Home რუბრიკები საზოგადოება “ზარმაცი” ქართველები “ძალიან მაგარი მენეჯერების” პირისპირ

“ზარმაცი” ქართველები “ძალიან მაგარი მენეჯერების” პირისპირ

4198
“ზარმაცი” ქართველები “ძალიან მაგარი მენეჯერების” პირისპირ

მერე რომ არავინ არაფერი მითხრას, თავიდანვე ასე დავიწყებ _ ვარ 43 წლის, ქართველი, მამრობითი სქესის ადამიანი. მიმუშავია არაერთ დაბალ, საშუალო თუ მაღალ თანამდებობაზე. გარდა ამისა, ასე თუ ისე, ვარცნობადი სახეც”. ჰოდა, თუკი ვინმე შემომთავაზებთ ხელფასად თვეში, 1000 თუ არა, 500 ევროს მაინც, ვიმუშავებ, რომელ პოზიციაზეც გინდათ, ყველაზე არაპრესტიჟულ და დაბალი რანგის სამსახურში _ სასტუმროს შვეიცარით დაწყებული, კანალიზაციის გამწმენდით დამთავრებული. ველი შემოთავაზებებს.

ამ განცხადებით თავი იმიტომ დავიზღვიე, რომ ვიცი, “წარმატებული” და “მაგარი მენეჯერები” დამიწყებენ ახლა _ სხვებზე რომ ლაპარაკობ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედე, იკადრებ არაპრესტიჟულ სამსახურში მუშაობასო? ამ კითხვაზე უკვე გაგეცით სრულიად ნათელი პასუხი. ახლა კი ამ სტატიის მთავარ სათქმელზე გადავიდეთ.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ისევ ჯიუტად ცდილობს, მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები “ყრია” და საქართველოში სამსახურის შოვნა არ არის არანაირი პრობლემა. თუმცა, ქვეყანაში მყოფ მოსახლეობას კიდევ რა უჭირს, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა უკვე თავისა და ოჯახის გადასარჩენად უცხოეთში გადახვეწილ ქართველებსაც უფუჭებს საქმეს.

როგორც ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელებში წერენ, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში უკვე იყვნენ ჩასული საქართველოს მთავრობისემისრები”, რომლებიც დაჟინებით უმტკიცებენ იქაურ ხელისუფლებებს, რომ საქართველო აწყობილი, დალაგებული და წარმატებული სახელმწიფოა და რომ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემა არ აქვთ ღირსეულად დასაქმებისა; თურმე მათ სამშობლოშიც შეუძლიათ კარგად დასაქმდნენ, უბრალოდ, უცხოეთში უფრო იოლ, მუქთა შემოსავალს ეძებენ.

აქ სასაცილო არის ის, რომ ვერავინ განმარტავს, კერძოდ, რომელ “იოლ” და “მუქთა” შემოსავალს ეძებენ უცხოეთში ქართველები, რომლებიც რეალურად იქ უმძიმეს და სავსებით “არაპრესტიჟულ” სამუშაოებს ასრულებენ?

მაგრამ საქართველოს ხელისუფლების “ემისრებმა” შესანიშნავად იციან, რომ ევროპელებს ამას არავინ აუხსნის. ისინი დიპლომატიურ დონეზე იჯერებენ საქართველოს მთავრობის ასეთ ტყუილებს და უქმნიან კიდეც პრობლემებს იქ დასაქმებულ ქართველებს. არც არის გასაკვირი ჩვენი მთავრობის წარმომადგენელთა ასეთი თავდაჯერებული საქციელი. რა გასაკვირია მათგან ევროპელ ხელისუფალთა მოტყუება, რომლებმაც რეალურად მართლა არ იციან ასე ღრმად, რა ხდება საქართველოში. დიახ, ეს სულაც არ არის გასაკვირი იმ ფონზე, როდესაც აქ, საქართველოში, მცხოვრებ ქართველებს “გვაშტერებენ” და ცდილობენ, “თვალი აგვიხილონ”.

