Home რუბრიკები საზოგადოება ზაქარა ვენახს ყიდის

ზაქარა ვენახს ყიდის

966
ზაქარა ვენახს ყიდის

უყვარს ზაქარას დილაბნელზე ეზოში ძელსკამზე ჩამოჯდომა და ძილბურანში მყოფი ბუნების ჩურჩულის მოსმენა. გვიანი შემოდგომის განთიადზე უამრავი საზრუნავით დამძიმებული იფშვნეტს თვალებს. ცხოვრების ნებიერთა განცხომა თანამემამულეთა უბედურების საძირკველზე დგას და ავიწყდებათ, რომ ეს ნებივრობა წუთისოფელივით გაელვებაც არ არის, რომლის შემდეგ პირისპირ შერჩებიან განგების სუსხიან განაჩენს.

ზის ზაქარა ძელსკამზე და წლების სიმრავლით დამძიმებული მხრების აწევა უჭირს. უთავდება ამ ქვეყნად ყოფნის ლიმიტი, მაგრამ ეს არ ანაღვლებს, თავისი თაობის სავალ გზას ვერავინ ასცდება. ახალგაზრდების ბედი აწუხებს, გაუსაძლისი ცხოვრების უიმედობა სამშობლოდან წასვლის გზაზე რომ აყენებს. თვითონ და მისი მსგავსნი მალე დატოვებენ ამქვეყნიურ გაწამაწიას, შთამომავლობას კი დაკარგულ სამშობლოს უტოვებენ.

ვინ წაართვა მომავალ თაობას სამშობლო?! _ ფიქრებში გართულმა ამოიღრიალა. უცებ გამოერკვა, მიმოიხედა, დილაბნელი ისევ ძალაში იყო. _ ვინ წაართვა მომავალ თაობას სამშობლო? _ გაღმა ხეობიდან კლდეების ექო გამოეხმაურა მხოლოდ.

ნორმალური ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა შვილების უკეთეს მომავალს სიამაყით ხედავს. როცა ქვეყანას თავისივე უძღები შვილები გადაქცევიან უბედურებად, რა ეშველება იმ ცეცხლს, ერის შვილების მკერდში ჩაუქრობელ ჩირაღდნად რომ გიზგიზებს?! სამშობლოს ისინი ყიდიან, ვისაც მისი დაცვა და გამძლავრება ევალება. კაცობრიობის მიერ განვლილ გრძელ გზაზე ადამიანთა მიერ დაგროვილი უამრავი ბოროტების ყულაბაში ყველაზე საზარელი და მიუტევებელია სამშობლოს, ერის ღალატი. ამით მიყენებული ტკივილის დასაამებლად მონანიების ცრემლის ფრქვევა ვერ გამოდგება.

_ ამას რას მოვესწარი, კაცო?! _ ამოიგმინა ზაქარამ და ფიქრი თავისი განვლილი ცხოვრების გზას გადახედა. სამამულო ომისდროინდელი გაჭირვება გაახსენდა, სკოლიდან დაბრუნებულს შინ საჭმელი რომ არ ეგულებოდა, სანამ სამუშაოდან დაბრუნებული დედა პურის ნაჭერს არ მოუტანდა. შიოდათ, მაგრამ იყო რწმენა გამარჯვებისა და ბედნიერი მომავლისა. ქვეყანას სათავეში ედგა ადამიანთა თანასწორობისა და ბედნიერი ცხოვრების იდეების პრაქტიკულად განხორციელების ხუროთმოძღვარი, ხალხის მაჯისცემით რომ ცოცხლობდა და მისი ბედნიერებისთვის ზრუნვას ეძღვნებოდა ამ გენიოსის სიცოცხლე _ კაცობრიობა ფაშისტური ჭირისგან რომ იხსნა და გამარჯვებული ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიჰყავდა წარმატებისა და ბედნიერებისკენ. მისი გარდაცვალება სანატრელი ცხოვრების გზაზე შემდგარი ქვეყნის მოსახლეობამ ცხარე ცრემლით დაიტირა.

