Home რუბრიკები პოლიტიკა ვის თავზე ტყდებოდა ქართულ პოლიტიკაში “მფრინავი” საფერფლე

ვის თავზე ტყდებოდა ქართულ პოლიტიკაში “მფრინავი” საფერფლე

ოთო კახიძე

საქართველოს პარლამენტის წევრების, “ხალხის რჩეულებისუმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე მხოლოდ პენსიონერის პენსიაზე 30-ჯერ მეტი ხელფასის მისაღებად, უცხოეთში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სამოგზაუროდ, ბიზნესისდასაკრიშადდა გავლენის მოსაპოვებლად, ანუ ცხოვრების კომფორტულად მოსაწყობად რომ ცდილობს, ხალხის ბედი რომ არ ანაღვლებს და არც მათ მიერვე მიღებული კანონების დაცვით იკლავს თავს, ეს საქართველოს პარლამენტში 19 აპრილს მომხდარმა ინციდენტმაც დაადასტურა.

19 აპრილს საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გამოიყენეს საფერფლე, როგორც იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის გვერდით, დეპუტატთა ოთახში, რამდენიმე პარლამენტარს, კერძოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს, ამჟამად “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ გიორგი კანდელაკსა და “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი ატყდა.

კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, მაგრამ ააცილა და თანაგუნდელ ოთარ კახიძეს მოარტყა თავში. თავგატეხილი და გასისხლიანებული კახიძე პარლამენტის შენობიდან რამდენიმე დეპუტატმა გაიყვანა. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოთარ კახიძეს ექიმებმა 15 ნაკერი დაადეს. ამ ამბავში აღსანიშნავი და აღმაშფოთებელი ორი რამ არის:

  1. სააკაშვილის რეჟიმის, ანუ “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში არათუ ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიც არის თავის გატეხვა, არამედ წვრილმანი ხულიგნობისთვისაც კი რიგით მოქალაქეებს ციხეში სვამდნენ. ახლაც სვამენ. და, საინტერესოა, რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საფერფლის მსროლელი დეპუტატის მიმართ?
  2. პარლამენტმა ახლახან მიიღო კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ, რომელიც 20 აპრილიდან ამოქმედდა და ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დაგდებისთვის უკვე რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს. ზემოაღნიშნული კანონმდებლები კი ჩხუბის დაწყებამდე, ალბათ, უდარდელად ეწეოდნენ სიგარეტს საკანონმდებლო ორგანოში. გამოდის, თვითონ დეპუტატები არღვევდნენ მათ მიერვე დამტკიცებულ კანონს.

საქართველოს პარლამენტში საფერფლის სასროლ იარაღად გამოყენებას კარგა ხნის ისტორია აქვს. “მფრინავი” საფერფლით ორჯერ დაზარალდა ვახტანგ რჩეულიშვილი, ხოლო სხვადასხვა დროს სააკაშვილის მიერ “გასროლილით” _ 2 ადამიანი.

ვახტანგ რჩეულიშვილი და ზაზა შერაზადაშვილი

პოლიტიკოსებმა საფერფლე, როგორც იარაღი, პირველად 2003 წელს გამოიყენეს: საქართველოს პარლამენტის წევრს, იმხანად სოციალისტური პარტიის ლიდერ ვახტანგ რჩეულიშვილს მეორე პარლამენტარმა, “გაერთიანებული დემოკრატების” წევრმა ზაზა შერაზადაშვილმა საფერფლით თავი გაუტეხა.

ვახტანგ რჩეულიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი

1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი სისხლიანი ინციდენტი მოხდა საფერფლის გამოყენებით. “მფრინავი” საფერფლის მსხვერპლი ამჯერადაც ვახტანგ რჩეულიშვილი შეიქნა. ეს შემთხვევა კარგად ასახავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბუნებას.

იმხანად ახალი გამოჩეკილი იყო მოძრაობა “კმარა”. ამ ორგანიზაციის წევრები თბილისის სხვადასხვა უბანში სახლების კედლებზე წერდნენ: “კმარა შევარდნაძე!”. ვახტანგ რჩეულიშვილის ორგანიზებით კი, რომელიც შევარდნაძეს უჭერდა მხარს, ასეთი ლოზუნგი გაკეთდა: “კმარა ცისფერობა”. ამის გამო დიდი ამბავი ატყდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდში, _ პირობა დადეს, არ შევარჩენთო. როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მივიდა, გია ბარამიძემ და მიხეილ მაჭავარიანმა სთხოვეს, საქმე გვაქვს და გვერდით ოთახში დავილაპარაკოთო. იქ რჩეულიშვილს საქმის გასარჩევად კიდევ 6 კაცი ელოდა; 8 ნაციონალმა მარტო მყოფ ვახტანგ რჩეულიშვილს დაუწყო ცემა, მაგრამ ბოდიში მაინც ვერ მოახდევინეს. ბოლოს მიხეილ მაჭავარიანმა რჩეულიშვილს საფერფლე თავზე გადაამტვრია.

