Home რუბრიკები ისტორია ვინ ქმნიდა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ბირთვულ ფარს

ვინ ქმნიდა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ბირთვულ ფარს

4497
სტალინი

საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა ლევან დოლიძემ, 60-წლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში, შეაგროვა და შექმნა უნიკალური და მეტად საინტერესო ფოტოარქივი საბჭოთა ისტორიის საიდუმლო ფაქტებსა და მხარეებზე. ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და მწერალი, ლევან დოლიძე ავტორია ფუნდამენტური ენციკლოპედიური ნაშრომისაგენერლები საქართველოდან”. მის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, 9 წიგნი, ბუკლეტი და 5000-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იბეჭდებოდა როგორც საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ასევე ევროპის მრავალ ქვეყანაში. საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და დავით აღმაშენებლის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერიცაა.

_ მოგესალმებით, ბატონო ლევან! თქვენი ფოტოარქივი საკმაოდ დიდ ისტორიას ინახავს. მაინც რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ძლიერებასა და ბირთვული სარაკეტო ფარის შექმნაში?

_ გასაოცარია, რომ ასეთი მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყანამ და “ერთი ფინჩხა” ერმა მსოფლიოს მისცა ისეთი მასშტაბის პიროვნებები, როგორებიც იყვნენ იოსებ სტალინი, რომელმაც დაამარცხა შინაური მტრებიც და ჰიტლერული გერმანიაც, სათავეში ედგა იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან არმიას; შემდეგ ლავრენტი ბერია _ სტრატეგიული დაზვრევის ხელმძღვანელი 15 წლის განმავლობაში. ბერიამ, რომელიც თითქმის დანგრეული სახალხო მეურნეობის პირობებში ხელმძღვანელობდა  საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას, შეძლო და მსოფლიოს თავიდან ააცილა ბირთვული ომი, რომელსაც არაერთხელ გეგმავდა აშშ და ინგლისი. ნიშანდობლივია, რომ 1949 წლის 29 აგვისტოს პირველი ატომური ბომბის ასაფეთქებელ ღილაკს ერთდროულად დააჭირეს ხელი საბჭოთა კავშირის მარშალმა ლავრენტი ბერიამ, მისმა ვაჟმა სერგომ და დიდმა მეცნიერმა სარაკეტო ტექნიკაში, თბილისელმა კირილე შჩოლკინმა (1911-1968 წწ.).

ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია

1953 წლის პირველ ნახევარში, პრაქტიკულად, მზად იყო წყალბადის ბომბი. ახალგაზრდა მეცნიერი ოლეგ ლავრენტიევი, რომელიც ლავრენტი ბერიას აღმოჩენა იყო, საბჭოთა ისტორიაში შევიდა, როგორც “რუსული თერმო-ბირთვული იარაღის მამა”. მან სტალინის სიკვდილისა და ბერიას მკვლელობის შემდეგ, აგვისტოში პირველმა გამოსცადა წყალბადის ბომბი. ამით შეიქმნა მრავალწლიანი პარიტეტი საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის. თქვენს კითხვას ამომწურავი პასუხი რომ გავცე, ასე დავამთავრებ: პატარა საქართველოს შვილებმა მე-20 საუკუნეში შეძლეს, მოეპოვებინათ საბჭოთა იმპერიის ყველა ჩინი და წოდება _ რიგითი ჯარისკაცით დაწყებული გენერალისიმუსამდე. მართლაც საოცრება არ არის ეს?!

_ ბატონო ლევან, თქვენ ასევე გაქვთ დიდი მასალა მომდევნო წლებში მოღვაწე გამოჩენილ ქართველ მეცნიერებსა და კონსტრუქტორებზეც

_ საბჭოთა კავშირში ჩვენი ქვეყნის მეცნიერთა კაჰორტამ საოცარ შედეგებს მიაღწია. პირველ რიგში, ვისაუბრებ ყველაზე გასაიდუმლოებულ პიროვნებაზე, თბილისელ ალექსანდრე ნადირაძეზე _ მსოფლიოში ყველაზე მრისხანე, საკონტინენტათშორისო ბალისტიკური რაკეტების შემქმნელზე. საგულისხმოა, რომ ერთი ქართველი ქმნიდა ამ რაკეტებს, ხოლო მეორე _ საბჭოთა კავშირის გმირი გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე იმ პერიოდში ყველაზე გასაიდუმლოებულ სარაკეტო პოლიგონზე ცდიდა ნადირაძის რაკეტებს.

