Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა ხატიაშვილი: თქვენი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ქვეყანა კორუფციულ ჭაობში იძირება!

ზაზა ხატიაშვილი: თქვენი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ქვეყანა კორუფციულ ჭაობში იძირება!

ყოფილი პრემიერმინისტრი: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრი: გიორგი კვირიკაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. ,,საქართველო და მსოფლიო“  წერილს უცვლელად გთავაზობთ:


”საქართველოში, თქვენი გაუაზრებელი მმართველობის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანა იძირება კორუფციულ ჭაობში, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. თუ თქვენში არის დარჩენილი ქვეყნის ოდნავი სიყვარული, აღკვეთეთ კორუფციული სქემების შექმნის პროცესი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კატასტროფამდე. ჩემთან მოვიდა ბიზნესმენი, რომელიც აპირებდა ქართულ ეკონომიკაში ფულის ინვესტირებას, შეიძინა მიწის ნაკვეთი, მაგრამ თაღლითური ჯგუფის წევრებმა ყალბი მინდობილობის დამზადებით მას მიწა გაუყიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი თაღლითების მიმართ ბიზნესმენი საკუთარ მიწის ნაკვეთს ვერ იბრუნებს, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოში.

საქართველოში იქმნება თაღლითთა ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ ქონებას, რომელიც მოეწონებათ, ყალბი მინდობილობით, სახელმწიფო ორგანოების დახმარებით, ირეგისტრირებენ და მაშინვე ჰყიდიან ე.წ „კეთილსინდისიერ შემძენებზე“. მე იმდენად შემძრა ამ ისტორიამ, რომ გადავწყვიტე მოგმართოთ ღია წერილით.

2012 წელს საქართველოში, საქართველოს მოქალაქე სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბიმ და მისმა მამამ რეფაატ ავად ჰაბიბ მაკერმა დაარსეს შპს ”HABIBICO GEO”, რომელმაც 2013 წლის 10 იანვარს შეიძინა საკუთრებაში, თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე (14 749.00 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა მიზნად ისახავდა მათი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას და ბიზნესმენების დახმარებით, როგორც თვითონ განმიცხადა, ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას.

2014 წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თაღლითური დაჯგუფების წევრებმა, სავარაუდოდ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე საჯარო მოხელეების თაღლითური და სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, ჯერ დაირეგისტრირეს საკუთარ თავზე, ხოლო შემდგომ გაყიდეს შპს ”ამერი დეველოპმენტის“ სახელზე.

როგორც სასამართლოს განაჩენით დგინდება, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თბილისში დაამზადეს 2014 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოს რუსეთის ფედერაციის ქ.შახუნიაში გაცემული მინდობილობით, შპს ”HABIBICO GEO”-ს ს/ნ 4094344116–ი პარტნიორების სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბი და რეფატ ავად ჰაბიბ მაკარი თბილისში, მზიურის მიმდებარედ არსებული 14 749 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყიდვის, გასხვისების, გაჩუქების, გაცვლის, იპოთეკური სესხით დატვირთვის, ასევე თავიანთ სახელზე გადაფორმების სრული უფლებამოსილებას ანდობდნენ თაღლითური ჯგუფის წევრებს.

ბატონო პრემიერ-მინისტრებო!

კომპიუტერის ერაში ნებისმიერ „ჰაკერს“ შეუძლია დაამზადოს ყალბი მონდობილობა ნებისმიერ ქონებაზე და ქონების მესაკუთრე დატოვონ ქუჩაში. ისმის კითხვა, რაში სჭირდება ქვეყანას პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საჯარო რეესტრი თუ ელემენტარულად, ადამიანმა, თაღლითური დაჯგუფებებისგან თავი ვერ დაიცვა? ამგვარი საქმეების სრულ გამოძიებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რაც ამ ქვეყანაში როგორც ჩანს არ არსებობს.