სინამდვილეში კი გამოდის, რომ საქართველოს ჯიუტი ხელისუფლება ქართველებს გვლანძღავს, უსაქმურებს, მუქთახორებსა და დებილებსაც კი გვიწოდებს.

ყოველივე მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა იხტიბარი არ გაიტეხოს და დაგვაჯეროს, რომ “მეოთხე წელი ძალიან მაგარი იქნება”. მართალია, ამ “მეოთხე წლის ძალიან მაგრობას”, უკვე მეშვიდე წელია, “გვაჯერებენ”, მაგრამ უკვე ძალიან გადაამლაშეს და, ხალხის უკიდურეს გაღიზიანებას რომ იწვევენ, ან ვერ ხვდებიან, ან ფეხებზე ვკიდივართ.

 სატელევიზოთოქშოუებშიბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა დასაქმების, უფრო ზუსტად კი, დაუსაქმებლობის თემა. ამ მიმართულებას განსაკუთრებითაწვებატელეკომპანიაიმედიდა, როგორც ზევით უკვე ვთქვით, მონდომებით ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეები, საზოგადოდ, ქართველი ხალხი ვართ მოუნდომებელი, ზარმაცი და მუქთახორა, თორემ, თუ მოინდომებ კაცი, ამ ქვეყანაში კარგი სამსახურის პოვნას რა უნდა?!

ყურადღება მიაქციეთ, როდესაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ვსაუბრობდი, იქაც “ღირსეული დასაქმება” ვახსენე და ახლაც “კარგი სამსახური”-მეთქი, ვთქვი. მინდა, თქვენი ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ უკვე არა უბრალო სამუშაო ადგილებზე, არამედ კარგ, ღირსეულ, გადასარევ, ჭკუიდან შემშლელ სამუშაო ადგილებზე გველაპარაკება მთავრობა. მაშასადმე, საქართველოში თურმე არა უბრალოდ ნორმალური სამუშაო ადგილები ყრია, არამედ “ძალიან მაგარი სამუშაო” ადგილების ცვენაა და ჩვენ, ქართველებს იქ მუშაობა (მეტიც _ მათ მოძებნა) გვეზარება.

სწორედ ასეთი თეორია წამოაყენა ერთმა “ახალგაზრდა მენეჯერმა” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში. “მე კარგ სამსახურს სამი თვე ვეძებდი და ბოლოს ვიპოვე კიდეც. მე ვამბობ, კარგ სამსახურს-მეთქი, რადგან მინდოდა, მაგარი სამსახური მენახა, თორემ ისე, ამ სამი თვის განმავლობაში უამრავი სამსახური ვნახე, ბევრი შემოთავაზება მქონდა, ბევრგან მიმიღეს კიდეც, მაგრამ არ მივედი, რადგან მინდოდა კარგი სამსახური და ბოლოს ვიპოვე ძალიან მაგარი სამსახური! დღეს ვმუშაობ ამ მაგარ სამსახურში და ვარ ძალიან კმაყოფილი. ამიტომ გეუბნებით: სამსახურის შოვნა დიდი პრობლემა არაა. უბრალოდ, უნდა მოინდომო, ეძებო, ეს იქნება ჯობს.გე თუ სხვა საიტები, სხვა რესურსები, უამრავი გზაა. თუ ძალიან მაგარი სამსახური გინდა, ცოტა მეტ ხანს მოგიწევს ძებნა, მაგრამ არ უნდა დაგეზაროს და არ უნდა შეეშვა. ხოლო ჩვეულებრივი სამსახურები მალევე შეიძლება ნახო. ეს დღეს საქართველოში პრობლემა არაა”, _ დაგვმოძღვრა ეთერიდან ვინმე ლევან კობერიძემ, რომელმაც თავი “ძალიან წარმატებული კომპანიის ახალგაზრდა მენეჯერად” გაასაღა.