ალექსანდრე ნადირაძე
ალექსანდრე ნადირაძე

მთავრობის დავალებით, გალაქტიონ ალფაიძემ მომავალი პოლიგონის ტერიტორია არხანგელსკის მახლობლად მოძებნა და მისი აშენებისა და აღჭურვის შემდეგ დაინიშნა პირველ ხელმძღვანელად. იქ მისი მოღვაწეობის 13 წლის განმავლობაში სადგურზე არ მომხდარა არც ერთი ავარია; მესამე ქართველი კი, საბჭოთა კავშირში პირველი საინჟინრო ჯარების მარშალი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ გელოვანი, ნადირაძის მიერ გაკეთებული და ალფაიძის მიერ გამოცდილი რაკეტებისთვის საშახტო დანადგარებს ქმნიდა. ამ სამი პიროვნების პრაქტიკული საქმიანობა სახელმწიფო ზესაიდუმლოებას წარმოადგენდა.

ვახტანგ ვაჩნაძე სერგეი კოროლიოვის მარჯვენა ხელი იყო და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება “ენერგიას”, რომელშიც სსრკ-ის კოსმოსური პროგრამა მზადდებოდა და ხორციელდებოდა. საბჭოთა კავშირის კოსმოსურ და სამხედრო ძლიერებას ზურგს უმაგრებდა უდიდესი მეცნიერი, ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი სამსონ ქუთათელაძე.

გალაქტიონ ალფაიძე
გალაქტიონ ალფაიძე

სამსონ ქუთათელაძე მსოფლიო დონის მეცნიერი, თბო-ფიზიკოსი იყო. მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოიჩინა თავი: 25 წლისამ დაწერა მსოფლიოში პირველი მონოგრაფია. სამამულო ომში იყო მოქმედ არმიაში. სოციალისტური შრომის გმირი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952 წ.), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ.). იყო ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტის შემქმნელი და 1964 წლიდან სიკვდილამდე, 22 წლის განმავლობაში, მისი დირექტორი.

საიდუმლოებით იყო მოცული საბჭოთა იარაღის ერთ-ერთი შემქმნელის, გენერალმაიორ ვიქტორ სულაქველიძის საქმიანობაც, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სარაკეტო-საარტილერიო კოსმოსური სისტემების შექმნასა და კონსტრუირებაში. საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი, გამოჩენილი სამხედრო მეცნიერი, მრავალი საბრძოლო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შემქმნელი წარმოშობით ვანიდან იყო, გახლდათ მოსკოვის საარტილერიო აკადემიის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რსფსრ-ის მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. მისი თხოვნით დაკრძალულია მშობლიურ ვანში.

ოთარ კიკნაძე
ოთარ კიკნაძე

ხარაგაულელი ინჟინერი, გენერალ-მაიორი, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სამშენებლო სამმართველოს უფროსი ოთარ კიკნაძე ხელმძღვანელობდა საიდუმლო სამხედრო ობიექტებისა და რაკეტოდრომების მშენებლობას (1956-1980). იყო რსფსრ-ის დამსახურებელი მშენებელი (1976 წ.), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978 წ.). ცხოვრობდა და დაკრძალულია მოსკოვში.

კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება, რომელიც ჩემს ენციკლოპედიაში მოხვდა, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, წითელი არმიის დივიზიის მეთაური და ცნობილი მეცნიერ-არტილერისტი ვიაჩესლავ მიქელაძეა, ის ლენინგრადის საარტილერიო აკადემიის უფროსი მასწავლებელიც გახლდათ 1921-1941 წლებში. მან, როგორც სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა (1934) უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა არტილერიის განვითარებაში.

