზნის აღსასრულებლად.
განუზომლად მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია ვასილ მაღლაფერიძის მიერ გადაღებული ფილმის აღმზრდელობითი მნიშვნელობა მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობისათვის. ცხადია, განათლების სამინისტრო მას მაქსიმალური ნაყოფიერებით გამოიყენებს. ის ფაქტი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შექმნილი ფილმისათვის ბატონი ვასილი ახლახან ოქროს მედლით დააჯილდოვა, მისასალმებელია.
ბატონი ვასილ მაღლაფერიძის ფილმი გამუდმებით უნდა ვაჩვენოთ, მან კინოარქივის თაროზე მოსასვენებლად ვერასოდეს უნდა მოიცალოს.
ეს კინოსერიალი აუცილებლად უნდა გავიტანოთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, აგრეთვე, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში, რითაც ტურისტთა დიდ ნაკადებს მოვიზიდავთ; ფილმი შიგა ტურიზმსაც დაეხმარება.
ისე დიდია აღნიშნული კინოსერიალის შინაარსობრივი მნიშვნელობა სრულიად საქართველოსათვის, რომ მისი შემოქმედი ბატონი ვასილ მაღლაფერიძე ქვეყნის უმაღლეს და საპატიო ჯილდოს იმსახურებს.
როცა ფილმის ყურება დავასრულე, დიდებული პოეტების დიდებული სიტყვები შევძახე: “ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო”… “მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი _ ცა ფიროსმანის მოხატულია”.
ქართველებო, მოვუაროთ, მოვეფეროთ ჩვენს მიწა-წყალს, ვიღვაწოთ მისი გამთლიანება-კეთილდღეობისათვის.
გივი გურეშიძე,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,
პოლიტოლოგი ქუთაისიდან