Home რუბრიკები პოლიტიკა ვის სჭირდება პოლიტიკა გენოციდის ზღვარზე?

ვის სჭირდება პოლიტიკა გენოციდის ზღვარზე?

გენოციდი

მიანმარი (ყოფილი ბირმა; ქართველი ავტორების ნაწილი მას მიანმას უწოდებს) ჩვენმა მასმედიამ შარშან მხოლოდ ერთხელ გაიხსენა, როდესაც იქ ქართველები დააკავეს, რომლებმაც სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ორ პრობლემურ სახელმწიფოს ერთმანეთთან თითქმის არაფერი აკავშირებს, თუმცა ბოლო დროს შორეულ აზიურ სახელმწიფოს სულ უფრო ხშირად ახსენებენ: იქ ტრაგიკული მოვლენები ვითარდება, რომლებიც უდავოდ მოახდენს გავლენას გარესამყაროზე.

ათიათასობით მუსლიმი, რომლებიც საკუთარ თავს როჰინჯას ეთნო-რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს, ცდილობს, გაიქცეს მაინმარის რაკჰაინის შტატიდან, სადაც არმია, პოლიცია და ბუდისტური პარამილიტარული ფორმირებები სადამსჯელო ოპერაციას ატარებენ. მათ ათეულობით სოფელი გადაწვეს _ ბანგლადეშის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 80-90 ათასი ლტოლვილი გადავიდა, დაახლოებით 20 ათასი სასაზღვრო ზონაში რჩება, რადგან ბანგლადეშის ხელისუფლება, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, აცხადებს, რომ ლტოლვილების მისაღებად აუცილებელი რესურსები არ აქვს. მკაცრ პოლიტიკას ლტოლვილების მიმართ ატარებენ ინდოეთი, მალაიზია და ინდონეზიაც. ასე რომ, როჰინჯას გასაქცევი პრაქტიკულად აქ აქვთ. კონფლიქტის ზონაში აკრძალულია უცხოელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მუშაობა, თუმცა, მათ მიერ სხვადახვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის კატასტროფაა, როგორებიც 2012-ში და 2015-ში მოხდა (ათასობით მოკლულით და პირველ შემთხვევაში 120 ათასი დევნილით, ხოლო მეორეში 250 ათასით).

კონფლიქტის მორიგი ესკალაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ვითარება განსაკუთრებით ამა წლის 25 აგვისტოდან გამძაფრდა, როდესაც “ალ ქაედასთან” დაკავშირებული “არაკან როჰინჯას ხსნის არმია” თავს დაესხა 30-მდე ობიექტს და 15 ჯარისკაცი და პოლიციელი მოკლა. მისმა ლიდერებმა ეს როჰინჯას დევნისთვის შურისძიების აქტად წარმოაჩინეს. ამის შემდეგ დაიწყო სამთავრობო ძალების სპეცოპერაცია. მიანმარის ხელისუფლების ინფორმაციით, ძალოვანებმა 400-ზე მეტი ბოევიკი გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ასეულობით როჰინჯა ბოლო წლებში ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა. მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა სამშობლოში და შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთო.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზღვისპირა შტატის, რაკჰაინის, ტერიტორია შუა საუკუნეებში არაკანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ბირმის სამეფომ ის 1784 წელს შემოიერთა და მალევე, 1826-ში არაკანი ბრიტანელების ხელში გადავიდა. ამ ნიუანსზე ყურადრების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან, ბუდისტებისა და მუსლიმების დაპირისპირების გარდა, რაკჰაინში ერთმანეთს უპირისპირდება არაკანელი ავტონომისტები და ცენტრალური ხელისუფლება. ფაქტობრივად, კონფლიქტი ერთგვარ სამკუთხედში ვითარდება: ცენტრალური ხელისუფლება _ არაკანელები (როგორც ერთ-ერთი ბირმანული სუბეთნოსი) _ როჰინჯა (მუსლიმები). ამასთანავე, მუსლიმური თემის შიგნით არსებობს გარკვეული დაძაბულობა “ძირძველ” მოსახლეებსა და ბანგლადეშიდან ბოლო ათწლეულებში ჩამოსახლებულებს შორის.

