ე.წ. ახალი ადამიანის კულტივირება _ უზნეო, უტრადიციო, კაცობადაკარგული, სიტყვის გამტეხი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ასოციალური კულტის დამკვიდრება “ახალ საქართველოში”
ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი მმართველობის მხილებისას რატომღაც უყურადღებოდ რჩებათ ნაცების მიერ ჩვენი საზოგადოების წახდენის, ზნეობრივი გარყვნის საკითხი.
ეს საკითხია “ახალ საზოგადოებაში” ე.წ. ახალი ადამიანის კულტივირება _ უზნეო, უტრადიციო, კაცობადაკარგული, სიტყვის გამტეხი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ასოციალური კულტის დამკვიდრება, რომლისთვისაც “ახალგაზრდა დემოკრატებმა” საქართველოში ყველა პირობა შექმნეს.
უწინარესად _ საკუთარი მაგალითით.
ელიტარული კორუფციის პანდემიით დაწყებული, მაღალმოხელეთა მომხვეჭელობის პრაქტიკული მოღვაწეობით დამთავრებული.
კუდის რიკამდე ატყავებდნენ პატიოსან ბიზნესს.
სასწაულებრივ მდიდრდებოდნენ ელიტას მიტმასნილი “ახალი ქართველები” და წვრილფეხობაც, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკად ტრანსფორმირებულ ყაჩაღობას საკუთარი ცხოვრების წესად აღიარებდა.
აბსოლუტურად ალოგიკური ვითარება ჩამოყალიბდა: ერთი მხრივ, მკაცრდებოდა სამართალი, სასჯელი “ქურდული სამყაროს”, “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ, პარალელურად ამ სამყაროს წესები და ტრადიცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მკვიდრდებოდა. ქურდები, თანაც “კანონიერი”, “ავტორიტეტები” მხოლოდ ისინი უნდა ყოფილიყვნენ.
“დაყაჩაღება” მათი ზეობის ხანაში დამკვიდრებული ნეოლოგიზმია, გაკეთილშობილებული ჟარგონი, სლენგი.
ქვეყნის დამყაჩაღებელი მმართველები, მათი უსიტყვოდ მორჩილი სამართალდამცველები და, როგორც გითხარით, მედროვეთა წვრილფეხობაში ამოჯეჯილებული ახალი ფორმაციის ქურდები, გადამგდებები, სახელმწიფო ბიუჯეტის თუ სხვისი კერძო ქონების მპარავნი იყვნენ.
ველური კაპიტალიზმი სხვა არა არის რა.
ამ ზოგადი, გულის მოსაოხებელი შესავლის შემდეგ ერთ კონკრეტულ მაგალითს წარმოგიდგენთ, ერთ ფაქტს, რომელმაც სერიოზულად დააზარალა ცნობილი ქართველი მოღვაწისა და მეცენატის, ქართული წარმოების აღდგენის ინიციატორ გოგი თოფაძისა და მისი პარტნიორების ბიზნესი.
წლებია, რაც ეს ამბავი საჯაროდ არ გამოუტანია კომპანია “ყაზბეგს”, მაქსიმალურად ცდილობდა, თავის სამოქმედო სივრცეშივე მოეგვარებინა კონფლიქტი. დინჯად, მშვიდობიანად, სამართლიანად.
უშედეგოდ.
ახლახან, მერამდენე მცდელობაზე, ბოლოს და ბოლოს, ინტერვიუზე დაგვთანხმდა ბატონი გოგი თოფაძე: გაითვალისწინა საზოგადოების დიდი ინტერესი ამ ფაქტის მიმართ.
ბატონი გოგი იხსენებს:
_ იყო პერიოდი, როცა ჩვენს კომპანია “ყაზბეგში” ობიექტების გაფართოვების პერსპექტივა გაჩნდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ იძარცვებოდა საქართველოს ტყეები. იმხანად, როცა ძვირფასი ჯიშების მორები გაჰქონდათ საზღვარგარეთ, როგორც ნედლი მასალა, რომლის დამუშავებითა და გაყიდვით მდიდრდებოდნენ უცხოეთში. ჩვენი კომპანიის ხუთმა დამფუძნებელმა გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. დავუკავშირდით ჩვენ მეგობარს, კახეთში, სოფელ ფშაველში მცხოვრებ ლუკა რამაზაშვილს და დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება. მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში სრულად შეისწავლეს გომბორის ტყის საწარმოო პოტენციალი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10000 კუბური მეტრის გადამუშავების საშუალებას მოგვცემდა. მათი რჩევითა და სხვა პროფესიონალების მითითებით, 2002 წლიდან დავიწყეთ ხეტყის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა. საუკეთესო მანქანა-დანადგარები შემოვიტანეთ გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან. მათ შორის: პარკეტის დამამზადებელი ტექნიკა სრულად, სახერხი დაზგები, უნიკალური საშრობი ღუმელები და ასე შემდეგ, ყველაფერი, რაც ამ სახის საწარმოსთვის იყო აუცილებელი. მაშინ მეორე, ასე სრულად აღჭურვილი ქარხანა საქართველოში არ არსებობდა.