სიკეთისა და ბედნიერების მომტანი რა სასწაულებრივი ადამიანი დავკარგეთ, რაც დრო გადის, სულ უფრო მწარე სინანულად რომ გვახსენდები, კაცო! _ ამოიღრიალა ზაქარამ. _ მის სახელთან დაკავშირებული კომუნისტური პარტიის ავტორიტეტიც განუზომელი იყო. შემდეგ დარჩენილმა თავდაჯერებულმა კარიერისტმა ეგოისტებმა სტალინის საქმეების ღრღნაში ქვეყანა ისე გააღატაკეს და დაშალეს, რომ დიდ ომში გამარჯვებული და მომძლავრებული დამარცხებულების დასაცინად აქციეს.

სტომაქის ტყვე ახლანდელი გაუმაძღარი ბღენძი ხელისუფალნი ევროამერიკული რეკომენდაციებით ბატონყმობის კარზე აკაკუნებენ. როცა ადამიანს მაღალი პოსტისთვის არ ჰყოფნის ტვინი და იმის შეგნება, რომ ადგილი სხვა უფრო ჭკვიანს დაუთმოს, სწორედ ეს არის კაცობრიობის პრობლემა. კაცობრიობას სიკეთის, სიყვარულისა და პატიოსანი შრომით ბედნიერი ცხოვრების შექმნის რწმენა ასპეტაკებს. სწორედ ამგვარი რწმენა გვქონდა მაშინ და ვიმარჯვებდით კიდეც. ზაქარას ერთი ამბავი გაახსენდა: ხორბლის მოსავლის აღებისას საველე კალოზე ზევიდან მოსული მაკონტროლებლები დიდი სიმკაცრით ამოწმებდნენ რაღაც ქაღალდებს. მისმა პაპამ ჰკითხა: რას აკეთებთო? _ ვამოწმებთ, მოსაპარავად მეტს ხომ არ ტვირთავენო.

_ შვილებო, ამ კალოებიდან ადრე ურმით ხორბალს ვეზიდებოდი ჩასაბარებლად. გზად ღამეს სოფელში ვათევდი და მეორე დღეს ვაბარებდი. არ მიწონიდნენ და არც რაიმე საბუთს მაძლევდნენ, ნახევარი რომ მომეპარა, ვერავინ მომედავებოდა. ერთხელ ჩემმა ცოლმა მუჭით ხორბალი ქათმებს დაუყარა და კინაღამ მოვკალი, ისე ვუფრთხილდებოდით ხალხის ქონებას. რწმენა იყო, საერთო სახალხო ქონების დაცვით საკუთარ ბედნიერ ცხოვრებას რომ ვემსახურებოდით. მაგ ქაღალდების ქექვით შეაჩერებთ ქვეყანაში გამძინვარებულ მომხვეჭელობას, მექრთამეობასა და დატაცებას? თევზი თავიდან ყროლდება. ხალხს რწმენა წაართვით, შვილოსა, ზევით მომხვეჭელი და უტვინო მექრთამეები რომ სხედან, იმას მიხედეთ, თორემ, რაც სასიკეთო შემოგვრჩა, მაგასაც მოსპობენ კარიერის მოხვეჭის ჟინით შეპყრობილი არაკაცები.

_ რა წინასწარმეტყველური გამოდგა პაპაჩემის ნათქვამი, _ ხმამაღლა ჩაილაპარაკა ფიქრში გართულმა და ისევ დაიწყო ჩავლილი დღეების გახსენება. ფიქრებში ჩაძირული ხმამაღლა ამოიძახებდა ხოლმე: _ ხეპრე, მოღალატე ხრუშჩოვი, ბედოვლათი ბრეჟნევი; დეგენერატი, ნაძირალა გორბაჩოვი. ამგვარ ამოძახილში ფიქრებში დღევანდელობამდე მოვიდა. ამდენი ჭირგამოვლილი ამას მაინც რას მოვესწარი _ ქართველი კაცი წინაპართა სისხლითა და ცრემლით მორწყულ ქართულ მიწას რომ გაყიდდა, ამგვარი ვერაგობა ღალატშიც ვერ ეტევა! შემოყარეს ვიღაც უცხოელები და ახლა მანიაკების შიშით ბავშვები თავისუფლად ვერ გაუშვიათ სათამაშოდ. არადა, რა ყბედობა ეხერხებათ, ენით ზურგს იფხანენ. საბჭოთა კავშირის დაშლა მის ხალხებს უბედურებად ექცათ, ქართველებმა კი ყველაზე დიდი დოზით ვიმწარეთ ეს საშინელება. საამისო რა დავაშავეთ, კაცოო! _ ამოიგმინა ზაქარამ.

