მე, ქართველი ბუხაიძე,
ბალყარეთის მთებში ვწევარ,
რომ შემეძლოს საფლავიდან,
ძმებო, მხრების წამოწევა,
მე სიცოცხლეს ხელმეორედ
შევწირავდი იმავ მხარეს,
შევწირავდი იმავ მიწას,
დღეს რომ გულზე დამაყარეს.
ირაკლი აბაშიძის ეს ლექსი, რომელიც პოეტმა 1942 წელს დაწერა, სასკოლო სახელმძღვანელოში იყო შეტანილი. თაობებს ჰქონდათ დაზეპირებული. დღემდე. მღეროდნენ კიდეც.
ლექსის გმირი, კაპიტანი მიხეილ ბუხაიძე დიდ სამამულო ომში დაიღუპა _ ბალყარეთში, პრავო-ურვანსკის ხუტორთან გამართულ ბრძოლაში დაიჭრა სასიკვდილოდ. 1942 წლის 26 აგვისტოს ფაშისტები უკვე კავკასიას, საქართველოს საზღვარს მოადგნენ. საბრძოლო წითელი დროშის ორდენით დააფასა სამშობლომ კაპიტნის თავგანწირვა.
წაიკითხავს ამ, არცთუ გამართულ, წინადადებას ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი და გაუკვირდება: რატომ არის სათაურად გატანილი შეკითხვა, მაინცდამაინც დღეს აქტუალური, როცა იმ სისხლისმღვრელი ბრძოლების დამთავრებიდან უკვე 77 წელიწადი გავიდა?! იფიქრებს ასე და მართალიც იქნება. ცხადია, მტრის ტყვიამ იმსხვერპლა, მაგრამ ვინ იყო მტერი იგი _ გადამთიელი ტევტონი თუ თანამემამულე, ქართველი, რომელმაც იარაღი სამშობლოს წინააღმდეგ შემართა დამარცხებული, დაჩოქილი, დამონებული საქართველოს ფიურერისთვის ლანგრით მისართმევად?
ეჭვის ჭია დაღრღნის ფიქრს.
პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ სამარცხვინო მოვლენა, კოლაბორაციონიზმი, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამფრთხალი ევროპა დაავადდა და რომელსაც ვერც ჩვენ ავცდით, სამწუხაროდ. ამ სიმართლეს დასავლეთში დღეს ნაკლებად იხსენებენ, რადგან ვერ ეთანხმება იგი ნაციზმისა და კომუნიზმის იგივეობის დოგმატურ დებულებას, რომელსაც ელოლიავებიან, რადგან ისტორიის დასამახინჯებლად და ფაშიზმზე გამარჯვების სრულად საკუთარ თავზე მისაწერად სჭირდებათ.
* * *
ცნობილია, რომ თავის დროზე ევროპაში ემიგრირებული მენშევიკური მთავრობის წევრებმა “მასპინძელი” სახელმწიფოების (უწინარეს ყოვლისა, გერმანიის) ნაცისტური ხელისუფლების სადაზვერვო სამსახურებს შესთავაზეს მოხალისეობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად: “დოიჩლანდ იუბერ ალეს!” (“გერმანია უწინარეს ყოვლისა!”).
1938 წელს ბერლინში შეიქმნა ე.წ. საქართველოს ბიურო, რომელიც შემდეგ გადაკეთდა “კავკასიის ბიუროდ”, 1939 წელს კი რომში გაიმართა ბერლინის, პრაღისა და ვარშავის ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობა, რომლის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”.
1940 წელს ქართველმა მემარჯვენეებმა მოლაპარაკება გამართეს ჰეიდარ ბამატის მთიელთა ემიგრაციასთან კავკასიის ერთიანი ნაცისტური პარტიის შექმნის თაობაზე. მომავალი “თავისუფალი” საქართველოს ლიდერად დაასახელეს ტახტის მემკვიდრე, თავადი ბაგრატიონ–მუხრანელი.
ომის დაწყებისთანავე ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა ტყვეებისა და ემიგრანტებისგან ე.წ. ლეგიონების შექმნის შესახებ, რომლებიც ვერმახტის ძალებთან ერთად იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
1941 წლის 30 დეკემბერს ჩამოყალიბდა ლეგიონი “საქართველო”. მეთაურად 1942 წლის იანვარში დაინიშნა პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე, რომელიც მანამდე ნაცისტური გერმანიის მაღალი თანამდებობის ოფიცერი იყო. შემდგომ პერიოდში ლეგიონი შეივსებოდა მესამე რაიხის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ნაციონალისტი და პროგერმანულად განწყობილი ემიგრანტებით, ტყვეებითა და მტრის მხარეზე გადასული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით.