ავამუშავეთ ეს საწარმო სოფელ ფშაველში 2005 წელს და სახელად “ყაზბეგი–ფშაველი” დავარქვით. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა: ჩვენი პროდუქცია იყიდებოდა ირანში, თურქეთში, იტალიაში. გაგვქონდა სხვა ქვეყნებშიც.
ხარჯმა, რომელიც ამ ქარხნის ასამუშავებლად გავიღეთ, 2.400.000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ეს თანხა ხუთივე თბილისელმა პარტნიორმა _ დულო გიორგობიანმა, აკაკი გიგაურმა, ნოდარ დვალმა, ირაკლი და გიორგი თოფაძეებმა გადავიხადეთ. წარმოების დაჩქარების მიზნით ბანკ “ქართუდან” ავიღეთ სესხი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ჩვენს კახელ მეგობარს საერთო წილიდან დავუთმეთ 30 პროცენტი, დანარჩენი 70 პროცენტი ჩვენი კომპანიის ხუთმა დამფუძნებელმა გადავინაწილეთ, მაგრამ წამოწყებულ საქმეს ავი თვალით შეხედა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა ექვს თვეში მოგვისპო. 2006 წლის იანვარში სრულიად მოულოდნელად დააპატიმრეს ლუკა რამაზაშვილი. როგორც კი შევიტყვეთ ეს ამბავი, დაუყოვნებლივ ჩავედით კახეთში. ვის არ მივაკითხეთ, ვის არ ვთხოვეთ, ეთქვათ მიზეზი, ამ რეპრესიის განხორციელებას რომ დაასაბუთებდა.
ორი თვის განმავლობაში საქმის კურსში არავინ ჩაგვაყენა. ორი თვის თავზე გვითხრეს, რომ ჩვენს პარტნიორს მავანისგან უსესხებია ერთი პატარა მანქანა აგური და ბეტონის ბლოკები კედლის ამოსაყვანად. სამართალდამცავებს ეს ფაქტი ქურდობად ჩაუთვლიათ. ასეთი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ჰგავდა პროვოკაციას. მიზანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქარხნის ხელში ჩაგდება იყო, რისთვისაც მოწადინებულები იყვნენ ყოფილი ხელისუფალნი.
თვეების განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და ჩვენს მეგობარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვერ უშველა ვერც გამოჩენილმა ადვოკატმა, რომელიც მის უფლებებს იცავდა, ვერც იმ არგუმენტმა, რომ ერთი პატარა მანქანა საშენი მასალის თუნდაც ქურდობა 8 წლით პატიმრობას არ იმსახურებდა, ვერც ჩვენმა ჩარევამ მთავრობის დონეზე. ბოლოს მოუგონეს _ ორი კაცი (ქისტი) მოკლაო, რაც ყოვლად დაუჯერებელი იყო. გავიკითხ-გამოვიკითხეთ, ქისტებსაც ვესაუბრეთ და, არ დაგიმალავთ, ზოგიერთი მათგანის მონაყოლმა გარკვეული ეჭვი გაგვიჩინა.
მოკლედ, წავაგეთ პროცესი.
უფრო მეტიც, დაგვიგროვდა 500 000 აშშ დოლარის ვალი. მაშინ იყო, რომ ჩვენ, ხუთმა პარტნიორმა, გადავწყვიტეთ, ამ ვალის დაფარვა საკუთარ თავზე აგვეღო, რადგან რამაზაშვილი სასჯელს იხდიდა.
_ კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ ხელისუფლების ქმედებასთან რა კავშირი აქვს, ვერ ვხვდები.
_ ახლავე აგიხსნით. იმდროინდელ ხელისუფლებას ფულის იოლად შოვნის მადა გაეხსნა. კერძოდ, მოუნდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის, რომელიც ტყის პოტენციაში იყო მატერიალიზებული (სამეგრელოში, სვანეთში, კახეთში და სხვა მხარეებში) ჩინელებისთვის დათმობა. მიჰყიდეს კიდეც. ვინ შეუშლიდა ხელს?! კახეთის ტყის საუკეთესო მასივები ჩინელებმა იგდეს ხელთ. ეს კი ნიშნავდა, რომ ჩვენი საწარმო ნედლეულის გარეშე დარჩა. თითქმის ორი წლის განმავლობაში ქარხანა ვერ ავამუშავეთ.
