Home რუბრიკები ისტორია ვინ ქმნიდა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ბირთვულ ფარს

ვინ ქმნიდა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ბირთვულ ფარს

2037
გალაქტიონ ალფაიძე

საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა ლევან დოლიძემ, 60-წლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში, შეაგროვა და შექმნა უნიკალური და მეტად საინტერესო ფოტოარქივი საბჭოთა ისტორიის საიდუმლო ფაქტებსა და მხარეებზე. ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი (5000-ზე მეტი პუბლიკაცია) და მწერალი (9 წიგნი და ბუკლეტი) ლევან დოლიძე ავტორია ფუნდამენტური ენციკლოპედიური ნაშრომისაგენერლები საქართველოდან”. მისი ნაშრომები სხვადასხვა პერიოდში იბეჭდებოდა როგორც საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ასევე ევროპის უამრავ ქვეყანაშიც. საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და დავით აღმაშენებლის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია.

ნახევარი საუკუნის წინათ საბჭოთა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი რაკეტოდრომის მშენებლობის შესახებ. ახალი პოლიგონი უნდა ყოფილიყო საკონტინენტთაშორისო მყარსაწვავიანი სარაკეტო კომპლექსების გამოცდისა და დამუშავების სასტარტო მოედანი. გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდა: ახალი კოსმოსური პოლიგონი კოსმოსური სივრცის ათვისებაში ამერიკის კონკურენტი უნდა გამხდარიყო. კოსმოდრომის ადგილის შესარჩევად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის ხელმძღვანელადაც, დიდი ბჭობის შემდეგ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ სკკპის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გენერალი გალაქტიონ ალფაიძე დანიშნა. ვინ იყო გალაქტიონ ალფაიძე და რა გზა გაიარა ტყიბულელმა ბიჭმა საბჭოთა კავშირის ზესაიდუმლო საქმიანობამდე? გაზეთისაქართველო და მსოფლიოსაქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტ ლევან დოლიძესთან საბჭოთა სარაკეტო ბირთვული ფარის შემქმნელ ქართველებზე საუბარს განაგრძობს:

_ გალაქტიონ ალფაიძე 1916 წლის 7 ნოემბერს ტყიბულის პატარა სოფელ კურსებში ელისე ალფაიძისა (1860-1940) და კესარია სირბილაძის (1879-1972) ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლაში გამოავლინა ზუსტი მეცნიერებების, განსაკუთრებით _ მათემატიკის სიყვარული. სოფლის სკოლაში შვიდწლედის დასრულების შემდეგ ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში შევიდა. როგორც შემდეგ თავად იხსენებდა, სამხედრო სამსახური მისი ბავშვობის ოცნება იყო, ხოლო “სამხედრო კერპი” პეტრე ბაგრატიონი გახლდათ. ამიტომაც ჯერ კიდევ 1938 წლის სექტემბერში ამიერკავკასიის ფეხოსანთა სკოლის საარტილერიო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც მალე გადაკეთდა საბჭოთა კავშირში ცნობილ თბილისის საარტილერიო სასწავლებლად. 1940 წლის თებერვალში, ფინეთის ომის მიმდინარეობისას, სასწავლებელმა კურსანტები ვადაზე ადრე გამოუშვა. 1940 წელს ალფაიძე ოცეულის მეთაური ხდება. პირველი ბრძოლა, 25 წლისას, სამამულო ომის პერიოდში გადახდა ქალაქ ვორონეჟში. სწორედ იმ ქალაქში, რომელშიც მისი უფროსი ძმა, არტილერისტი ალექსანდრე დაიღუპა.

გალაქტიონის საბრძოლო ისტორიიდან ორ ძალიან დამახასიათებელ მონაკვეთს მოგითხრობთ: 1942 წლის იანვარში, როცა გალაქტიონ ალფაიძე საატილერიო პოლკის დივიზიის მეთაურის მოადგილე იყო, გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა ქალაქ მალოიაროსლავეცისთვის, რომელსაც მოსკოვის უკანასკნელ კარს უწოდებდნენ. სულ ცოტა რჩებოდა გერმანელების ქალაქიდან განსადევნად, მაგრამ მეომრებს საბრძოლო მასალა აღარ ჰყოფნიდათ. ვითარებას ართულებდა წინა დღით მოსული თოვლიც. მაშინ სარდლობამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა გაბედული ოპერაცია, რომელშიც გალაქტიონ ალფაიძემაც მიიღო მონაწილეობა. არტილერისტები მზვერავთა ჯგუფთან ერთად შეიჭრნენ ქალაქის გარეუბანში, სადაც გერმანელთა ბატარეა იყო განლაგებული და გამანადგურებელ ცეცხლს უშენდა საბჭოთა ქვეით ჯარს. ჰიტლერელები მოულოდნელობისგან პანიკაში ჩავარდნენ _ ბრძოლის ველთან ერთად დაჭრილი თანამებრძოლებიც დატოვეს და დიდძალი საბრძოლო მასალაც. ალფაიძემ ბრძანა, დაუყოვლებლივ შეებრუნებინათ ქვემეხები მტრისკენ. ამ ბრძოლის შემდეგ წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. გამარჯვებიდან 40 წლის შემდეგ კი გმირს ქალაქ მალოიაროსლავეცის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