ფაშისტი კაციჭამიები რომ არ დაესაჯათ და ფაშიზმი არ აეკრძალათ, უფრო საშინელ ბოროტებად აღორძინდებოდა. ჩვენთან კი პირიქით მოხდა. მათგან შეწუხებული ხალხი ისე დაამხობდა ნაცების ძალაუფლებას, რომ მათ ხსენებასაც კი ამოძირკვავდა. ისევ მოხდა სასწაული. ივანიშვილი აღშფოთებულ ხალხს ჩაუდგა სათავეში და ბოლო მოუღეს ნაციონალების პარპაშს.

ხალხის სამსჯავროს შიშით დამფრთხალი ნაციონალები ჯერ გაჩუმდნენ, შემდეგ ბიძინას შექმნილქართული ოცნებასპარაზიტებივით შეაცოცდნენ და ისე სწოვდნენ მის ავტორიტეტს, როგორც ტკიპა წოვს სისხლს ძროხას. ასე გაივსო პარლამენტი და მთავრობა ნიღბიანი პარაზიტი წევრებით, ყველაფერი ნაციონალების სასიკეთოდ დალაგდა. რაღაც კოაბიტაცია მოიგონეს და ნაციონალებმაც ღრენას უმატეს. პარლამენტის თავჯდომარედ რესპუბლიკელი რომ გეყოლება, რის იმედი უნდა გქონდეს?! ჰოდა, მოირგეს კიდეც სირცხვილად .. ანტიდისკრიმინაციული კანონი. პარაზიტი პარტიებიდან მოხვეტილი ერის უბედურება მინისტრები; პლასტილინა პრეზიდენტი; სახალხოდ წოდებული უკუღმართთა დამცველი; სასამართლოსა და სახელისუფლებო აპარატში შემძვრალ ნაციონალებთან ჭიდილი და ტელეკომპანიარუსთავი 2” –ის აღვირახსნილი ჭენაობა. ამგვარად გაპაპაჯორებული “ქართული ოცნების” ავტორიტეტის მწოვ პარაზიტებს თავი ისე წარმოედგინათ, როგორც ძროხის სისხლით გაბერილ ტკიპას _ ძროხად. დანაშაულით დამძიმებული სააკაშვილი მისმა ევრო-ამერიკელმა მფარველებმა უკრაინის უბედურებად წაიყვანეს, საიდანაც უარესად ჩასვრილის წაყვანა და გარეცხვა გაუხდათ თავშისაცემად.

“ოცნებაში” წევრად შემძვრალი პარაზიტების მომრავლებამ ისე დასცა ამ ორგანიზაციის ავტორიტეტი, რომ ფეხზე დგომა უჭირს. ნაცისტები კი ქართული ერის უბედურებად კვლავ წამოიმართნენ.

_ აუ, ეს ძალიან საშიშია! _ ამოიღრიალა ზაქარამ.

“ქართული ოცნების” ავტორიტეტის წოვას მოწყვეტილი მოხეტიალე რესპუბლიკელი და მისი მსგავსი პარტიებად წოდებული საცოდაობა ახლა ნაციონალებს აცოცდებიან, რადგან ასეა აგებული მათი არსებობა. ამდენი უბედურების კლანჭებში მყოფი საქართველო ნაცისტების აღვირახსნილ პარპაშს ვეღარ გადაიტანს. ეს არ უნდა მოხდეს! განაწყენებული ვიყავი და არჩევნებზე არ წავედი. ახლა კი, ვისაც მივწვდები, ვურჩევ და მეც წავალ არჩევნებზე, რათა ქვეყანა დაღუპვისგან ვიხსნა.