შექმნილი ვითარების გამო იძულებულნი შევიქენით, საწარმო ჩინელებისთვის მიგვექირავებინა, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ, უწინარეს ყოვლისა, ყოველწლიურად გადაეხადათ ჩვენი საბანკო სესხის 12 პროცენტი. ამ შეთანხმების გასაკონტროლებლად პარტნიორებმა ადგილზე მივავლინეთ ერთი ახალგაზრდა ეკონომისტი. მას თვალი უნდა მიედევნებინა საწარმოს საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, შემოსავალ-გასავლისთვის.
ჩინელებისთვის ქარხნის ჩაბარების მომენტისთვის საწარმოს არ ჰქონდა ტყიდან გადასამუშავებლად მოზიდული მასალა. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად გვთხოვეს, 30 თანამემამულის ჩამოყვანის ნება დაგვერთო. ჩვენ კატეგორიული უარი განვუცხადეთ, რადგან კახელი სპეციალისტები შესანიშნავად ართმევდნენ თავს ამ საქმეს. დიდი და ხანგრძლივი დავის შემდეგ 6 ჩინელის ჩამოყვანას დავთანხმდით, ძირითადად, ადგილობრივი მუშახელის უმეტესობა შევინარჩუნეთ.
პირველ სამ თვეს ჩინელებს ნორმალურად შეჰქონდათ ბანკისთვის გადასახდელი პროცენტები. შემდეგ აირია ყველაფერი. საწარმოში მივლინებულმა ჩვენმა ეკონომისტმა განგვიცხადა, რომ იძულებულია, თავი დაანებოს სამუშაოს. თავისი გადაწყვეტილება ასე აგვიხსნა: როცა ჩინელებს შეთანხმებული ვალდებულების შესრულებისკენ მივუთითებდი, ზოგი მიპასუხებდა, რომ ქუთაისში დიდ ქარხანას აშენებდნენ, რომელიც დიდი თანხა უჯდებოდათ, მოვრჩებით ამ საქმეს და შემდეგ დავიწყებთ გადახდასო; ზოგი კი ჩვენს თანამემამულეებზე მიგვითითებდა: მათ მოჰკითხეთ, ფული მათ გადავეცით ბანკში გადასაგზავნად და, თუ არ გადარიცხეს, ჩვენი რა ბრალიაო. ქართველები ჩინელებს დამუქრებიან, ასეთ უნამუსობას რატომ გვაბრალებთო, გაუწევიათ ერთმანეთზე და დიდი ჩხუბიც ამტყდარა. ფიზიკურად მეც შეურაცხმყვესო, _ განგვიცხადა ჩვენმა ეკონომისტმა, _ იქ დამბრუნებელი არ ვარო.
საქმის გასარკვევად თბილისში ჩინელების წარმომადგენლობას მივაკითხეთ. ავუხსენით სიტუაცია და დავაში ჩარევა ვთხოვეთ, მაგრამ დიპლომატებმა დამაჯერებლად დაგვიმტკიცეს, რომ ფშაველში სიტუაციის არევაში ჩინელებს წვლილი არ მიუძღვით და ქართველები ითვისებენო ფულს. ჩვენს თანამემამულეებს ქუთაისის ობიექტის მშენებლობაზე რომ გადავიყვანთ, თავადვე დარწმუნდებითო.
ასე იყო თუ ისე, გაფუჭებული საქმე ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა _ ოცი თვის გადასახადი 12-12 პროცენტი ჩვენი დასაფარი შეიქმნა.
_ ესე იგი, თვითონ დაიდეთ ვალი…
_ სხვა გზა არ გვქონდა: პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, რომ უფრო დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად გაგვეჩერებინა ქარხანა და რამაზაშვილის ციხიდან გამოსვლამდე ჩვენ დაგვეფარა ვალი. სასჯელის მოხდამდე მას 5 წელიწადი რჩებოდა.
