უკრაინა ყურადღებით უნდა დააკვირდეს მოსკოვში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ვიქტორია ნულანდის, რამდენიმე დღისწინანდელი ვიზიტისას უკრაინის საკითხის განხილვის შედეგებს.
ვიქტორია ნულანდისგან, “მაიდნის” რევოლუციის მშობელი დედისგან, რომელიც საკუთარი ხელით აჭმევდა ნამცხვრებს მაიდნის აქციის მონაწილეებს, ზურგში ასეთ დარტყმას კიევი ნამდვილად არ ელოდა. ნულანდის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის ბევრი მედიასაშუალება იმედოვნებდა, რომ ქალბატონი ვიქტორია “კრემლში იბრძოლებდა” თავისი ღვიძლი (ყველა მნიშვნელობით) შვილებისთვის და დაიცავდა მათ ინტერესებს მოსკოვთან კამათში. კიევს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკისა, და მისი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის, თეთრ სახლში შეხვედრა, როცა მათ ერთობლივ დოკუმენტში ნათქვამი არაფერი იყო არც დონბასის განსაკუთრებულ სტატუსზე და არც მინსკის ხელშეკრულებაზე; ხოლო კიევის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებაზე, ჩართულიყო “ნორმანდისეულ ფორმატში”, მასპინძელს არც არა უთქვამს და არც დიახ, ამიტომ ზელენსკის ოფისში ალაპარაკდნენ ამ ფორმატში საიმედო მფარველის გამოჩენაზე აშშ-ის სახით.
მაგრამ ნულანდი მოსკოვში დიდი დღის წესრიგით ჩაფრინდა და მისი საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან, რომელიც უფლებამოსილი იყო, ნულანდთან უკრაინის საკითხები განეხილა, სხვაგვარად წარიმართა.
მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას დიმიტრი კოზაკმა განაცხადა: “მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დადასტურდა ჟენევაში აშშ-ის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომ ავტონომიის სამომავლო პარამეტრების (სხვა სიტყვებით, უკრაინის შემადგენლობაში დონბასის განსაკუთრებული სტატუსის) შეუთანხმებლად კონფლიქტის რეგულირებაში პროგრესი თითქმის შეუძლებელია”. მხარეებმა, აგრეთვე, დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საფუძველი არის მინსკის შეთანხმება. “ნორმანდის ფორმატში” ვაშინგტონის ჩართვაზე კი საუბარი არ ყოფილა. ამ საკითხში მხარეების თვალსაზრისების დამთხვევაზე მოწმობს ის, რომ მათ მოილაპარაკეს, განაგრძონ კონსულტაციები უკრაინის თემაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ “საუბარი საჭიროა სუზერენთან და არა ვასალთან”. ნულანდს არ უარუყვია კოზაკის ნათქვამი და, საერთოდ, თავიდან აირიდა კომენტარი. როგორც ჩანს, მას სირცხვილის ნატამალი მაინც შერჩა “მიტოვებული ხლოპცების” (უკრ. ბიჭების _ გ. გ.) მიმართ.
ნულანდმა კიევის ინტერესების დაცვას შემოდგომის ფერებით მოხატული მოსკოვის დათვალიერება ამჯობინა. ეს ერთადერთი ცუდი ამბავი არ არის კიევისთვის. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საბოლოოდ ამბობენ უარს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. ამასთანავე, მსოფლიო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის განკუთვნილ 2,7 მლრდ–იან ტრანშს მნიშვნელოვნად შეამცირებს _ წლის ბოლომდე უკრაინას 1 მლრდ–ზე ცოტა მეტ თანხას გამოუყოფენ. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფაა, რადგან ადრე გამოცხადებული 2,7 მლრდ დოლარი უკვე ჩადებულია მომავალი წლის ბიუჯეტში, ხოლო ბუნებრივ აირზე მომატებული გადასახადის გათვალისწინებით ბიუჯეტში უზარმაზარ ხვრელს მთავრობა ვერაფრით ამოავსებს. უკრაინაში ამ ზამთარს ფინანსური გამყინვარებაც შეიძლება დაიწყოს. და, რადგან ცნობილია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდს აშშ აკონტროლებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა _ რატომ ასეთი სიმკაცრე “საიმედო სატელიტის” მიმართ კიევის სახით?
