Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: ლაზური ენის მსგავსად, მეგრულსაც ემუქრება გაქრობის საფრთხე

ზურაბ კვარაცხელია: ლაზური ენის მსგავსად, მეგრულსაც ემუქრება გაქრობის საფრთხე

ზურაბ კვარაცხელია

საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. გაჭირვებაში ჩავარდნილი ქვეყანა 1990-იან წლებში ბევრმა ქართველმა დატოვა და უცხო ქვეყანას შეაფარა თავი, ეს პროცესი დღემდე გრძელდებაქვეყნიდან ადამიანების გადინებას, აგრეთვე, მოჰყვა შიგა მიგრაციაც _ სოფლებიდან ოჯახებმა დედაქალაქს მიაშურეს ლუკმაპურის საშოვნელად, ორი ავტონომიური ოლქის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დაკარგვის შემდეგ ლტოლვილთა დიდმა ნაწილმაც თბილისს შეაფარა თავი.

საუბარი შორიდან დავიწყე, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელია, რათა ნათლად დავინახოთ პრობლემის სიმძაფრე. თბილისში ჩამოსულ ლტოლვილებსა თუ სამეგრელოდან მიგრირებულ ქართველებს დედაქალაქის მცხოვრებნი მეგრულად ლაპარაკის გამო ხშირად აქილიკებდნენ და გამოაჯავრებდნენ ხოლმე, რაც არაერთხელ ყოფილა უსიამოვნების საბაბი. ანალოგიური მდგომარეობაა სვანებისა და სვანურის მიმართაც, სამაგიეროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, თბილისში, “პარკეტზე” გაზრდილ ახალგაზრდებს სულაც არ აღიზიანებთ “თბილისელი სომხების” საუბარი და ენა. ახლა აგრერიგად მომრავლებული უცხოელების ენასაც შეეჩვივნენ და მშვენივრად ასხვავებენ, ვინ სადაურია…

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ალბათ, მოგისმენიათ ფრაზა: “რა საშინელი კილო აქვთ მეგრელებს (სვანებს)!”, აქვე განვმარტავ, მეგრული კილო არ არის…

დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულები ვართ, უხილავი თუ ხილული მტრის წინააღმდეგ ხმა ამოვიღოთ. ვიბრძოლოთ ენის, მიწის, რწმენის, ოჯახის, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დასაცავად. ერთ-ერთი ასეთი უძველესი და უძვირფასესი ღირებულება ქართული ენა და ის ქართველური ენებია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შევინარჩუნეთ და რომელსაც ახლა გადაგვარება უწერია, თუ დაცვას ვერ შევძლებთ.

პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ 2001 წლის 12 ოქტომბერს სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” მე-2 ყრილობაზე წარმოთქვა მეტად საინტერესო სიტყვა: არსებობს მეგრული ენა, როგორც სრულფასოვანი ენა, არსებობს მეგრული ენობრივი კულტურა, როგორც ქართული ენობრივი კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. არსებობს და კიდეც უნდა იქმნებოდეს ლიტერატურული ნაწარმოებები მეგრულ ენაზე. ყველაფერი ეს პატივისცემას, შენარჩუნებასა და განვითარებას ითხოვს.

რა არის ცუდი იმაში, რომ ქართველი მოსწავლე საქართველოს ყველა კუთხეში ამას წაიკითხავს, ამ ჭეშმარიტებას გაიცნობიერებს და, როდესაც სამეგრელოში თავის თანატოლების წრეში სტუმრად აღმოჩნდება, მეგრულის გაგონებაზე იფიქრებს: ეს ჩემი ძირძველი ენაა, ქართულია, მშობლიურია.

შეუწყობს თუ არა ეს ხელს ქართველი ერის გამთლიანებას?