ჩვენ კი გავაჩერეთ საწარმო, მაგრამ ის, რაც ჩაიდინეს დაპატიმრებული პარტნიორის ნათესავებმა და მეგობრებმა, ძნელი ასახსნელია: იჩეხებოდა უამრავი ხე, გაიყიდა 6 ტრაქტორი, ავტომანქანები, ბევრი სხვა ტექნიკა. ძალიან სამწუხარო ფაქტი შევიტყვეთ: ეს ყველაფერი თურმე ლუკა რამაზაშვილის კარნახით კეთდებოდა, მაშინ, როცა ჩვენ, ხუთივენი, მის გასათავისუფლებლად ვიბრძოდით.
პარტნიორის ასეთი ღალატი, არაკაცობა ზურგში დანის ჩარტყმასავით მოულოდნელი იყო, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში არავის გაჰკვირვებია, ამგვარი მეთოდით იმართებოდა მაშინ ჩვენი ქვეყანა და ნებისმიერ საქმეში, როგორიც ჩვენ თავს დატრიალდა, კორუფციაში ჩართული მოხელეების ინტერესი იკვეთებოდა.
გაიხრწნა სახელმწიფო აპარატი, აღზევდნენ მედროვენიც.
_ რამაზაშვილს გულისხმობთ?
_ დიახ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნაცების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობის ჩარევით 200-ზე მეტი უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდა. ჩვენც აქტიურად ჩავერიეთ ჩვენი კახელი მეგობრის ციხიდან გამოყვანის საქმეში და მოვახერხეთ კიდეც ბიზნესპარტნიორის გათავისუფლება კანონიერების სრული დაცვით.
რას აკეთებს ამ დროს ლუკა რამაზაშვილი? საწარმოს ამუშავებაზე უარს ამბობს. დრო კი გადის. ზარალი მატულობს.
ქარხანას უპატრონოდ ხომ არ მივატოვებდით და ჩვენი კომპანიის დამფუძნებელთაგან ერთ–ერთი დირექტორის მოვალეობის შესასრულებლად გავამწესეთ. ერთი კვირის თავზე გვირეკავს _ ჩამოდითო. ჩავედით და თვალს არ დავუჯერეთ, რაც იქ ვნახეთ: ჩვენი ნაყიდი 6 ტრაქტორის, 12 სატვირთო ავტომანქანის, პერსონალის გადასაყვანი ავტობუსის, 2 მსუბუქი ავტომანქანის და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკის კვალიც კი გამქრალიყო.
ქარხნის აღსადგენად ახალი ვალი ავიღეთ _ 340 000 აშშ დოლარი. შევისყიდეთ ერთი მძლავრი ტრაქტორი, თურქეთიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები საშრობი დანადგარების აღსადგენად, ბევრი სხვა ტექნიკა შევიძინეთ.
ფშაველში დროებით გაგზავნილმა პარტნიორმა ააწყო საქმე და ჩვენი გამოშვებული ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვა ირანელებმა დაიწყეს. აღდგენაში რამაზაშვილს იოტისოდენა წვლილი არ მიუძღვის. განზე გადგა. გადავწყვიტეთ, გაგვეგო, რა იყო ამის მიზეზი. დავუთვალეთ ჩვენ ოთხმა, რომ ბანკის ვალის (500 000 აშშ დოლარის) დაფარვა 16 წლის განმავლობაში ერთ მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდა. მთლიანი ხარჯი კი სამ მილიონ დოლარს აღემატებოდა. დავინტერესდით, სად გაქრა ჩვენი მილიონები და გავარკვიეთ, რომ ის უნიკალური ფერმა, რომელსაც გულმოდგინედ გვიმალავდა, ჩვენი ფულით იყო დაარსებული: 500 სული კამეჩი, ევროპიდან ჩამოყვანილი 200-მდე ჯიშიანი ძროხა, 400 000 ცხვარი, ჩვენგან წაღებული ტრაქტორების მთელი პარკი, სამი ორსართულიანი შენობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ლუკა რამაზაშვილი საკუთარ ცხოვრებას იწყობდა, ამით იყო დაკავებული და ვალის გადახდას არც აპირებდა.
2018 წელს ტყის ჭრა საქართველოში აიკრძალა. დღეს 810.000 დოლარის სესხი დაფარული გვაქვს მარტო ჩვენ _ ხუთივეს. გადასახდელი 255.000 დოლარი დაგვრჩა.
ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ 16 წლის განმავლობაში ჩვენ _ ხუთ პარტნიორს, 1 ლარი მოგებაც კი არ გვინახია.
მიტაცება იმდენად მასშტაბური იყო, რომ იძულებულები გავხდით, სარჩელი სასამართლოში შეგვეტანა.
ახლა ამ პროცესში ვართ ჩართულნი და იმედი ჯერჯერობით არ გადაგვიწურავს.
ესაუბრა
სერგო მიშელაშვილი