1945 წელს უნგრეთში, ბალატონის ტბის მიდამოებში, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ჰიტლერელები ღამის სატანკო შეტევას გეგმავდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ღამის სატანკო შეტევები არ ხორციელდებოდა, მაგრამ ომის მიწურულს ფაშისტებს ღამით ხედვის ხელსაწყოები გაუჩნდათ. ალფაიძე 113-ე მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის უფროსად დაინიშნა, რომელსაც ომის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რომ არა ალფაიძის გამჭრიახობა და ბრწყინვალე ტაქტიკა, საბჭოთა ნაწილებს იმ ღამეს ძალიან გაუჭირდებოდათ. გერმანელებმა თავიანთი დაჯგუფებების ალყიდან გამოყვანის მიზნით პლაცდარმს ორი მხრიდან შეუტიეს. მაიორმა ალფაიძემ მათემატიკური სიზუსტით განსაზღვრა ყველა “კი” და “არა” და არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო: როგორც კი ეს-ეს-ელთა დივიზიის ტანკები წავიდნენ ღამის შეტევაზე, მდინარე დუნაის დაბლობზე აინთო ათობით კოცონი: საბჭოთა ჯარისკაცებმა, ალფაიძის ბრძანებით, ააგიზგიზეს გათიბული ბალახის ზვინები, ყველაფერი განათდა, როგორც დღისით. დაბნეული გერმანელები საბჭოთა არტილერისტებმა გაანადგურეს. ხუთი დღე და ღამე იბრძოდა საარტილერიო პოლკი ჩვენი თანამემამულის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე სამჯერ იყო დაჭრილი, თუმცა, როცა ქვემეხისგათვლისმეთაური დაიღუპა, ალფაიძემ გახსნა ცეცხლი და სამი ტანკის განადგურება მოახერხა. მანამდე ისროდა, სანამ ახლოს აფეთქებული ჭურვით მეოთხედ არ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია. ეჩვენებოდა, რომ მისი ხმა აღარ ესმოდათ, ამიტომ ბრძანებებს ქაღალდზე წერდა. მხოლოდ საღამოს, დივიზიის მეთაურის ბრძანებით, დატოვა ბრძოლის ველი, გამოცდილმა საველე ქირურგმა შოთა მჟავიამ კი ოპერაციისას ჭურვის ყველა ნამსხვრევი ამოაცალა.

ჰოსპიტალში გაიცნო და შეუყვარდა შესანიშნავი მედიცინის მუშაკი ალექსანდრა სტეფანეს ასული მედვედევა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მრავალი მედლითა და ორდენით დაჯილდოებული. წყვილს სამი შვილი ჰყავდა: შოთა, რომელიც 1944 წელს დაიბადა; ნათელა, რომელიც ქალაქ მირნში ექიმად მუშაობდა და გიორგი, რომელიც სამხედრო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჯარში მსახურობდა. ალექსანდრა გალაქტიონზე თერთმეტი წლით ადრე გარდაიცვალა, რაც გენერლისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და სწორედ ამ პერიოდში განუახლდა ომში მიღებული ჭრილობების შედეგად ფეხების დაავადება.

1945 წელს გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. შემდეგ მან ორი სამხედრო აკადემია დაამთავრა _ საარტილერიო და სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა. სარდლობდა დივიზიას, მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების უფროსად. სტრატეგიული დანიშნულების საბჭოთა სარაკეტო ჯარების შექმნის დღიდან მსახურობდა არტილერიის მთავარი მარშლის, მიტროფანე ნედელინის, ხელმძღვანელობით.

გალაქტიონ ალფაიძის ხელმძღვანელობისას პლესეცკის რაკეტოდრომიდან კოსმოსში სხვადასხვა დანიშნულების 750-ზე მეტი კოსმოსური აპარატი გაუშვეს. მისთვის ყველაზე სამახსოვრო კი პირველი გაშვება იყო: 1966 წლის 17 მარტს პლესეცკის პოლიგონის პირველი სასტარტო კომპლექსიდან სტარტი აიღო რაკეტმზიდმა “ვოსტოკ-2”-მა, რომელმაც ორბიტაზე გაიყვანა კოსმოსური აპარატი “კოსმოს-112”. გალაქტიონ ალფაიძე 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კოსმოდრომს, რომელმაც შემდეგ ათამდე უფროსი გამოიცვალა. ვერც ერთი ვერ გაუთანაბრდა გალაქტიონს მუშაობის ხანგრძლივობით და ყოველი მათგანის ხელძღვანელობისას ხდებოდა ავარიები _ რაკეტები ფეთქდებოდა, როგორც პოლიგონზე, ასევე გაშვებისას. მსგავსი შემთხვევა ალფაიძის ხელმძღვანელობისას არ მომხდარა.

