განვაგრძობთ წერილების გამოქვეყნებას იმ საზარელ მკვლელობაზე, რომელიც 2016 წლის 30 ივლისს მოხდა წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სამსონ თამარიანმა თავისი “მერსედესი” (GL 550) დააჯახა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, აიკ მელტონიანის შვილს, და ფეხი მოტეხა, ხოლო დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სამსონ თამარიანის ვაჟმა, ანდრანიკმა, “ვინჩესტერის” ტიპის დაურეგისტრირებელი თოფიდან გასროლით მოკლა აიკ მელტონიანის ძმისშვილი, საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში, 23 წლის ანდრანიკ მელტონიანი.
ახლახან გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელმაც, წესით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაახედვინოს ის უსამართლობით გამაოგნებელი განაჩენი, რომელიც ამა წლის 25 აპრილს გამოიტანა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრანიკ თამარიანმა აღიარა მკვლელობა, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა აიკ მელტონიანმა კატეგორიულად უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც პროკურატურამ და ვერც მოსამართლემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს, მათ, ორივეს, რვა-რვა წელი მიუსაჯეს. იურიდიულ პრაქტიკაში ეს გაუგონარი ამბავია. სააკაშვილის მიერ “ხელდასხმული” მოსამართლე პართენიშვილის სამარცხვინო ქმედებები სამართლიანად იმსახურებს ცალკე საგაზეთო წერილს, მაგრამ ჯერ გაგაცნობთ იმ ლექსს, რომელიც წალკელებმა “დიდი პატივისცემით” მიუძღვნეს ქალბატონ ეკატერინეს:
“პართენიშვილის სამართალს არ ესინჯება აორტა,
რუსთავში მართლმსაჯულება მაგან მოკლა და აოხრა.
შენნაირების გამოა, არ გვერგო ნატოს წევრობა,
ნაციონალურ განაჩენს დაგახევს თავზე ევროპა!”
ახლა კი მოკლედ იმ ახალ გარემოებაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე: მოწმეთა ჩვენებებიდან იკვეთება, რომ, როცა სამსონ თამარიანმა თავისი მანქანა განზრახ დააჯახა მერგელ მელტონიანს და შემდეგ სცადა, წაქცეულ, ფეხმოტეხილ მოზარდზე გადაეტარებინა, რაც, მადლობა ღმერთს, ვერ მოახერხა, მან მუქარით დატოვა დანაშაულის ადგილი და მიიმალა. აიკ მელტონიანს შეატყობინეს შვილის უბედურება. ის მივიდა სოფლის ცენტრში, სადაც მერგელი იწვა და ტკივილისგან ყვიროდა. ყოფილი პარლამენტარი დაუკავშირდა “112”-ს, აგრეთვე, წალკის პოლიციის განყოფილებას. რამდენიმე წუთში სოფლის ცენტრში, სადაც უკვე შეკრებილი იყო ხალხი და იწვა ფეხმოტეხილი მერგელ მელტონიანი, სასწრაფოზე ადრე მოვიდნენ სოფელ ავრანლოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ედუარდ ხაჩატრიანის მეთაურობით, რომელიც, წინა წერილებიდან თუ გახსოვთ, არის სამსონ თამარიანის მეუღლის _ ჯულიეტა აგაჯანიანის ნათესავი და თანასოფლელი. დაზარალებული მოზარდის მამამ, აიკ მელტონიანმა და ბიძამ, მორლენმა, უამბეს პოლიციელებს მომხდარის თაობაზე და სთხოვეს, დაუყოვნებლივ დაეკავებინათ სამსონ თამარიანი, რადგან ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან წასვლისას სამსონი დაემუქრა მერგელსა და მის ბიძაშვილ ჰაიკს, რომ დაბრუნდებოდა და “სეირს უჩვენებდა”. ხაჩატრიანი და მისი თანმხლები პირები წავიდნენ სამსონ თამარიანის სახლის მიმართულებით. ფაქტი, რომ პოლიციელები მივიდნენ წალკის საკრებულოს წევრისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის სახლში, სადაც მათ თვითონ სამსონი დახვდათ, აღწერილია მოწმე გაიანე ნაზლოიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რაც მან სასამართლოშიც დაადასტურა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ედუარდ ხაჩატრიანი დაბრუნდა დანაშაულის ადგილას და აიკ და მორლენ მელტონიანებს უთხრა, რომ სამსონი შინ არ იყო და არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ამის გამო აიკ მელტონიანმა ხმამაღლა დაადანაშაულა ავრანლოს პოლიციის განყოფილების უფროსი სამსონ თამარიანის მფარველობაში, ხოლო მორლენმა, აიკის თავშეუკავებლობის გამო, ბოდიში მოუხადა ედუარდ ხაჩატრიანს და სთხოვა, პოლიციელები არ წასულიყვნენ სოფლის ცენტრიდან, რადგან გამორიცხული არ იყო, სამსონს შეესრულებინა თავისი მუქარა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვებოდა. მორლენ მელტონიანის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, პოლიციელებმა განყოფილებისკენ აიღეს გეზი. მათი წასვლის შემდეგ, დაახლოებით 2-3 წუთში, სამსონ თამარიანის კუთვნილი სატვირთო “ფორდ-ტრანზიტით” შემთხვევის ადგილას მივიდნენ მისი ძმა სამველ თამარიანი (იჯდა საჭესთან) და სამსონის ვაჟი ანდრანიკი. შეჯგუფებულ ხალხთან ათი მეტრის დაშორებით სამველმა ავტომობილი დაამუხრუჭა, მის გვერდით მჯდომი ანდრანიკი კაბინიდან გადმოხტა და არარეგისტრირებული თოფიდან ხალხის მიმართულებით ორჯერ გაისროლა. მსხვილი ნადირის მოსაკლავად გათვლილი საფანტი გაიშალა, ნაწილი მოხვდა ავტომანქანა “ნივას”, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა იქ მდგომი ადამიანები, ნაწილი კი თავში მოხვდა აიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილ ანდრანიკს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა…
დატრიალდა უბედურება, რომელზეც მოკლულის მამა, მორლენ მელტონიანი, რამდენიმე წუთით ადრე აფრთხილებდა ავრანლოს პოლიციის უფროს ხაჩატრიანს. აიკ მელტონიანისა და ანდრანიკ თამარიანის სასამართლო პროცესზე კი მოწმის სახით დაკითხულმა ედუარდ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ ნარდევანის ცენტრში არა მაშინ, როცა სამსონმა მანქანა დააჯახა და ფეხი მოტეხა მერგელს, არამედ ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის შემდეგ, რადგან მკვლელობამდე მომხდარ საგზაო შემთხვევაზე პოლიციას არავინ შეატყობინაო… მაშ, რა ვუყოთ იმ ათეულობით მოწმეს, რომლებიც ადასტურებენ ხაჩატრიანისა და მისი ხელქვეითების ყოფნას ნარდევანში მკვლელობამდე? ან იმ ფაქტს, რომ ხაჩატრიანი ეწვია სამსონ თამარიანის სახლს მკვლელობამდე, რასაც ადასტურებენ თვითმხილველები? აიკ მელტონიანი ძმისშვილის მკვლელობამდე თავისი მობილურით ხომ დაუკავშირდა “112”-ის სამსახურს და სთხოვა, მოსულიყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია? მეტიც: აიკი წალკის რაიონულ პოლიციასაც დაუკავშირდა და შეატყობინა სამსონის დანაშაულზე.
აიკ მელტონიანის ტელეფონის შემოწმებაზე ადვილი რაღა იყო, იქ ხომ უთუოდ იქნება ჩანაწერი, რეკავდა თუ არა ყოფილი პარლამენტარი “112”-სა და წალკის პოლიციაშიო? _ იკითხავს მკითხველი, მაგრამ გამოძიებამ, რომელსაც თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ჰქონდა ხელთ აიკ მელტონიანის მობილური, ეს არ გააკეთა. რა მოტივით? რატომ არ გაუმჟღავნა პროკურატურამ სასამართლოს ეს ამბავი? _ რომ გაემჟღავნებინა, მაშინ როგორღა წაუყენებდა პროკურატურა ბრალს აიკ მელტონიანს სამსონ თამარიანის ძმის, სამველის, “განზრახ მკვლელობის მცდელობაში”? ხომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი, სამსონ თამარიანის თავგამოდებულ ადვოკატად ქცეული სახელმწიფო ბრალმდებელი ლევან გეგეჭკორი?..
მორლენ მელტონიანმა ავრანლოს პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულა და საჩივრით მიმართა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას. _ ედუარდ ხაჩატრიანს შემთხვევის ადგილზე ერთი პოლიციელიც რომ დაეტოვებინა, მკვლელობა არ მოხდებოდაო, _ დარწმუნებულია ბატონი მორლენი. საოლქო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 342 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. როგორც იქნა, გამოძიება დაინტერესდა აიკ მელტონიანის მობილური ტელეფონით. მოხდა შემავალ-გამავალი ზარების ნუსხის შედგენა 2016 წლის 30 ივლისის 16:18 საათიდან 18:33 საათამდე, რაც ადასტურებს, რომ აიკ მელტონიანი ძმისშვილის მკვლელობამდე უკავშირდებოდა პოლიციას. როგორც ხედავთ, აიკ მელტონიანის საქმის გაყალბება პირველივე წუთებიდან დაიწყო წალკის პოლიციამ, განაგრძო საოლქო პროკურატურამ და 2017 წლის 25 აპრილს “დააგვირგვინა” მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა.
