Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

181
ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

რუსეთის პატივცემულო მოქალაქენო!

ძვირფასო ვეტერანებო!

ამხანაგო ჯარისკაცებო და მეზღვაურებო, სერჟანტებო, ზემდეგებო, მიჩმანებო და პრაპორშიკებო!

ამხანაგო გენერლებო და ადმირალებო!

გილოცავთ გამარჯვების დღეს _ მთელი მსოფლიოსთვის კოლოსალური ისტორიული და ბედისმიერი მნიშვნელობის გამარჯვების დღეს! დღესასწაულს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის იყო, არის და ყოველთვის წმიდათაწმიდა იქნება.

ჩვენო ძვირფასო ვეტერანებო! ქედს ვიხრით თქვენი გმირობისა და სულიერი სიძლიერის წინაშე, მადლობას გიხდით შეკავშირებისა და სამშობლოს სიყვარულის უკვდავი მაგალითის განხორციელებისთვის.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ მხოლოდ ერთად ყოფნით შეგვიძლია მივაღწიოთ ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზანს.

ჩვენ ვძლიეთ დაუნდობელ მტერს, დავიცავით საკუთარი კერა, შვილები, მშობლიური ქვეყანა. გავიმარჯვეთ ნაციზმზე და საუკუნოდ განვადიდეთ 1945 წელი.

ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ეს უდიდესი გმირობა სწორედ საბჭოთა ხალხმა ჩაიდინა. ომის ურთულეს ჟამს, გადამწყვეტ ბრძოლებში, რომლებმაც ფაშიზმთან ბრძოლის შედეგი განსაზღვრა, ჩვენი ხალხი იყო მარტო და გამარჯვებისკენ მიმავალ უმძიმეს, გმირულ გზაზე სიცოცხლეს სწირავდა მიწაზე, ზღვასა და ცაში გამართულ სასტიკ ბრძოლებში.

ყველა ეროვნებისა და რელიგიური მრწამის ადამიანები ერთად იბრძოდნენ მშობლიური მიწის თითოეული გოჯისთვის. მოსკოვისპირა მინდვრებზე, კარელიის კლდეებისა და კავკასიონის უღელტეხილებზე, ვიაზმისა და ნოვგოროდისთვის, ბალტიისა და დნეპრის ნაპირების, ვოლგისა და დონის სტეპების, მშობლიური მიწის თითოეული გოჯისთვის.

საბჭოთა მეომრების სიმამაცე, მშვიდობიანი მოსახლეობის უდრეკი სულისკვეთება საუკუნოდ არის აღიარებული გმირი ქალაქების წოდებებში _ მოსკოვისა და ლენინგრადის, მინსკისა და კიევის, სტალინგრადისა და სევასტოპოლის, მურმანსკისა და ოდესის, ქერჩისა და ტულის, ნოვოროსიისკისა და სმოლენსკის სახელებში.

ფრონტისა და ზურგის ურღვევი კავშირი უზრუნველყოფდა ყველა აუცილებლით, რაც ფრონტს სჭირდებოდა და გამარჯვებისთვის იყო აუცილებელი. ყველაფერი მზადდებოდა ვოლგისპირეთისა და ურალის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის, ყაზახეთისა და შუა აზიის ქალაქების ქარხნებში. ჩვენ გვახსოვს ისინიც, ვინც შეიფარა, საკუთარ ჭერქვეშ შეიხიზნა, დაეხმარა მათ, ვინც ევაკუაციაში მოხვდა და იძულებული იყო, დაეტოვებინა მშობლიური კერა.

ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა. ქედს ვიხრით შვილების, მამების, დედების, პაპების, ქმრების, ცოლების, ძმების, დების, თანამებრძოლების, ნათესავების, მეგობრების ხსოვნის წინაშე. ვგლოვობთ ვეტერანებს, რომლებმაც იმქვეყნად გადაინაცვლეს.

ძვირფასო მეგობრებო!

1941 წლის 22 ივნისი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. მტერი თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწაზე შემოდგა ფეხი ხალხის დასახოცად, სიკვდილის დასათესად, უბედურებისა და უთვალავი ტანჯვა-წამებით ქვეყნის იავარსაქმნელად.

ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

მას მხოლოდ პოლიტიკური წყობის, საბჭოთა სისტემის დამხობა კი არ სურდა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს, ერის განადგურება, პირისაგან მიწისა ჩვენი ხალხების აღგვა.

ნაცისტური ურდოების შემოსევის პასუხად შეიკრა მრისხანე ძალა მტრის დასამხობად, რათა დამნაშავეებს, მკვლელებს მიეზღოთ აუცილებელი და სამართლიანი სასჯელი.