გივი ჯანჯღავა
გივი ჯანჯღავა

ქალაქ რამენსკოეში საიდუმლო თანამდებობაზე დღესაც მოღვაწეობს ქართველი მეცნიერი გივი ჯანჯღავა.

_ ალბათ, ბევრს პირველად ესმის ამ ადამიანების სახელები და გვარები. საინტერესო იქნება მათ შესახებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ. დავიწყოთ ალექსანდრე ნადირაძით.

_ ალექსანდრე ნადირაძე ნიჭიერი, გამორჩეული ინტელექტუალური პოტენციალის პიროვნება იყო, მასზე არავინ არაფერი იცოდა. იყო მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი სარაკეტო-ტექნიკურ დარგში, განთქმული სარაკეტო კომპლექს “ტოპოლის”, 21-ე საუკუნის სამხედრო-ტექნიკური საოცრების, შემქმნელი. სარაკეტო სისტემებისა და საავიაციო შეიარაღების კონსტრუქტორის, ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, ლენინისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, რსფსრ-ის დამსახურებული გამომგონებლის, ლენინის ოთხი ორდენის, ოქტომბის რევოლუციის ორდენისა და სხვა მრავალი ჯილდოს კავალრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, აკადემიკოსის, ინჟინერისა და გენერალ-პოლკოვნკის სახელი ათწლეულების განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, რომლის ამოცნობასაც უშედეგოდ ცდილობდნენ სხვა ქვეყნების საუკეთესო სადაზვერვო სამსახურები.

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს ქ. გორში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. საკონსტრუქტორო მოღვაწეობა დაიწყო 1932 წელს თბილისში, ავიასამოდელო ლაბორატორიაში. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი გამოგონებაც საფრენოსნო აპარატების დარგში. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1936 წ.) სწავლა განაგრძო მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1940 წელს.

არჩილ გელოვანი
არჩილ გელოვანი

1941 წელს ის ინიშნება ნ. პ. გორბუნოვის სახელობის N22 ქარხნის მთავარ კონსტურქტორად _ პირველ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1958 წლიდან უნიჭიერესი ქართველი სპეციალისტი, პირველი მართული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა “ტემპ”-ის შემქმნელი საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსია. 1961 წელს კი ინიშნება სსრკ-ის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს მოსკოვის თბოტექნიკის მთავარ დირექტორად. 60-იანი წლების დასაწყისიდან, ნადირაძის ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში წარმატებით გადაიჭრა საინჟინრო, საკონსტრუქტორო, ტექნიკურ-ექსპერიმენტული ხასიათის უამრავი პრობლემა, შეიქმნა სხვადასხვა დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა მყარ საწვავზე _ “ტემპი”.

_ უფრო დეტალურად რას გვეტყვით ნადირაძის პროფესიულ საქმიანობასა და მის სარაკეტო ტექნიკაზე?

_ ნადირაძის მიერ შექმნილი სარაკეტო ტექნიკის მაღალ საბრძოლო თვისებებზე მეტყველებს ის, რომ საკონტროლო გამოცდების ჩაბარების, სასწავლო-საბრძოლო გაშვების, სადემონსტრაციო სროლების 30-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ყველა გაშვება წარმატებული იყო. ნადირაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ასევე, რაკეტები მყარ საწვავზე ისეთი სისტემებისთვის, როგორიცაა: “ვოსხოდი”, “სოიუზი”, “კოსმოსი”, “სოიუზ-აპოლონი”, “პროგრესი”.

ვიქტორ სულაქველიძე
ვიქტორ სულაქველიძე

1985 წლის იანვარში ნადირაძემ ძირითადად დაამთავრა მოძრავი გრუნტული სარაკეტო კომპლექსის _ “ტოპოლის” გამოცდა. ძალიან ცოტამ იცის, რომ 21-ე საუკუნის მრისხანე იარაღი შექმნილია ქართველი კაცის ნიჭითა და შრომით.

