თურქული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. გამოცემის აზრით, თურქეთი საქართველოს “რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად მიიჩნევს” და ამიტომ ერდოღანმა ღარიბაშვილს შესთავაზა “თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ თანამშრომლობის წარმატებული ფორმატის აღორძინება სახელმწიფოების მეთაურებისა და მთავრობების დონეზე”.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ამიერკავკასიის სახელმწიფოებისა და თურქეთის მეთაურების სამიტები აღარ იმართება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარემ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, შეინარჩუნოს და განაგრძოს ერთმანეთთან ურთიერთობა.
ერდოღანმა და ღარიბაშვილმა ისაუბრეს “ორი ქვეყნის ურთიერთობაში თანამშრომლობის სტრატეგიულ ხასიათზე”. აღნიშნული იყო ევროპის ქვეყნებში კასპიის ზღვის ენერგორესურსების ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი კომუნიკაციებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის “გულითადი თანხმობის” ფაქტორი. ლაპარაკია არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ, არამედ სამხედრო-ტექნიკურ ასპექტებზე. მოლაპარაკებების სამართლებრივი ბაზა რამდენიმე ათეული შეთანხმებისგან შედგება, რომელთა შორისაა ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოსთვის თურქეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ 3,7%-ით მოიმატა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 419 მლნ დოლარი შეადგინა, ე.ი., საერთო საგარეო ვაჭრობის 15%-ზე მეტი. ანკარა თბილისთან ერთად არც ისე იშვიათად ატარებს სამხედრო სწავლებას. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო–ეკონომიკური კომუნიკაციები და ენერგეტიკული დერეფნები აზერბაიჯანიდან თურქეთში, რაც ორი ქვეყნის დაახლოებისა და პოლიტიკური პარტნიორობის მტკიცე საფუძველს ქმნის. მაგრამ თბილისის ქმედებებში მოხდა “ინტერესების ცენტრის” გადანაცვლება კავკასიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მიანიშნა, რომ თურქეთის მიერ შემუშავებულ რეგიონული გეოპოლიტიკური კომბინაციები “ხელოვნურია” და საქართველომ მხოლოდ ევროპულ კურსზე უნდა იფიქროს. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ, ზურაბიშვილის თქმით, როცა “ევროპის მომავალი ბოლომდე გაურკვეველია, საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობაა”.
ფრანგულმა გამოცემა Le Mond-მა იწინასწარმეტყველა, რომ თბილისი ორიენტირებული იქნება “მეტი ევროპის” პოლიტიკაზე, რომელიც მას გამოარჩევს მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთისგან, როგორც “ოქროს საწმისის” ტერიტორიას და ქრისტიანობის ბურჯს V საუკუნიდან; შეუდგება იმის მტკიცებას, რომ “საქართველო სჭირდება ევროპას” და რომ თბილისს შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური მოდელის შექმნა რეგიონში და ევროპის გავლენის გაძლიერება. უფრო მეტიც, ზურაბიშვილი, როგორც ყოფილი ფრანგი დიპლომატი, დარწმუნებულია, რომ ის, საქართველოში დაბადებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, კარგად ერკვევა ევროპული პოლიტიკის სირთულეებში და შეუძლია, კავკასიის ევროპული მშენებლობის ისტორიაში პირველი თავი დაწეროს, განსაკუთრებით ახლა, როცა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ევროკავშირმა რეგიონში აქტიურად დაიწყო “სომხური კარტის” გათამაშება; ამასთანავე, გამწვავდა პრობლემები თურქეთისა და საფრანგეთის ურთიერთობებში, თბილისი კი პარიზის მხარესაა.
ამას ემატება ისიც, რომ ანკარამ არა მხოლოდ დაკარგა ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა, არამედ პირდაპირ ტურბულენტურობის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვა. ევროცენტრისტული საქართველოსთვის უხერხული იყო თურქეთან ახალი ურთიერთობის აგება იმ ვითარებაში, როცა საფრანგეთიდან და ბრიუსელიდან გამუდმებით ისმის თურქული პოლიტიკის მწვავე კრიტიკა თვით თურქეთში ევრაზიული დინებების გაძლიერების ფონზე. ახლა თბილისი ძალთა ცენტრებს შორის აქეთ–იქით აწყდება.
შეგახსენებთ: ივნისის პირველ რიცხვებში ირაკლი ღარიბაშვილი ანკარის მიწვევით თურქეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით. შეხვედრისას ერდოღანმა მოუწოდა საქართველოს, მიერთებოდა ე.წ. კავკასიურ პაქტს _ 6-ის ალიანსს (თურქეთი, ირანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), ამასთანავე, მიუთითა, რომ მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთობის გაღრმავებას სამკუთხედში საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანი. გამოდის, თბილისთან თამაშში თურქებს სურთ, ხელში კოზირები ეჭიროთ, მათ შორის პოტენციური კავშირი საქართველოს, სომხეთსა და ბრიუსელს შორის, რათა დასავლეთს უფლება არ მისცეს, ქართული პარტია მხოლოდ თავისი ინტერესების მიხედვით გაითამაშოს.
როგორც თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს, “ანკარამ დაიწყო თავისი ახალი სტრატეგიის თბილისისთვის შეთავაზება და ამ სტრატეგიაში რუსეთის ინტერესებიც არის გათვალისწინებული”. ეს რეგიონში ქმნის ახალ ვითარებას, რომელმაც შეიძლება ახალი შესაძლებლობები შეუქმნას ბევრ გარე მოთამაშეს.
არც ისე დიდი ხნის წინათ ნატოს წამყვანმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება და თბილისს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდეს. ახლა ასეთ სიგნალს საქართველოს უგზავნის ანკარა, რომელიც ცდილობს, მეზობელი ქვეყანა მოსკოვთან კონფრონტაციის ზონიდან გამოიყვანოს, ეს თურქეთის ინტერესიცაა. რაც შეეხება საქართველოს, მან ახალი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს საგარეო პოლიტიკაში. ეს პროცესი რთული იქნება.
Jarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