საქმე ის არის, რომ ზელენსკის საიმედოობა დიდ ეჭვს იწვევს ვაშინგტონში. და ეს, ალბათ, დაკავშირებული არ არის იმ სპეკულაციებთან, რომ თეთრ სახლს განზრახული აქვს, უკრაინის გაცვლა მოსკოვის უარზე, პეკინთან შექმნას კავშირი. ასეთი “გაცვლა” ამორალური და არატოლფასი იქნებოდა. ასეთ წინადადებას მოსკოვში “ვაშინგტონელი ბრძენების” მორიგ პროვოკაციად მიიჩნევდნენ. თანაც, უკრაინაზე, როგორც რუსეთის დასუსტების ინსტრუმენტზე, ვაშინგტონი უარის თქმას, ალბათ, არ აპირებს.
გამორიცხული არ არის, რომ ბოლო ინფორმაცია, რომელმაც ამერიკელების მოთმინების ფიალა აავსო, იყო ოფშორულ ზონებში ვლადიმერ ზელენსკის ანგარიშების შესახებ. და ეს არ არის უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ბიუჯეტისთვის შემოსავლების დამალვის მცდელობა. ბრალდება უფრო სერიოზულია, ამ ანგარიშების მეშვეობით თეთრდებოდა და თეთრდება ოლიგარქ კოლომოისკის ბინძური ფული. ჯერჯერობით გამოვლენილია 40 მლნ დოლარი. აშშ-ში კოლომოისკი ოდიოზური ფიგურაა, რადგან მას ამერიკაში ჩაჰქონდა არა მხოლოდ მოპარული ფული, როგორც სხვა “კეთილსინდისიერ” საქმოსნებს, არამედ ამერიკელებსაც ძარცვავდა. მის წინააღმდეგ აშშ-ში სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული, ამიტომ თეთრ სახლს, როცა ზელენსკის “ოლიგარქებისკენ ბრძოლისკენ” მოუწოდებს, უწინარესად, მხედველობაში ჰყავს კოლომოისკი და შემდეგ _ ვიქტორ მედვედჩუკის ტიპის მოღვაწეები, და არა პირიქით. იმის გაგებამ, რომ ზელენსკი დღემდე კოლომოისკის მარიონეტია, ვაშინგტონი შოკში ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ნულანდის ვიზიტის წინა დღეებისგან განსხვავებით, როცა უკრაინული მასმედია უამრავ კომენტარსა და პროგნოზს აქვეყნებდა ვიზიტის შედეგებზე, ახლა ძირითადი უკრაინული გამოცემები არაფერს აღარ წერენ.
როგორც ჩანს, ნულანდის ვიზიტის შედეგები მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის. მხოლოდ არც ისე გონიერმა პოლიტიკურმა შამანმა და შეთავსებით სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინული დელეგაციის სპიკერმა, ალექსეი არესტოვიჩმა, დაინახა მოსკოვში ნულანდის ვიზიტის შედეგებში რაღაც სასარგებლო უკრაინისთვის, მაგრამ მას ყველგან და ყველაფერში მხოლოდ “პერემოგა” (უკრ. _ გამარჯვება _ გ.გ.) ელანდება.
სხვა ანალიტიკოსები კი ყველას აფრთხილებდნენ: მსოფლიოს ცენტრი არ არის უკრაინა. აშშ–ს ბევრი ინტერესი აქვს და ამერიკის საერთაშორისო დღის წესრიგში უკრაინა პირველ ადგილზე არ დგას.
ერთ-ერთი უკრაინელი პუბლიცისტი წერს: უკრაინის საგარეო პოლიტიკა მიმდინარე წელს საბოლოოდ შევიდა სტრატეგიულ ჩიხში.
2021 წელს გაჩნდა დაუფარავი გაღიზიანება და იმედგაცრუება, რომელიც გამოვლინდა მაისში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, კიევში ვიზიტსა და ივნისში პუტინ-ბაიდენის ჟენევის სამიტის შემდეგ. ერთიანი დასავლეთი, როგორც ასეთი, უკვე აღარ არსებობს. არის მხოლოდ ცალკეული ბლოკები, რომლებთანაც ცალ-ცალკე მუშაობაა საჭირო. აშშ-თან ურთიერთობაში კი უკრაინამ პიკს მიაღწია. სწორედ ამის შესახებ იყო ნულანდის ვიზიტი მოსკოვში.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