_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ პირადად მოახერხეთ მისი გაცნობა; მეტიც, მისი საქართველოში მოწვევა. როგორ შეძელით ეს ყველაფერი მაშინ, როცა ალექსანდრე ნადირაძის სახელი და მისია ასე გასაიდუმლოებული იყო?

_ 60 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ და თითქმის მთელი ეს პერიოდი ვსწავლობდი და ვეძებდი ქართველი გენერლების ბიოგრაფიებს, ცხოვრების გზას და ვხვდებოდი მათ. მქონდა მიმოწერა. საბჭოთა კავშირისა და მის შემდგომ პერიოდში გამოვეცი ოთხი წიგნი, რომლებიც საბოლოოდ შეიკრა, როგორც ენციკლოპედია, სახელწოდებით “გენერლები საქართველოდან”. მასში თავმოყრილია ყველა ქართველი გენერლისა და ადმირალის ბიოგრაფია, დაწყებული პეტრე პირველით. ჯამში, მათი რაოდენობა 1200 ადამიანს შეადგენს.

სამსონ ქუთათელაძე
სამსონ ქუთათელაძე

ჩემთვის დიდი პატივი იყო, როცა პარტიის ქალაქკომში პირველი მდივნის თანაშემწე ვიყავი და საქართველოს ხელმძღვანელობის დავალებით სპეცრეისით მივფრინავდი ხოლმე მოსკოვში, რათა 1979 წლიდან დაარსებული “თბილისობის” დღესასწაულზე ჩამომეყვანა გამოჩენილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მოღვაწეობდნენ. წილად მხვდა ბედნიერება, პირადად გავცნობოდი არა მხოლოდ ჩვენი ხელოვნების სფეროს გამოჩენილ წარმომადგენლებს, არამედ ზესაიდუმლო სფეროში მომუშავე პიროვნებებსაც.

ერთ-ერთ “თბილისობაზე” ჩემმა მეგობარმა პავლე ასლანიდიმ გამაცნო თბილისის საპატიო სტუმარი, ასევე გასაიდუმლოებული მეცნიერი ვიქტორ სოკოლსკი. ეს ის სოკოლსკია, რომელმაც მუშთაიდში 1935 წელს, პირველად მსოფლიოში, საბავშვო რკინიგზა გაიყვანა. ვიქტორ სოკოლსკი საბჭოთა კავშირში სარაკეტო და კოსმოსური ტექნიკის საწვავის ერთ-ერთ ლიდერ სპეციალისტად ითვლებოდა. იყო ზესაიდუმლო პიროვნება. ოჯახიც კი არ შეუქმნია, რაც მან საიდუმლოდ გამანდო პირად საუბარში. პავლე ასლანიდი ამ რკინიგზის უფროსი იყო. სოკოლსკის დავუმეგობრდი და რამდენიმე “თბილისობაზე” ჩამოვიყვანე. მას რამდენჯერმე წამოსცდა ნადირაძის გვარი: ეს ქართველი აკადემიკოსი, თითქმის ნახევარ საკავშირო აკადემიას გადასწონისო.

1982 წელს დავალებით ვიმყოფებოდი მოსკოვში და “თბილისობისთვის” ჩვენს სახელოვან თანამემამულეებს ვიწვევდი. გავბედე და მაშინდელი ჩვენი მუდმივი წარმომადგენლის _ თეიმურაზ ხაჩიძის კაბინეტიდან ალექსანდრე ნადირაძეს სპეცტელეფონ “ვეჩეთი” დავურეკე და დღესასწაულზე ჩამობრძანება ვთხოვე. მან თავაზიანად გადამიხადა მადლობა და მითხრა, რომ მისი სამუშაოს სპეციფიკა არ აძლევდა სამსახურის დატოვების საშუალებას. ჩემი ცდა უშედეგოდ დასრულდა მომდევნო წელსაც, ხოლო 1984 წელს ის პირადად გავიცანი და თბილისში ჩამოყვანაც შევძელი. მანამ კი, კონფიდენციალური წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ ჟენევაში განიარაღების საკითხებზე ხანგრძლივი მოლაპარაკებებისას ამერიკის მხარეს არაერთხელ მოუთხოვია: “მოაშორეთ ნადირაძის რაკეტები!”