ბრიტანელების მმართველობის წლებში არაკანში ათიათასობით მუსლიმი ბენგალიელი ჩამოასახლეს (როგორც იაფი მუშა ხელი). იმპერიის დაშლის პერიოდში ლონდონი ერთ-ერთ ვარიანტად დამოუკიდებელი არაკანის შექმნას განიხილავდა, თუმცა შემდგომ არჩევანი ერთიანი ბირმის სასარგებლოდ გააკეთა. დაარსებიდან დღემდე პოსტკოლონიური ბირმა პერმანენტული ეთნიკური კონფლიქტების პირობებში ცხოვრობდა. ამ ქვეყანაში 7 ადმინისტრაციული ოლქია, რომლებშიც ძირითადად ბირმანელები ცხოვრობენ, და შვიდი ეროვნული შტატი (აგრეთვე, 5 “თვითმმართველი ტერიტორია”). უკლებრივ ყველა შტატში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ დაპირისპირებას სამთავრობო ძალებსა და ეთნო-რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ მეამბოხეებს შორის, აგრეთვე, მინი-სამოქალაქო ომებს სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში, აშკარად კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. ამას ვერც სასტიკმა სამხედრო დიქტატურამ მოუღო ბოლო, ვერც დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში 2015 წელს, აუნ სან სუ ჩის ხელმძღვანელობით, მოვიდა. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეს ლეგენდარული ლიდერი ქალი, ლუკ ბესონის ფილმ “ლედის” მთავარი გმირი, რომელმაც შინაპატიმრობაში 15 წელი გაატარა, ძალადობას დაასრულებდა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. როდესაც უცხოელმა ჟურნალისტმა როჰინჯას შესახებ პირდაპირი კითხვა დაუსვა, მან სახელოვანი დისიდენტისთვის ერთობ უცნაური პასუხი გასცა: “მიჩვენეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანის უფლებები არ ირღვევა!”

მიანმარის ხელისუფლება უარს ამბობს როჰინჯას აღიარებაზე სრულფასოვან ეროვნულ უმცირესობად და ამ ჯგუფის წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოქალაქეობას არ ანიჭებს, თუ ისინი დოკუმენტურად არ დაამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები ბირმის ტერიტორიაზე 1948 წლიდან (დამოუკიდებლობის მოპოვებიდან) ცხოვრობდნენ. ხელისუფლება უყურებს მათ, როგორც უკანონო მიგრანტებს მეზობელი ბანგლადეშიდან და სხვა მოქალაქეებთან შედარებით შეზღუდულ უფლებებს ანიჭებს.

ასეთ პირობებში ცხოვრებამ, მუდმივმა დაძაბულობამ სახელისუფლო სტრუქტურებთან და ბუდისტ რადიკალებთან ურთიერთობებში შექმნა ნიადაგი რადიკალური ისლამისტური იდეების სწრაფი გავრცელებისთვის, შემდგომ შეიქმნა “არაკან როჰინჯას ხსნის არმია”, რომელსაც ზურგს, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, საუდის არაბეთი (შედარებით მცირე მასშტაბით _ პაკისტანი) უმაგრებს, თუმცა, ვიდრე იმის გარკვევაზე გადავალთ, ვინ უმაგრებს ზურგს საუდის არაბეთს, კონფლიქტის გეოპოლიტიკური ასპექტის შესაფასებლად ჩინეთ-მიანმარის ურთიერთობებს უნდა შევეხოთ.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ის უკიდურესად დაძაბული იყო, რადგან ბირმანელმა ნაციონალისტებმა ჩინელებს რამდენიმე მასშტაბური დარბევა მოუწყვეს და მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს. 70-იანებში სიტუაცია გამოსწორდა და პეკინმა ბირმის ტერიტორიაზე მაოისტი მეამბოხეების მხარდაჭერა შეწყვიტა. 1988 წელს, როდესაც სამხედრო რეჟიმმა სასტიკად ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, ჩინეთმა მასთან თანამშრომლობა გააღრმავა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

პრობლემური რაკჰაინის შტატის ტერიტორიაზე გადის ახლახან აშენებული ნავთობსადენი და გაზსადენი, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებს ამარაგებს. ჩინეთს აღარ უწევს ნავთობის ნაწილის დანიშნულების ადგილამდე მიტანა მალაკის სრუტისა და შორეული პორტების გავლით. ამასთანავე, იმ პერიოდში, როდესაც მილსადენების მშენებლობა დასრულდა, რაკჰაინში ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ იქ სრული კოშმარი დაიწყო.

