ა.წ. 29-30 ივნისს წყნეთში, სასტუმრო “კოპალაში”, გაიმართა სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე” რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგატთა მონაწილეობით.
მედიაფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა ჩამონათვალი უკვე პოზიტივია, რადგან ერთ მაგიდასთან გვერდიგვერდ ისხდნენ ჟურნალისტები, რომელთა ქვეყნებსაც ერთმანეთთან, რბილად რომ ვთქვათ, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს. მაგრამ ეს პოზიტივი, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაინახა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და ყველაფერი ამ ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორის, რადიოსადგური “ლაპარაკობს მოსკოვის” გენერალური დირექტორ ვლადიმერ მამონტოვის “დანაშაულამდე” დაიყვანა _ ვლადიმერ მამონტოვს ოკუპირებულ აფხაზეთში ლექციები წაუკითხავს, რაც თურმე ჩვენი იდიოტური კანონის მიხედვით ისჯება… ეს ისე, ინფორმაციისთვის, თორემ სტატიის მიზეზი სულ სხვა რამ გახდა…
პირდაპირ გაგიჟდები კაცი ჩვენი პოლიტიკოსებისა თუ ზოგიერთი ვაიჟურნალისტის შემხედვარე… იმ დროს, როდესაც რუსეთის სხვადასხვა დონის, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, საქართველოსთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, საქართველოს უსუსური ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგიერთი “ჟურნალისტი” მოითხოვენ, _ ჯერ ოკუპირებული სოხუმ-ცხინვალიდან ჯარები და სამხედრო ბაზები გაიყვანეთ და მერე ვილაპარაკოთო. მსგავს “პატრიოტულ” გამოხდომას ვერც ზემოხსენებულ ფორუმზე ავცდით. როდესაც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის დარგში, მიხეილ შვიდკოიმ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დაუკავშირა. სწორედ ხსნებული ურაპატრიოტული წინაპირობა წამოაყენა ერთმა ჟურნალისტმა და თქვენი მონამორჩილისგან პასუხი იქვე მიიღო, მაგრამ ეს არ არის მთავარი…
მთავარია ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში ვერ აღდგება; ყოველ შემთხვევაში ვერ აღდგება იმ სტატუსით, რომლითაც ეს ავტონომიები შედიოდა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს (პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა), ან უვიცი ბრიყვია, ან უარესი _ შეგნებული დემაგოგი.
ვინმემ რუსეთუმობა რომ არ დამწამოს (თუმცა არც ეგ მაღელვებს), შევეცდები, დავამტკიცო ნათქვამის მართებულობა, ფაქტებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და საღ აზრზე დაყრდნობით, მაგრამ ცოტა შორიდან, მომიწევს დაწყება.
90-იანების გარიჟრაჟზე, როდესაც იმჟამინდელმა ოპოზიციამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ათასობით ქართველი ავტობუსებით მიაყენა ცხინვალის მისადგომებს, სადაც ქართველთა სამფეროვან დროშებს ცხინვალელმა ოსებმა საბჭოთა წითელი დროშები დაუპირისპირეს; ისიც გემახსოვრებათ, როგორი სირცხვილნაჭამი, კუდამოძუებული გამოაბრუნეს უკან ქართველები, რომელთა ამ მშვიდობიან, მაგრამ ტუტუცურ აქციას მალე მოჰყვა ქართველებსა და ოსებს შორის ომი. ამის შემდეგ, 1992 წლის აგვისტოში, რკინიგზის დაცვის საბაბით აფხაზეთში მძიმე ტექნიკით შეიჭრა შევარდნაძის “უძლეველი მხედართმთავრის” _ კიტოვანის არმია და, ცხინვალის პარალელურად, აფხაზეთშიც დაიწყო ომი. ორ ფრონტზე ბრძოლას თავის დროზე ჰიტლერის გერმანიამაც ვერ გაუძლო და საქართველო რას გახდებოდა?! მით უფრო, რომ აფხაზებსა და ოსებს რუსეთი ეხმარებოდა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. ასე იყო თუ ისე, საქართველო დამარცხდა და დე ფაქტო დაკარგა ცხინვალიცა და სოხუმიც. მოკლედ, ომები დამთავრდა და ამ გაყინულ დე ფაქტო მდგომარეობას ინახავდა ედუარდ შევარდნაძე, იქამდეც კი, რომ ძველი თბილისელი, პლეხანოველი ევგენი პრიმაკოვის მეცადინეობით, 1996 წელს თბილისში ვლადისლავ არძინბა ჩამოიყვანეს, რომელიც, როგორც საქმის დეტალებში ჩახედული ადამიანები აცხადებდნენ, თანახმა იყო, საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტად შემოსულიყო აფაზეთის არა ავტონომიური, არამედ აფხაზეთის რესპუბლიკა.