მოგეხსენებათ, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იქ ჯერ კიდევ 10 წლის წინათ სკოლებში შემოღებული იქნა იტალიური ენის ყველა დიალექტის სწავლება, იტალიელები რატომღაც თვლიან, რომ ეს ერის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ასევე მოიქცა საფრანგეთის მთავრობა სამი წლის წინათ ბრეტონელებისა და კორსიკელების მიმართ, მაგრამ ჩვენსრეფორმატორებსსიამოვნებით გადმოაქვთ დასავლეთიდან ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ყოვლად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართული ეკონომიკისთვის, ქართული ეროვნული შეგნებისთვის, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ის გამოცდილება, რომელიც მართლა მისაღებია, რომელიც ერის გამთლიანებას ემსახურება, ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამეგრელოს, მეგრელების, მეგრული ენის, კულტურის, ტრადიციული თვითმყოფადობის სპეციფიკური თავისებურებების დაცინვა, აუგად ხსენება, შეურაცხყოფა ქართველობის მტრობას ნიშნავს, ქვეყნის დაშლას, ერთიანი ქართული ეროვნული სხეულის დანაწვრებას ნიშნავს”.

1999 წელს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, “რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” რატიფიცირების ვალდებულება აიღო, მაგრამ დღემდე ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. არადა, ევროპისკენ მივისწრაფვით…

ამ მეტად მტკივნეულ თემაზე სახალხო მოძრაობასამეგრელოსწევრ ზურაბ კვარაცხელიას ვესაუბრეთ.

_ საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში კოლხურ-იბერიული მოდგმის თითოეულ ეთნოსუბიექტს უნდა ჰქონდეს თვითმყოფადობის დაცვა-შენარჩუნება-განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ის, რაზეც უნდა იფიქროს, იქადაგოს და იღვაწოს თითოეულმა მამულიშვილმა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლაზური ენის მსგავსად, მეგრულსაც ემუქრება გაქრობის საფრთხე. მართალია, ახალგაზრდები საუბრობენ მეგრულად, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება მოხდეს 30-50 წლის შემდეგ. შეიძლება მეგრული ენაც გაქრეს, და ეს თავიდან რომ ავიცილოთ, ერთად უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე.

გლობალიზაციის ეპოქაში თვით სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენასაც კი ემუქრება საფრთხე და, წარმოიდგინეთ, როგორია მეგრული, ლაზური და სვანური ენების მდგომარეობა.

_ შესაძლოა, ეს დიალექტები საერთოდ გაქრეს?

_ ფაქტია, რომ ეს ენები გაქრობის პირასაა. ცალკეული ენთუზიასტების მცდელობა ნამდვილად არ არის საკმარისი ამ ენების გადასარჩენად. უნდა არსებობდეს საზოგადოების და, რაც მთავარია, ხელისუფლების კეთილი ნებაც, რადგან საჭიროა დამცავი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია კოლხურ-იბერიული (ქართველური) ენების დაცვის სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბება. ამ სტრუქტურამ, თავის მხრივ, უნდა შექმნას კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას, რომელშიც უნდა ჩაიდოს ყველაფერი, რაც შეუქცევადს გახდის მეგრულ-ლაზური და სვანური ენების გადარჩენა-განვითარების პროცესს. თუ რა უნდა ჩაიდოს იმ პროგრამაში, აი ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ და წინადადებებიც შესთავაზოს კომისიას. ვფიქრობ, ეს ენები დაწყებით კლასებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. აგრეთვე, აუცილებელია, ამ ენებზე რადიო და ტელემაუწყებლობა სახელმწიფოს ორგანიზებით. უნდა მოხდეს ამ ენებზე ბეჭდვითი გამოცემების სტიმულირებაც. კიდევ გავიმეორებ: ერთეული ენთუზიასტების ძალისხმევა არ არის საკმარისი და, თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ მოგვარდა პრობლემა, უახლოეს ათწლეულებში ეს ენები გაქრება. ენის გაქრობა კი, შესაბამისად, ჩვენს იდენტობასაც წაშლის, რაც ეთნოსის სიკვდილია აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალგზის მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, გაეთვალისწინებინა ჩვენი პოზიცია ამ საკითხისადმი. ვთხოვეთ, შექმნილიყო ქართველური ენების დაცვის სახელმწიფო დეპარტამანტი, მაგრამ სახელისუფლო სტრუქტურებიდან არაფრისმთქმელი, გაუგებარი პასუხები მივიღეთ.