ამა წლის 18 სექტემბერს უნდა გამართულიყო ივნისში გადადებული აიკ მელტონიანისა და ანდრანიკ თამარიანის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ გადაიდო 16 ოქტომბრამდე, რადგან სააპელაციო პალატამ თარჯიმანი ვერ მოძებნა. საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა ამ ახალ გარემოებას (პოლიციელების საქმე) სააპელაციო სასამართლო. თუმცა, მოსამართლე მაია თეთრაულმა სახელი იმით გაითქვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, როგორც წესი, უცვლელად ტოვებს. ვისაც ამ სფეროსთან კავშირი აქვს, მათთვის საიდუმლო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, სააკაშვილის მარჯვენა ხელის, ზურაბ ადეიშვილის, დანაშაულებრივი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იყო. სწორედ ის არის იურისპრუდენციის ისტორიაში პირველი და აქამდე ერთადერთი პროკურორი, რომელმაც ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, საბრალდებო სიტყვის წარმოთქმის წინ მოსამართლეს განუცხადა, დუმილის უფლებას ვიყენებო(!)…
არშემდგარი სასამართლოს შემდეგ ვესაუბრე მოკლული ანდრანიკ მელტონიანის მამას, მორლენ მელტონიანს, რომელმაც განაცხადა:
“ივნისში უნდა გამართულიყო სააპელაციო სასამართლოს პირველი სხდომა. სანამ დარბაზში შევიდოდით, ჩემთან ახლოს მდგომმა სამსონ თამარიანმა რუსულად მიმართა თავის ერთ-ერთ ადვოკატს _ თამარ სადრაძეს: ამ მოსამართლესთანაც უნდა მოგვარდეს საქმე, ნებისმიერ თანხას ვიხდიო. ეს განზრახ იყო ნათქვამი ხმამაღლა, რათა მე გამეგონა. დაბეჯითებით ვერ გავაკეთებ განცხადებას, ჩვენს საქმესთან დაკავშირებული რომელიმე მოსამართლის კორუფცირებულობაზე, მაგრამ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ გამოტანილი აშკარად უსამართლო განაჩენი, რომელშიც მკვლელსა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს თანაბარი სასჯელი შეეფარდათ, აჩენს ეჭვს: მოსამართლე პართენიშვილის აშკარა უვიცობის უკან ხომ არ იმალება მისი ფინანსური ინტერესები? ვეჭვობ, რომ ჩვენს საქმეში თამარიანების სასარგებლოდ მოქმედებს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, პართენიშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში მოღვაწე მოსამართლე, აწ უკვე ყოფილი, რომელიც მშვენივრად იცნობს, როგორც პართენიშვილს, ასევე რუსთავის სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს და მათთან მეგობრობს კიდეც. ეს პიროვნება არის თამარიანების ერთ-ერთი ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას, მეგობარი და სამსონ თამარიანის თანამშრომელი საკრებულოში”.
სამწუხაროდ, მორლენ მელტონიანმა არ გამიმხილა ამ პიროვნების ვინაობა, ამიტომ იძულებული ვარ, თხოვნით მივმართო წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილს, განმიმარტოს რა ხდება მისდამი დაქვემდებარებულ საკრებულოში. სამსონ თამარიანი არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. მან არ იცის სახელმწიფო ენა _ ქართული, რომლის ცოდნა, კანონით, სავალდებულოა სახელმწიფო მოხელისთვის. სამსონ თამარიანი ვერ ეცნობა ფინანსურ დოკუმენტაციას ქართულ ენაზე, მიუხედავად ამისა, ხელს აწერს რაიონისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს. ბატონმა სამსონმა რის ვაივაგლახით დაამთავრა საშუალო სკოლა, მუშაობდა მწყემსად, მძღოლად, მაგრამ არ აქვს ეკონომისტის განათლება. საინტერესოა, როგორ მართავს ფინანსურ საქმეში არაკომპეტენტური სამსონ თამარიანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს?! როდესაც სამსონ თამარიანმა ფეხი მოტეხა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს და მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, კანონის თანახმად, სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე საკრებულო ვალდებული იყო, სამსონ თამარიანისთვის შეეჩერებინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამისთვის უნდა მოწვეულიყო საგანგებო სხდომა, მაგრამ სხდომა არ ჩატარებულა და სამსონ თამარიანი დღესაც არხეინად განაგრძობს საქმიანობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად იღებს ხელფასს…
გიორგი კორძაძე