Home რუბრიკები პოლიტიკა ვისთვის გაისარჯა ფრაუ მერკელი

ვისთვის გაისარჯა ფრაუ მერკელი

3300
ბახტაძე და მერკელი

სანამ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, საქართველოში ვიზიტის შედეგებს განვიხილავთ, თვალი გადავავლოთ მოვლენებს, რომლებიც ევროპასა და მსოფლიოში განვითარდა ჩვენთან მის ჩამოსვლამდე.

უპირველესად, გავიხსენოთ ევროკავშირის მიერ უარის თქმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის დაწესებული სანქციების მხარდაჭერაზე, რომელიც გერმანიის ინიციატივით მოხდა. ამის შემდეგ მერკელი ბერლინში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მოლაპარაკების მთავარი თემა, წინასწარ გაცხადებულის მიხედვით, იყო გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებარე პროექტის რეალიზაცია და დასრულება. გავიხსენოთ, რომ ამ პროექტის წინააღმდეგია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავისი ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელებით ცდილობს საკუთარი ძვირად ღირებული თხევადი გაზის ევროპაში გასაღებას. და კვლავ გერმანიის ინიციატივით, ევროკავშირი არც ამ ინიციატივას არ შეუერთდა. გავიხსენოთ, რომ წარმატებით ფუნქციონირებს “ჩრდილოეთის ნაკადი-1”, რომლითაც გაზი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას გერმანიის გავლით მიეწოდება.

ქალბატონი მერკელი ჩამოვიდა, ორი დღე დაჰყო ჩვენთან და ამ ვიზიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, რომელიც გამოცხადდა, არის გერმანიის მიერ საქართველოსთვის მოცემული 150 მილიონი ევროს კრედიტი სამგორის საბადოზე გაზსაცავის ასაშენებლად. თავისი ვიზიტის მნიშვნელობის გასაძლიერებლად და გასამართლებლად დამატებით გამოგვიყო 40 მილიონამდე კრედიტი, მათ შორის, ორი თუ სამი მილიონის გრანტი მაღალმთიან აჭარაში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისეთი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა, ამგვარი, არცთუ პირველხარისხოვანი საკითხების გადასაწყვეტად სხვა ქვეყანაში არ ჩადის. ამისთვის უფრო დაბალი რანგის მოხელეები არიან მოწოდებული. ის, რისი მოწმენიც გავხდით, როგორც ჩანს, ინფორმაციული საფარველია მისი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზნის შესაფუთად და საზოგადოებისთვის მისაწოდებლად. იმდენად მარტივი დიპლომატიის ნიმუშია, რომ პრიმიტიულიც კი შეიძლება ეწოდოს.

საქართველომ, რომელსაც საერთაშორისო ვალების ისედაც უზარმაზარი ტვირთი აწევს, ეს კრედიტი აიღონ მაშინ, როცა ამ გაზსაცავის რეალიზაციაში მისი არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური ინტერესი არ არის ჩადებული. სამაგიეროდ სავსებით აშკარაა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ გერმანიის ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაიდგა.

რატომ მოგვახვიეს თავზე ეს “ინიციატივა”?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გერმანია ცდილობს, და ახერხებს კიდეც, გახდეს, მონოპოლისტი თუ არა, წამყვანი მოთამაშე ევროპის ბუნევრივი აირის ბაზარზე. ამ მიზნის მისაღწევად კი მას სჭირდება სრული კონტროლის დაწესება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი გაზის “ნაკადებზე”, არამედ ცენტრალური აზიისა და ირანის ნაკადებზეც ევროპის მიმართულებით. ამიტომ იყო, რომ გერმანიამ მხარი არ დაუჭირა ირანის წინააღმდეგ ამერიკულ სანქციებს, რადგან მაშინ ირანთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელი გახდებოდა. თანამშრომლობა კი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ირანის ბუნებრივი აირის (და ნავთობისაც) ექსპორტს ევროპის ბაზარზე, ხოლო ამ ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისთვის დასავლეთის მიმართულებით მას სჭირდება დერეფანი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით.