ჩინელებს სურთ, შეინარჩუნონ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი დერეფანი რაკჰაინში, მაშინ, როდესაც ამერიკელებს საპირისპირო მისწრაფებები აქვთ. რეგიონში, კოლონიური წასულიდან გამომდინარე, აგრეთვე, ძლიერია დიდი ბრიტანეთის გავლენაც და მას ნამდვილად შეუძლია ორი გიგანტის წინააღმდეგობებზე ითამაშოს. საუდიტებს, ერთი მხრივ, ხელს აძლევთ ნავთობის სტაბილური ტრანზიტი რაკჰაინის ტერიტორიაზე და დაძაბულობის შესამცირებლად საუდის არაბეთში როჰინჯას გადასახლების პროგრამაც კი შეიმუშავეს; მაგრამ, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ სხვა მოთამაშეებზე გავლენა მოეხდინათ, “როჰინჯას ხსნის არმიის” გაძლიერება დაიწყეს. ამის გაკეთება, შესაძლოა, “უფროსმა ძმამ” ურჩია, რადგან აღნიშნული დაჯგუფება საწყის პერიოდში მიანმარის სამხედრო რეჟიმზე ზეწოლის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენდა. შემდგომ საუდიტებმა მასზე კონტროლი ნაწილობრივ დაკარგეს, ისევე, როგორც ერაყსა და სირიაში, სხვა დაჯგუფებების შემთხვევაში მოხდა. ინდოეთს სურს, შეზღუდოს ჩინეთის გავლენა რეგიონში, მაშინ, როდესაც პაკისტანი უფრო რთულ თამაშს აწარმოებს და ცდილობს, ერთდროულად სასარგებლო იყოს როგორც პეკინისთვის, ისე ვაშინგტონისთვის, რაც არც ისე იოლია. საკმაოდ წინააღმდეგობრივია მიანმარის ხელისუფლების პოლიტიკაც.

აუნ სან სუ ჩის აქვს გარკვეული ვალდებულებები აშშ-ის წინაშე, რომელსაც სურს, რომ მინმარი ჩინეთისთვის ბარიერად იქცეს და არა ხიდად. ამასთანავე, პეკინის ტრადიციულ პარტნიორებად აუნ სან სუ ჩის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიაზრებიან. მაგრამ ამავე დროს, ახალ ხელისუფლებას სურს, რომ ჩინეთმა კვლავინდებურად განახორციელოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიანმარში სოციალურ დაძაბულობას ამცირებს, და არც ის უნდა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკის მძევლად იქცეს. ამიტომ ის ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობაში გამოიყენოს რაკჰაინის კონფლიქტი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, თუმცა, სისუსტის გამო, მასზე კონტროლს ხშირ შემთხვევაში კარგავს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აუნ სან სუ ჩი ერთპიროვნული მბრძანებელი არ არის, სამხედროებისა და მისი პოლიტიკური ოპონენტების გავლენა კვლავინდებურად ძალზე დიდია და მას მანევრის თავისუფლებას უზღუდავს.

შეტაკებებს რაკჰაინში მუსლიმანურ სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ჩატარდა მასშტაბური დემონსტრაციები. თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა მომხდარს გენოციდი უწოდა, ანალოგიური განცხადებები სხვა ლიდერებმაც გააკეთეს. ამავე დროს, მიანმარის ხელისუფლებამ გაეროს სააგენტოებს დაზარალებულთათვის სურსათისა და მედიკამენტების მიწოდების უფლება შეუზღუდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი _ ამა წლის მარტში მან გაეროს უშიშროების საბჭოს არ მისცა შესაძლებლობა, მიეღო დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებული განცხადება რაკჰაინში შექმნილი მძიმე სიტუაციის თაობაზე. მსგავსი პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ მუსლიმანურ სამყაროში დაგროვილი ნეგატიური ემოციების მთავარი სამიზნე სწორედ პეკინი გახდება, რაც სავსებით ბუნებრივად ჩაჯდება ჩინეთის ეტაპობრივი იზოლირების ამერიკულ სტრატეგიაში. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამ პოლიტიკურ თამაშებს დღეს უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ჯერჯერობით არ ჩანს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here