ეს სიტყვები _ “ახალგაზრდა მენეჯერი” აბზაცის დასაწყისშიც ბრჭალებში ჩავსვი და ახლავე აგიხსნით რატომაც. როცა და რამდენჯერაც ასეთმენეჯერებსვუსმინე და ვუცქირე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში კარგი სამსახურის პოვნა პრობლემა არ არის, რატომღაც არც ერთი მათგანი არ ასახელებს, კერძოდ რომელიწარმატებული კომპანიისმენეჯერები არიან ისინი, რომელ კომპანიაში იპოვეს ასეთისაოცნებო ვაკანსიადა დასაქმდნენ ასე კარგად.

ზუსტად ვიცი, სამ თვეს კი არა, სამ წელიწადს ეძებენ ადამიანები “ჯობს.გე”-ზეც, სხვა საიტებზეც, ახლობელ-მეგობრებში გაკითხვითაც, კომპანიებში პირდაპირ მისვლით და თხოვნითაც ასე თუ ისე ნორმალურ სამუშაოს და ვერ პოულობენ. რაღა მაინცდამაინც ამ ტელეეთერებში ატლიკინებულ “ახალგაზრდა მენეჯერებს” უმართლებთ ასე?!

პასუხი, ჩემი ვარაუდით, მარტივია _ არანაირი “მენეჯერები” და არანაირი “წარმატებით დასაქმებულები” ესენი არ არიან. ესენი სწორედ იმაში არიან “დასაქმებულები”, რომ სატელევიზო ეთერში დასხდნენ და ასეთი გამაღიზიანებელი სისულელეები ილაპარაკონ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას შექმნილი აქვს რაღაც სპეციალური სამსახური, რომელიც ადამიანებს ფულს უხდის ეკრანზე უტიფარ ლაპარაკში და იმაში, რომ ამტკიცონ, თითქოს საქართველოში სამუშაო ადგილების დეფიციტი არ არსებობს. დამეთანხმებით, სხვაა, როდესაც ამას მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი გეუბნება და სულ სხვა, როდესაც მაყურებელი ეკრანზე ხედავს “თვალნათელ მაგალითს” – “ახალგაზარდა მენეჯერს, რომელმაც ძალიან ბევრი ნორმალური სამსახური იპოვა, მაგრამ უნდოდა ძალიან მაგარი სამსახური”, სამ თვეში ისიც იპოვა და ახლა ძალიან კმაყოფილია! სულ სხვა ეფექტია, როდესაც ამას პირველ პირში გიყვება კონკრეტული ადამიანი ეკრანიდან, აშკარად მეტად “დამაჯერებელია”.

შენ ხედავ მის სახეს, აწერია სახელი და გვარი და, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მართლა გაფიქრებინონ, რომ პრობლემა ნაღდად შენშია და რაღაცას ვერ აკეთებ ისე, როგორც საჭიროა, თორემ საქართველოში კარგი, მაგარი, შესანიშნავი, საოცნებო სამსახურის შოვნა რა პრობლემაა?! სინამდვილეში კი, ეთერიდანცოცხალი ტროლიგელაპარაკება და არანაირწარმატებულ კომპანიაშიის არ მუშაობს. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, ეს სახელი და გვარიც არ იყოს მისი და ტიტრზე სულაც მოგონილი სახელი და გვარი ეწეროს.

ყოველივე ამას, სხვათა შორის, გადაცემის წამყვან ირაკლი ჩიხლაძის სახეზეც ამოიკითხავდით, რომელიც თავს უქნევდა, ეთანხმებოდა “ახალგაზარდა მენეჯერს” და თან აშკარად წითლდებოდა, ბორძიკით ამბობდა სიტყვებს “დიახ, საბოლოო ჯამში, თუ მოვინდომებთ ნამდვილად ვიშოვით კარგ სამსახურს”.

და კიდევ ერთიც _ პირადად ვიცნობ არაერთი მართლა წარმატებული კომპანიის არაერთ მართლა წარმატებულ მენეჯერს და მათ რომ ეხვეწო, ტელეეთერში ვერ მიიყვან, ვერც ისე, საზოგადოდ და, მით უმეტეს, ასეთი შტერობების სალაპარაკოდ.