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

საფერფლის “გამოყენების” ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კი მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული.

აი რას ამბობდა 2013 წლის ოქტომბერში საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორთან” ინტერვიუში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 2005 წლის თებერვალში პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე:

“მე ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრი და, ბუნებრივია, მასთან კონტაქტი მქონდა. ამბავი, რომელსაც ვყვები, ვიცი ბადრი პატარკაციშვილისგან, რომელთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი ამ თემაზე. ეს ამბავი პატარკაციშვილმა იცოდა “ნაციონალების” ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან. ჟვანიასა და პატარკაციშვილს ჰქონდათ მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც სააკაშვილსა და მის გუნდს არ გამორჩენია მხედველობიდან. როგორც ვიცი, ჟვანია ცდილობდა ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოშორებას. ერთ საღამოს პატარკაციშვილმა აღუთქვა ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ ჟვანიას დაეწყო ტირანი სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლა. იმავე საღამოს შეიქნა ეს ყველაფერი სააკაშვილისთვის ცნობილი. ჟვანია დაიბარეს შეხვედრაზე. იქ იყო სააკაშვილი, დათა ახალაია, თუ არ ვცდები, კეზერაშვილი და კიდევ ორი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ ვიცი. დაიწყო საუბარი, რომლის შემდეგაც სააკაშვილმა აიღო საფერფლე და ესროლა ჟვანიას, რომელსაც თავში მოხვდა და ამის გამო გარდაიცვალა. შემდეგ ჟვანია გადაიყვანეს პლასტიკურ ქირურგთან… გაუკეთდა გარდაცვლილს პლასტიკური ოპერაცია თავის არეში და შემდეგ გადაიყვანეს სახლში, სადაც დაიდგა იმიტაცია, როგორ მოხდა ეს ამბავი. 2008 წლის ეს სატელეფონო საუბარი შეუძლიათ ამოიღონ ჩემი ტელეფონიდან”.

მიხეილ სააკაშვილი და კოტე კემულარია

აი მიხეილ სააკაშვილის მიერ საფერფლის “გამოყენების” კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც გაზეთ “ყველა სიახლეს” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის _ კოტე კემულარიას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა 2013 წელს უამბო:

“ყველას გვახსოვს ავადმოსაგონარი 2006 წელი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, საპროტესტო აქციები, რომლებიც ტრაგედიას მოჰყვა. საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე მაღალჩინოსნების, აგრეთვე, ვანო მერაბიშვილის მეუღლის _ თაკო სალაყაიას დასჯას მოითხოვდნენ. იმხანად უშიშროების საბჭოს მდივანი იყო კოტე კემულარია. საპროტესტო მუხტი ისეთი დიდი იყო, შეიძლებოდა პროცესები უმართავი გამხდარიყო. ერთ დღესაც, ეს იყო 2006 წლის თებერვალში, კოტე კემულარია სააკაშვილს შეხვდა და განუცხადა, პროცესები უმართავი ხდება და ერთადერთი, რაც საპროტესტო აქციებს შეაჩერებს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომააო. რას ჰქვია მერაბიშვილი გადადგესო, _ გაგიჟებულა მიშა. თურმე ხელი დასტაცა საფერფლეს და კოტე კემულარიას ესროლა, ბედად, კემულარიას საფერფლე ასცდა. პრეზიდენტისგან შეურაცხყოფილი კემულარია ცუდად შეიქნა. პრეზიდენტის დაცვამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და კემულარია, ინფარქტის დიაგნოზით, კლინიკა “გულში” რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ამის შემდეგ დაწერა განცხადება და თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად კი ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილი და გეგა მგალობლიშვილი

2008 წელს კი მიხეილ სააკაშვილმა საფერფლე (სხვა ვერსიით _ ტელეფონი) ესროლა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერმინისტრ გეგა მგალობლიშვილს, რომელიც ამის შემდეგ უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ და ორთვიანი “მოღვაწეობის” შემდეგ პოსტიდან გადადგა.

აი ასეთია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მფრინავი საფერფლის თავში მოხვედრის შედეგები, თუმცა არც ქართული ე.წ. შოუბიზნესის წარმომადგენლები ერიდებიან საფერფლის სროლას.

ეკა კვალიაშვილი და მარინე ბერიძე

გახსოვთ, ალბათ, 2013 წლის შემთხვევა მუსიკალურ კომპანია “არტიმედში”, როცა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძეს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, ვის, სად და როდის უნდა ემღერა, საფერფლე უთავაზა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here