Home რუბრიკები პოლიტიკა ვის აძლევს ხელს სირიის დაშლა?

ვის აძლევს ხელს სირიის დაშლა?

2107
სირია

აქვს თუ არა მომავალი ერთიან სირიას? _ პასუხი ამ კითხვაზე მნიშვნელოვანიაცხელთუგაყინულკონფლიქტებში ჩართული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რადგან სირიის საკითხის გადაწყვეტა შექმნის პრეცედენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება შემდგომ წლებში იხელმძღვანელებს.

25 ივნისს “ნეშნლ ინტრესტ”-ში გამოქვეყნდა ავსტრალიელი მკვლევარის _ დენის დრაგოვიჩისა და ბრიტანელი პოლკოვნიკის _ რიჩარდ აირონის (ამაჟამად ოქსფორდის სტრატეგიული კვლევების ჯგუფში მოღვაწეობს) ვრცელი წერილი სათაურით დადგა დრო, დავემშვიდობოთ სირიას”. ისინი ამტკიცებენ, რომ მშვიდობისა და რეგიონის სტაბილიზაციის ყველაზე მოკლე გზა ერთიანი სირიული სახელმწიფოს დაშლაზე გადის. ეს მოსაზრება დასავლეთში ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება.

წერილის ავტორები სამართლიანად მიუთითებენ იმაზე, რომ “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პანაცეა. “თავის დროზე, _ წერენ დრაგოვიჩი და აირონი, _ ამერიკელებმა კონცენტრირება მოახდინეს სადამ ჰუსეინის დამხობაზე, მაგრამ ძალიან ცუდად დაგეგმეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ამის შემდეგ” (იგივე შეიძლება ითქვას ავღანეთსა და თალიბებზე). ისინი წერენ, რომ გაეროს სამშვიდობო გეგმა, რომელიც სამ ძირითად პოსტულატს ეფუძნება _ გარდამავალი მთავრობის შექმნას, ახალი კონსტიტუციის მიღებასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რეალიზებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძლავრი უცხო სახელმწიფოები ზეწოლას მოახდენენ დაპირისპირებულ მხარეებზე და მშვიდობისმყოფელების როლს შეასრულებენ. ეს კი შეუძლებელია, ვინაიდან აშშ-ს, რუსეთსა და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ავტორები ვარაუდობენ, რომ სამშვიდობო ოპერაცია სირიაში მინიმუმ 150 ათასი უცხოელი მშვიდობისმყოფელის შეყვანას მოითხოვს, რომელთაც ადგილობრივი, დაახლოებით 300-ათასიანი (ნოლიდან შესაქმნელი) უსაფრთხოების ძალები უნდა შეურთდნენ.

დრაგოვიჩი და აირონი წერენ, რომ უნიტარულმა სახელმწიფომ, ბევრი ეთნიკური და კონფესიური ჯგუფის თვალში ლეგიტიმურობა დაკარგა და მისი ერთიანობა არაფერში აინტერესებთ _ ქურთებს დამოუკიდებლობა სურთ, სუნიტები და ალავიტები ერთმანეთს ისეთი გააფთრებით ხოცავენ, ძნელი წარმოსადგენია, შეხების წერტილები იპოვონ და .. ავტორები მიუთითებენ, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში ბოსნიის მოდელის გამოყენებაა, ერთიანი სახელმწიფოს მხოლოდ ფორმალური შენარჩუნებით, ან, სულაც, მისი დაშლის დაშვებით, ვინაიდან ქვეყნის დაყოფა ავტონომიურ რაიონებად არა მხოლოდ შეუწყობს ხელს ომის შეჩერებას, არამედ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მასში ჩართული უცხო სახელმწიფოების ამბიციებს.