აბა, წარმოიდიგინეთ, რომ რეალურად გაგიმართლათ, მოხვდით მართლა წარმატებულ კომპანიაში საოცნებო თანამდებობაზე. მიპასუხეთ: რატომ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი, წახვიდეთ ტელეეთერში, თქვენი “მაგალითი” სახალხოდ და საჯაროდ განაზოგადოთ, ამ თემაზე ბევრი იტლიკინოთ და ასე გააღიზიანოთ ხალხი? ჯერ ერთი, იმ წარმატებული კომპანიების მართლა წარმატებულ მენეჯერებს უამრავი საქმე აქვთ და არც სცალიათ “ტელევიზორებში” სატლიკინოდ; მეორეც _ ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ საკითხში, დამეთანხმება, რომ არც თქვენი კომპანიის მეპატრონეს, დირექტორს თუ მთავარ მენეჯერს არ ესიამოვნება ასეთი საქციელი და ამისთვის აუცილებად მიიღებთ, სამსახურიდან გაგდებას თუ არა, უმკაცრეს საყვედურს მაინც.

ასე რომ, მომავალში, პატივცემულოწარმატებით დასაქმებულებო”, როცა ტელეეთერში გამოხვალთ ჩვენთვის ნერვების მოსაშლელად და იმის სათქმელად, რომ ხართმაგარი ტიპები”, ხოლო ჩვენ, თურმე, არათუ მუშაობა, არამედ სამუშაოს ძებნაც კი არ შეგვიძლია, იქვე დაასახელეთ, რომელიწარმატებული კომპანიისწარმომადგენელი ბრძანდებით და რას აკეთებთ იმ კომპანიაში; ან ჩაიგდეთ ეგ უტიფარი ენები და ნუტროლავთამ ისედაც გაგიჟების ზღვარზე მისულ საზოგადოებას.

ბოლოს კი აუცილებლად სათქმელი _ კიდევ ერთი “ტრენდი”, რომელიც ხელისუფლებას ასე ძალიან მოსწონს, არის ის, რომ თითქოს ქართველები აქ, საქართველოში, უკადრისობენ სხვადასხვა სამუშაოს და ყველა ქართველს “უფროსობა” და “მენეჯერობა” უნდა, ხოლო უცხოეთში ნებისმიერ საქმეს აკეთებენ. აი, ასეთი აზრი და ამ ტრენდის დამკვიდრების მცდელობა, პირდაპირ ვიტყვი, ღორობაა.

უცხოეთში ქართველები ნებისმიერ სამუშაოზე იმიტომ მუშაობენ, რომ იქ იმდენს უხდიან, ღირს მუშაობად. თქვენ რა გინდათ, აბა, საქართველოში ადამიანმა არაპრესტიჟულ სამსახურში იმუშაოს და ისიც მათხოვრულ-შეურაცხმყოფელი ანაზღაურებით?

აი, ამიტომ მე, ე.წ. ცნობადი სახე და არაერთ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი გეუბნებით თქვენ _ “ჭკუის დამრიგებლებს”: გადამიხადეთ არა 1000 (სულ ცოტა, რასაც იხდიან უცხოეთში), არამედ ამის ნახევარი, თუნდაც 500 ევრო და ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვარ, რასაც ჩემი ჯანმრთელობით მოვერევი. და ასევე მოიქცევა უამრავი ქართველი ემიგრანტი.

ჰოდა, ველით შემოთავაზებებს!

და, თუკი ვერაფერს შემოგვთავაზებთ, მაშინ ყველას, ვინც ასე უტიფრად დაგველაპარაკება ტელევიზორიდან, რადიოდან, გაზეთიდან თუ სოციალური ქსელიდან, აუცილებლად “მოვუკითხავთ”, სულ ცოტა, “კეთილებს” მაინც!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. იცით რას აკეთებენ? კომპანიებს ავალდებულებენ გამოაქვეყნონ ვითომდა ვაკანსიები. ტყუილად!!! უამრავჯერ წავაწყდი!!! მერე ერთმა ახლობელმა მითხრა გვავალებენო. მოგვყავს ხალხი ვითომ გასაუბრებაზე და არანაირი ვაკანსია არა გვაქვს და არც არავის ვიღებთო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here