ქვეყნაში, სადაც მოქმედებს ამგვარი კორუფციული სქემები, რომელიმე ბიზნესმენი გადაწყვეტს ფულის ჩადებას?

სასამართლო განაჩენით დადასტურებულია, რომ თაღლითებმა ყალბი მინდობილობა ათარგმნინეს ნოტარიუსს და 6 მლნ (ექვსი მილიონი ) ლარის ქონება დაირეგისტირეს საჯარო რეესტრში.

ყალბ მინდობილობაში მითითებული პიროვნების მინდობილობის გამცემი ერთ–ერთი პირის რეფაატ ავად ჰაბიბ მაკარის მონაცემები და მისამართი მინდობილობაში მითითებული არ არის. საჯარო რეესტრი ვალდებული იყო შეეჩერებინა გარიგება.

ჩემი შეფასებით, საჯარო რეესტრის თანამშრომლების კორუფციული გარიგებით, ან დაუდევრობით ყალბი მინდობილობის საფუძველზე დაარეგისტრირეს ქონება, ხოლო აღნიშნული გარიგების დადების შესახებ, სავარუდოდ არ აცნობეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონის მოთხოვნის მიუხედავად, რადგან შეჩერებულიყო აღნიშნული გარიგების დადება, სანამ არ მოხდებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფაქტის შესწავლა და დასკვნის დადება, რომ ხომ არ ქონდა ფულის გათეთრებას ადგილი, ან სავარაუდოდ ტერორიზმის დაფინანსებას, ასევე საეჭვო მინდობილობისა და საეჭვო პირების მიერ თავის თავზე შპს,,HABIBICO GEO”-ს ს/ნ 4094344116. საკუთრებაში არსებული ქონების გადაფორმებისათვის თუ რატომ არ ახლდა მინდობილობას პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილება, ვინაიდან იურიდიული პირის ქონების გასხვისების შესახებ აუცილებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

ბატონო პრემიერებო!

პროკურატურამ საქმე სასამართლოში გაუშვა თაღლითობის ბრალდებით, მაგრამ ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე არ აწარმოა გამოძიება, არ გამოკვეთა დამნაშავეები, რითაც ჩემი შეფასებით, დაიცვა სახელმწიფო მოხელეები და კორუფციულ სქემაში მონაწილე პირები.

ადვოკატთა ასოციაცია ვალდებულია მიმართოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ფულის გათეთრების თაობაზე, თუ საეჭვოდ მიიჩნევს გარიგებას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სამი თვის წინ მივმართე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და ვაცნობე კორუფციული სქემის თაობაზე, მაგრამ სამი თვის მანძილზე მიუხედავად ჩემი თხოვნისა, არ მაძლევენ ჩემს მიმართვაზე პასუხს, რაც მიძლიერებს ეჭვს, რომ ბიზნესმენის ტერორი წინასწარ იყო სავარაუდოდ შეთანხმებული სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ბატონო პრემიერებო, საქართველოს ელოდება დიდი სირცხვილი.

მოგიწოდებთ აღკვეთოთ პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების, საჯარო რეესტრის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა გადაიქცევა ”ბანანის რესპუბლიკად“.

შემძრა ბიზნესმენის ისტორიამ, რომელსაც საქართველოში დასაქმებული ჰყავს 300 მოქალაქე და აპირებს ქვეყნიდან გაქცევას, აპირებს ბრიუსელში წასვლას და შიმშილობას, აპირებს საერთაშორისო ბიზნესფორუმებზე გამოსვლას და ქვეყანაში არსებული კორუფციულ სქემებზე საუბარს. ვინაიდან, ბიზნემენმა პირადად მითხრა ამის თაობაზე, გადავწყვიტე მოგმართოთ ღია წერილით, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი არ შერცხვეს ბიზნესფორუმებზე, როგორც ეს მოხდა სტრასბურგში, როდესაც მიუხედავად ჩემი მოწოდებისა, წარადგინეთ ევა გოცირიძე”, – ნათქვამია ღია წერილში.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here