აქ, ალბათ, მიზანშეწონილია იმის გახსენება, რომ 20-იან წლებში, როდესაც სირიასა და ლიბანს საფრანგეთი აკონტროლებდა, ფრანგი ადმინისტრატორები ეძებდნენ მოდელს, რომელიც დიდი, ეთნიკურად და კონფესიურად ჭრელი ტერიტორიის მართვაში დაეხმარებოდა. 1920 წელს გენერალმა ანრი გურომ ექვსი ავტონომიური რაიონი შექმნა _ დამასკის სახელმწიფო, ალეპოს სახელმწიფო, ალავიტების სახელმწიფო, დრუზების სახელმწიფო, დიდი ლიბანი (მომავალი ლიბანის რესპუბლიკა) და ალექსანდრეტას სანჯაყი (იგივე ჰატაი, რომელიც 1939-ში თურქეთის შემადგენლობაში შევიდა). ექსპერიმენტები შემდგომ წლებშიც გაგრძელდა _ ფრანგული ადმინისტრაცია ამ ოლქებს ფედერაციაში აერთიანებდა, ზოგიერთს ისევ გამოყოფდა, ერთიანი რესპუბლიკის შემადგენლობაში შეჰყავდა და ა.შ. ფრანგები, მათი სახელმწიფოებრივი ტრადიციების საპირისპიროდ, არ ცდილობდნენ, მკაცრი უნიტარიზმის იდეებით ეხელმძღვანელათ. განსხვავებულ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის მათ მიერ გავლებული საზღვრების ნაწილი ბოლო წლებში ისევ აქტუალური გახდა.

რა მოხდება სირიაში, თუ, “ისლამური სახელმწიფოსდამარცხების შემდეგ უცხო სახელმწიფოებიბოსნიურ ვარიანტზედა გავლენის ზონების გაყოფაზე შეთანხმდებიან?

თურქეთი აკონტროლებს შედარებით მცირე, ეთნიკურად მონათესავე ჯგუფებით დასახლებულ ტერიტორიას სირიის ჩრდილოეთში. ის ერთმანეთისგან ჰყოფს ქურთების მიერ დაკავებულ რაიონებს. ერთ-ერთი მათგანი, შედარებით მცირე აფრინის რაიონი, რომელიც დასავლეთით მდებარეობს, შეიძლება თურქების შემდეგი სამიზნე გახდეს. ეს, ერთი მხრივ, განამტკიცებს მათ კონტროლს სირია-თურქეთის საზღვარზე და, მეორე მხრივ, შესაძლელობას მისცემს, გამოიყენონ იდლიბის პროვინციასთან დამაკავშირებელი ტრასა, რომელსაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა რაზმები აკონტროლებენ. ამ ეტაპზე თურქები ცდილობენ, მიიღონ პრეზიდენტ ასადისა და მისი მოკავშირეების თანხმობა ერთობლივ მოქმედებაზე აფრინის ანკლავის წინააღმდეგ და მის ფაქტობრივ გაყოფაზე.

აშშ აკონტროლებს სირიის ქურთისტანს ჩრდილოეთში და, როგორც ჩანს, იქ ისეთივე ავტონომიური, ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი, სახელმწიფო წარმონაქმნის დაფუძნებას აპირებს, როგორიც თავის დროზე ერაყის ქურთისტანში შექმნა. “ამერიკულ ზონაში”, აგრეთვე, შედის რაიონი სირია-იორდანიის საზღვრის სიახლოვეს, რომელსაც დაჯგუფება “სირიის ახალი არმია” იკავებს. ამ ეტაპზე ამერიკელები და მათი ქურთი მოკავშირეები ცდილობენ, გააგრძელონ წინსვლა სამხრეთით და სირია-ერაყის საზღვრის ზონა გააკონტროლონ, რადგან ეს, სხვა ყველაფერთად ერთად, შესაძლებლობას მისცემს, კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილის, ირანის, პოზიციები შეასუსტოს.

ირანი დომინირებს ზონაში დამასკის აღმოსავლეთით, მას სირიაში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა კომუნიკაციებია. ერაყსა და სირიას ორი ტრასა აკავშირებს, ერთ-ერთს ჩრდილოეთით ამერიკელები აკონტროლებენ, მეორე _ “ისლამური სახელმწიფო” და დღეს ირანელები ცდილობენ, ის ამერიკელებზე ადრე დაიკავონ.

რუსეთი აკონტროლებს ზონას ლატაკიის გარშემო, რომელიც თითქმის სრულად ემთხვევა ფრანგების მიერ დაფუძნებული “ალავიტების სახელმწიფოს” ტერიტორიას, აგრეთვე, პლაცდარმს პალმირასთან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, გავლენა მოახდინოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში განვითარებულ პროცესებზე.

აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ირანი სირიაში მოკავშირეები არიან, მათ შორის, ისევე, როგორც აშშ-სა და ქურთებს შორის, არსებობს მთელი რიგი უთანხმოებები, როგორც ტაქტიკურ საკითხებზე, ისე სირიის მომავალზე. ბაშარ ასადის ხელისუფლება სარგებლობს ამით და, სისუსტის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში ახერხებს, მისთვის სასურველი პოლიტიკა გაატაროს. ზავმა “ზომიერ ოპოზიციასთან” ასადს შესაძლებლობა მისცა, დაეწყო შეტევა ალეპოს აღმოსავლეთით, გაეწმინდა ტერიტორია “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისგან და გაეკონტროლებინა ნავთობსადენი, რომლის მეშვეობით შეუძლია ქურთებით დასახლებული რაიონებიდან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობი მიიღოს (თუ ამერიკელები ქურთებს ამ შეთანხმების დადების შესაძლებლობას მისცემენ, რაც ჯერჯერობით სათუოა).

დღესისლამური სახელმწიფო”, გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, თანდათან კარგავს ტერიტორიებს ერაყსა და სირიაში და, დიდი ალბათობით, მალე პარტიზანულ მოქმედებაზე გადავა. ამის შემდეგ ასადი, მისი მოწინააღმდეგე მეამბოხეები და ქურთები, აგრეთვე, ამ ძალების უცხოელი მოკავშირეები, ერთმანეთის პირისპირ დარჩებიან. კონფლიქტის ალბათობა ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც აშშ-ის (ამასთანავე, ისრაელის) და მეორე მხრივ, ირანისა და ასადის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შედის. იქ მდებარეობს არა მხოლოდ ირანისთვის მნიშვნელოვანი ტრასა, არამედ ნავთობის საბადოები; მარაგი კოლოსალური ნამდვილად არაა, თუმცა ასადის ხელისუფლებისათვის ის უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორე პოტენციური კონფლიქტის ზონა სირიის ქურთისტანია; ქურთები შიშობენ, რომ თურქები და ასადი მათ წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდებიან. გამორიცხული არაა, დეტონატორის როლი სირიის ჩრდილოეთისთვის შეასრულონ მოვლენებმა ერაყის ქურთისტანში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს.

დღეს სირიაში ხდება ბევრი ისეთი რამ, რის პროგნოზირებაც შეუძლებელია. მაგალითად, გასულ კვირას იდლიბის პროვინციაში რადიკალურმა დაჯგუფება “ტაჰრირ აშ-შამმა” “შიდაოპოზიციური ომი” წამოიწყო. მისი მოწინააღმდეგეა “აჰრარ აშ-შამი” _ ექსპერტები, რომ არ შეეშალოთ, “ტაჰრირელებს” “შავებს” უწოდებენ, “აჰრარელებს” კი _ “მწვანეებს”. პირველნი ორიენტირებულნი არიან ასტანის შეთანხმების ტორპედირებაზე და ასადის ჯარებთან საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე. მათ დაიკავეს ქალაქი იდლიბი, ცდილობენ, გაჭრან დერეფანი ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრამდე და ანკარას თანამშრომლობას სთავაზობენ.

დრაგოვიჩი და აირონი მიიჩნევენ, რომ დღეს შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა ძველი უნიტარული მოდელის ფარგლებში, ამიტომ სირია ავტონომიური რაიონების ერთობლიობად უნდა გადაიქცეს. მათი აზრით, მხოლოდ ამ პირობებში მოხერხდება მშვიდობის შენარჩუნება და გარე მოთამაშეების თუნდაც ნაწილობრივი დაკმაყოფილება. თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდება, ეს იქნება მეორე პრეცედენტი, ბოსნიაჰერცოგოვინის შემდეგ, როდესაც კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო გზად ჩათვლიან ეთნიკურ და კონფესიურ დაყოფას სახელმწიფოს ერთიანობის მხოლოდ ფორმალური შენარჩუნებით, ეს კი საქართველოსთვის კარგი ნამდვილად არ არის.

დრაგოვიჩი და აირონი პრაგმატიზმის მიმართ აპელირებენ და ირწმუნებიან, რომ ნებისმიერი სხვა ვარიანტი გაცილებით დიდ მსხვერპლსა და ხარჯს დაუკავშირდება. მსგავს იდეებს დასავლეთში საკმაოდ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ზოგიერთი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომლის მიზანია, დაარწმუნოს ყველა დაინტერესებული მხარე, რომ სირიის ფაქტობრივი დანაწევრება საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ სანამ ეს მოხდება, უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, კონფლიქტის ახალი სტადია ან ნაკლებად სავარაუდო სამშვიდობო პროცესი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here