მოცემულ დროსა და სივრცეში ამაზე უკეთესი ვარიანტი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შევარდნაძემ ვერ გარისკა, რადგან აშშ-ის პროტეჟე ზურაბ ჟვანიას ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორების ურაპატრიოტული ღნავილის შეეშინდა. ამ პერიოდში ცხინვალის კონფლიქტი ერგნეთის ბაზრობის საშუალებით ყოფით დონეზე პრაქტიკულად მოგვარებული იყო: ერთმანეთის ლხინსა და ჭირში ძველებურად დადიოდნენ გუშინდელი მოსისხლენი; ჰქონდათ საერთო ბიზნესები; შერეული ქორწინებებიც არც ისე იშვიათობა იყო; რაჭაში ძველებურად ცხინვალი-კვაისას მოკლე გზით დადიოდნენ ავტობუსები და ა.შ.
ერთი სიტყვით, სოხუმ-ცხინვალში შესვლის თუ პირიქით, მათი საქართველოში შემოსვლის პერსპექტივა მაშინვე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო, როდესაც შევარდნაძე მის მიერვე გამოზრდილმა ლეკვებმა გადააგდეს და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლების სათავეში შეურაცხადი სააკაშვილი მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა მიშიკომ, აქეთ ირაკლი ოქრუაშვილს ერგნეთის ბაზრობა გადაათხრევინა, ხოლო იქით _ ასლან აბაშიძე განდევნა და აჭარა “გაათავისუფლა”…
შედეგად, “თავისუფალი აჭარა” დღეს თურქეთის გურჯისტანის ვილაიაეთს უფრო ჰგავს, ვიდრე საქართველოს ძირძველ მიწას, ხოლო ოსებისა და ქართველების ურთიერთობა ისე გაცივდა, რომ სააკაშვილმა აშშ-ის დახმარების იმედით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. კონსტიტუციური წესრიგის დამყარება გადაწყვიტა. მძინარე ცხინვალს “გრადები” დაუშინა და დაიწყო 2008 წლის ომი, რომელიც საქართველოს სამარცხვინო მარცხით დამთავრდა, რადგან აშშ-ისგან განსხვავებით, რომელიც, აღშფოთება-შეშფოთებასთან ერთად, სასმელი წყლითა და პამპერსებითაც “დაგვეხმარა”, რუსეთის იმჟამინდელმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა პეკინის ოლიმპიადა მიატოვა და საქართველოს არმიის სარდლობას (რომელმაც, თავის მხრივ, მიატოვა ჯარისკაცები), რომ იტყვიან, კუდით ქვა ასროლინა მიწაზე მხოხავი და ჰალსტუხის მლოღვნელი მთავარსარდლის თამადობით.
დღეს უკვე დე იურედაც დავკარგეთ დიდი ხნის წინათ დე ფაქტოდ დაკარგული სოხუმიცა და ცხინვალიც. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო ის წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა საქართველომ და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში სოხუმ-ცხინვალში დაბრუნება ან პირიქით _ მათი მობრუნება საქართველოში შეუძლებლად მიმაჩნია.
აი ის მწარე რეალობა, რომლის აღიარებაც არ სურს ქოც–ნაცების ხელისუფლებას და კვლავ ნატო–ევროკავშირის ზღაპრებით აბრუებს მოსახლეობას.
სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვიდან მეოთხედი საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში იქ გაიზარდა თაობა, რომელსაც საქართველოზე მხოლოდ ცუდი სმენია. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია აფხაზეთში, რადგან ადრე, თუ თითქმის ყველა აფხაზმა იცოდა ქართული, ახალმა თაობამ არ იცის; ყველაზე მთავარი _ აფხაზ ბავშვებს სკოლებსა თუ ოჯახებში ქართველებისადმი სიყვარულით არ ზრდიან და ყოველ 30 სექტემბერს სრულიად აფხაზეთი ზეიმობს ქართველებთან ომში გამარჯვებას. ზემორე თქმულიდან გამომდინარე, დაეჯერება იმ პოლიტიკოსს, რომელიც ირწმუნება, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდე და აფხაზეთ–ცხინვალის პრობლემის უპირობოდ მოვაგვარებო? _ რა თქმა უნდა, არა, რადგან ამ პრობლემის სწრაფად და უპირობოდ მოგვარება გამორიცხულია.
აი კიდევ ერთი სტერეოტიპი: ტერიტორიული პრობლემის მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს და პუტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნება. ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გასაღები რომ კრემლშია, უდავოა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ პუტინის კეთილ ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. რომ მოხდეს სასწაული და პუტინმა ჯერ სოხუმ–ცხინვალის აღიარება წაიღოს უკან, შემდეგ კი მათ ხელისუფალთ უბრძანოს, საქართველოში დაბრუნდითო, ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ აფხაზები ქედმოხრილი მოვლენ და საქართველოს ამერიკულ “ბაშმაკებს” დაუწყებენ კოცნას? მაშ, სად არის გამოსავალი? სად და საქართველომ თავი უნდა დაანებოს “ნატო, ნატოს” უილაჯო ღნავილს და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუსხდეს მოსკოვში მოლაპარაკების მაგიდას, სადაც ჯერ გამოყოფენ უახლოეს მომავალში გადასაწყვეტ პრობლემებს, მაგალითად, უვიზო რეჟიმისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას; თავისუფალი ვაჭრობის სრული მოცულობით აღდგენას; კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას; პირველ ეტაპზე ლტოლვილების მცირე ნაწილის დაბრუნებას და ა.შ. ხოლო რუსეთის მიერ სოხუმ-ცხინვალის აღიარების უკან წაღებას და ა.შ. ძნელად გადასაწყვეტ, საკითხებს დროებით თაროზე შემოდებენ. თორემ, რუსეთთან მოლაპარაკების სოხუმ-ცხინვალის თემით დაწყების შემთხვევაში, მოლაპარაკებები ისე დამთავრდება, რომ არც კი დაიწყება. ამხელა ყირიმი (რომ არაფერი ვთქვათ დონბასზე) ააცალა ცხვირწინ აშშ-ს რუსეთმა და, სანქციების დაწესების გარდა, რომლებიც რუსეთს უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვერავინ უბედავს პუტინს ამ თემაზე ლაპარაკს, რადგან თავის დროზე განაცხადა, ყირიმის თემა დახურულია, რუსეთი ამ თემაზე განსჯა მსჯელობას არავისთან აპირებსო და აშშ თავს მოიკლავს, რომ სოხუმ-ცხინვალი საქართველოს დაუბრუნოს?
დასასრულ, რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა:
ვის უფრო სჭირდება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სრული მოცულობით აღდგენა _ რუსეთს თუ საქართველოს? ვის ინტერესებში უფროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა _ რუსეთის თუ საქართველოს? უვიზო მიმოსვლა რუსეთს უფრო სჭირდება თუ საქართველოს, როდესაც მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? და, საერთოდ, ვის უფრო სჭირდება ერთმანეთი: რუსეთს საქართველო თუ საქართველოს რუსეთი?
ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხები, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია…
დავით მხეიძე
მშვენიერი სტატიაა,ისევე,როგორც დავით მხეიძის სხვა სტატიები.მე ვფიქრობ,რომ ეს სტატია ბროშურის სახით უნდა გამოიცეს სქელი ყდით,რათა ვისაც არ ესმის თუ რაზეა ლაპარაკი,ანდა ვისაც ესმის,მაგრამ სული აქვს ეშმაკისთვის მიყიდული წამდაუწუმ ვურტყათ თავში! :D
ბატონ დავით მხეიძეს ბევრ რამეში ვეთანხმები. მაგრამ მე პრობლემას სხვა კუთხითაც ვუყურებ: რუსეთს გააჩნია თავისი სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც დღეს პუტინი უბრალოდ ასრულებს. ანუ, რომ არა პუტინი, სხვა შეასრულებდა. პუტინის აზრით, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ლახავს აშშ და დასავლეთი, ხოლო საქართველოდან – გამსახურდია და სააკაშვილი. ამიტომაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს დასჯის პოლიტიკას. საქართველომ უარიც რომ თქვას ნატოში შესვლაზე და საერთოდ, რუსეთს შესთავაზოს მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, რუსეთი მაინც უარს იტყვის ჩვენი ანკლავების დაბრუნებაზე. ამ მწარე რეალობაში, რა მოიმოქმედოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ? ჩემის აზრით, სანამ რუსეთი არ გადადგამს დემოკრატიულ ნაბიჯებს და შესაბამისად არ შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკას, ჩვენს ოცნებას ტერიტორიებთან მიმართებაში ასრულება არ უწერია. “ურა პატრიოტებს” შევახსენებ კურილიის კუნძულების პრობლემას, იაპონიის მცდელობებს და რეალურ შედეგს, რომელიც ნულის ტოლია!
მე დავით მხეიძის მოსაზრებებს ვიზიარებ, ლოგიკურია და სიმართლესთან ახლოა.
Merabjan mag broshuras skeli kda ara beisbolis joxi mivabat da ise vutkst koc nac liberastebs tavshi
ბატ.დავით მხეიძე! თქვენ ამბობთ: 1.მოლაპარაკებებს რუსეთთან “უნდა მივუსხდეთ ყოველგარი წინაპირობის გარეშე”. 2. რომ აფხაზეთი და ოსეთი, იყვნენ საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში და მასზე პრეტენზია, არ უნდა გვქონდეს. მე არ გეთანხმებით. პასუხი 1. ჩვენ რომ მოლაპრაკებები, წინა პირობის გარეშე,დავიწყოთ-ეს ქნება ახაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. პასუხი.2. საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა კონსტიტუციის(7.ოქტიმბერი.1977.წ.) 71.მუხლის შესაბამისად, ქონდა უფლება,თავის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიებით,ნების მიერ დროს, გამოსულიყო კავშირის შემადგენლობიდან. გეტყვით ერთ ქართულ ანეგდოტს. ბიძაშვილები წავიდნენ სანადიროდ: ერთი ეუბნება მეორეს, დათვი რომ შეგვხვდეს რას იზამო? თოფს ვესვრი. თოფი რომ არ გავარდეს? ჯოხით დავიცავ თავს. ჯოხი რომ ვერ ნახო?,არ მოეშვა მეორე…პირველი მოუბრუნდა და ეკითხება: გამაგებინე.შენ დათვის ბიძაშვილი ხარ თუ ჩემი? ხიდა მეც თქვენ გეკითხებით ბატო.დავით! თქვენ დათვის ბიძაშვილი ხართ?
ბ-ნი დავით მხეიძე მართალს ამბობს. ამიტომ მთავრობა-ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს და დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. 25 წელი გავიდა სოხუმის ჩაბარებიდან, მაგრამ, აგერ, თურქეთმა რომ გვითხრას გიბრუნებთ ტაო-კლარჯეთსო, იტყვით- არ მინდაო? ისე კი ჭკვიანი ხელისუფალი დიდი ხნის წინ მოაგვარებდა ამ საქმეს.
დიდი მადლობა ბატონო დავით! როგორც ყოველთვის, სრული სიმართლე და არსებული სიტუაციის ამომწურავი ანალიზია!!! ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ამ სტატიას არაფრის დამატება აღარ ჭირდება. ჩვენი ხელით დავიმხეთ ქვეყანა თავზე, უვიცობით, სიხარბით და ამპარტავნობით. ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი: ‘რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო’.