2021 წლის 9 იანვარს 64 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ ფეხბურთელს, 1981 წლის 13 მაისს “კარლ ცაისის” კარში გატანილი მეორე ბურთის ავტორს _ ვიტალი დარასელიას, რომელსაც, როგორც გაირკვა, ოფიციოზმა დაბადების თარიღი შეუცვალა.
2018 წელს ვიტალი დარასელიას ვაჟმა, ვიტალი დარასელია–უმცროსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამამისი 1957 წლის 9 იანვარს დაიბადა: “მინდა, დავაზუსტო: ვიკიპედიაში მამაჩემის დაბადების თარიღად მითითებულია 1957 წლის 9 ოქტომბერი. მისი ნათესავები და მეგობრები კი დაბადების დღეს 9 იანვარს აღნიშნავდნენ. მამა 1957 წელს დაიბადა. დაბადების თარიღი იმიტომ შეუცვალეს, რომ მას დიდხანს ეთამაშა სსრკ–ის ახალგაზრდულ ნაკრებში. ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა ფეხბურთში, და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში”…
ოჩამჩირეში დაბადებული ვიტალი დარასელიამ ფეხბურთის თამაში ადგილობრივ გუნდ “ამირანში” დაიწყო, 17 წლისა კი, მწვრთნელ ნოდარ ახალკაცის ინიციატივით, თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა.
ვიტალი დარასელიას დებიუტი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში (სსრკ–ის ჩემპიონატში) 1975 წლის 11 მაისს ჰქონდა ტაშკენტის “ფახთაქორის” წინააღმდეგ. მან ამ მატჩში ცნობილი ქართველი ფეხბურთელების _ დავით გოგიას, რევაზ ძოძუაშვილის, შოთა ხირჩაგაშვილის, მანუჩარ მაჩაიძის, დავით ყიფიანისა და სხვების მხარდამხარ ითამაშა.
1976 წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის “არარატი” 3:0 დაამარცხა და ამ საპატიო ჯილდოს პირველად დაეუფლა. იმავე წელს ვიტალი დარასელიამ “დინამოსთან” ერთად ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, მას დაემატა ევროპის ჩემპიონობა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით. 1977 წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ვიტალი დარასელიამ ვერცხლის მედალი დაიმსახურა, 1978 წელს კი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.
1979 წელს თბილისელები კვლავ დაეუფლნენ საბჭოთა კავშირის თასს და უეფას თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
1980 წელს ვიტალი დარასელიამ საუკეთესო თვისებები გამოავლინა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. იმ წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში დარასელიასთან ერთად ბრწყინავდა მისი თანაგუნდელი რამაზ შენგელიაც.
ვიტალი დარასელიას მთავარი გამარჯვება კი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იყო, როცა 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” დიუსელდორფში გამართულ უეფას თასის მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში გერმანიის “კარლ ცაისი” დაამარცხა. ამ მატჩში გადამწყვეტი ბურთი ვიტალი დარასელიამ გაიტანა 87-ე წუთზე და სრულიად საქართველოს უზარმაზარი სიხარული მოჰგვარა.
როდესაც “დინამო” თბილისში დაბრუნდა, გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს აეროპორტში დახვდნენ, ვიტალი დარასელია კი, როგორც გამარჯვების გოლის ავტორი, ხელში აიყვანეს. 1981 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობამ კიდევ უფრო განამტკიცა ვიტალი დარასელიას ვარსკვლავური სტატუსი. მისით ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები დაინტერესდნენ, იმხანად ჩანდა, რომ ვიტალი დარასელიას ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა ელოდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში დასრულდა.
1982 წლის 13 დეკემბერს ვიტალი დარასელია ავტოკატასტროფაში (ზესტაფონთან) დაიღუპა. ვიტალის დაღუპვამ შოკი გამოიწვია საბჭოთა კავშირის საფეხბურთო საზოგადოებაში. ის ხომ 25 წლის იყო…
საქართველოს რესპუბლიკის იმჟამინდელ ხელმძღვანელს _ ედუარდ შევარდნაძეს სურდა, სახელგანთქმული ფეხბურთელი თბილისში დიდი პატივით დაეკრძალათ, მაგრამ დაღუპულის ნათესავები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, მათი მხრიდან გაისმა ფრაზა: “ტრადიციის მიხედვით, ჩვენს მკვდარს ვასაფლავებთ იქ, სადაც ვცხოვრობთ”.
ოჩამჩირეთში ვიტალი დარასელიას დაკრძალვაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი სრულიად საქართველომ დაიტირა.
უმცროსი ვიტალი დარასელია მამის კვალს გაჰყვა _ ისიც ფეხბურთელი იყო, შემდეგ _ მწვრთნელი.
საინტერესო ფაქტი:
რიცხვი 13 მისტიკური იყო ვიტალი დარასელიას ცხოვრებაში: 13 ნოემბერს გადაიხადა ქორწილი; 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემრიონატზე მე-13 ნომრით ითამაშა. 1982 წლის 13 დეკემბერს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ავტომობილი, რომელსაც მართავდა, მდინარეში გადაიჩეხა. მისი ცხედარი მე-13 დღეს იპოვეს…
მიღწევები:
* სსრკ–ის ჩემპიონი _ 1978 წ.
* სსრკ–ის ვერცხლის პრიზიორი _ 1977 წ.
*სსრკ–ის თასის მფლობელი _ 1976, 9179 წწ.
* უეფას თასის მფლობელთა თასის მფლობელი _ 1981 წ.
* ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სსრკ–ის ნაკრების შემადგენლობაში _ 1980 წ.
* ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის სსრკ–ის შემადგენლობაში _ 1976 წ.
მოამზადა ნიკა კორინთელმა