Home რუბრიკები ისტორია ვის სცალია საპატრიოტოდ ან სადილამდე, ან ნასადილევს?!

ვის სცალია საპატრიოტოდ ან სადილამდე, ან ნასადილევს?!

1316
იაკობ გოგებაშვილი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებითმამათა და შვილთაშორის ბრძოლის გამწვავების პერიოდში, ქართულ პრესაში ხშირად კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაითვლება ნამდვილ მამულიშვილად. იაკობ გოგებაშვილი სამართლიანად მიუთითებდა, რომ ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილებიმოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათი დამცირებით ჩვენი თავი ავამაღლოთ” (დღევანდელი პოლიტიკოსები კი ამაში სათაკილოს ვერაფერს ხედავენ _ რედ.) ან ძველ, დრომოჭმულდაწყობილობათა რესტავრაციამოვახდინოთ, არა. მათსურთ არა მკვდრის აღდგენა, არამედ ცოცხლის გამოყვანა ჭაობიდგან”.

“ნამდვილ პატრიოტად ჩაითვლება, _ ამბობს ი. გოგებაშვილი, _ ის, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიურის ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლოს ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია (ტ. I, გვ. 371). ასეთი პატრიოტები, ავტორის რწმენით, იყვნენ რუსი რევოლუციონერი დემოკრატები და ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები _ ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი. იაკობ გოგებაშვილმა ამავე წერილში დაახასიათა დამყაყებული ნაციონალიზმი და ჯანსაღი პატრიოტიზმი, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართველ და რუს სამოციანელთა ეროვნული კონცეფციების მსგავსებას.

ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევიარა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთი სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”… (რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1989, გვ. 235-236).

ახლა კი ილიას მოვუსმინოთ: “ნუთუ მართლა გამოკეთების ძალნი თვითვე არა აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ჰბადავს, ჰზრდის და წამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს?!”… იგი იხსენებს უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ისტორიულ გმირთა სახელებს და დაასკვნის: ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეუსუსტებია. ილია ჭავჭავაძის აზრით, გმირი დაიბადება მხოლოდ ხალხის წიაღში. მისი ბედი ხალხის ბედ-იღბალთან იქნება გადაჯაჭვული და უკვდავებას ეზიარება:

წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა

მამულისათვის თავის დადება!..

ნეტა ამ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,

ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.

მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,

შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს.

თუ ერის მეხსიერებაში გმირები არ შემორჩნენ, ე. ი., მოკვდა ერის გონება, რომელმაც დაივიწყა ისინი და დავიწყების სიცარიელე ამოავსო წარმავალი, ფუჭი ღირებულებებით. “ჯაგით აღვსილა” მეხსიერება, აქედან გამომდინარე, ერი ვეღარ “მიემსგავსება” წინაპარს (“ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს” (“დავით აღმაშენებელი”), “არ ვიცით, რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”), წარსულსა და აწმყოს შორის გაწყვეტილია კავშირი, რაც ერისთვის თვითმკვლელობას უდრის. “რაღა დაბადავს თქვენში დიდს გრძნობას?” _ კითხულობს ილია, როცა ქვეყანა ავსებულია უსამართლობით, განუკითხაობით, ურწმუნოებით, გამქრალია ქართველი ერის სიმყარის განმაპირობებელი “ჯვარცმული ღმერთის” რწმენა.

ძლიერია ერი, რაც უნდა პატარა იყოს, _ წერს ილია ჭავჭავაძე, _ როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ გულზე ხელს კი არ აკრეფინებს, როგორც იმედ გადაწყვეტილს, სასოება დაკარგულს, არამედ იმოდენად აღვიძებს, ძლიერ მისძრავმოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსაცდელი”.

ეროვნული ოპტიმიზმის სულით არის გამსჭვალული აკაკი წერეთლის შემდეგი სიტყვებიც: “ისტორიულმა მსვლელობამ დაგვიმტკიცა, რომ ეს პატარა საქართველო ყოველგვარ განსაცდელსა და გასაჭირს გაუძლებს! და მართლაც, ის ერი, რომელმაც წარმოშვა: რუსთაველი, მთაწმინდელები, გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი სააკაძე და მათი მსგავსნი, განა სასიკვდილოა? არ გასულა საუკუნე, რომ ნიშანი სასიცოცხლო არ მოეცეს ჩვენთვის ცხოვრებას”.

ქართველ სამოციანელთა მსოფლმხედველობა ეროვნულ-ისტორიულ ნიადაგზე აღმოცენდა, მისი მასაზრდოებელი ფესვები ღრმად იყო გადგმული საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველ მოღვაწეთა ამ შესანიშნავი თაობის პირველი რევოლუციური ნათლობა მოხდა პეტერბურგში, სადაც ისინი უმაღლესი ცოდნის მისაღებად იყვნენ წასულნი. სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ძველი თაობის წარმომადგენლებმა დაცინვით თერგდალეულები, რამაც შემდგომ სულ სხვა, დადებითი, ისტორიული შინაარსი მიიღო.