ალფაიძეს მხედველობიდან არასოდეს გამორჩენია ადამიანური ფაქტორები. აქ ვლინდებოდა მისი ქართული ბუნება. ურთულეს პირობებში, დაძაბული მუშაობის დროსაც ახერხებდა, მოეწესრიგებინა თავისი ხელქვეითების ყოფაცხოვრება, ეზრუნა მათ ოჯახებზე. ყველას ძალიან აოცებდა ის, რომ გენერალმა თოთოეული ჯარისკაცის, მათი შვილების სახელებიც იცოდა. არასდროს საუბრობდა საკუთარ თავზე, მაგრამ აკურატულობისა და დისციპლინის უშრეტ ენერგიას უნერგავდა თანამშრომლებს. სწორედ ეს აკავშირებდა და ქმნიდა კოლექტივს, რომელიც მუშაობდა, როგორც მთლიანი ორგანიზმი.

მე რამდენჯერმე მომიწია ამ მომხიბლავ ადამიანთან შეხვედრა. ვსაუბრობდით ჩვენს ზესაიდუმლო თანამემამულეებზეც, რომლებიც მუშაობდნენ კოსმოსურ, სარაკეტო და სამხედრო დარგებში. განსაკუთრებით ხშირად ვიხსენებდით სარაკეტო ტექნიკის გენიოსს, აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძეს, რომელზეც წინა ნომერში ვისაუბრეთ. მას და ალფაიძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. ახლა შემოგთავაზებთ გალაქტიონის მოგონებებს ალექსანდრე ნადირაძის შესახებ:

ალექსანდრე ნადირაძე 1960 წელს გავიცანი სარაკეტო პოლიგონზე, როცა სარაკეტო ტექნიკას ვაცნობდი საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურს. ამის შემდეგ 16 წლის განმავლობაში ვაწარმოებდი ყოველი იმ კონსტრუქციის გამოცდას, რომლის ავტორიც გენიოსი ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ. მას, ისევე, როგორც სერგეი კოროლიოვს, სსრ კავშირშიც და მსოფლიოშიც ბადალი არ ჰყავდა. ისინი ორ სხვადასხვა ბიუროს ედგნენ სათავეში, პარალელურად ამუშავებდნენ ორ სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ მეგობრობდნენ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. როდესაც ნადირაძეს 50 წელი შეუსრულდა, კოროლიოვმა მას მთვარეზე გაგზავნილი სახელგანთქმული ვიმპელის ასლი აჩუქა”.

1945 წელს ალფაიძე თადარიგში გავიდა. მალე დაინიშნა მოსკოვის საწვავი ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორის, მთავარი კონსტრუქტორისა და მისი მეგობრის, ალექსანდრე ნადირაძის, მოადგილედ. სწორედ აქ მიენიჭა მას სახელმწიფო პრემია კოსმოსური დარგის განვითარებაში უზარმაზარი დამსახურებისთვის. აირჩიეს ქალაქ მირნის საპატიო მოქალაქედ, რომელიც კოსმოდრომთან ახლოს მდებარეობდა.

საბჭოთა კავშირის გმირი გალაქტიონ ალფაიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის, შრომის წითელი დროშისა და ოთხი წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე, რუმინეთისა და უნგრეთის ორდენებითა და მედლებით. 1976 წელს იგი გახდა სსრკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გალაქტიონ ალფაიძე ნადირობის ტრფიალი იყო და ითვლებოდა კიდეც კარგ მონადირედ. იყო მოსკოვის ზამთარში ცურვისა და სიცივით გაკაჟების ფედერაციის პრეზდიუმის წევრი. მაგრამ ოთხმა ჭრილობამ და ცხოვრების რიტმმა დროთა განმავლობაში ჯანმრთელობა შეურყია. რამდენიმე უშედეგო ოპერაციის შემდეგ ის რიაზანში, თავის ვაჟიშვილთან გადასახლდა. საბჭოთა კავშირის გმირი და უკანასკნელი ნაომარი გენერალი 2006 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე. იმავე წლის 10 ნოემბერს სოფელ კურსებში გაიხსნა მემორიალი გალაქტიონ ალფაიძისა, რომლის გმირული ისტორიაც დაამშვენებდა ნებისმიერი ხალხის ისტორიას.

ესაუბრა ქრისტინე კვანტალიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here