ამ ენერგოდერეფნისთვის საფუძველის ჩაყრა იყო ქალბატონ მერკელის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის მიზანი. ამისთვის სჭირდება მას საქართველოში გაზსაცავი ირანის, აზერბაიჯანის და, შესაძლოა, თურქმენეთის გაზისდასასაწყობებლადდა აქედან ევროპაში გასატანად. სად არის აქ საქართველოს ინტერესი _ გინდ ეკონომიკური, გინდ _ პოლიტიკური? ამ პროექტის განხორციელებაში სისხლხორცეულად დაინტერესებულ გერმანიას თავისი ინტერესის რეალიზაციისთვის თვითონ უნდა გაეღო ხარჯი და კიდევ ერთი 150 მილიონი ევრო აქეთ მოეცა.

ჩვენმა მთავრობამ რა გააკეთა? 150 მილიონი ევროს კრედიტი კისერზე ვალად დაიდო გერმანიისთვის საჭირო ობიექტის ასაშენებლად. ვალი _ ვალად და პლუს საბანკო კრედიტის პროცენტებიც უნდა გვახდევინოს.

ასეთი უთავბოლო სქემა გამოიკვეთა.

ქართულ მედიაში განსაკუთრებით ააყვირეს საქართველოს სეპარატისტული მხარეების მერკელისეული შეფასების საკითხი. თბილისში გამართულ (და საშინლად თარგმნილ) პრესკონფერენციაზე აქ შექმნილ ვითარებას მან უსამართლობა უწოდა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას, შეეხნენ თუ არა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეოკუპაციის საკითხს, ზოგადი და ორაზროვანი პასუხი გასცა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან სალაპარაკო თემატიკა მხოლოდ გერმანიის კერძო ინტერესებით იყო შემოფარგლული. აშკარაა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგება ფრაუ მერკელის საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში არ დგას, ქართული ინტერესების დამცველად თავს არ მიიჩნევს და, საერთოდ, ეს პრობლემა მას არ აწუხებს. ხოლო სტუდენტებთან შეხვედრისას მისი ნათქვამი, რომ სეპარატისტული მხარეები ოკუპირებულია, მხოლოდ სტუმრის მიერ ვალის მოსახდელად, ტაქტიანი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად იყო გამოყენებული და პოლიტიკურ განცხადებასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ეს გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების უნიათობითა და უსუსურობით, რომელიც, როგორც ჩანს, მაღალი რანგის სტუმართან შეხვედრისას საქართველოსთვის აქტუალური, პრინციპული საკითხების დაყენებისა და განსჯის უნარს არის მოკლებული: არ აინტერესებს მერკელს, არ გვაინტერესებს ჩვენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებს კი მერკელმა განუცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ხელს შეუწყობს. ეს არის გერმანიის, როგორც სახელმწიფოს, კერძო ინიციატივა და არა საერთაშორისო მექანიზმებში ჩართული ქვეყნის მიერ გამოთქმული დაპირება (საერთაშორისო მექანიზმის მონაწილე ქვეყნისთვის ასეთი დაპირება ფორმალური მოვალეობაა).

დღეს ეკონომიკის სფეროში გერმანიის საგარეო პოლიტიკის მთავარი თემა ევროპაში გაზის იმპორტის საკითხია, პოლიტიკის სფეროში კი _ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და აშშ-ისგან დისტანცირება.

მერკელმა თავის მიზანს მიაღწია _ საქართველოს ვალად დაადო გერმანიისთვის გაზსაცავის აშენება. ჩვენებიც ყურმოჭრილი ყმებივით ვერ შეეპასუხნენ გერმანიის კანცლერს, ან არ მოინდომეს შეპასუხება, რადგან საკუთარი ქვეყნის პრობლემების მოგვარება არც მათ აწუხებთ (ან არ შეუძლიათ).

რას მოგვცემს ეს გაზსაცავი, რას შეგვმატებს? ამაზე არავის არაფერი უთქვამს, თორემ ყასიდად გაცხადებული, რომ ეს საცავი ზამთრის პერიოდში გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეთხზული არგუმენტია. წლებია, ზამთრობით საქართველოს გაზის პრობლემა არ ჰქონია.

