ქართველი ლიბერალები ცდილობენ, ქვეყნის მოსახლეობამ მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგიური პრიზმიდან აღიქვას გარემო. მაგალითად, სტალინზე აუცილებლად მხოლოდ ცუდი უნდა თქვა, ალტერნატივა არ არსებობს. სწორედ ამ რიტორიკის გაგრძელებაა პროექტი, რომელიც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) წარუდგინა გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. პროექტის სახელწოდებაა “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა _ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”. პროექტის პრეზენტაცია გორში 2022 წლის 11 თებერვალს გაიმართა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გორის მერი პროექტის განხორციელებას დათანხმდა და მასში ახალგაზრდების ჩართვა მოითხოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საზოგადოებას ბოლოს თავი იმით დაამახსოვრა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დაწერილი ტექსტი ვერ წაიკითხა…
სააკაშვილის რეჟიმმა ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის, იოსებ სტალინის, ძეგლი გორში 2010 წლის 21 ივნისს, ღამით, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ “ნაცმოძრაობამ” ეს ბარბაროსული აქტი გერმანელების მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღეს (1945 წლის 21 ივნისს) დაამთხვია.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე სტალინის ძეგლს კუთვნილ ადგილას დააბრუნებდა, ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის ქანდაკება კვლავაც არ დგას თავის ადგილას. გორელებს დაჰპირდნენ, რომ სტალინის ძეგლს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვლ ღონისძიებაზე დააბრუნებდნენ თავის ადგილას, უამრავი ადამიანიც შეიკრიბა გორის ცენტრში, მაგრამ მათი მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა…
გორის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ზურაბ როსებაშვილმა იმხანად ჩვენს გაზეთს განუცხადა: “სტალინის ძეგლი არ დაიდგმება! არც გორისა და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამის ძალა არ შესწევს, ისინი ვერასოდეს ეტყვიან უარს იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც დიდი ბელადის ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი არიან. “დამოუკიდებელ” და “სუვერენულ” საქართველოს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ელჩები უწყვეტენ, ვისი ძეგლი დაიდგას და ვისი _ არა. როდესაც სამუშაო ვიზიტით საზღვარგარეთ მიწევს წასვლა, როცა უცხოელები შეიტყობენ, გორელი ვარ, პირველი შეკითხვა არის _ რატომ არ დგამთ სტალინის ძეგლს? მე კი პასუხი არ მაქვს…”
“სტალინის იდეურ მემკვიდრეთა” ხელმძღვანელმა, სულკურთხეულმა ალექსანდრე ლურსმანაშვილმა ჩვენს გაზეთთან საუბარში განაცხადა: “სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი ბალტიისპირეთის ქვეყნებისა პოლონეთის ელჩები არიან. ზუსტად ვიცი, რომ, როცა სტალინის ძეგლისთვის კვარცხლბეკი დავდგით, პოლონეთის ელჩმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაურეკა და უთხრა: კვარცხლბეკის მოსანგრევ ფულს მე გადავიხდი, ოღონდ ძეგლი არ დაიდგასო”.
ეს იყო რამდენიმე წლის წინათ. ახლა კი სტალინის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პარლამენტარმა გიორგი კანდელაკმა ბოტანიკურის ქუჩის ბოლოში სტალინის მემორიალური დაფა შეამჩნია. “რუსული პროპაგანდის მორიგი წარმატება _ სტალინის ახალთახალი დაფა თბილისში. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სტალინის 10 ახალი ძეგლი დაიდგა”, _ ეს ტექსტი დაურთო გიორგი კანდელაკმა ფოტოს, რომელზეც ბელადის პროფილის ბარელიეფს სამ ენაზე შესრულებული წარწერაც ახლავს.
“ბოტანიკურის #19 ან 21-ია. ქუჩიდან პატარა ეზოში შედიხარ, სადაც სახლის კედელზეა მიმაგრებული. საჯარო სივრცეა ეს თუ კერძო, გადაწყვეტილება მერიამ ან რომელიმე საქალაქო სამსახურმა უნდა მიიღოს. რაც უნდა ვთქვათ, მაინც ერთ-ერთი დატვირთული ქუჩის ფასადია, შესაბამისად, სჭირდება მერიის ნებართვა და ფორმისა და ტექსტის შეთანხმება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეცდომებით არის სავსე ტექსტი”, _ უთხრა ანტონ ვაჭარაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) საარქივო და საბჭოთა მეხსიერების კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, “რადიო თავისუფლებას”.
თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ამგვარ მემორიალურ დაფაზე ნებართვა არ გაცემულა. “მოკვლევა დაწყებული აქვს თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას. თუ კერძო სივრცე არ არის, უკანონოდ დამაგრებულ დაფას აუცილებლად მოხსნიან, თუმცა ბოტანიკურის ქუჩაზე გამომავალი არც ერთი შენობის კედელზე ასეთი დაფა არ არის”, _ აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.