1942 წლის გაზაფხულზე სრულად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილი ორი ქართული ბატალიონი (795-ე და 796-ე) 2000-ზე მეტი ჯარისკაცისა და ოფიცრის შემადგენლობით ფრონტზე გაგზავნეს (პირველი ტალღა).
ერთი წლის შემდეგ ოსტლანდის საწვრთნელი ბანაკიდან მათ 797-ე, 798-ე, 799-ე და 822-ე ბატალიონები დაემატა. ეს იყო მეორე ტალღა.
მესამე ტალღა (823-ე და 824-ე ბატალიონები) 1943 წლის ზაფხულის მიწურულს გაიწვიეს.
ქართულ ბატალიონებს დაარქვეს: “მეფე ერეკლე II ბაგრატიონი” (797-ეს), “მეფე დავით ბაგრატიონი–აღმაშენებელი” (799-ეს), “მეფე თამარი” (822-ეს), “შოთა რუსთაველი”, “ილია ჭავჭავაძე” და ა.შ. ამ შენაერთების გარდა აღმოსავლეთ ფრონტზე საომრად გაგზავნეს სამთო ეგერების სამი და გრენადერთა ორი ქართული ბატალიონი 6000-ზე მეტი მებრძოლის შემადგენლობით. ქართველ ლეგიონერთა ბატალიონების მომზადების ტემპი და რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა.
საერთო ჯამში, ბატალიონების რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ყველა ამ ბატალიონში 20 ათასზე მეტი ქართველი მსახურობდა.
პარალელურად შეიქმნა დივერსიული ორგანიზაცია “თამარი”, რომელსაც საქართველოში აჯანყება უნდა მოეწყო. 1941 წლის ნოემბერში ეს ორგანიზაცია შეერწყა სპეციალური დანიშნულების ბატალიონ “ბერგმანს” (“მთიელს”), რომლის პირველი, მეოთხე და მეხუთე ოცეულები ქართველებით დაკომპლექტდა, მეორე ბატალიონი _ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებით, მესამე _ აზერბაიჯანელებით. “ბერგმანის” დივერსანტებს საბჭოთა ზურგში სპეციფიკური სადაზვერვო და დივერსიული აქტების შესრულება ევალებოდა.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბატალიონის ცოცხალი ძალის რაოდენობას თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანელ დამპყრობთა მხარეს იბრძოდა 30 ათასამდე ქართველი.
შთამბეჭდავი რაოდენობაა!
მაგრამ, სამწუხაროდ, აქ წერტილს ვერ დავსვამთ, რადგან ამას გარდა ქართველი კოლაბორაციონისტები მოღალატე საბჭოთა გენერალ ანდრეი ვლასოვის “რუსეთის გამათავისუფლებელ არმიასა” და უკრაინის ეს-ეს-ელთა მე-14 დივიზიის რიგებშიც იბრძოდნენ, მსახურობდნენ საინჟინრო-სამშენებლო 11 ოცეულშიც, რომლებიც გასამხედროებულ ორგანიზაციად ითვლებოდა.
ქართულმა ბატალიონებმა საბრძოლო ნათლობა 1942 წელს კავკასიის ოპერაციაში მიიღეს. იმ ზაფხულს გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა შვიდი ე.წ. აღმოსავლური ბატალიონი _ ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. აქ ერთი საინტერესო დეტალი შეიმჩნევა: ვერმახტის წესდება არაარიელ ლეგიონერებს უკრძალავდა, ეტარებინათ სპეციფიკური სამკერდე ნიშანი არწივისა და სვასტიკის გამოსახულებით. ყველა გერმანელი ჯარისკაცი ვალდებული იყო, უპირატესობის დამადასტურებელი ეს ნიშანი მუნდირის მარჯვენა მხარეს, გულის ჯიბის ოდნავ ზემოთ ჰქონოდა დამაგრებული. სხვებისთვის ეს კატეგორიულად იყო აკრძალული, მაგრამ ქართველები უგულებელყოფდნენ ამ აკრძალვას და აღნიშნულ სიმბოლოს მკერდზე დემონსტრაციულად იბნევდნენ.