საბჭოთა ხალხმა აღასრულა ეს წმინდა ფიცი, დაიცვა სამშობლო და ყავისფერი ჭირისგან იხსნა ევროპის ქვეყნები. ისტორიული განაჩენი გამოუტანა ბრძოლის ველზე იარაღის ძალითაც და თავისი ზნეობრივი, ადამიანური სიმართლით, ჯარისკაცების დედების თავგანწირული მამაცობით და მათი ერთგულებით, ვინც ყოველდღიურად ელოდა თავისიანების მიერ ფრონტიდან გამოგზავნილ ციცქნა ბარათებს, ნათესავისადმი იმ სიკეთისა და სიყვარულის ძალით, რომლებიც საუკუნეებია ჩვენი ეროვნული ხასიათის თანამდევია.

ამის დიადი განსახიერება იყო ექიმებისა და მედდების გმირობა, რომლებმაც გადაარჩინეს დაჭრილები, იბრძოდნენ თითოეულის სიცოცხლისთვის წინა ხაზზე, გაგანია ცეცხლის გულში, ფრონტისპირა ჰოსპიტლებსა და ზურგში.

მაგრამ იმხანად, 1941 წელს, წინ კიდევ უფრო სისხლისმღვრელი ოთხი წელიწადი იყო გასავლელი. იგი ურტყამდა მომავალს, ახალგაზრდებს, ყმაწვილთა თაობებს, მაშასადამე, მათაც, ვისაც დაბადება არ ეწერა.

ვლადიმერ პუტინის სიტყვა გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში 2021 წლის 9 მაისს

ომმა იმდენი გაუსაძლისი ტანჯვა, მწუხარება და ცრემლი მოგვიტანა, რომ დავიწყება შეუძლებელია. არაფერი ეპატიება და ვერაფერი გაამართლებს მათ, ვისაც იგივე აქვს ჩაფიქრებული.

თითქმის საუკუნე გვაცილებს იმ მოვლენებს, როცა ევროპის ცენტრში თავხედდებოდა, ველურ ძალას იკრებდა საშინელი ნაცისტური მხეცი. სულ უფრო ცინიკურად ისმოდა რასობრივი და ნაცისტური აღმატებულების, ანტისემიტური და რუსოფობიური ლოზუნგები. ერთი ხელის მოსმით აუქმებდნენ შეთანხმებებს, რომლებიც ომისგან მსოფლიოს დასაცავად იყო დადებული.

ისტორია მოითხოვს, გავაკეთოთ დასკვნები და გავითვალისწინოთ გაკვეთილები, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაცისტურ იდეოლოგთაგან ბევრი, ისინი, ვინც დაავადებული იყო საკუთარი რასის უპირატესობის ბოდვითი თეორიით, კვლავ ცდილობს აღიჭურვოს ძველი იარაღით, არა მხოლოდ სხვადასხვა ჯურის რადიკალები და საერთაშორისო ტერორისტების დაჯგუფებები. დღეს ჩვენ ვხედავთ გადარჩენილ ჯალათებსა და მათ მიმდევრებს, ისტორიის გადაწერის მცდელობას, მოღალატეთა გამმართლებლებსა და დამნაშავეებს, რომლებსაც ხელები ასიათასობით მშვიდობიანი მოსახლის სისხლში აქვთ გასვრილი.

ჩვენმა ხალხმა შესანიშნავად იცის, საით მივყავართ ამ ყველაფერს. თითოეულ ოჯახში წმინდად ინახავენ მათ ხსოვნას, ვინც გამარჯვება მოიპოვა და ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ მათი გმირობით.

რუსეთი თანამიმდევრულად იცავს საერთაშორისო სამართალს, ამასთანავე, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას.

ამის სანდო გარანტიაა რუსეთის სახელოვანი შეიარაღებული ძალები _ გამარჯვების ჯარისკაცების მემკვიდრეები და, რასაკვირველია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა ქვეყნის განსავითარებლად რუსული ოჯახების საკეთილდღეოდ.

ჩვენი ვეტერანები, მათი ბედი, მათ თავდადება სამშობლოსთვის სამაგალითოა ჩვენთვის. ეს არის მწვერვალი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ და განვამტკიცებდეთ გრძნობა-გონებასა და ყოველდღიურობაში გრანდიოზული გამარჯვების მნიშვნელობას ჩვენს საქმეებსა და მომავალ გამარჯვებებში სამშობლოს საკეთილდღეოდ.

დიდება გამარჯვებულ ხალხს!

გილოცავთ დღესასწაულს!

* არაოფიციალური თარგმანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here