სერგო ბერია
სერგო ბერია

ასე შევიტყვე, რომ ჩვენი გასაიდუმლოებული თანამემამულე “მრისხანე რაკეტების” შემქმნელი იყო. “თბილისობის” დროსაც ერთი წუთით არ გვშორდებოდნენ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები.

თბილისში გამომგზავრებისას მოსკოვის აეროპორტში მასთან ერთად ხუთი შავი “ვოლგა” შემოგრიალდა. იკითხეს ლევან დოლიძე. ორმა ჩეკისტმა განზე გამიყვანა და გამაფრთხილა: ვიცით, როგორი სტუმართმოყვარე ერი ხართ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, სასმელს ნუ დააძალებთ და ყოველთვის მასთან იყავითო.

მართლაც, როდესაც ალექსანდრე ნადირაძეს “თბილისობის” დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს (რამაც სასწაულად ააღელვა), საზეიმო ვახშამი ვიწრო წრისთვის იქვე, აბანოთუბანში გაიმართა. ცხადია, მე მის გვერდით ვიყავი. მარცხენა მხრიდან კი უშიშროების შეფის _ ალექსი ინაურის მოადგილე, გენერალი ნოდარ მაისურაძე დაუჯდა. ნადირაძე ისეთი აღტაცებული იყო თბილი შეხვედრით, რომ ძალიან ბედნიერი ჩანდა და თითქოს ცოტა ხნით დაავიწყდა კიდეც თავისი მრისხანე რაკეტები. ისე გაიტაცა სხვა გარემომ, რომ რამდენიმე შეთავაზებული სასმისიც შესვა.

_ საქართველოსთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ეს იყო ალექსანდრე ნადირაძე პირველი ვიზიტი სამშობლოში. როგორი იყო მისი განწყობა აქ ყოფნისას?

_ მისი ვიზიტი მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა. დიახ, მშობლების დაკრძალვის შემდეგ ის თბილისში პირველად ჩამოვიდა. მაშინვე კუკიაზე ასვლა მთხოვა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მისი მშობლების საფლავებს მივაგენით და ბავშვივით აქვითინდა. გორშიც წავიყვანეთ. ფეხდაფეხ მოიარა საყვარელი ადგილები და ბავშვობა გაიხსენა. მისმა მეგობრებმა აღნიშნეს, ასეთი გახარებული და ბედნიერი კარგა ხანია არ გვინახავსო.

ვიაჩესლავ მიქელაძე
ვიაჩესლავ მიქელაძე

აი ამ ხუთი დღის მანძილზე დავყვებოდი მას. ვგრძნობდი, რამხელა სიყვარულს ატარებდა გორის, თბილისისა და მთელი საქართველოს მიმართ. ამაყობდა სტალინის თანაქალაქელობით. იხსენებდა ბავშვობას, ქუჩებს, უბნებს, თუ როგორ დაძვრებოდა თამარის ციხესიმაგრეზე. ამ დროს მას სახე ბავშვურად უღიმოდა.

ოდნავ მოგვიანებით პავლე გილაშვილმა, რომლის თანაშემწეც გახლდით მაშინ, როცა ის პარტიის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო, და შემდეგ, როცა საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზდიუმის თავმჯდომარედ მუშაობდა, საინტერესო ამბები მომითხრო ალექსანდრე ნადირაძისა და მისი ოჯახის შესახებ, რომელიც მე სიტყვასიტყვით ჩავიწერე:

“მე “შურიკაზე”, ასე ვეძახდით მას ბავშვობაში, ექვსი წლით უფროსი ვიყავი, ამიტომ ის სულ პატარა მახსოვს. ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით. იმ ქუჩას მაშინ ელიზაბეტის ქუჩა ერქვა (შემდგომ _ კლარა ცეტკინის ქუჩა, #146). “შურიკა” გულდახურული ბიჭი იყო, განსხვავებით თავისი უფროსი ძმისგან _ გიორგისგან, რომელიც ძალიან გულღია, მეგრობრული და უაღრესად თბილი იყო. გიორგი სამამულო ომში 1942 წელს დაიღუპა ქერჩთან.