დღეს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაა გაჩაღებული, ტელეეთერიდან თუ ქუჩებში მომრავლებული ბანერებიდან უტიფრად იღიმიან და ცრუ დაპირებებით ხალხისდაბოლებასკვლავ ცდილობენ განდიდების მანიით შეპყრობილი პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველო მხოლოდ მათია: უნდათ _ გრანტებზე გაყიდიან, უნდათ _ სარფიან გარიგებაში გაცვლიან. ასეთია მათისამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”, “ცვრიან ბალახზე ფეხშიშველაგავლის გარეშე.

რადგან მიწაზე ფეხს არ აბიჯებენ და ძვირად ღირებული ჯიპებით დაჰქრიან, მამულისადმი მოწიწებასაც და სიყვარულსაც მათი საბურავებით თავისებურად აღიქვამენ; დაახლოებით ისე, როგორც აკაკის “პატრიოტის აღსარებაში”. წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ:

“ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა… უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!

არა… იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: “გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო” და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: “სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო” და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!.. (ხადურის მადა ხომ არ გაგახსენდა, მკითხველო? _ რედ.)

განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.

დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ, აღვშფოთებულვარ და მაშ, ვისღა შეუძლია სთქვას, რომ მე პატრიოტი არ ვიყო? არა თუ დღეს, როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ, ადრე, ჭიაობაშიაც, გულით ვმამულიშვილობდი, თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.

და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით? პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს? და დღეს, დიდკაცობის დროს კი, აღარ შემფერის ამჩატება!.. ახლა რომ პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე, არ იტყვიან: ე რა წვრილმანებს გამოსდგომიაო?

დიახ! იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა, არა!.. უდროოდ არა ვარგა რა!..

მოვუცდი ისევ იმ დროს, როდესაც ეს ორივე, დიახ საფუძვლიანი და თავის გასამართლებელი, მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!

მესაყვედურებიან: “თუ შენ პატრიოტი იყო, შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაუწყებდი ტრფიალსო!..” მაგრამ სცდებიან!.. რა იციან, თუ ჩემ გულში რა არის? აქ ანგარიშია, და ანგარიშს ჭკვიანი როდის გაქცევია? ჩემის ქვეყნის მზეთუნახავი ღარიბია! თვითონ რა აქვს, რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია, რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია, რომ გამაძლიეროს და თვითონ რა სახელგანთქმულია, რომ მე გამომაჩინოს? და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაების ყველაფრის შემძლებელია! აი რისთვის ვეტრფი მას! და აი რად მიყვარს!..

აბა, ამ ბედში ჩააგდეთ ჩემი ქვეყნის მზეთუნახავიც და მაშინ ნახავთ, თუ ვისმე დაგაცადოთ მისი ტრფობა! მაშ, უსაფუძვლო ყოფილა საყვედური! დიახ, პატრიოტი ვარ, ვყოფილვარ და ვიქნები!.. ოღონდ თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ!.. არ შეგიძლიათ? მაშ რაღას მესაყვედურებით? რაღას მთხოვთ, კოღო-ბუზებო?

რა გამოდის ამ თქვენის ბზუილით, კოღო-ბუზებო? და რას არიგებთ თქვენის იქა-აქ თრევით, ჭიანჭველებო!

ეჰ, ვაი იმ დროს, როდესაც თქვენ გაჩენილხართ!.. თქვენ თქვენის უხეირო საქციელით ჩვენ, ბობოლებს, მხოლოდ პატრიოტულ მადას გვიფუჭებთ!..”

დღეს ხალხის “ბზუილი” და “უხეირო საქციელი” ამა ქვეყნის ძლიერთა “პატრიოტულ მადას” ვეღარაფერს აკლებს. აშიშხინებულ მწვადის ყურებაზე ამათაც პირი “პატრიოტული ნერყვით ევსებათ”, კახური ღვინით წინაპრების შესანდობარს ესენიც სვამენ, მათ მიერვე შექმნილ მტრის ხატს მუშტს უღერებენ და კიდევ არ არიან პატრიოტები?!

გაიგეთ, ხალხნო, დიდკაცებს “არ შეჰფერით ამჩატება”!

ახლა რომ “პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს” გამოუდგნენ, არ ეტყვიან ამ ფინიებს ოკეანისგაღმელი პატრონები: რა წვრილმანებს გამოსდგომიხართო?!

ვაი ჩვენი ბრალი!

ვის სცალია საპატრიოტოდ ან სადილამდე, ან ნასადილევს?!

აი კიდევ ერთი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here