ევროპა-აზიაში სრულიად ახალი კონფიგურაცია ყალიბდება პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მთავრობა კი ჭურში ჩავარდნილივით ოცდაათი წლისწინანდელ ლოზუნგებს გაიძახის.

რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გამოსვლა დააანონსა, ხოლო ევროპაში ცალკე მერკელმა და ცალკე მაკრონმა უნდობლობა გამოუცხადეს აშშ-სა და ნატოს, ახალი ეკონომიკური და საგარეო-პოლიტიკური ინიციატივები წამოაყენეს და თქვეს, რომ ევროპამ დოლარს თავი უნდა დააღწიოს და თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით. ყურადღება მიაქციეთ: არა დასავლური სოლიდარობა ნატოს ეგიდით, არამედ ახალი, საკუთარი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით!

ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს ირგვლივ იქმნება საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემა და არის აქ საქართველოს ადგილი, ვეძებთ ჩვენს ადგილს ამ ახალ სისტემაში? საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მიღმა დარჩენა კი იმას ნიშნავს, რომ, ვისაც მოუნდება, წიხლს ჩაგვაზელს, გამომსარჩლებელი კი არავინ არ იქნება, ვერც ვერსად ვერ ვიჩივლებთ, საკუთარი ძალები კი რამდენზე გვეყოფა, თუ, საერთოდ, რამე ძალა გაგვაჩნია? აი, ასეთ ფონზე საქართველოს ხელისუფლება კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად უნდა გავხდეთ ნატოს, ფუნქციადაკარგული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, რომელსაც ევროპა (საფრანგეთისა და გერმანიის სახით) აღარ ენდობა (ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნა მთელი სერიოზულობით განიხილება), ამერიკამ კი ტრამპის პირით კონკრეტულად თქვა, რომ ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი დიდი სისულელეა და ამ პრინციპის დაცვას არ აპირებს (ტრამპის კომენტარი ნატოში მაკედონიის შეყვანაზე). მაშ, რანაირად უნდა უზრუნველყოს ნატომ ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოება? ვერანაირად!

საქართველოში უცნაურ მოდად დამკვიდრდა ტერმინ ოკუპანტის ხმარება. ოკუპაცია სამხედრო ტერმინია და ქვეყნის ტერიტორიისა და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ტოტალურ სამხედრო კონტროლს გულისხმობს. აქვს ყველაფერ ამას ადგილი საქართველოში? კიდევ: ოკუპირებული ქვეყანა უპირობოდ დამარცხებულია და მას არავინ არაფერს ეკითხება, მასთან არავინ მართავს მოლაპარაკებებს და სამხედრო ძალის მუქარით აიძულებენ მის დაუკითხავად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას.

საქართველოს რეალობა სხვანაირია: საქართველოს სუვერენული ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ორი სამხედრო ბაზა დგას ლოკალურ ტერიტორიაზე. ეს ფაქტია, მაგრამ არსებული ვითარების ამგვარად დანახვაშია სწორედ რუსეთთან საქმიანი მოლაპარაკების რესურსი. როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს მთელი სიმძაფრით დაუდგება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ახალ პოლიტიკურეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. ვერც ერთ ამ საკითხს რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ გადავწყვეტთ და სწორედ ეს უნდა იყოს საქართველოს სუვერენული ნების გამოხატულება რუსეთთან დიალოგში. კიდევ: უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის მოტივები, რატომ აქვს ეს სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე. ამ საწყის მოცემულობაზე დაყრდნობით უნდა გამოვიდეთ დიალოგის შეთავაზებით და არა “ნატოსა” და “ოკუპანტოს” ძახილით.

ყოველივე ამის შემდეგ თავისით ჩნდება შეკითხვა: ის ხალხი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, საქართველოს ოკუპირებულის სტატუსი მოახვიოს თავს და რუსეთთან დიალოგზე უარი ათქმევინოს, რეგვენი მოყვარეა თუ შეგნებული მტერი?

ვინ გაგვცემს პასუხს?

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here