ერთი დედას ჰგავდა, ხოლო მეორე _ მამას. მამა _ დავითი არაჩვეულებრივი, კაცი გახლდათ, მუდამ მზად იყო სხვის დასახმარებლად. ხომ გახსოვთ მაშინდელი თბილისი? ძველად თბილისში ადამიანები ქალაქურ ეზოებში ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და დავითიც სამეზობლოს თავკაცი იყო.

მაშინ ყველას გვიჭირდა. ჩვენ სამი ძმა ვიყავით და მამა ადრე დავკარგეთ. ძია დავითი თითქოს გრძნობდა, როგორ გვაკლდა მამის სითბო, და არასოდეს ჩაივლიდა ჩვენი ოთახის კართან ისე, რომ თბილი ღიმილი არ ეჩუქებინა, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

“შურიკას” ძალიან უყვარდა თავისი მშობლები და ამაყობდა მათით. დედა _ ნატალია გიორგის ასული პერევერზევა, თავის დროზე გადასახლებული იყო. ბრალად ედებოდა რევოლუციონერობა. ბაქოში ყოფნისას გაიცნო “შურიკას” მამა _ დავითი, რომელიც ხატვას ასწავლიდა და დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის სურიკოვის სასწავლებელი. წლების შემდეგ ისინი საცხოვრებლად გორში, დავითის მშობლიურ ქალაქში, გადავიდნენ, სადაც დაიბადა მსოფლიოში ყველაზე მრისხანე რაკეტების შემქმნელი. ჯერ კიდევ 10 წლის იყო “შურიკა”, როცა ავიამოდულის შექმნისთვის პირველი ჯილდო მიიღო”.

* * *

ბატონ ლევანს კედლებზე 4000-ზე მეტი სურათი აქვს გამოფენილი, აქედან რამდენიმე ალექსანდრე ნადირაძისაა. მან ერთერთ ფოტოზე მიმითითა და მკითხა, ხედავ თუ არა რაიმე უცნაურსო? როცა უცნაური ვერაფერი შევნიშნე, მითხრა:

_ მოგვიანებით, უშიშროების მეგობარი წარმომადგენლისგან შევიტყვე, ამ ფოტოზე არც ერთი მოქალაქე არ არის გამოსახული. ნადირაძის ირგვლივ 27-კაციანი დაცვა ტრიალებდა, რომელსაც, თავის მხრივ, 5-6-კაციანი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. ორივე მათგანს კი მეთვალყურეობდა ევგენი პრიმაკოვის უახლოესი მეგობარი, რომელიც ჩვენ არ მოგვცილებია და რომელიც, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ მისიას ასრულებდა.

თბილისში ყოფნისას ალექსანდრე ნადირაძე 66 წლისა იყო. რამდენიმე წლის შემდეგ (1987 წლის 3 ოქტომბერს) ის უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, სადაც დადგმულია მისი ძეგლიც. ალექსანდრე ნადირაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, კოსმონავტიკის ფედერაციისა და მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ა. ნადირაძის სახელობის მედალი.

იმ პერიოდში (50-80-იანი წლები) საბჭოთა კავშირში ორი ყველაზე გასაიდუმლოებული საკონსტრუქტორო ბიურო იყო: ერთი სერგეი კოროლიოვის, რომლის შესახებაც დღეს მსოფლიომ იცის, და მეორე ალექსანდრე ნადირაძის. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, ერთეულებს აქვთ მასზე ინფორმაცია, იმდენად დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა მისი საქმიანობა. პრაქტიკულად, ბუმბერაზი კაცის ბიოგრაფია და პირადი ცხოვრება შეიწირა და შთანთქა საბჭოთა სამხედრო მანქანამ, რომელსაც ის ემსახურებოდა მთელი სულითა და გულით.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბჭოთა კავშირში ქართველები მსოფლიოში საუკეთესო რაკეტებს ქმნიდნენ.

ესაუბრა ქრისტინე კვანტალიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here