_ ზაქარ! _ ალაყაფის კართან შეგროვილი მევალეები იძახდნენ. გველნაკბენივით წამოხტა და ყვირილით გაემართა მათკენ: _ ნუ გეშინიათ, ვენახს გავყიდი და ვალს აუცილებლად გადავიხდი, ყველას უთხარით, რომ ზაქარა ვენახს ყიდის.

ამგვარი ღრიალით და ხელების ქნევით გავარდა გარეთ. მევალეებიც აღარ დაელოდნენ, მიდგნენ და გულისტკივილით ლაპარაკობდნენ: _ ცხოვრება ისე წახდა, ზაქარას ვენახის გაყიდვასაც მოვესწარითო.

უკან გაბრუნებული ზაქარა კი თავჩაღუნული ბუტბუტებდა: კოაბიტაციამ, ნაციონალი დამნაშავეების დაუსჯელობამ, შეპირებულის შეუსრულებლობამ და გაჭირვების კიდევ უფრო მატებამ მთლად შემირყიაქართული ოცნებისადმირწმენა. ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში, ვენახის მოვლაღა მაცოცხლებდა, მაგრამ ესეც გამიჭირდა. შხამქიმიკატებზე ფასების ზრდამ და მის შემოზიდვაში თაღლითების მომრავლებამ სულ გამტეხა წელში, იძულებული შევიქენი, რთვლამდე ვალით შემეწამლა. ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა დიდი ვენახები რომ შეიძინეს, თავიანთი და ახალგამომცხვარ მემამულეთა ყურძენი დააბინავეს, ჩემნაირი გაჭირვებული კი ბედის ანაბარა დარჩა. საწყალ ხალხს მთელი წლის იმედი _ ყუძენი _ ვერსად გაესაღებინა. დრო გადიოდა, მოსავალი დაღუპვისკენ მიექანებოდა; ხელისუფლება ევროპული გზის სამუდამო არჩევის სადიდებელს გალობდა.

გამოჩნდა ღვინის ქარხანა, რომელიც ყურძენს 70 თეთრად მიიღებდა. ამ ფასად ადრე არ ვაბარებდით, ახლა ლარი თითქმის რომ განახევრდა და ყველაფერზე ფასების მატებამ ლამის ცის თაღი გახიოს, რაღა დაგვრჩებაო, _ შეწუხდა ხალხი, მაგრამ სულ არარაობას სჯობდა. შორს, მეზობელი რაიონის ბოლოში, ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს და ისიც ორ დღეში დაიკეტებაო, _ ატყდა განგაში. რა მექნა მე და უამრავ ჩემს მსგავსს, ჯიბეში ფულის მაგიერ ვალი რომ უჩხაოდა. მანქანასა და მკრეფავებს ყურძნის ჩაბარების შემდეგ შევპირდი ფულის მიცემას და შუაღამისას მივადექით იმ გადაკარგულ ღვინის ქარხანას, ყურძნით დატვირთულ უამრავ ტრანსპორტს რომ მოეყარა თავი და ჩაბარება მეორე დღესაც საეჭვო ჩანდა. ღმერთმა უშველოს, მძღოლს ვიღაც ნაცნობი გამოუჩნდა, ისიც მიდგა-მოდგა და, როგორც იყო, მანქანა “ჩორნი ხოდიდან” შეაპარეს ქარხანაში. გავიხარე, მაგრამ ცოტა ხნით, 15 დღის შემდეგ ფულს ბანკში მიიღებთო და მომეკვეთა ფეხები. მე აღარაფერი მრჩებოდა, მაგრამ რა მიმეცა ამდენი მევალისთვის?!

უცებ გაჩერდა.

არა, ახლა წყენისა და საყვედურის დრო არ არის, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და მოვიცილოთ ნაცისტური ჭირი! _ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, ერბაშად ენერგიის მოზღვავება იგრძნო და თავი ამაყად ასწია. მაღლა მზის სხივები შარავანდედივით დამშვენებული დაპატრონებოდა მიდამოს.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here