სტალინის მონატრება თუ რუსული რბილი ძალის შედეგი? _ შეკითხვას სვამს ანტონ ვაჭარაძე, IDFI-ის წარმომადგენელი და ავტორი პროექტისა “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა _ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მასშტაბით, სტალინის 10-მდე ძეგლი დაიდგა.
“მუხრანი, ალვანი, გორი, აკურა, ლანჩხუთი და ა.შ. _ ასეთია სტალინის ძეგლების ახალი გეოგრაფია. სტალინის ძეგლი კერძო სივრცეებშიც დადგეს, მაგალითად, ზესტაფონში ერთმა ბიზნესმენმა თავისი ფაბრიკის ეზოში აღმართა, საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე გრიშა ონიანს (საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე) აქვს მუზეუმი გაკეთებული… ანუ ძეგლები დადგეს როგორც საჯარო (მაგალითად, სოფლის ცენტრებში, შინმოუსვლელთა მემორიალებთან), ასევე კერძო სივრცეში”, _ ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
“სტალინი ან ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ, თუმცა მოძულეებმაც კი იციან, რომ ის უაღრესად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ, უკვე წლებია, ცდილობენ, სტალინის სახელს ჩირქი მოსცხონ, მისი პიროვნების თაყვანისმცემელთა რაოდენობა არ მცირდება. საქართველოს უამრავი ტურისტი სტუმრობს და მათგან ბევრი სტალინის მშობლიური ქალაქისა და იმ ადგილების მოსანახულებლად ჩამოდის, რომლებიც გარკვეულწილად სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
თვითონ სტალინი ამბობდა: რადგან გვებრძვიან, ე.ი., ყველაფერს მართებულად ვაკეთებთო”, _ ამბობს ჩვენთან საუბარში რუსუდან ჩიკვილაძე, რომელიც წლებია, სტალინის ავლაბრის სტამბას დარაჯად უდგას.
“სტალინი მსოფლიო ფიგურაა და ის სრულიად საქართველოს ეკუთვნის”
გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი”
_ სტალინი შეუდარებლად დიდი ფიგურაა, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა. სტალინს, გარდა იმისა, რომ გორში იზრდებოდა და დედა ჰყავდა იქაური, გორთან სხვა არაფერი აკავშირებს. სტალინი მსოფლიო ფიგურაა და ის სრულიად საქართველოს ეკუთვნის. სტალინს ფესვები კახეთში აქვს, მამამისი თელავის სასაფლაოზეა დაკრძალული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გასაგონად ვიტყვი: სტალინი გორსაც ეკუთვნის, კახეთსაც, ქართლსაც, იმერეთსაც, გურიასაც და საქართველოს ყველა კუთხესაც. ის, როგორც ახლა ამბობენ, ერთ ლოკაციაზე არ იყო და არც არის.
პროექტი, რომელიც წარმოადგინეს, კეთილი განზრახვით არ არის შექმნილი. ამ პროექტის ავტორები არ ცდილობენ სტალინის ფიგურის შეფასებას, მათ გრანტი მოითხოვეს, რადგან სტალინის ძეგლის მოთხრის შემდეგაც ვერ შეძლეს ბელადის სახელის აღმოფხვრა და გადაწყვიტეს, ახალი რამ შემოეტანათ. მათ სურთ, გააფუჭონ რაღაც, ამიტომ მივიდნენ გორის მერ ხინჩეგაშვილთან, შეხვდნენ და გადაწყვეტილებაც მიიღეს _ ახალი იდენტობა შესძინონ გორს.
გორი სტალინითაა განთქმული, სხვა დანარჩენი არავის არაფერი აინტერესებს. სტატისტიკით ცნობილია, რომ გორის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 11-13 მილიონი ლარი შედის ტურისტებისგან, რომლებიც სწორედ სტალინის გამო ჩადიან იქ. ეს ფული შედის ცენტრალურ ბიუჯეტშიც და ადგილობრივშიც. თუკი ვინმეს ეს არ მოსწონს და ხელს არ აძლევს, მაშინ სააკოვის პაპა დასვან იქ ან თვითონ სააკოვი, რადგან გორთან სააკაშვილებს აქვთ კავშირი. იაკობ გოგებაშვილს აქვს მოთხრობა ტერტერა სააკაშვილზე, რომელმაც გორი იხსნა მტრის შემოსევისგან. შესაძლოა, ამის წარმოჩენა სურთ…
ჩვენმა ხელისუფლებამ თქვას ფულზე უარი, რომელიც სტალინის სახელს შემოაქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ უარს გადაჭრით ვერ ამბობენ. სამწუხაროდ, ფულზე არ უნდა იყიდებოდეს ეროვნული ღირსება, ისტორია, სინდისი და ნამუსი. ვიღაცამ გრანტი აიღო და ამიტომ გორელებს აღარც სინდისი უნდა შერჩეთ, აღარც ნამუსი და აღარც ფული, ამის გაკეთებას ცდილობენ. არასამთავრობოებს სურთ, კიდევ ერთი იერიში მიიტანონ სტალინზე, ამით თვითონ გააკეთონ ფული და მატერიალურად დააზარალონ გორის მოსახლეობა.
_ შეძლებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ჩანაფიქრის ასრულებას?
_ ვფიქრობ, რაც დღეს ხდება, სტალინის ფენომენზე შეტევის მიტანაა. ჩვენ ვიცით, რომ მოუვიდათ აზრად ის, რომ ვაკის პარკში “უცნობი ჯარისკაცის” საფლავი გადაკეთდეს რაღაც გაურკვეველი გმირების მონუმენტად, გორში სტალინის სახელი უნდა წაიშალოს, შეიცვალოს დიდი სამამულო ომის ისტორია. სტალინის სახლ-მუზეუმს ჯერ ვერ ეხებიან, რადგან იქიდან ფული შემოდის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამასაც შეეცდებიან, მუზეუმის მუშაობასაც შეზღუდავენ, ამიტომ ყველა გორელი კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შედეგებზე.
შეძლებენ თუ არა სტალინის სახელის დავიწყებას, ხალხზეა დამოკიდებული. თუკი გორში ხალხი დარჩა და მასად არ გადაიქცა, მტვერწაყრილ მასად, მაშინ არავის და არანაირ ფულს შანსი არ აქვს, იმ ფალსიფიკაციის გავრცელებისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის, ანტიქართულია თავიდან ბოლომდე თავისი შინაარსით და საერთო არაფერი აქვს გორზე ზრუნვასა და მისი იმიჯის შეცვლასთან. გორს მშვენიერი იმიჯი აქვს და უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის.
გორის ადგილობრივი ხელისუფლება თუკი ხალხთან არის დაკავშირებული, უნდა გავიდეს ხალხში და თქვას, რომ გორს იმიჯის შეცვლა არ სჭირდება. თუკი ასე არ არის, კინწისკვრით არიან გასაყრელები, მაგრამ ვინაა პატრონი?! რომ ჩავიდა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” თუ რაღაც ჯანდაბა, როგორ არ გამოყარა იქიდან და როგორ მოუსმინა გორის ე.წ. არჩეულმა მერმა?!
მინდა, თქვენი გაზეთის საშულებით განვაცხადო: მეც შევხვდები გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, თუ მიმიღებს, ასევე შევხვდები დედაქალაქის მერს, თუ მიმიღებს და დაველაპარაკები. მეც არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგენ. მოვუწოდებ ყველას, შევიკრიბოთ, ვისაც აქვს ინტერესი კონკრეტულად სტალინის ძეგლის დადგმისა და მისი პიროვნების წინ წამოწევისა; შევხვდეთ ყველას, ვესაუბროთ ამ უმსგავსობაზე, რომელიც ჩაფიქრებულია, გავილაშქროთ სტალინის მოწინააღმდეგეების იდეების წინააღმდეგ.
ჩვენ მხოლოდ აზრის გამოთქმითა და წერით ვერაფერს მივაღწევთ, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ, თავზე ნაცარს ნუ წავიყრით. გავრისკოთ, გადავდგათ ნაბიჯები და დავინახავთ, რომ ხალხი ჩვენ მხარესაა.
_ რამდენიმე დღის წინათ გორის რაიონის სოფელ ვარიანში კერძო საკუთრებაში დადგეს სტალინის ძეგლი. გავრცელებულმა ინფორმაციამ აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოების დიდ ნაწილში, მაგრამ ზუსტად მეორე დღეს გამოქვეყნდა ფოტოები სოციალურ ქსელში, რომ ძეგლს საღებავი გადაასხეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს ამ საქართველოში სტალინის ძეგლის დაბრუნება და მისი ფენომენის წინ წამოწევა ნაადრევია და ბელადის ხსოვნის შეურაცხყოფა?
_ დაიდგას ძეგლები, შეასხან საღებავიც, არაუშავს. იქ, სადაც საღებავის შესხმას დააპირებენ, თუკი ვინმე შეხვდებათ, ხელებს დაამტვრევენ. პოლიციამაც რეაგირება უნდა მოხდინოს, კერძო საკუთრებაში შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია, ოჯახის პარტონს შეუძლია ესროლოს კიდეც თავის ტერიტორიზე შეჭრილ ადამიანს. ერთხელ მაინც თუ ვინმეს კარგად მოხვდება, მერე დაწყნარდებიან და მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენენ.
სიმართლე გითხრათ, ეჭვი მაქვს, მსგავს რაღაცებს “ქართული ოცნება” სჩადის. მათ აქვთ რესურსი, რომ უცბადვე გაიქცნენ და საღებავი შეასხან ძეგლს. მინდა, მათ ვუთხრა, _ დაწყნადრნენ, თორემ ცუდად დაუმთავრდებათ ყველაფერი, ადრე თუ გვიან, და როგორც ვხედავ, ადრე…
უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშინებული არიან საქართველოს მთავრობაში. უკრაინის მიმართ შემუშავებულ რეზოლუციაში რუსეთი რომ არ ახსენეს, სიჭკვიანით კი არ მოუვიდათ, შიშით გააკეთეს, პათოლოგიური შიშით და სწორიც არის. პროცესები ჯერ არ დასრულებულა და ჭკუით მოიქცნენ, სტალინს კი თავი დაანებონ!
“პროექტის მიზანია, წინ წამოვწიოთ იმ საზოგადო მოღვაწეების სახელები და გვარები, რომლებიც გორში დაიბადნენ. მაგალითად, ოთარ ჩხეიძე, სულხან ცინცაძე”
გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” დაუკავშირდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელ ანტონ ვაჭარაძეს, რომელიც ავტორია პროექტისა: “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა _ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”:
_ დიახ, პროექტს ნამდვილად ასეთი სახელწოდება აქვს: “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა _ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”.
_ რა დეზინფორმაციასა და ნოსტალგიაზეა საუბარი?
_ ბევრი კვლევა ადასტურებს სტალინის მიმართ სენტიმენტებს და მისი პიროვნების მიმართ ნოსტალგიურ განწყობებს, რაც პროპაგანდიდან მომდინარეობს. განსაკუთრებით პრობლემურია ამ მხრივ გორი, რადგან სტალინი იქ დაიბადა. ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სტალინს დადებითად აფასებს.
_ არ გიფიქრიათ, რატომ ხდება ასე?
_ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე ხდება ასე, მაგრამ ჩვენ მაინც პროპაგანდას ვაბრალებთ, ამას ემატება “ქართველობა” და “გორში დაბადება”…
_ როგორ აპირებთ სტალინის ფენომენის ჩანაცვლებას? რა “ახალი იდენტობა” უნდა შექმნათ მაშინ, როდესაც გორში სწორედ სტალინის სახლ–მუზეუმის დასათვალიერებლად ჩადის უამრავი ტურისტი, ამასთანავე, ტურისტების ნაკადი არ წყდება სტალინის ავლაბრის სტამბაშიც…
_ ამ პროექტის მიზანია, წინ წამოვწიოთ იმ საზოგადო მოღვაწეების სახელები და გვარები, რომლებიც გორში დაიბადნენ. მაგალითად, ოთარ ჩხეიძე, სულხან ცინცაძე… გვინდა, მათ შესახებ მეტი ვისაუბროთ, მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ გორში. გვინდა, ახალი სახეები შემოვიტანოთ გორის ცხოვრებაში. ახალი იდეები შევთავაზოთ ტურისტებს: ჰეროიკული წარსული, კულტურა, ხელოვნება და ა.შ. გვინდა, გავზარდოთ ცნობადობა სლოგანით “გორი _ მერაბ მამარდაშვილის ქალაქი, გორი _ სულხან ცინცაძის ქალაქი”…
_ მართლა ფიქრობთ, რომ სტალინის სახელს ასე გადაფარავთ?
_ არა, ჩვენ ამით ვერ გადავფარავთ სტალინის სახელს და მიზანი არ არის ეს. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას სხვაც შევთავაზოთ…
ტურისტი, რომელიც ჩადის გორში, მხოლოდ სტალინის მუზეუმის დათვალიერებით არ უნდა შემოიფარგლოს, იქ უამრავი სანახაობაა და, თუკი მხოლოდ ორი საათით ჩერდებოდნენ გორში ტურისტები, გვინდა, მეტი დროით გაჩერდნენ და ნახონ ყველაფერი.
_ რატომ მაინცდამაინც გორი?
_ გორი იმიტომ, რომ, კვლევების თანახმად, სტალინს ყველაზე მეტი “მიმდევარი” იქ ჰყავს. სხვა ქალაქები იმიტომ არ არის, რომ იქ სტალინი არ არის. ისე, გეგმაში გვაქვს ტურისტების სხვა ქალაქებში მიზიდვის გეგმის შემუშავება, მაგრამ პირველ პროექტად მაინც გორი ავირჩიეთ.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
ზიზღი შალვას და მამიას!
ფილიპეს კაციჭამიას !
ზიზღი ბუდუ მდივანს
იუდა ადამიანს
ზიზღი სტალინ ჯუღაშვილს
ქართველი ერის უღირს შვილს ზიზღი წითელ არმიას, ძალით შემოსულს თბილისში