_ ამ წერილს რომ წაიკითხავენ, შესაძლოა, ბევრმა სეპარატიზმის ნიშნები დაინახოს

_ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება. მუდმივად აპელირება იმაზე, რომ “ეს სეპარატიზმია, ეს არის კრემლის ოცნება და იმპერიულ წისქვილზე წყლის დასხმა”, სიმართლე გითხრათ, უკვე მოსაბეზრებელიცაა და ამაზრზენიც. მავანი მუდმივად ცდილობს, ამგვარი ინსინუაციებით ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვამყოფოს. ფაქტი კი არის ის, რომ არც მე და არც სხვა ენთუზიასტები ბრიუსელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს კი არ ვთხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას, არამედ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქ თბილისს. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს ვთხოვთ, მიხედოს საქართველოს უძვირფასეს განძს _ მეგრულ და სვანურ ენებს. ამ ქვეყნის ისტორიაში ერთხელ მაინც კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და დაიკისროს პასუხისმგებლობა კოლხურ-იბერიული ენების დაცვა-განვითარებაზე. ჩვენ არ გვსურს საკითხის რადიკალიზაცია. ჩვენ გვინდა საზოგადოებრიობის ფართო წრეებისა და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თანადგომა. ეს ეროვნული სხეულის ერთიანობას უფრო გაამყარებს. უნდა შეიგნოს დიდმაც და პატარამაც, რომ ამ საკითხის იგნორირება მხოლოდ დააზარალებს ჩვენს ერთიანობას. ამ საკითხზე შესანიშნავად ილაპარაკა ნიჭიერმა ქართველმა კაცმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ, მაგრამ, სამწუხაროდ, მის ნათქვამს არავინ ითვალისწინებს. არადა, ყველა მისი შეფასება და პროგნოზი წინ დაგვხვდება ხოლმე.

 _ თქვენ რას აკეთებთ მეგრული ენის დასაცავად?

_ ‘2013 წლიდან ყოველ 29 მაისს აღინიშნება მეგრული ენის დღე ზუგდიდსა თუ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში. ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღეა.

წელსაც აღვნიშნეთ და უამრავი სტუმარიც გვყავდა. ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ჩატარდა, სადაც მეგრულად კითხულობდნენ ლექსებს, პოემებს, მღეროდნენ და ყველა გამომსვლელი მეგრულად მიმართავდა დამსწრე საზოგადოებას. ამ დღის აღნიშვნით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მშობლიური ენის შენარჩუნებით. ეს, აგრეთვე, იქნება ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მეგრულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მისი გაქრობით საფრთხე კონსტიტუციით დაცულ ქართულსაც ემუქრება.

მეგრული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წელს ლაზი მაჰირ ილდისი გვესტუმრა, რომელმაც თქვა, თურქეთში მცხოვრებ ლაზებს აქვთ მშობლიური ენის ცოდნის პრობლემა, მის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ არ აქვთ სათანადო წიგნები და სახელმძღვანელოები, რაც ლაზურის შესწავლის პროცესს ართულებსო.

_ რას ეტყვით მეგრელებს, რომლებიც ცდილობენ, მეგრულად აღარ ილაპარაკონ, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთ, რომლებსაც ასეთი საგანძური გვაქვს და სათანადოდ არ ვაფასებთ?

_ მოვეფეროთ ჩვენს ენას, ვისაუბროთ მეგრულად, სვანურად, ვასწავლოთ შვილებს მეგრული, სვანური და ეს ენებიც დაცული იქნება. კონსტიტუცია არ არის ენის სიძლიერის განმსაზღვრელი. ენის სიძლიერის განმსაზღვრელია ხალხი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here