ნაცისტური იდეებისადმი ერთგულების ნიშნად?!
კარგა ხნის შემდეგ ეს აკრძალვა გააუქმეს: ნაცისტებს დასჭირდათ ერთგულთა შეთხელებული რიგების სიმრავლის შთაბეჭდილების შესაქმნელად.
საბჭოთა ჯარების შეტევაზე გადასვლის კვალად ქართული ბატალიონების “გმირული შემართება” განელდა, გახშირდა დეზერტირობა, გაძლიერდა დამარცხებულის განწყობა, ამიტომ იყო, რომ ისინი მეორეხარისხოვან ფრონტრებზე გადაისროლეს _ ბალკანეთში, იტალიაში, საფრანგეთში.
ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის შემდეგ მრავალი ქართველი ლეგიონერი ტყვედ ჩაბარდა ამერიკელებსა და ბრიტანელებს, ბევრიც ევროპაში დარჩა, თუმცა საბოლოოდ ისინი მაინც საბჭოთა კავშირს გადასცეს.
ტექსელის აჯანყებამ, ასე თუ ისე, მოგვწმინდა დიდი სირცხვილი.
საინტერესოა ერთი მომენტიც: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დასაპყრობად გადმოსროლილი “ბერგმანის” (“მთიელის”) წინააღმდეგ კავკასიონის მისადგომებთან იბრძოდნენ ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთკავკასიელების ინტერნაციონალური ქვედანაყოფები, რომლებმაც შეძლეს ვერმახტის ელიტური ნაწილების შეტევების არა მხოლოდ შეჩერება, არამედ შორსაც მოისროლეს კუდამოძუებულები.
ასე დამთავრდა კოლაბორაციონიზმის აქტიური ფაზა, რომელიც მხოლოდ იმიტომ გავიხსენეთ, რომ, ასე თუ ისე, წარმოგვედგინა დიდი ომის წარმოების სპეციფიკა, რომელიც მხოლოდ ფრონტების დაპირისპირებით არ ამოიწურება.
ვინ მოკლა კაპიტანი ბუხაიძე? ეს იმდენად შეკითხვა არ არის, რამდენადაც მეტაფორა: სამამულო ომის დროს საქართველოს კოლაბორაციონისტი ქართველებიც ესროდნენ ტყვიას.
მოღალატეობა, ეტყობა, ის ვირუსია, რომელიც ჩვენი ეროვნული სხეულის ბნელ კუნჭულებშია მიმალული და, როგორც ჩვენი თანამედროვე ნაციონალები (ანასხლეტებითურთ), დროდადრო პანდემიის სახით გამოგვეცხადება.
ნაცისტებს სხვა ვინ მიეყიდებოდა?!
მოამზადა არმაზ სანებლიძემ
P.S. ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმის წინა დღეს, 8 მაისს, ტელეარხ “იმედის” ნორმალურ იუმორისტულ შოუ “ვასმედიას” ერთი იაღლიში მოუვიდა.
წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა აგდებულად წარმოგვიდგინა იმდღევანდელი შოუს პროგრამა: “მომავლის აქტუალურ თემებსაც რომ არ ჩამოვრჩეთ, შეგახსენებთ, რომ ხვალ 9 მაისია და, ალბათ, ამ დღის აღსანიშნავად რუსული “უკვდავი პოლკის” ქართველი მოკვდავი მამულიშვილები ქუჩაში მსვლელობას ოკუპაციის შესახებ კანონის, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და სხვა მორალურ–ზნეობრივი პატრიოტული გრძნობების ფეხებზე დაკიდებას აანონსებენ”.
შემდეგ: XIX საუკუნის სცენის მოყვარულთა სპექტაკლის დონის სიუჟეტი _ “ჯაშუშ–კორესპონდენტის” ტრაბახი იმით, რომ ჭკვიანურად შეძლო, დამსგავსებოდა ნატურალურ ფალოსს, რომ “მოღალატეობას ტრაკიც უნდა” და აღტაცება იმის გამო, რომ “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ნაცვლად თბილისს გადაუფრინა ვარდისფერმა გაბერილმა ფალოსმა.
დასასრულ _ ფალოსომანიის კულმინაცია: ამით “სტალინის სულს აამებენ. მაგათთვის ხომ წმინდანია დიდი ბელადი”.
არ გეკადრებათ, კოლეგებო!
ა.ს.